დადიშქელიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დადიშქელიანების გერბი.

დადიშქელიანები, დადეშქელიანები — ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII-XIV საუკუნეებიდან.

XVIII საუკუნეში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დაძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები, დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ბალსქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს, რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა-ციოყი († 1812) იყო.

შინააშლილობის გამო დადიშქელიანების სამთავრო XIX საუკუნის 20-იან წლებში ორად გაიყო. 1833 წელს დადიშქელიანებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. მეფის მთავრობამ ციოყი (მიხეილი) ჩუბეხევის, ხოლო თათარყანი (ნიკოლოზი) - ეცერ-ცხუმარბეჩოს მფლობელად ცნო. რუსეთის მფარველობაში შესული დადიშქელიანები თვითონ მართავდნენ თავიანთ სამფლობელოს და მეფის მოხელეებს ნაკლებად ემორჩილებოდნენ. 1841 წელს მეფის არმიაში მყოფი ციოყი ჩრდილოეთ კავკასიაში მთიელებთან ბრძოლაში დაიღუპა. თართაყანმა ციოყის მემკვიდრეების - კონსტანტინეს, ალექსანდრეს, ისლამის, თენგიზისა და ციოყის მეურვეობის უფლება მოითხოვა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. თათარყანის გარდაცვალების (1850) შემდეგ, 1855, ისლამ და თენგიზ დადიშქელიანებმა მოკლეს თათარყანის მემკვიდრე ჯანსუღი. 1857 წელს მეფის მთავრობამ სამთავრო გააუქმა და ჩუბეხევის დადიშქელიანები სამუდამოდ რუსეთის შორეულ გუბერნიაში გადაასახლა, ეცერ-ცხუმარბეჩოს მფლობელ დადიშქელიანებს კი ძველი უფლებები ჩამოართვეს და რიგით მემამულეებად გამოაცხადეს.

ლეგენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადიშქელიანთა ფეოდალური გვარეულობის წარმომავლობაზე სხვადასხვა თქმულება-ლეგენდა არსებობს, მათ შორის აღსანიშნავია თვით ა გვარის წარმომადგენლის, თათარყანის მიერ XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოხუცებულებისაგან ჩაწერილი სხვადასხვა თქმულება.

ერთ-ერთ თქმულებაში ნათქვამია: შორეულ ყუმიყთა ქვეყანაში, სადაც არც ერთი სვანი არ დადიოდა, ცხოვრობდა ორი ძმა. უფროსს, რომელიც უცოლშვილო იყო და სამფლობელოს მეთაურად ითვლებოდა, ფუეში ერქვა, უმცროსი, ცოლიანი, არაფრით იყო ცნობილი.

გადმოცემაში ნათქვამია, რომ უმცროსი ძმის სხვაგან ყოფნის დროს, ფუეშისაგან დაორსულდა მისი ცოლი და ვაჟიშვილი ეყოლა. როცა შინდაბრუნებულმა ძმამ ეს შეიტყო, თავისი ძმა სახალხო სასამართლოში გამოიწვია და ადათ წესის დარღვევის გამო სამფლობელოდან და ქვეყნიდან გააძევა.

სახლიდან გაგდებულმა ფუეშმა, ხანგრძლივი სიარულის შემდეგ, კავკასიის მთები გადალახა და თავი ამოყო სვანეთის ერთ-ერთ უდაბურ ხეობაში, საიდანაც დათვის კვალმა, ლენხერის გზით, ჩუბეხევში მიიყვანა.

გადმოცემა გვეუბნება, რომ უცხო კაცი არც იქ გაჩერდა, გზა განაგრძო. ამასობაში, გვიან ღამე, სოფელ ეცერამდე მიაღწია, მაგრამ იქ სახლში არავინ შეუშვა. უცხო კაცმა ბოლოს წმინდა გიორგის სახელობის ყურაშის ეკლესია შენიშნა და იქითკენ გასწია. რაკი მისი კარები ღია იყო, დაღლილ-დაქანცული კაცი შიგ შევიდა და იქ შეაფარა თავი.

თქმულება ამბობს, რომ ძელად ხალხიღმერთმის მორწმუნე იყო და ქურდობას არავინ კისრულობდა. ამიტომ, მიუხედავად დიდი სიმდიდრისა, ეკლესიის კარები მუდამ ღია იყო.

როგორც წესი, წირვა-ლოცვის ჩასატარებლად ეკლესიას დილაადრიანად მოადგა მღვდელი, რომელიც უცხო და გოლიათური აღნაგობის მამაკაცის დანახვის გამო გაოცებული დარჩა. როცა ღვდელი დარწმუნდა, რომ ეკლესიაში მოსული კაცი სამტროდ არ იყო მოსული და თავშესაფარს ეძებდა, ის თავის სახლში წაიყვანა და სარდაფში საიდუმლოდ დამალა.

იგივე გადმოცემა გვეუბნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სარდაფში დამალული უცხო სტუმარი შენიშნა მღვდლის ერთადერთმა ქალიშვილმა, რომელიც განთქმული იყო თავისი სილამაზით. ქალიშვილმა უცხო კაცი პირველსავე შეხვედრაზე შეიყვარა, ამისი წინააღმდეგი თითქმის მამაისიც არ იყო, მაგრამ მან თავისი ქალშვილი მაინც მკაცრად გააფრთხილა, რომ საქმის ბოლომდე დადგენამდე და სტუმრის სათანადო გამოცდამდე თავი წმინდად შეენახა.

გადმოცემა გვაუწყებს, აგრეთვე, რომ იმ დროს, როდესაც ეცერში ვიღაც უცხო პირი მივიდა, სვანეთში „სვიმრობა“ იყო და ხალხი თავისუფლად ცხოვრობდა. ამავე გადმოცემით, სვიმრობამდე სვანეთს ჰყავდა თავისი მეუფე ფუსდ-ფუსტ, რომელიც ტომით სვანი იყო და ბაგრატიონ ხელმწიფეს ემორჩილებოდა. სვანეთის ფუსდი თავის მეფეს გადასახადებად ბავშვებს აძლევდა, ხოლო ომიანობის დროს ჯარით ეხმარებოდა.

გადმოცემაში ნათქვამია, რომ ერთხელ, როდესაც სვანეთში მეფის მოხელე ვარგები (აზნაურები) ახალგაზრდებს კრებდნენ მეფესთან წასაყვანად, ერთ-ერთმა დედამ, რომელსაც ერთადერთი ვაჟიშვილი ჰყავდა, იმ ვარგს, რომელსაც მისი ვაჟიშვილი მიჰყავდა, ნაჯახი ჩაარტყა თავში. რადგან ვერავინ ვერ ურიგდებოდა თავისი შვილის შორეულ ქვეყნებში საომრად წაყვანას, ხსენებულ ქალს სხვებაც მიბაძეს, და ბოლოს მთელი სვანეთი აჯანყდა, თვიდან მოიშორა თავისი უფალი, მისი ვარგები, საქართველოს მეფის დაწესებული ვალდებულება და თავისუფლება მოიპოვა.

ამავე გადმოცემით, როდესაც მთელ სვანეთში თავისუფალი მმართველობა დამყარდა, ეცერის ორ სოფელში — ისკარსა და ლადრერში — ცხოვრობდნენ რიჩგვიანები, რომლებიც მთელ თემში პირველობდნენ და ყველას ჩაგრავდნენ. ეს ვითარება ძალიან აღელვებდა ეცერის სხვა სოფლების — ბარშის, სვიფის, ჩელირისა და ყურაშის — მოსახლეობას (ვგეშლარებს), რომლებიც შესაფერის მომენტს ეძებდნენ რიჩგვიანების დასამხობად. მღვდელიც ამ მიზნით ინახავდა თავისთან უცხო სტუმარს, რომელსაც წმინდა გიორგის (ჯგჷარაგის) მოვლენილად ასაღებდა.

გადმოცემა გვაუწყებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ფხოტრერის მთავარანგელოზის თეთრი ეკლესიიდან საყვირის გაბმული ხმა მოისმა, რომელიც ხალხს აუწყებდა სასწრაფოდ შეგროვილიყო. საქმე იმაში იყო, რომ ამ ეკლესიის ეზოში მოსულა ვიღაც ომახიანი ოსი, რომელიც ეცერლებს ჭიდაობას სთავაზობდა იმ მიზნით, რომ თუკი გაიმარჯვებდა, ყველანი მისი მორჩილი გამხდარიყვნენ, ხოლო თუ თვითონ დამარცხდებოდა, მაშინ თავის უმდიდრეს აღჭურვილობას დათმობდა.

უცხო კაცის ასეთი უტიფრობით ეცერლები ძალიან შეშფოთებულები იყვნენ, თუმცა მასთან შერკინებასაც ვერავინ ბედავდა. ამ დროს წინ წამოუდგა ყურაშის მღვდელი, რომელმაც ხალხის ასეთი დაბეჩავებისათვის რიჩგვიანები დაადანაშაულა. აქვე დასძინა, რომ ხალხის ღირსებას თვითონ დაიცავდა და სახლისკენ გასწია, საიდანაც წამოიყვანა სტუმარი „ყუმიყი“, რომელიც წმინდა გიორგის სახელით წარმოუდგინა ხალხს. როცა ფხოტრერის ეკლესიის ეზოში თავმოყრილმა ხალხმა გოლიათური აღნაგობის ვაჟკაცი დაინახა, შვებით ამოისუნთქა. გარკვეული ჩოჩქოლის შემდეგ, ხალხმა მღვდელს მიმართა, თუკი მის მიერ მოყვანილი კაცი ოსს დაამარცხებდა, ჯილდოდ მისცემდნენ ყველაფერს, რასაც მოიწადინებდა.

გადმოცემა ამბობს, რომ მალე უცხო პირები ერთმანეთს შეერკნენ, მაგრამ ბრძოლა არცთუ ხანგრძლივი აღმოჩნდა, გამარჯვება წმინდა გიორგის მოყვანილ ყუმიყს დარჩა, დამარცხებული ოსი სირცხვილნაჭამი და აღჭურვილაყრილი გააძევეს.

შეპირებისამებრ ეცერის თითოეულმა კომლმა გამარჯვებულ ყუმიყს თითო ხარი, ძროხა და ცხვარი მიჰგვარა. ამგავრად შეგროვებული პირუტყვის ჯოგი საღამოხანს ეცერის დასავლეთით გარეკეს, იმ პირობით, რომ სადაც ის მეორე დღეს აღმოჩნდებოდა, იქ საპატიო გადამთიელისთვის სასახლე აეშენებინათ. ლეგენდა ამბობს, რომ ჯოგი წმინდა გიორგის მფარველობითა და სურვილით მეორე დღეს აღმოჩნდა ჭერილში, სადაც პირობისამებრ სტუმარს სასახლე და კოშკი აუშენეს.

თქმულება-ლეგენდის ეს ვარიანტი ირწმუნება, რომ ხსენებულმა ყუმიყმა დაუდო სათავე სვანეთის დადიშქელიანებს, რომლებიც მალე მომრავლდნენ და გაძლიერდნენ.

ლეგენდის მეორე ვარიანტი გვაუწყებს, რომ ყუმიყთა ქვეყნიდან დევნილი კაცის სახელი იყო ფუთა, რომელიც დათვის კვალმა მიიყვანა ეცერში. თითქოს ამის გამო კაცის შთამომავალი დაშდანგელად (დაშდვ სვანურად დათვია) ანუ დადიშგელიანად იწოდა.

აღნიშნული გადმოცემის ჩამწერის თ. დადიშქელიანის სიტყვებით: ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ მოცემული გადმოცემის უეჭველობა ვამტკიცოთ, მით უმეტეს, როცა ყველა ზეპირი გადმოცემა, ესეც არ არის რომელიმე ძველი წერილობით წყაროს მიერ დამტკიცებული, ამიტომ ის საჭიროებს გულმოდგინე შემოწმებას, მაგრამ მასალები იმდენად მცირე და ძუნწია, რომ საკითხი, ალბათ, გადაუჭრელი დარჩება[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადიშქელიანთა საგვარეულო წერილობით წყაროებში პირველად XV საუკუნის მეორე ნახევარში მოიხსენიება „ჯაფარისძეთა სასისხლო სიგელში“, რომელშიც მოთხრობილია სვანებსა და იმერეთის სამეფოს მესვეურთა შორის მტრობაზე და ამ ნიადაგზე სვანების შევიწროვებაზე. ძეგლსი ნათქვამია, რომ მეფისაგან შეწუხებულმა სვანებმა ბჭობა გამართეს და რიჩგვიანსა და დადიშქელიანს შეეხვეწნენ, რათა დადიანის მეშვეობით იმერეთის მეფესთან შერიგებულიყვნენ: „და მერმე შევიყარენით სრულიად სუანთ ჩენილები და ვქენით ვაზირობა. მივედით ეცერს, რუჩაგიანსა და დადიშქელიანს შევეხუეწენით და დადიანთან გავგზავნეთ“[2].

დადიშქელიანების გვარ-ჩამომავლობისა და სადაურობის დასადგენად გარკვეული მნიშვნელობა აქვს ე. წ. „სუანეთის საეკლესიო კრებათა მატიანეს“, რომელშიც ეკლესიისადმი შემვედრებელი და შემწირველი სვანებია ჩამოთვლილი[3]. მართალია აღნიშნულ ძეგლში დადიშქელიანის გვარი არაა ნახსენები, მაგრამ ნახსენები არიან ეცერის მცხოვრებლები: დადიშგელა წარეკელიანი, დადიშგელა აშტიანი და სხვანი. როგორც ცნობილია გვარები ხშირად სახელიდან წარმოიქმნებოდა და არაა გამორიცხული, რომ დადიშქელიანი, რომელიმე სახელიდან წარმოიშვა.

„სვანეთის საეკლესიო კრებათა მეორე მატიანე“ ანუ „სვანეთის სულთა მატიანე“ გვაუწყებს, რომ დადიშქელიანები საბოლოოდ XVII საუკუნეში გათავადდნენ, როდესაც მათი მფლობელობა და მმართველობა შეიქმნა. აღნიშნულ ძეგლში დადიშქელიანები „დიდებულისა და ბატონის“ ეპითეტებით არიან წარმოდგენილნი.

გენეალოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის 50-იან წლებში პ. უსლარმა შეადგინა დადიშქელიანთა ფეოდალური საგვარეულოს გენეალოგია. უსლარის მონაცემით დადიშქელიანთა გეოდალური საგვარეულოს ფუძემდებლად ითვლება ხოშა ოთარ („დიდი“ ოთარი), რომელსაც ჰყავდა სამი ვაჟიშვილი: ხოჩა ოთარ („კარგი“ ოთარი), სორთმანი და დადავი (დუდაუ).

  • ხოჩა-ოთარის მემკვიდრეები იყვნენ: როსტომხანი და თენგიზი;

როსტომხანის მემკვიდრეები იყვნენ: ოთარი და ჯანსუღი. ოთარის ჰყავდა ერთი შვილი — ისლამი (მემკვიდრეები: აზნავირი, გელახსანი, გელა და ჯანბულათი), ხოლო ჯანსუღს — ოთარი, თათარყანი და მურზაყანი. თენგიზის მემკვიდრეები იყვნენ: ბაბა-ციოყი (მემკვიდრეები: თენგიზი და ჯანსუღი), გელა (მემკვიდრეები: გელა, ლევანი, ისლამი და თათარყანი) და ჯანბულათი (მემკვიდრის გარეშე).

თათარყან (ნიკოლოზ) დადიშქელიანს ჰყავდა სამი შვილი: ოთარი, ჯანსუღი და მოსოსტრი.

  • სორთმანის ჰყავდა ერთი ვაჟიშვილი — გელა, გელას — თენგიზი, თენგიზს — ნეჩშა, ხოლო ნეჩშას ორი მემკვიდრე ჰყავდა ციოყი და თენგიზი.
  • დადავის: აზნავირი (მემკვიდრეები: თენგიზ, ციოყი და ქერიმი) და მურზაყანი (მემკვიდრე — ბესლუხი [მემკვიდრეები: ხაჟიკი, მურზაყანი, სორთმანი]).

პ. უსლარის გენეალოგიური სქემით, დადიშქელიანთა ფეოდალური სახლის მეთაურები იყვნენ: ხოშა-ოთარი, ხოჩა-ოთარი, სორთმანი, როსტომხანი, თენგიზი, ბაბა-ციოყი, კნსტანტინე (მურზაყანი).

დადიშქელიანთა მეორე (გამოყოფილი) შტოს უფროსები იყვნენ: თათარყანი (ნიკოლოზი), ოთარი, ლევანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გასვიანი გ., ნარკვევები შუასაუკუნეების სვანეთის ისტორიიდან, თბილისი, 1991, გვ. 7-14;
  • გასვიანი გ., სვანეთის საეკლესიო კრებათა მეორე მატიანე, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1972, № 2;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტი, Ros, 284, ფ. 39-40
  2. სვანეთის საისტორიო ძეგლები, წ. 2, გვ. 32
  3. სვანეთის საისტორიო ძეგლები, წ. 2, გვ. 115-160