ვილემ V ორანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილემ V ორანელი

ვილემი 1801 წელს, ბრიტანეთში, შესრულებულია ჰენრი ბონის მიერ
ორანის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 22 ოქტომბერი, 1751
მმართ. დასასრული: 9 აპრილი, 1806
წინამორბედი: ვილემ IV
მემკვიდრე: ვილემ VI
ნიდერლანდების გაერთიანებული პროვინციების შტატჰალტერი
მმართ. დასაწყისი: 22 ოქტომბერი, 1751
მმართ. დასასრული: 23 თებერვალი, 1795
წინამორბედი: ვილემ IV
მემკვიდრე: ლუი I (როგორც ნიდერლანდების მეფე)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 მარტი, 1748
დაბ. ადგილი: ჰააგა, ნიდერლანდები
გარდ. თარიღი: 9 აპრილი, 1806, (58 წლის)
გარდ. ადგილი: ბრაუნშვაიგი, გერმანია
მეუღლე: ვილჰელმინა პრუსიელი
შვილები: ლუიზა
ვილემ I, ნიდერლანდების მეფე
ფრედერიკი
სრული სახელი: ვილემ ბატავუსი
დინასტია: ორან-ნასაუ
მამა: ვილემ IV, ორანის პრინცი
დედა: ანა ბრიტანელი
რელიგია: კალვინიზმი

ვილემ V ორანელი (ნიდერლ. Willem IV van Oranje; დ. 8 მარტი, 1748, ჰააგა, ნიდერლანდები — გ. 9 აპრილი, 1806, ბრაუნშვაიგი, გერმანია) — ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცი 1751-1806 წლებში და ნიდერლანდების გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკის შტატჰალტერი 1751-1795 წლებში.

მის დროს განხორციელდა ბატავიის რევოლუცია, რის გამოც ოჯახთან ერთად დევნილობაში წავიდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. რევოლუციური ტალღის ჩაცხრობისა და ნაპოლეონის ჩამოგდების შემდეგ, 1813 წელს ნიდერლანდების მეფე მისი ვაჟი, ვილემ I გახდა, რომლის შთამომავლებიც დღემდე მეფობენ ნიდერლანდებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილემი დაიბადა 1748 წლის 8 მარტს ჰააგაში. იგი იყო ორანის პრინც ვილემ IV-ისა და მისი მეუღლის, პრინცესა ანა ბრიტანელის უფროსი ვაჟი. დედის ხაზით ბებია-პაპად დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II და მისი ცოლი, დედოფალი კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი ერგებოდნენ. ასევე დედის ხაზით, მისი ბიძაშვილები იყვნენ მეფე ჯორჯ III და აგრეთვე დანიისა და ნორვეგიის დედოფალი კაროლინა მატილდა ბრიტანელი.

1751 წლის 22 ოქტომბერს, მამამისის გარდაცვალების შემდეგ მცირეწლოვანი ვილემ V გახდა ორანის პრინციც და ამასთან ნიდერლანდების გაერთიანებული პროვინციების შტატჰალტერიც. სრულწლოვანებამდე ქვეყანა დედამისს, ანა ბრიტანელს უნდა ემართა, როგორც რეგენტს, თუმცა იგი 1759 წელს გარდაიცვალა, რის გამოც ეს პოსტი ბებიამისმა, მარია ლუიზა ფონ ჰესენ-კასელმა დაიკავა, რომელიც 1765 წელს გარდაიცვალა. ამის გამო მისი რეგენტი მისივე უფროსი და, პრინცესა კაროლინა გახდა, თუმცა მალევე, 1766 წელს ვილემ V სრულწლოვანი გახდა და დამოუკიდებლად დაიწყო ქვეყნის მართვა.

1767 წლის 4 ოქტომბერს, ბერლინში ცოლად შეირთო პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის შვილიშვილი და მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-ის და, პრინცესა ვილჰელმინა პრუსიელი. მას დიდი გავლენა ჰქონდა ვილემზე, რის გამოც ქვეყანას ფაქტობრივად მთლიანად ვილჰელმინა მართავდა. იგი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ნიდერლანდების მთავარსარდლის პოზიცია ბრაუნშვაიგის ჰერცოგს ეკავა, რის გამოც 1781 წლიდან მის წინააღმდეგ შეთქმულებების ქსელის ხლართვა დაიწყო, რომელიც მალევე გადაიზარდა რევოლუციაში.

1787 წელს ვილჰელმინამ ამბოხებული ნიდერლანდელების დასარბევად თავის ძმას დიდი გერმანული ჯარი გამოაგზავნინა, რის გამოც ათასობით ნიდერლანდელმა დატოვა სამშობლო და საფრანგეთში გაიქცა. 1795 წელს, რევოლუციური საფრანგეთის დახმარებით ამბოხებულები უკან დაბრუნდნენ და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ამგვარი ვითარების გამო ვილემმა დატოვა ქვეყანა და თავის ბიძაშვილს, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ს შეაფარა თავი, რომელმაც იგი კიუს სასახლეში დააბინავა.

მალევე მას შეუერთდა ვილჰელმინაც, რომელთან ერთადაც კიუში 1802 წლამდე ცხოვრობდა, რის შემდეგაც მათ დატოვეს ბრიტანეთი და გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც ჯერ ნასაუში, საბოლოოდ კი თავიანთ ქალიშვილ ლუიზასთან, ბრაუნშვაიგში დასახლდნენ, რომელიც ადგილობრივ პრინცზე იყო დაქორწინებული. ვილემმა სწორედ აქ გაატარა უკანასკნელი წლები და გარდაიცვალა 1806 წლის 9 აპრილს, 58 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მკვდარშობილი ვაჟი (1769);
  2. ლუიზა (1770-1819), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის პრინც კარლს, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი;
  3. მკვდარშობილი ვაჯი (1771);
  4. ვილემ I (1772-1843), ნიდერლანდების მეფე 1813-1840 წლებში. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, ვილჰელმინა პრუსიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე;
  5. ფრედერიკი (1774-1799), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • P. L. Müller: Wilhelm V. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 43, Duncker & Humblot, Leipzig 1898, S. 159–163.
  • Uwe Schögl (Red.): Oranien. 500 Jahre Bildnisse einer Dynastie aus der Porträtsammlung der Österreichischen Nationalbibliothek, Wien und der Niederländischen Königlichen Sammlung Den Haag. (Ausstellung vom 1. Februar bis 19. März 2002, Camineum der Österreichischen Nationalbibliothek, Wien). Österreichische Nationalbibliothek u. a., Wien 2002, ISBN 3-01-000028-6, S. 99–101.
  • Klaus H. Orth: Lehrjahre eines späteren Königs – Wilhelm Friedrich von Oranien-Nassau. In: Susanne Bohl und andere (Hrsg.): Fulda. 50 Schätze und Besonderheiten. Michael Imhof Verlag, Petersberg 2016, ISBN 978-3-7319-0425-0, S. 126–129, hier S. 126.