ვიაჩესლავ მოლოტოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიაჩესლავ მოლოტოვი

ვიაჩესლავ მიხეილის ძე მოლოტოვი (რუს. Вячеслав Михайлович Молотов, ნამდვილი გვარი: სკრიაბინი, რუს. Скрябин; დ. 25 თებერვალი (9 მარტი), 1890, კუკარკა, ვიატკის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 8 ნოემბერი 1986, მოსკოვი) — საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი. 1939 წლის 23 აგვისტოს ხელი მოაწერა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საზავო ხელშეკრულებას, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902 წლიდან სწავლობდა ყაზანის რეალურ სასწავლებელში. აქვე ეცნობა მარქსიზმის იდეოლოგიას. 1906 წლიდან ხდება რსდმპ წევრი და სასწავლებლის არალეგალური რევოლუციური ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1909 წელს აპატიმრებენ და ასახლებენ ვოლოგდაში. 1911 წელს ათავისუფლებენ. იმავე წელს სასწავლებლად შედის სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1912–1913 წლები მუშაობდა გაზეთ „პრავდის“ რედაქციაში მდივნად. 1915 წელს ისევ აპატიმრებენ და ასახლებენ ირკუტსკის გუბერნიაში, საიდანაც გაიქცა 1916 წელს. იმავე წელს ხდება რსდმპ ცეკა-ს რუსეთის ბიუროს წევრი. პირველი მსოფლიო ომის დროს ყველანაირად არიდებდა თავს სამხედრო სამსახურს. 1915 წელს იღებს პარტიულ მეტსახელს Молотов-ს.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ინიშნება სახალხო მეურნეობის ჩრდილოეთის ოლქის საბჭოს თავმჯდომარედ. 1919 წლიდან მუშაობდა რკპ(ბ) ცეკა-ს რწმუნებულად ვოლგისპირეთში. 1920 წლის სექტემბრიდან მუშაობდა რკპ(ბ) დონეცკის საგუბერნიო კომიტეტის მდივნად. 1920 წლის ნოემბრიდან 1921 წლის მარტამდე იყო უკრაინის კომპარტიის ცეკა-ს მდივანი. 1921 წლის მარტიდან 1930 წლის 31 დეკემბრამდე საკავშირო კომუნისტური პარტიის ცეკა-ს მდივანია. 1921-27 წლებში ცეკა-ს პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატია, ხოლო 1929-31 წლებში წევრი. 1928–1929 წლებში იყო მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივანი. 1930 წლის 19 დეკემბრიდან სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1937–1938 წლებში იყო მასობრივი რეპრესიების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და დასახვრეტთა სიების შემდგენი. 1939 წლის 3 მაისიდან სსრკ-ს საგარეო საქმეთა კომისარი. 1946 წლის 19 მარტიდან სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. 1949 წელს მოხსნილ იქნა ყველა თანამდებობიდან, მისი ოჯახი რეპრესირებულ იქნა, თუმცა თავად არ დაუპატიმრებიათ. სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წლიდან კვლავ ინიშნება საგარეო საქმეთა მინისტრად. 1957 წელს ინიშნება სსრკ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მონღოლეთის რესპუბლიკაში. 1963 წელს გადის პენსიაში. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის განმავლობაში შვიდჯერ ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, იცოცხლა ღრმა მოხუცებულობამდე და გარდაიცვალა 96 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]