დიონისე არეოპაგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
'წმიდა დიონისე არეოპაგელი

წმიდა დიონისე არეოპაგელი (ახ. წ. 1 საუკუნე) — მართლმადიდებლური და დასავლეთევროპული ეკლესიათა წმინდანი. ათენის ეპისკოპოსი.

წმიდა დიონისე არეოპაგელი მოღვაწეობდა ათენში. მას მიღებული ჰქონდა კლასიკური ელინური განათლება; ეგვიპტეში, ქ. ილიოპოლში სწავლობდა ასტრონომიას. საბრეძნეთში დაბრუნების შემდეგ ათენის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. დიონისე იმ დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა ქვეყანაში. ახ.წ. 33 წელს, დიონისე არეოპაგელი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმისას, რა დროსაც მას შემდეგი სიტყვები წარმოუთქვამს: „ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას”.

რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც არეოპაგის სამსჯავროზე წარდგა წმ. პავლე, დიონისემ ყურადღებით მოისმინა ქრისტიანული სწავლება და შემდგომში, დაემოწაფა კიდეც მოციქულს. სამი წლის განმავლობაში დიონისე არეოპაგელი წმ. პავლესთან ერთად ქადაგებდა ქრისტიანობას, შემდეგ კი წმ. პავლეს ხელდასხმით ათენის ეპისკოპოსად დაინიშნა.

დიონისე არეოპაგელი ღვთისმშობლის სანახავად საგანგებოდ ჩავიდა ათენიდან იერუსალიმში. მოგვიანებით მან წმ. პავლე მოცუქულს შემდეგი წერილი გაუგზავნა:

„ღმერთია მოწამე, მთელს სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას, რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ: როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე ცის კაბადონზე, ყოვლადწმიდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე. ჩემს წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარებისა და ზეციური დიდების ეს ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე.”

—წმ. დიონისე არეოპაგელი

ახ.წ. 57 წელს დიონისე არეოპაგელი იერუსალიმში ღვთისმშობლის დაკრძალვას დაესწრო.

წმ. პავლეს აღსრულების შემდეგ დიონისემ გააგრძელა მისი საქმე და დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა ქრისტიანობის საქადაგებლად. მას თან ახლდნენ მოძღვარი რუსტიკი და დიაკონი ელეფთერი. წმიდანმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე ჯერ რომში, შემდეგ – გერმანიასა და ესპანეთში. გალიაში წარმართი ხელისუფლების მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, სამივე აღმსარებელი დააპატიმრეს. ღამით წმიდა დიონისემ საღვთო ლიტურგია აღასრულა უფლის ანგელოზებთან ერთად, დილით კი მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. დიონისემ თავისი მოკვეთილი თავი აიღო, ტაძრამდე მივიდა და დაეცა. მისი ცხედარი კეთილმსახურმა ქალმა კატულამ დაკრძალა.

ფსევდო დიონისე არეოპაგელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Opera omnia, 1756

დიონისე არეოპაგელს მრავალი საუკუნის განმავლობაში მიაწერდნენ ე.წ. არეოპაგიტულ კორპუსს (Corpus Areopagiticum), რომელიც 10 ეპისტოლისა და ოთხი წიგნისგან შედგება: „საღმრთოთა სახელთათჳს” „ზეცათა მღვდელთმთავრობისათჳს”, „საეკლესიოჲსა მღვდელთმთავრობისათვის”, “საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათჳს”. ამ თხზულებებს განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური და დასავლეთევროპულ ეკლესიათა ღვთისმეტყველებისათვის. მოგვიანებით დადგინდა, რომ წმ. დიონისე, 1 საუკუნის მოღვაწე არ შეიძლება ყოფილიყო ამ კორპუსის ავტორი; შესაბამისად, უცნობ ავტორს ეწოდა ფსევდო დიონისე არეოპაგელი. 1942 წ. გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა შალვა ნუცუბიძემ ფსევდო დიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხი წამოაყენა მსოფლიო მეცნიერებაში. მისგან დამოუკიდებლად ამავე დასკვნამდე მივიდა ცნობილი ბელგიელი მეცნიერი ერნესტ ჰონიგმანი 1952 წელს, რის შემდეგაც აღნიშნულ თეორიას ეწოდა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
  • შალვა ნუცუბიძე ”პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური სკოლა”. თბილისი, 1963
  • შალვა ნუცუბიძე, შრომები. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1973

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]