ვილა სავოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვილა სავოი (Villa Savoye) — შვეიცარიელი არქიტექტორი ლე კორბუზიეს საყოველთაოდ აღიარებული სახელმძღვანელო ნიმუში. მდებარეობს პუასიში, პარიზის გარეთ, და საერთაშორისო სტილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი არქიტექტურული განსახიერებაა. მშენებლობა დასრულდა 1929 წელს.

ამ სახლს ლე კორბუზიეს ნაშრომისთვის ემბლემური მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან მასში აისახა "ხუთი საკითხი" — მისი ძირითადი თეზისები რკინა-ბეტონით ნაგები არქიტექტურის ახალ ესთეტიკაში:

  • პილოტისი, ან მიწის დონის საყრდენი სვეტები, რომლებიც შენობას ნესტიანი მიწისგან ამაღლებს და სუნთქვის საშუალებას აძლევს ბაღს მის ქვევით.
  • ბრტყელი სახურავის ტერასა იბრუნებს შენობით მითვისებულ მიწის ფართს სამეურნეო საქმიანობისთვის, მათ შორის მებაღეობისთვის.
  • თავისუფალი გეგმა, მზიდი კედლების გარეშე, რომელიც ტიხრების ნებისმიერ ადგილას განთავსების საშუალებას იძლევა მომიჯნავე დონეებისგან დამოუკიდებლად.
  • ჰორიზონტალური ფანჯრები ზომიერ განათებასა და ვენტილაციას უზრუნველყოფს.
  • თავისუფალი დიზაინის ფასადი, რომელსაც არ ბოჭავს მზიდი კედლების აუცილობლობა, თხელი კედლებისა და დიდი ზომის ფანჯრებისგან შედგება.

ვილა სავოის დანიშნულება სააგარაკო იყო და ამიტომ მდრებარეობს მცირე სოფელი პუასის გარეთ ველზე, რომელსაც ადრე ტყე ეკრა გარს. პოლიქრომატული ინტერიერი კონტრასტულია ძირითადად თეთრ ექსტერიერთან. ვერტიკალური ცირკულაცია ხორციელდება რამპებითა და კიბეებით. შენობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაინგრა, თუმცა შემდეგ მალევე აღადგინეს და ამჟამად ღიაა დამთვალიერებელთათვის.

კორბუზიემ შენობა ბრტყელი სახურავით დაგეგმა, გადაწყვეტილება, რომელსაც მისი თქმით ფუნქციონალური მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა შესაძლოა მხოლოდ მისი ვიზუალური პრიორიტეტის გამოც ყოფილიყო გამოწვეული. სახურავი საკმაოდ არაფუნქციონალური გამოდგა, ვინაიდან მასში მუდმივად ჟონავდა წვიმის წყალი, რის გამოც სახლის მფლობელებმა კორბუზიეს სასამართლოში უჩივლეს. თუმცა ამ პერიოდში ომი დაიწყო და კორბუზიე საზღვარგარეთ გადაიხვეწა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: