გონება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ფილოსოფიურ კატეგორიას ეხება. ადამიანის შემეცნებითი და ანალიტიკური შესაძლებლობების შესახებ იხილეთ ჭკუა.
გონების ალეგორია

გონება — ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც გამოხატავს აზროვნების უმაღლეს ტიპს, საყოველთაო აზროვნებისა და ანალიზის შესაძლებლობას, განყენებასა და განზოგადებას. შეესაბამება ლათინურ სიტყვა „intellectus“-ს. ფილოსოფიაში გონება ცნობიერების ერთ-ერთი ფორმაა, თვითცნობიერების გონი, რომელიც თავის თავზეა მიმართული. გონება გამოხატავს თავის თავს პრინციპებში, იდეებსა და იდეალებში. გონება განსხვავდება ცნობიერების სხვა ფორმებისაგან: ჭვრეტისაგან, გონისაგან, თვითშეგნებისაგან და სულისაგან. გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი თვლის, რომ მხოლოდ გონება აღწევს საბოლოოდ ჭეშმარიტების ჭეშმარიტ გამოხატულებას როგორც ასეთს კონკრეტულს. გონების მოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის მეტყველებასთან.

XIX საუკუნის ზოგიერთ ფილოსოფიურ მიმდინარეობაში გონება უპირისპირდებოდა ბუნებრივ ცდას. აგრეთვე არსებობდა საპირისპირო სწრაფვა — გონების ან საკუთრივ საყოველთაო იდეების გამოყვანა ცდისეული ერთეული ფაქტებიდან. წარსულში გონება ტრადიციულად უკავშირდებოდა კეთილდღეობას და ღვთაებას.

ტვინი განისაზღვრება როგორც ფიზიკური ან ბიოლოგიური მატერია. თანამედროვე მეცნიერული განსაზღვრით ტვინი — წარმოადგენს რთულ ნეირონულ ქსელს.

გონება აბრაამისეულ რელიგიებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანული სწავლებით ადამიანის გონება (გონი) არის ადამიანის სულის ნაწილი. ადამიანის სული სწორედ გონებით განსხვავდება ცხოველური სულისაგან, რასაც ქართულად „სამშვინველი“ ეწოდება. ქრისტიანული სწავლებით ადამიანური სული (ბერძ. psyche) ცხოველური სულისაგან (ბერძ. psyche) განსხვავებით არის სამნაწილედი. ცხოველურ სულში (ბერძნ. psyche) ორი ნაწილია მხოლოდ – გულისწყრომითი (მრისხანებითი) და გულისთქმითი (ნდომითი), ადამიანურ სულში (ბერძნ. psyche) კი არის სამი ნაწილი – გულისწყრომითი, გულისთქმითი და გონითი (მოაზროვნეობითი) ნაწილი.

ამდენად, ქრისტიანული სწავლებით „...შექმნა მან [ღმერთმა] ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, შეძერწა რა სხეული მიწისაგან [მატერიისგან] და მისცა რა მას, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად ვამბობთ, რადგან «ხატისებრობა» გონისმიერობასა და თვითუფლებრივობას აღნიშნავს, «მსგავსებისებრობა» კი - ძალისამებრ სათნოების მსგავსებას“.

მაშასადამე ადამიანის სულის ხატება ღვთისადმი სწორედ გონიერებას (მოაზროვნეობის უნარი) გულისხმობს, თვითუფლებრიობასთან (თავისუფალი ნებელობა) ერთად, ხოლო გონების ქონა, არის ქონა „არათუ - თავისი თავისაგან განსხვავებულისა, არამედ – თავისივე უწმინდესი ნაწილისა (რადგან როგორც თვალია სხეულში, იმგვარადვეა სულში გონება)“[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ი.ორჟომია. ეკლესიის მამათა ჰექსემრონული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი.