ვარსკვლავური ომები (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ვარსკვლავური ომები“
რეჟისორი ჯორჯ ლუკასი
პროდიუსერი გერი კურცი
სცენარის ავტორი ჯორჯ ლუკასი
როლებში
მუსიკა ჯონ უილიამსი
ოპერატორი გილბერტ ტეილორი
მონტაჟი
სტუდია Lucasfilm Ltd.
დისტრიბუტორი 20th Century Fox[ა]
გამოსვლის თარიღი
  • 25 მაისი, 1977 (1977-05-25) (აშშ)
ხანგრძლივობა 121 წთ.[4]
ქვეყანა აშშ[5]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 11 მილიონი აშშ დოლარი[6][7]
შემოსავალი 775.4 მილიონი აშშ დოლარი[6]

ვარსკვლავური ომები“ (ინგლ. Star Wars, მოგვიანებით ცნობილი შეცვლილი სახელწოდებით „ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი“, „Star Wars Episode IV: A New Hope“) — 1977 წლის ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის ფილმი სერიიდან „ვარსკვლავური ომები“. იგი არის აღნიშნული სერიის პირველი ფილმი და ფრენჩაიზის საწყისი ეტაპი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მარკ ჰემილი, ჰარისონ ფორდი, კერი ფიშერი, პიტერ კეშინგი, ალეკ გინესი, დევიდ პრაუზი, ჯეიმზ ერლ ჯოუნსი, ენტონი დენიელზი, კენი ბეიკერი და პიტე მეიჰიუ. სიუჟეტის ძირითადი თემაა აჯანყებულთა ალიანსი პრინცესა ლეიას (ფიშერი) მეთაურობით, რომელიც ცდილობს კოსმოსურ სადგურ სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებას. ამ კონფლიქტის გამო იცვლება ფერმერ ლუკ სკაიუოკერის (ჰემილი) ცხოვრებაც, მას შემდეგ, რაც იგი, ბიძასთან ერთად, შეიძენს ორ დროიდს, რომელთაგან ერთ-ერთი ატარებს სადგურის მოპარულ სქემებს. როდესაც იმპერიული ძალები იწყებენ დროიდების ძიებას, სკაიუოკერი ობი-ვან კენობის (გინესი) ხელმძღვანელობით ეუფლება ჯედაების ხელოვნებას და, ამავე დროს, ათავისუფლებს პრინცესას და უერთდება აჯანყებულებს.

„ვარსკვლავური ომები“ კინოთეატრებში აშშ-ში, 1977 წლის 25 მაისს გამოვიდა. აშშ-ში მისმა შემოსავალმა 461, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში – 314 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საერთო ჯამში – 775 მილიონი. 1982 წლის „უცხოპლანეტელამდე“ „ვარსკვლავური ომები“ იყო ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი კინოფილმი. ინფლაციის გათვალისწნებით, იგი ჩრდილოეთ ამერიკაში ყველა დროის შემოსავლიან ფილმებში რიგით მეორეა, ხოლო მსოფლიოში – რიგით მესამე. ფილმს ერგო შვიდი ოსკარი (ათი ნომინაციიდან). იგი ფილმების ეროვნულმა რეესტრმა აირჩია კონგრესის ბიბლიოთეკაში შესატანად, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნამუშევარი“. თავის დროისთვის „ვარსკვლავური ომები“ იყო 1970-იანების ერთადერთი სურათი, რომელიც ამ რეესტრში მოხვდა, ხოლო მისი საუნდტრეკი ამ რეესტრში 2004 წელს შეიტანეს. „ვარსკვლავური ომები“ ხშირად აღინიშნება, როგორც მხატვრული კინოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი. მის გამოსვლას მოჰყვა მთელი რიგი ნაწარმის – დამატებითი ტელესერიალები, რომანები, კომიქსები, ვიდეო თამაშები, სათამაშოების და ჩაცმულობის სერიები.

„ვარსკვლავური ომების“ წარმატებას მოჰყვა კიდევ ორი ფილმი, „იმპერიის საპასუხო შეტევა“ (1980) და „ჯედაის დაბრუნება“ (1983). ჯორჯ ლუკასის ხელმძღვანელობით ფილმი რამდენიმჯერ იქნა ხელახლა გამოშვებული, შეცვლილი სპეციალური ეფექტებით, დიალოგებით, დამატებული სცენებით, შეცვლილი კადრებით და მუსიკით. მისი წინარეისტორიის ტრილოგიაში შედის „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე“ (1999), „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა“ (2002) და „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება“ (2005). ამას მოჰყვა გაგრძელების ტრილოგიაში, რომელიც დაიწყო 2015 წლის „ძალის გამოღვიძებით“. სერიაში შემდეგია „უკანასკნელი ჯედაი“ (2017). აგრეთვე გამოვიდა მესამე და მეოთხე ეპიზოდებს შორის მომხდარი მოვლენების ამსახველი ანთოლოგიური „განდგომილი ერთი“. მომავალ ფილმებს შორის არის კიდევ ერთი ანთოლოგიური ფილმი „სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი“ (2018) და „უკანასკნელი ჯედაის“ ჯერჯერობით უსათაურო გაგრძელება.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

გალაქტიკაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. აჯანყებულთა ალიანსის ჯაშუშებმა მოიპარეს იმპერიის სიკვდილის ვარსკვლავის, ნებისმიერი პლანეტის განადგურების უნარით აღჭურვილი კოსმოსური სადგურის სქემები. ამ სქემებს ფლობს აჯანყებულთა მეთაური პრინცესა ლეია, მაგრამ მის ხომალდს პოულობენ და თავს ესხმიან იმპერიული ძალები, დართ ვეიდერის მეთაურობით. დაჭერამდე ლეია ასწრებს მონაცემების ჰოლოგრამის სახით დამალვას ასტრომექანიკურ დროიდ R2-D2-ის მეხსიერებაში. უკანასკნელი, კიდევ ერთ, პროტოკოლურ დროიდ C-3PO-სთან ერთად, მოხვდება პლანეტა ტატუინზე.

ვაჭარი ჯავები პოულობენ და იჭერებენ დროიდებს. მათგან ორივეს შეიძენენ ფერმერები, ოუენ და ბერუ ლარსები და ლუკ სკაიუოკერი, ოუენის ძმიშვილი. R2-D2-ის გაწმენდიდას ლუკი შემთხვევით რთავს ლეიას გზავნილის ნაწილს, რომელშიც იგი ობი-ვან კენობისგან დახმარებას ითხოვს. მეორე დილით ლუკი ეძებს საღამოს ობი-ვანის საძებნელად წასულ R2-D2-ს. ობი-ვანი მას უამბობს რაინდ ჯედაების შესახებ, რომლებიც ოდესღაც იცავდნენ გალაქტიკურ რესპუბლიკას და ფლობდნენ ზებუნებრივ ძალას, მაგრამ განადგურდნენ იმპერიის მიერ. ლუკი შეიტყობს, რომ მამამისიც ობი-ვანთან ერთად იბრძოდა და ჯედაი იყო. კენობი მას აგრეთვე უამბობს, რომ ვეიდერი მისი შეგირდი იყო, მაგრამ მოექცა ძალის ბნელ მხარეს და ლუკის მამა მოკლა. იგი სკაიუოკერს გადასცემს მამის სინათლის მახვილს.

ობი-ვანს დროიდი უჩვენებს ლეიას სრულ გზავნილს, რომელშიც პრინცესა სთხოვს სიკვდილის ვარსკვლავის სქემების ალდერაანზე, მამამისთან მიტანას. ობი-ვანი ლუკს სთავაზობს ერთად გამგზავრებას და ძალის დაუფლებას. ლუკი უარს ეუბნება, მაგრამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ შეცვლის, რაც აღმოაჩენს, რომ იმპერიულმა ძალებმა, დროიდების ძიებისას, ოუენი და ბერუ მოკლეს. მოს აისლის კოსმოპორტში ობი-ვანი და ლუკი გაიცნობენ კონტრაბანდისტ ჰან სოლოს და მის ვუკის, ჩუბაკას. ქირაობენ რა მათ ხომალდ „ათასწლიან შავარდენს“, ისინი მიემგზავრებიან ალდერაანისკენ.

სანამ მოგზაურები ალდერაანთან ჩნდებიან, პლანეტას ანადგურებს სიკვდილის ვარსკვლავის კაპიტანი, გრანდ მოფი ტარკინი, რათა უჩვენოს ლეიას სადგურის შესაძლებლობები. „შავარდენს“ იჭერს სადგურის სხივი. მოგზაურები ფარულად შედიან სიკვდილის ვარსკვლავზე. ობი-ვანი ცდილობს სხივის გათიშვას, ხოლო ლუკი პოულობს ლეიას. ჰან სოლოს და ჩუბაკას დახმარებით ისინი საბოლოოდ აღწევენ ხომალდამდე. ობი ვანი ხვდება ვეიდერს და ორთაბრძოლისას მას თავს აკვლევინებს, ეუბნება რა, რომ სიკვდილის შემთხვევაში ბევრად ძლიერი გახდება. „შავარდენი“ ტოვებს სადგურს და მიემართება პლანეტა იავინ IV-სკენ. მოგზაურებმა არ იციან, რომ სპეციალური მოწყობილობით, იმპერიული ძალები მათ თვალს ადევნებენ.

აჯანყებულები შეისწავლიან სადგურის სქემებს და აღმოაჩენენ, რომ იგი აღჭურვილია სუსტი პორტით, რომელიც უკავშირდება ძირითად ენერგორეაქტორს. ლუკი უერთდება მათ ესკადრილიას. ჰანი იღებს გასამრჯელოს, რომელზეც შეუთანხმდა ლუკს და კენობის და ტოვებს პლანეტას, მიუხედავად ლუკის თხოვნისა. სიკვდილის ვარსკვლავზე იერიშისას პილოტების რაოდენობა მცირდება. ვეიდერი თავად ესხმის ყოველ მათგანს, მაგრამ, როდესაც ლუკის X-ფრთიანის განადგურებას აპირებს, იმპერიულ ძალებზე იერიშს განახორციელებს მოულოდნელად დაბრუნებული ჰანი. ვეიდერი გარბის, ხოლო ლუკი, ობი ვანის ხმით გამხნევებული, ესვრის პორტს და იწვევს სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებას. იავინ IV-ზე დაბრუნებულ სკაიუოკერს, ჰანს და ჩუბაკას ლეია აჯილდოებს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიგინალური გრამფირფიტა.

მეგობარ სტივენ სპილბერგის რჩევით, ლუკასმა პროექტში მოიყვანა კომპოზიტორი ჯონ უილიამსი. უკანასკნელი მანამდე სტივენთან თანამშრომლობდა ფილმის „ყბები“ მუსიკის შექმნისას და ამ ნამუშევრისთვის ოსკარიც მიიღო. ლუკასის წარმოდგენაში ფილმი უცხო სამყაროებს ასახავდა, მაგრამ მუსიკალური თანხლება მაყურებლისთვის ემოციურად ახლო უნდა ყოფილიყო, ამიტომ სურდა, ფილმს რამდენიმე ლეიტმოტივი ჰქონოდა. ამისთვის თავდაპირველად შერჩეული ჰქონდა საყვარელი ორკესტრული კომპოზიციები, მაგრამ უილიამსმა დაარწმუნა, რომ ორიგინალური ნაწარმოები უფრო უნიკალური იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ჯონის მიერ შექმნილი რამდენიმე კომპოზიცია შთაგონებული იყო ლუკასის მიერ შემოთავაზებული იდეებით. მთავარი თემის შთაგონებად იქცა 1942 წლის ფილმის „კინგს-როუ“ მელოდია (ერიხ ვოლფგანგ კორნგოლდი), ხოლო „Dune Sea of Tatooine“-ში ჟღერს ალესანდრო ჩიკონინის მიერ „ველოსიპედების გამტაცებლებისთვის“ შექმნილი თემა.

1977 წლის მარტში უილიამსი 12 დღის განმავლობაში მუშაობდა ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან მუსიკის ჩაწერაზე.[8] საუნდტრეკი გამოვიდა იმავე წელს ორმაგ გრამფირფიტაზე ლეიბლზე 20th Century Records. ლეიბლმა აგრეთვე გამოსცა The Story of Star Wars, მთხრობელის თანხლებით ჩაწერილი აუდიო-პიესა, რომელშიც უილიამსის მუსიკაც მოხვდა, ისევე, როგორც ფილმის დიალოგები და ხმოვანი ეფექტები. ამერიკის კინოინსტიტუტის სიაში საუნდტრეკი ყველა დროის საუკეთესო კინომუსიკის სიაში პირველ ადგილს იკავებს.[9]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მიუხედავად იმისა, რომ გაქირავების და სახლის მედიაგამოცემებზე უფლება 2020 წლის მაისისთვის გადაეცემა Walt Disney Studios-ს[1], 20th Century Fox კვლავ იქნება ამ, აგრეთვე ციფრული და ტრანსლირების ფორმატების უფლებების მფლობელი.[2][3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მასტერსი, კიმ. (30 ოქტომბერი, 2012) Tangled Rights Could Tie Up Ultimate 'Star Wars' Box Set (Analysis). The Hollywood Reporter. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2012.
  2. The Walt Disney Company FY 2013 SEC Form 10-K Filing (PDF) (20 ნოემბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 11, 2015. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2015.
  3. Bond, Paul. (May 22, 2013) Power Lawyers: How 'Star Wars' Nerds Sold Lucasfilm to Disney. The Hollywood Reporter. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: May 27, 2013.
  4. Star Wars. British Board of Film Classification. ციტირების თარიღი: May 25, 2013.
  5. Star Wars (1977). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 July 2017.
  6. 6.0 6.1 Star Wars (1977). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: March 2, 2012.
  7. Cyriaque Lamar. (January 13, 2012) Behold, the 1977 budget breakdown for Star Wars. io9. ციტირების თარიღი: March 3, 2016.
  8. Empire of Dreams: The Story of the Star Wars Trilogy. Star Wars Trilogy Box Set DVD documentary. [2005]
  9. AFI's 100 Years... 100 Film Scores. ამერიკის კინოინსტიტუტი (2005). ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2010.