დამწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დამწერლობა — გრაფიკულ ნიშანთა სისტემა მეტყველების ფიქსაციისათვის (წერისათვის), სამეტყველო ინფორმაციის მანძილზე გადასაცემად ან დროთა განმავლობაში შესანახად. დამწერლობაში გრაფიკული ნიშნები წარმოადგენს მეტყველების ამა თუ იმ ელემენტის (მთელი გამონათქვამის, სიტყვის, მარცვლის, ბგერის) სიმბოლოებს.

დამწერლობის ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამწერლობის ისტორიაში გამოყოფენ 5 ძირითად საფეხურს: 1. ხატოვანს ანუ პიქტოგრაფიულს, 2. იდეოგრაფიულს, 3. სიტყვიერ-მარცვლოვანს (ლოგოგრაფიულ-სილაბურს), 4. მარცვლოვანს ანუ სილაბურს, 5. ანბანურს. აღნიშნული ტერმინები ყოველთვის ზუსტად ვერ ასახავს ამა თუ იმ დამწერლობის კონკრეტულ ბუნებას, რადგან ზოგი მათგანი ნარევი ხასიათისაა.

დამწერლობის გრაფიკულ სისტემებს წინ უსწრებდა და ზოგჯერ მათ პარალელურად იხმარებოდა არაგრაფიკული საშუალებანი, რომელთაც სასიგნალო, ან მნემონიკური ფუნქციები ჰქონდათ. არაგრაფიკულ საშუალებათაგან განვითარების მაღალ დონეს მიაღწიეს ე. წ. „ვამპუმებმა“ (სხვადასხვა ფერისა და ფორმის ნიჟარების კომბინაციები) ჰურონების, იროკეზებისა და ამერიკელ ინდიელების სხვა ტომტა პრაქტიკაში და „კიპუმ“ (განასკვული ზონარების კომბინაციები) ძველ ინკებთან. აღრიცხვისა და ანგარიშსწორებისათვის ცენტრალურ აფრიკასა და ჩინეთში ფართოდ გამოიყენებოდა ნაჭდევებიანი ხის თხელი ფირფიტები. ხმარების პროცესში არაგრაფიკულ საშუალებათა ელემენტებს გარკვეული სტაბილური მნიშვნელობა გაუჩნდა, რამაც თითოეული ეს ელემენტი და მათი კომბინაციები გასაგები გახადა ამა თუ იმ ტომისა და ხალხის ყველა წევრისათვის.

დამწერლობას ყოფენ შემდეგ ტიპებად იმისდა მიხედვით, თუ მეტყველების რომელი ელემენტი გადმოიცემა ნიშნებით: ფრაზეოგრაფიკული დამწერლობა, ლოგოგრაფიული დამწერლობა, იდეოგრაფიული დამწერლობა, მორფემოგრაფიული დამწერლობა, მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობა, ბგერითი (ანბანური) დამწერლობა.

ფრაზეოგრაფიკული დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრაზეოგრაფიკული დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომელიც მთლიანად, გრაფიკულად სიტყვებად გადმოსცემს თითქმის დაუნაწევრებელ ამბავს. ფრაზეოგრაფიკული დამწერლობა მოიცავს ორ სახეს:

ა) ხატოვანს, პიქტოგრაფიას;

ბ) უძველეს პირობით ნიშნებს — ესენია საკუთრების აღმნიშვნელი სიმბოლოები, ტაბუ, თავდაპირველი ორნამეტის სიმბოლური ელემენტები და სხვ, რომლებიც აგრეთვე მთლიან, დაუნაწევრებელ ინფორმაციას გადმოსცემენ;

თავდაპირველად დამწერლობა პიქტოგრაფიული იყო. პიქტოგრამები გამოხატავდნენ მთელ თხრობით კომპოზიციას, ან წარმოადგენდნენ ერთმანეთთან დაკავშირებულ ნახატთა სერიას. პიქტოგრაფიული დამწერლობა მეზოლითისა ან ნეოლითის ეპოქაში შეიქმნა და თავისი წარმოშობით უკავშირდება სახვით ხელოვნებას.

პიქტოგრაფიის მეორე სახეობა უძველესი პირობითი ნიშნები ზემო პალეოლითის მიწურულში ან მეზოლითის ეპოქაში აღმოცენდა. მოგვიანებით ამ ნიშანთა დიდი ნაწილი გადავიდა პიკტოგრაფიულ, შემდგომ კი ლოგოგრაფიულ დამწერლობაში. პიქტოგრამებს მხოლოდ უმარტივესი ცნობების გადმოცემა შეეძლოთ. საზოგადოების განვითარებასთან ერთად პიქტოგრაფიული გამოხატულებები იშლებოდა ცალკეულ გამომსახველობით ნიშნებად, რომლებიც სულ უფრო და უფრო სტაბილურნი ხდებოდნენ. ამ პროცესის შედეგად პიკტოგრაფია გარდაიქმნა უფრო სრულქმნილ, მაგრამ რთულ ლოგოგრაფიულ დამწერლობად.

ლოგოგრაფიული და იდეოგრაფიული დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოგოგრაფიული და იდეოგრაფიული ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გადმოსცემენ სიტყვებსა და ცნებებს;

ლოგოგრაფიული დამწერლობის უძველესი სისტემები (ეგვიპტური, წინააზიური, წინაინდური, კრიტული, ჩინური) შეიქმნენ ძვ. წ. IV ათასწლეულის მიწურულს - ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში. წმინდა ლოგოგრაფიული დამწერლობა იშვიათად გვხვდებოდა (ძველი ჩინური, შუმერული). როგორ წესი, ლოგოგრაფიული დამწერლობანი თავიანთი განვითარების ადრინდელ ეტაპზე იყენებდნენ პიკტოგრაფიის ელემენტებს, ხოლო მოგვიანებით - მორფემის, მარცვლოვან ან ბგერით ნიშნებს. ლოგოგრაფიული დამწერლობა მრავალ ნიშანს საჭიროებდა, რის გამოც იგი მხოლოდ მცირერიცხოვან პირთათვის (ქურუმები, სახელმწიფო მოხელეები, მწერლები) იყო ხელმისაწვდომი.

მორფემოგრაფიული დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორფემოგრაფიული დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გამოხატავენ მორფემებს; მორფემოგრაფიული დამწერლობის ნიმუშია ჩინური დამწერლობა, რომელიც ლოგოგრაფიიდან მორფემოგრაფიისაკენ განვითარების გზას გვიჩვენებს და განპირობებულია ჩინური ენის თავისებურებებით. ჩინურის უძველესი ძეგლები II ათასწლეულის ნახევრით თარიღდება. თანამედროვე ჩინური დამწერლობა იყენებს 6-8 ათას იეროგლიფს და 214 დეტერმინატივს, რომელიც იეროგლიფებით გადმოცემული ძირების მნიშვნელობათა დასაზუსტებლად იქნა შემოღებული.

სილაბური დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილაბური ანუ მარცვლოვანი დამწერლობაში გრაფიკული ნიშანი აღნიშნავს არა მთელ სიტყვას არამედ გარკვეულ ბგრათთანმიმდევრობას (მარცვალს). დღეისათვის ცნობილი ცნობილი სილაბური დამწერლობანი ორგვარი წარმოშობისაა. მათი ერთი ნაწილი წარმოადგენს ლოგოგრაფიულ-სილაბურ სისტემათა გამარტივების შედეგს, ხოლო მეორე მიღებულია ე. წ. კონსონანტურ დამწერლობაში (რომელიც წარმოშობით სილაბურია) გახმოვანების მეორეული სისტემის შემოტანით. სილაბური დამწერლობა გენეზისის თვალსაზრისით, ქმნის ხუთ ჯგუფს: 1. სოლისებრი სილაბური დამწერლობანი - ელამური, ძველ ირანული და სხვა, რომლებიც მესოპოტამიური ლოგოგრაფიულ-სილაბური სოლისებრი დამწერლობიდან მომდინარეობენ; 2. დასავლეთ სემიტური სილაბური დამწერლობანი - სინური, პროტოპალესტინური და სხვა, რომელთაც საფუძვლად ეგვიპტური იეროგლიფური უდევს; 3. კვიპროსის, ფესტოსისა და ბიბლოსის სილაბური დამწერლობანი, რომლებიც მომდინარეობენ კრეტული ლოგოგრფიულ-სილაბური დამწერლობიდან; 4. იაპონური (კანა) და კორეული (კუნმუნი) სისტემები, რომლებიც ჩინური დამწერლობის გამარტივების შედეგადაა მიღებული; 5. ინდური სილაბური დამწერლობანი (ბრაჰმი, ქაროშთი) და ეთიოპიური, რომლებიც შესაბამისად არამეულ და სამხრეთ სემიტურ კონსონანტურ სისტემებში მეორეული გახმოვანების შემოტანის შედეგად არიან ჩამოყალიბებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დამწერლობათაგან გაანბანურების გზას ყველაზე ინტენსიურად დაადგა ძველი ირანული სოლისებრი დამწერლობა (ძვ. წ. VI-IV საუკუნეები), თუმცა იგი ისე გამოვიდა ხმარებიდან, რომ ნამდვილ ანბანურ დამწერლობად არ ქცეულა.

მარცვლოვანი დამწერლობის სისტემები განსაკუთრებით გავრცელდა ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მათგან უძველესია ქაროშთი და ბრაჰმი (ძვ. წ. III საუკუნე). ქაროშთი მიღებულია არამეული დამწერლობიდან დამატებითი ნიშნების შემოღებით, იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომელიც ბრაჰმინში იყო შემუშავებული. მაგრამ თვით ბრაჰმის გენეზისი ჯერჯერობით ნათელი არ არის. ბრაჰმიდან მომდინარე სისტემები დღემდე რჩება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. ზოგი მათგანი გამოიყენება ბეჭდვისათვის. ამ მხრივ ყველაზე გავრცელებულია დევანაგარი.

ეთიოპიური მარცვლოვანი დამწერლობა ძველი სამხრეთ სემიტური კონსონანტური დამწერლობის თანდათანობითი ცვლილებების შედეგია. მასში განხორციელებული გახმოვანების სისტემა ინდურ პრინციპს ემყარება.


ლოგორაფიული დამწერლობიდან მარცვლოვან (სილაბურ) დამწერლობაზე გადავიდა განვითარების გარკვეულ ეტაპზე წინააზიური დამწერლობა. მისი უძველესი ძეგლები შუმერებს მოეპოვებათ და თარიღდება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევრით. უკვე III ათასწლეულის დასაწყისში ზოგი ერთმარცვლოვანი ლოგოგრამა გამოიყენება მარცვლის გამომხატველ ნიშნად. III ათასწლეულის მეორე ნახევრისათვის დამწერლობანი ტრანსფორმაციას განიცდიან - დამწერლობა გადადის ლურსმნული ნიშნების კომბინაციაზე, რაც საწერი მასალის - თიხის გამოყენებით იყო განპირობებული.

მნიშვნელობით ლოგოგრაფიულ-სილაბური და ფორმით ლურსმნული იყო წინა და მცირე აზიის დამწერლობათა უმრავლესობა, რომლებიც სათავეს შუმერულიდან იღებენ:

  • ელამური - ჩვ. ერამდე III ათასწლეული;
  • უძველესი აქადური - ჩვ. ერამდე III ათასწლეული;
  • ასურულ-ბაბილონური - III - I ათასწლეული ჩვ. ერამდე;
  • ხეთური ლურსმნული - ჩვ. ერამდე II ათასწლეული (ძვ წ. აღ-ის 8 საუკუნემდე იყენებდნენ იეროგლიფურ დამწერლობასაც);
  • ურარტული - 9-6 საუკუნეები ჩვ. ერამდე;

ანბანური დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამწერლობის ანბანური სისტემები შეიცავს ნიშნებს (ასოებს), რომლის ნიშნები გამოხატავენ ფონემებს ან ალოფონებს; ეს უკანასკნელი ტიპი, თავის მხრივ, იყოფა ორ ჯგუფად:

ა) კონსონანტური ტიპის დამწერლობის გრაფემები მხოლოდ თანხმოვან ფონემებს გამოხატავენ;

ბ) კონსონანტურ-ვოკალისებული ტიპის დამწერლობის გრაფემები გამოხატავენ როგორც თანხმოვან, ისე ხმოვან ფონემებს.

ამგვარ დამწერლობაში არაიშვიათად ერთი ფონემა აღინიშნება რამდენიმე ასოთი ან პირიქით (მაგალითად, ასო sch გერმანულში გადმოსცემს ბგერას შ, ხოლო ასო g ფრანგულში — გ ან ჟ, ინგლისურში — გ ან ჯ ბგერებს). ანბანური დამწერლობანი სათავეს იღებს ძველი სემიტური ე. წ. კონსონანტური დამწერლობიდან, რომელიც გავრცელებული იყო ძვ. წ. II ათასწლეულიდან ფინიკიაში, სირიასა და პალესტინაში. ფინიკიური დამწერლობის სათავედ ითვლება ბიბლოსის სილაბური დამწერლობა ფინიკიურ დამწერლობაში 22 ნიშანია (ნაკლები ვიდრე ფონემათა რაოდენობაა ფინიკიურ ენაში). ხმოვანთა აღუნიშვნელობა ძველ სემიტურ დამწერლობებში განპირობებული იყო სემიტური ენების ბუნებით, რომელშიც სიტყვის მნიშვნელობა უკავშირდება მხოლოდ თანხმოვანთაგან შედგენილ ძირებს, ხოლო ხმოვნები გამოიყენება გრამატიკული კატეგორიების აღსანიშნავად. ძველ სემიტურ დამწერლობათაგან უგარითული სოლისებრი ხმარებიდან გამოვიდა ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, სამხრეთ სემიტური (სამხრეთ არაბული) შემორჩა ახ. წ. VII საუკუნემდე და დასაბამი მისცა ეთიოპიურ დამწერლობას, ხოლო ფინიკიური თავისი პირვანდელი სახით საფუძვლად დაედო წინააზიურ დამწერლობებსა (ხმარებიდან გამოვიდნენ ახა.ი წე.თაღრიცხვის დასაწყისისათვის) და ბერძნულ დამწერლობას (ძვ. წ. IX საუკუნე), რითაც საფუძველი ჩაეყარა დასავლურ ანბანურ სისტემებს. კურსივის ფორმით ფინიკიური საფუძლად დაედო არამეულ დამწერლობას, რომელიც გავრცელდა მთელ ახლო და შუა აღმოსავლეთში და სათავე დაუდო აღმოსავლურ ანბანებს. არამეული დამწერლობის სხვადასხვა სახეობანი გამოიყენეს ებრაელებმა, არაბებმა, არასემიტური ხალხებიდან - პართელებმა, სოღდიელებმა, ხვარაზმელებმა, სპარსელებმა, ინდოელებმა. არაბული დამწერლობის ერთ-ერთი ორიგინალური შტოა არმაზული დამწერლობა. სოღდიურისა და არამეული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობის, ნესტორიანულის, საფუძველზე ჩამოყალიბდა ცენტრალური აზიის ზოგი თურქულენოვანი ხალხის დამწერლობა - უიღურული და თურქული „რუნული“. უიღურული შემდგომში გამოიყენეს მონღოლებმა და მანჯურიელებმა (გახმოვანება ტიბეტური წესისაა). არამეული და ბერძნული ორთოგრაფიული პრინციპების გამოყენებით ჩამოყალიბებული ჩანს ქართული დამწერლობაც.

ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ბერძნული დამწერლობა, რომელშიც მრავალი სახეობა გამოიყოფა. აღსანიშნავია არქული ბერძნული, რომელიც ძვ. წ. IX საუკუნიდან მოდის და არსებობდა ძვ. წ. V საუკუნემდე. ბერძნული არქაული დამწერლობა ასოთა მოხაზულობით თითქმის მთლიანად ემთხვევა ფინიკიურს. წერის მიმართულება - მარჯვნიდან მარცხნივ - უფრო მოგვიანებით შეცვალა ბუსტროფედონმა. საბოლოოდ ბერძნულში დამკვიდრდა მარცხნიდან მარჯვნივ წერა. გამოიყო დამწერლობის ორი შტო - დასავლური და აღმოსავლური.

დასავლურ ბერძნულმა დასაბამი მისცა ეტრუსკულ (ძვ. წ. VII საუკუნე), ლათინურ (ძვ. წ. VI საუკუნე) და გერმანულ რუნულს (III საუკუნე). ლათინური დამწერლობა სხვადასხვა ფორმით საფუძვლად დაედო ევროპის მთელ რიგ ხალხთა დამწერლობებს.

დასავლური დამწერლობის სისტემები მომდინარეობენ ბერძნული ანბანიდან: ჩვ. ერამდე I ათასწლეულში შეიქმნა მის საფუძველზე ეტრუსკული და ლათინური დამწერლობანი, ხოლო II-III საუკუნეებში - კოპტური დამწერლობა. ბიზანტიური ბერძნული დაედო საფუძვლად თანამედროვე ბერძნულ, ქართულ, გოთურ, სლავურ, სომხურ და სხვა დამწერლობებს.

აღმოსავლური ბერძნულიდან (ძვ. წ. V-IV საუკუნეები) განვითარდა კლასიკური, ხოლო მოგვიანებით - ბიზანტიური ბერძნული. უდიდესი მონაპოვარი ბერძნული დამწერლობისა იყო ხმოვანთა აღნიშვნა. მათთვის გამოიყენეს ფინიკიურის ის ასოები, რომელთა შესაბამისი თანხმოვნები ბერძნულს არ ჰქონდა.

აღმოსავლური დამწერლობის სისტემები ქმნიან ოთხ ჯგუფს: ებრაული, სირიული, ირანული და არაბული. მათი განვითარება დაკავშირებული იყო იუდაიზმთან (ებრაული), აღმოსავლურ ქრისტიანობასთან (სირიული), ზოროასტრიზმთან (ირანული) და მუსლიმანობასთან (არაბული).

ბიზანტიური ბერძნულის საფუძველზე IX საუკუნეში შეიქმნა ძველი სლავური დამწერლობა „კირილიცა“, პარალელურად სამხრეთ-დასვლეთ სლავებიმცირე ხნის განმავლობაში ხმარობდნენ მეორე დამწსერლობას - „გლაგოლიცას“, რომლის წარმოშობის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. კირილიცა X საუკუნეში ოფიციალურად შემოიღეს რუსულისათვის. თანამედროვე რუსული, ბულგარული და სერბიული ანბანი „კირილიციდან“ განვითარდა. რუსული გრაფიკა საფუძვლად დაედო საბჭოთა კავშირის მთელ რიგ ხალხთა დამწერლობებს.

თანამედროვე ანბანური დამწერლობები

 
 
 
 
 
 
 
ფინიკიური
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ებრაული
 
 
 
 
 
 
 
ბერძნული
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არაბული
 
სირიული
 
კირილიცა
 
 
 
 
 
ლათინური
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ქართული
 
 
 
 
 
 
 
 
 
სომხური

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]