გოგი ხიმშიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიმშიაშვილი.
გიორგი ხიმშიაშვილი
დაბადების თარიღი 1892
გარდაცვალების თარიღი 20 მაისი, 1923
გარდაცვალების ადგილი ტფილისი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
წოდება პოლკოვნიკი
ბრძოლები/ომები
ჯილდოები საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი

გიორგი (გოგი) ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი (დ. 1892 — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი (1918), საქართველოს ეროვნული გმირი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამამისი, თავადი ნიკოლოზ ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) 1910 წელს მოკლეს ილია იმერ­ლიშ­ვილ­მა, გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვილ­მა და ლა­დო ფე­იქ­რიშ­ვილ­მა. გამოძიების დასკვნით, მკვლელობის მოტივი იყო „ნი­კო­ლოზ ხიმ­ში­ე­ვის ქმე­დი­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვად ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ლე­ბის ძებ­ნა­ში“.[2]

გოგი ხიმშიაშვილმა დაამთავრა ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი. რუსეთის იმპერიის არმიის ნიჟეგოროდის დრაგუნთა მე-17 პოლკის რიგებში იბრძოდა პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტზე (იყო პორუჩიკი), 1916-1917 წლებში მონაწილეობდა გენერალ ბარათოვის ექსპედიციაში სპარსეთში; იყო ქართული ცხენოსანი პოლკის ოფიცერი. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV, III და II, წმ. სტანისლავის II და წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით. 1918-1921 წლებში მეთაურობდა საქართველოს სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონს, რომლის ერთ-ერთი ესკადრონის უფროსი იყო პორუჩიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომში, 1919 წელს დენიკინელთაგან გაგრის გათავისუფლებაში და 1920 წელს აზერბაიჯანის საზღვარზე წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1920 წლის ივლისში ბათუმში საქართველოს ჯარების შესვლისას იყო გვარდიული ნაწილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დაწყების წინ ის სომხეთთან საზღვრის ერთ-ერთ მიმართულებას (ბობკაირის მთა) იცავდა. ომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი მიზეზით გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან.

გიორგი ხიმშიაშვილის მეომორიალური დაფა

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ქართული წითელი არმიის ბრიგადის სასწავლო ბატალიონის მეთაურად დანიშნა. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა მოძრაობაში; საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრში“ წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1923 წლის მაისში დააპატიმრეს და „სამხედრო ცენტრის“ სხვა წევრების მსგავსად დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მისი ბოლო საჯარო სიტყვები იყო: „თქვენ კარგად იცით რომ ბანდიტები არა ვართ! მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს!“ სიკვდილით დასჯის ადგილას (ახლანდელი ვაკის პარკი თბილისში) მიმავალ გზაზე გაქცევა სცადა, მაგრამ დაჭრეს, შეიპყრეს და დახვრიტეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N04/07/02 2023 წლის 4 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების შესახებ [1]
  2. სიმაშვილი, თენგიზ (2012), „ილია ჭავჭავაძის მკვლელობა (ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი)“, simashvili.blogspot.com.