ზემო ბოდბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ბოდბე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თემი ბოდბე
კოორდინატები 41°35′06″ ჩ. გ. 45°54′48″ ა. გ. / 41.58500° ჩ. გ. 45.91333° ა. გ. / 41.58500; 45.91333
ცენტრის სიმაღლე 900
მოსახლეობა 424[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,2 %
აზერბაიჯანელები 1,2 %
რუსები 0,7 %
სომხები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ზემო ბოდბე — საქართველო
ზემო ბოდბე
ზემო ბოდბე — კახეთის მხარე
ზემო ბოდბე
ზემო ბოდბე — სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ზემო ბოდბე

ზემო ბოდბე — სოფელი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში (ბოდბის თემი), გომბორის ქედის დაბოლოებაზე, ზღვის დონიდან 900 მეტრი. ზემო ბოდბე სიღნაღიდან 10 კილომეტრიითაა დაშორებული.

სოფ. ბოდბე ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას. საეპისკოპოსო კათედრა — ბოდბის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი და ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერი მდებარეობს ქედელში.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 424 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 739 374 365
2014[1] 424 203 221

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოდბის თემი მოიცავს ორ სოფელს: ზემო ბოდბესა და ქვემო ბოდბეს. ძველად ბოდბის ტერიტორია შედარებით ვრცელი იყო, ვიდრე დღეს; მის დაქვემდებარებაში შედიოდა სოფ. ქედელი, სადაც ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს საფლავი და მისივე სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს, ტერიტორიულად ერთიანდება სიღნაღის ფარგლებში, თუმცა დღემდე ბოდბის ერთ-ერთ უბნად მიიჩნევენ. ქედლის გარდა ბოდბეში გამოყოფენ საგინაანის უბანს. საგინაანი ნასოფლარია. დღეს მის მიწაზე ვხვდებით ქვითკირის ფრაგმენტებს, რომელიც ძველი სახლების ნანგრევების სახით შემორჩა. დღეს აქ საქონლის საზაფხულო საძოვრებია, მოსახლეობა კი აღარ ცხოვრობს. ნაწილი გადასახლდა ქვემო ბოდბეში, ზოგი - ზემო ბოდბის თაქლის უბანში, ზოგიც - სოფელ ხირსაში, მცირე ნაწილი კი - დედოფლისწყაროში. საგინაანში გარდაიცვალა წმ. ნინო ქართველთა განმანათლებელი და მისი გარდაცვალების ადგილას აგებულია გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც, გადმოცემის თანახმად, წმ. ნინოს მიძინების სახელობისაა. დღესდღეობით ტაძარი არ მოქმედებს. მეფე ერეკლემ ქიზიყის ეკონომიკური განვითარების მიზნით აქ გადმოასახლა მოვაჭრე სომხები, რის გამოც საგინაანს „ნასომხარსაც“ უწოდებენ ქიზიყელები. აქვე მდებარეობს ნანგრევი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრისა, რომელიც დღეს ნიშის სახით აღადგინა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ენკენისთვის 21-ში აქ ბოდბის მოსახლეობა აღნიშნავს ღვთისმშობლის შობის ღესასწაულს და საკლავის შეწირვის რიტუალს ასრულებენ, რაც ტრადიციადაა ქცეული ხალხში. საგინაანელებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის შემოგარენზე ჰქონდათ ზედაშები, სადაც ინახავენ ღვინოს ყოველწლიურად ღვინობისთვეში და ძირითადად იყენებენ რელიგიურ დღესასწაულებზე, როდესაც ზედაშეზე გადიან. როგორც გადმოცემებიდანაა ცნობილი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე შეწირული საკლავის სისხლს შეურევდნენ ზედაშეში შენახულ ღვინოს და სვამდნენ. საგინაანშივე მდებარეობს წყალსაქაჩი, რომელიც მდინარე ბოხრის წყალს წმენდს სხვადასხვა მინარევისაგან და სასმელად გამოიყენებს სიღნაღის რაიონის მოსახლეობა.

ბოდბე - წნორის გზაზე გომბორის ქედზე გაშენებულია ზურაბაანის უბანი. ის ერთ-ერთი ძველი დასახლებაა ბოდბის ტერიტორიაზე. ზურაბაანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს გორაკი - კატოს ფერდა, მის ჩრდილოეთით გრძელდება ბოხრის უღელტეხილი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით მილაურის უბანია, სადაც ტყეა გაშენებული. მილაურიდან გადადის სოფ. ქვემო მაჩხაანისაკენ მიმავალი ბილიკები. ზურაბაანი მთავრდება სოფლის სკოლასა და სასაფლაოსთან. სოფლის საბავშვო ბაღიდან ბოდბე - სიღნაღის გზაზე მდებარეობს უბანი თაქლა, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საგინაანელებითაა დასახლებული.

სოფ. ზემო ბოდბის ცენტრში შემორჩენილია ნანგრევები სვეტიცხოვლის სახელობის ტაძრისა. ხალხის გადმოცემით, მისი სახელი წმ. ნინოს შემოსვლას უკავშირდება ბოდბეში, თუმცა ზოგის თქმით მეფე თამარის აგებულია. ტაძარი დანგრეულა შაჰ-აბასის შემოსევების დროს. საბჭოთა ხელისუფლებამ ის გადააკეთა კოლმეურნეობის ნაწარმის წონის შემმოწმებელ განყოფილებად (მთავარ სასწორად). ამ ტაძარს დღესაც სწირავენ საკლავს და ეს ტრადიცია ვერ აღმოფხვრა ვერც ერთმა დამპყრობელმა.

ზემო ბოდბის სამხრეთ საზღვარზე სიღნაღი - ბოდბე - დედოფლისწყაროსა და სიღნაღი - ბოდბე - მაღაროს გზათა შერთულზე გაშენებულია „დაცულტყე“. აქ ხარობს ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის ხე-მცენარეები. ნიადაგის აგებულების საბჭოთა დროს აქ გაუშენებიათ ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშის ხე-მცენარეები. დაცულტყე სპეციპიკური ჰავით ხასიათდება და აქ დასვენება სასარგებლოა ფილტვებისა და თირკმელების დაავადებების მქონე ხალხისათვის. დაცულტყის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს ბოდბის მიუსაფარ ბავშვთა ცხრაწლიანი სკოლა-ინტერნატი, ხოლო მის დასავლეთითა (ნუკრიანისკალოს მხარეს) და ჩრდლოეთით (მაჩხაანი - ტიბაანის მხარეს) გაშენებულია ტყეთა დიდი მასივები, სადაც ხარობს შემდეგი ჯიშის ხეები: მუხა, წიფელი, რცხილა, იფანი, ცაცხვი, ფიჭვი, ტყემალი, შინდი და ა.შ. ამ ტყეებში ბინადრობენ გარეული ცხოველები მგელი, ტურა, მელა, თახვი, თხუნელა, კურდღელი, ციყვი და ფრინველები: ტყის ქათამი, შაშვი, ქორი და ა.შ.

დაცულტყის პირას სამხრეთის მიმართულებით მიდის სიღნაღი - ბოდბე - მაღაროს სამანქანო გზა, რომელიც ქვემო ბოდბეში ჩადის. ეს სოფელი წარმოიქმნა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე. ძველად მას ბოდბისკალო ეწოდებდა. ის დასახლებულა ზემო ბოდბის მოსახლეობით. დღევანდელი სოფლის ტერიტორია ეკუთვნოდა სოფელ ბოდბეს. ის წარმოადგენდა გლეხთა დასამუშავებელ მიწას, სადაც მათ მოჰყავდათ მარცვლეული კულტურა. სოფელს ქვემო ბოდბე ეწოდა XX საუკუნის მეორე მახევარში. მისი ძველი ტოპონიმი - ბოდბისკალო აშკარად მიგვითითებს მის სამეურნეო დანიშნულებაზე. მოსახლეობის განსახლება ბოდბისკალოს მოდამოებში განაპირობა მეურნეობამ: ყანაში მუშაობა ხანგრძლივი პროცესი იყო, რის გამოც გლეხს ოჯახიდან გასვლა თვეების მანძილზე უხდებოდა. XIX საუკუნეში აქ გამოიყო საცხოვრისი ადგილები და მოსახლეობის მიგრაცია დაიწყო ზემო ბოდბესა და საგინაანიდან. ამას მიგვითითებს სოფლის უბნების სახელწოდებაც, მაგალითად, ზურაბაანი (შდრ. ზემო ბოდბის უბანი ზურაბაანი), რომელიც მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთ მხარეში. მოსახლეობის მიგრაცია აქ საკმაოდ სწაფად მიმდინერეობდა და დღეს ქვემო ბოდბე ერთ-ერთი დიდი სოფელია. სოფ. ქვემო ბოდბის სკოლის მიმდებარე უბანია რიყე. ეს ადგილი ერთგვარი დანიშნულების მატარებელია: აქ გამოეყოფა მაღარო - ბოდბე - სიღნაღი - წნორის გზა თბილისი - დედოფლისწყაროს გზატკეცილს. აქვე მდებარეობს სოფ. ბოდბის თემი. სოფლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გაშენებულია უბანი თოღლაანი. ამ უბანს გაივლის ივრის ჭალებისაკენ მიმავალი სამანქანო გზა. თოღლაანი ესაზღვრება სოფ. ქვემო მაღაროს. მის სამხრეთით გაშენებულია სიღნაღის რაიონის მოსახლეობის კუთვნილი ვენახები.

სოფ. ზემო ბოდბეში მდებარეობს: სკოლა, საბავშვო ბაღი, ფოსტა, ამბულატორია, დაცულტყე.

ბოდბის მოსახლეობას შეადგენს შემდეგი გვარის წარმომადგენლები: ლოლაშვილები, კოჭლამაზაშვილები, ლეკიაშვილები, ტარყაშვილები, ბრეკაშვილები, ბუწაშვილები, ბარნაბიშვილები, ბეგაშვილები, მანგოშვილები, ბაღაშვილები, კაღაშვილები, გოჩიტაშვილები, ფერიაშვილები, ჯანიაშვილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II