ელისუს სასულთნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელისუს სასულთნოს რუკა

ელისუს სასულთნო — პოლიტიკური ერთეული კავკასიაში, ძველი წუქეთი, ისტორიული ჰერეთის აღმოსავლეთი განაპირი თემი, მდინარეებს ყანი-ყობასა და ყაფიუჩაის შორის მდებარე ტერიტორია. ელისუს სასულთნოს სულთანთა ხელისუფლება ფაქტობრივად კახეთის სამეფოში შემავალი წუქეთის მოურავების ხელისუფლების გაგრძელება იყო. ელისუს სასულთნომა კახეთის აღმოსავლეთის კედელი მოარღვია და ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ლაშქრობების ფორპოსტი გახდა. მუსლიმური სასულთნოს შექმნამ დაასუსტა კახეთის თავდაცვისუნარიანობა. წახურელ ლეკებს გზა გაეხსნათ კახეთში ჩასასახლებლად. ადგილობრივი ქართული მოსახლეობის გვერდით ამიერიდან თანდათან იწყეს ჩასახლება მთის გაღმიდან წახურელმა მოახალშენეებმა. კახეთის სამეფო ელისუს სასულთნოს თავისად თვლიდა. ამის გამო წახურის სულთანსა და კახელებს შორის მტრობა ჩამოვარდა. წახურის მფლობელი დახმარებისათვის ხან სპარსეთის, ხან კი ოსმალეთის იმპერიას მიმართავდა. ოსმალეთი სულთნისა და ირანის შაჰის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მყოფმა ელისუს სულთანმა მათგან თავისი მფლობელობის დამამტკიცებელი სიგელებიც მიიღო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1562 წელს სპარსეთის შაჰმა თამაზ I-მა წუქეთი ჩამოართვა კახეთის სამეფოს და ფირმანით დაუმტკიცა ადიკურკულუ-ბეკს. 1604 წელს აბას I-მა კახეთის მეფე კონსტანტინე I-ს საჩუქრად ხელახლა გამოსთხოვა წუქეთი, რომელიც კვლავ კახეთის სამეფოს ჰქონდა დაბუნებული და გადასცა გამაჰმადიანებულ ქართველ თავად ვახვახიშვილს, ალიბეგს, რომელსაც სულთნობა უბოძა. 1607 წელს ოსმალეთის სულთანმა აჰმედ I-მა ალი-სულთან ბეგს დუმტკიცა სოფლები მეშაბაში, კახი, ზარნა, ყუმი და ლექეთი. 1616 წელს შაჰ-აბას I-მა წახური დაუქვემდებარა შირვანის ბეგლარ-ბეგს იუსუფს. 1632 წელს სპარსეთის შაჰმა სეფი I-მა მამედ-ხან-ბეკ წახურელს დაავალა კახეთის სამეფოში ლაშქრობა, ხოლო ქართლში როსტომის დანიშვნის შემდგომ დაავალა მას როსტომთან კოორდინაციაში ყოფნა. ​1701 წელს სპარსეთის შაჰმა ჰუსეინმა ელისუს სულთანს დააავალა მიშველებოდა დაღესტნის შამხალს კავკასიაში შესული 60-ათასიანი რუსეთის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1722 წელს შაჰმა ალი-სულთან შექელი დანიშნა შაქისა და წახურის ბეგლარბეგად. 1747 წელს ელისუს სულთანი იყო აჰმედ-ხანი. 1807 წელს სულთანი აჰმად ხანი გამოცხადდა ქალაქ თბილისში და რუსეთის იმპერიის მორჩილების პირობა დადო. მას მიენიჭა პოლკოვნიკობა.

სოციალური წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელისუს სასულთნოში პრივილეგირებულ ფენას ბეგები წარმოადგენდნენ. ეს ფენა თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობით ერთფეროვანი არ იყო. ბეგები თავიანთი სოციალური ბუნებით გამოირჩეოდნენ აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ბეგებისაგან. მათგან განსხვავებით თვიანთ მიწებს მემკვიდრეობით მფლობელობის წესით ინარჩუნებდნენ და ამით ქართული ბატონყმური ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ელემენტს წარმოადგენენ.

ელისუს სულთნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ადი-კურკულუ-ბეგი — 1562
  • სარუ-ალი-ბეგი — 1607-1616 წწ
  • მაჰმად-ხან-ბეგი — 1632-1656 წწ
  • ხალილ ბეგი — 1642
  • ალი სულთან-ბეგი — 1695-1731 წწ
  • აჰმად-ხან-ბეგი 1747 წ
  • დანიელ-ბეგი — ელისუს უკანასკნელი სულთანი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაისურაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 132.
  • პაპუაშვილი თ., ჭარბელაქანი, თბ., 1972;
  • ბერძენიშვილი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
  • დუმბაძე მ., აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბ., 1953;
  • ჯანაშვილი მ., „საინგილო“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 83-87.
  • Петрушевский И., Джаро-белаканские вольные общества в первой трети ХIХ столетия, Тфл., 1934;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]