გვირგვინი (ბოტანიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვირგვინი (მრავალმნიშვნელოვანი).
ნარცისის ყვავილი; ყვითელი არის გვირგვინი.

გვირგვინი (ლათ. corolla) — ორმაგი ყვავილსაფრის ფოთლების (ფურცლების) შიგნითა წრე,[1][2] რომელიც ჯამთან ერთად ქმნის მას (ყვავილსაფარს). უმეტესად სხვადასხვა ზომისა და შეფერილობისაა. მისი ფურცლები ჯამის ფოთოლაკებთან შედარებით ნაზია. შედგება ორი ნაწილისაგან: 1) ქვედა შევიწროებული ნაწილი — ფრჩხილი, რომელიც ემაგრება ყვავილსაჯდომს, და 2) ზედა გაფართოებული ნაწილი — ფირფიტა. გვირგვინი ფურცლები ზოგჯერ ერთმანეთზე შეზრდილია (ფურცლებშეზრდილი გვირგვინი), ზოგჯერ — განცალკევებული (ფურცლებგანცალკევებული გვირგვინი). ფურცლებშეზრდილი გვირგვინის შეზრდილ ნაწილს მილი ეწოდება, თავისუფალს — გადანაღუნი. გვირგვინის ფურცლების ზომა, ფორმა და რაოდენობა მრავალნაირია.[3]

შეფერილია უჯრედის წვენში გახსნილი პიგმენტებით (ანთოციანებითა და ფლავონებით).[2] გვირგვინის ბიოლოგიური როლი მდგომარეობს შემდეგში: იგი ყვავილს მეტად მიმზიდველს ხდის იმ მწერებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ჯვარედინ დამტვერვას; აგრეთვე, იცავს მტვრიანებსა და ბუტკოს. ევოლუციის პროცესში გვირგვინი განვითარდა სამტვერედაკარგული სახეცვლილი მტვრიანებისაგან, ან (იშვიათად) ზედა ფოთლებისაგან. გვირგვინთა მრავალფეროვნებას ფორმის, აგებულების დეტალების, შეფერილობისა და მისთანათა მხრივ მნიშვნელობა აქვს მცენარეთა სისტემატიკაში.[4]

არანორმალურად განვითარებული გვირგვინის ფურცლების მქონე ყვავილებს ქუჩქუჩა ეწოდება. ასეთებია ბაიასებრთა, მიხაკისებრთა, ვარდისებრთა და რთულყვავილოვანთა ოჯახების წარმომადგენლები — გეორგინა, ასტრა, მიხაკი, ვარდი, ტიტა, ზაფრანა და სხვ.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ელერდაშვილი ა., გვირგვინი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  2. 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 148.
  3. 3.0 3.1 გუგავა ე. და სხვ., ბოტანიკა, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2005. — გვ. 135–136.
  4. Венчик // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 4 — М., 1971.