გიორგი სინგელოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი სინგელოსი (ბერძ. Γεώργιος Σύγκελλος; გ. 810 წლის შემდეგ) — ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი.

გიორგი სინგელოსი 786–806 წლებში პატრიარქ ტარასის მდივნის მოვალეობას ასრულებდა. შემდეგ განმარტოვდა მონასტერში, სადაც დაწერა თავისი „ქრონიკა“. თხზულებაში აღწერს მსოფლიო ისტორიას ადამიდან დიოკლეტიანეს კეისრობამდე და იყენებს „დაბადების“ ტექსტს, ასევე ალექსანდრიელი ქრონისტების პანდორესა და ანნიანეს თხზულებებს. სინგელოსის „ქრონიკა“ გააგრძელა თეოფანე ჟამთააღმწერელმა.

გიორგი სინგელოსის თხზულებაში არის ცნობები საქართველოსა და ქართველებზე. მისი გადმოცემით, ნოემ იაფეტს სხვა ქვეყნებთან ერთად იბერია და კოლხეთის სამეფოც არგუნა. ნოეს შვილებს შორის ასახელებს თობელს, მოსოხს, თარსუსს – „საიდანაც არიან იბერიელები“. იაფეტისგან წარმოშობილ ტომებს მიაკუთვნებს კოლხებს, კორზენებს, ხალიბებს, მოსინიკებს. პომპეუსის ლაშქრობებს შორის ასახელებს გამარჯვებებს იბერებსა და კოლხებზე, პომპეუსის ტრიუმფში მონაწილე ტყვეებს შორის კი ჩამოთვლის ლაზთა მეფესა და იბერიელთა ოც მთავარს (არქონტს). თხზულებაში არის ცნობა 532-წლიანი მოქცევის შესახებ, რომელსაც ემყარება ძველი ქართული წელთაღრიცხვა. გიორგი სინგელოსი პირველია ჩვენამდე მოღწეულ ავტორთა შორის, რომელიც ამ წელთაღრიცხვას ხმარობს და ქრისტეს დაბადებას მეთერთმეტე მოქცევის 181-ე წლით ათარიღებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]