გელათის აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გელათი.
გელათის აკადემია

გელათის აკადემია — შუა საუკუნეების ქართული სასულიერო სასწავლებელი. დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. აკადემიის სათავეში იდგა მოძღვართ-მოძღვარი. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია — „ქვეყნის საზომლოჲ“, „არითმეტიკა“ — „რიცხუნი“, მუსიკა — „სამოსოჲ“) და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის — „საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი“, რიტორიკა სამი სახის — „თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა“, გრამატიკა და ასტრონომია — „ვარსკვლავთმრიცხველობაჲ“) ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.

გელათის აკადემიაში დაუწერია არსენ იყალთოელს სჯულისკანონი, იოანე პეტრიწს — ნემესიოს ემესელის თხზულება „ბუნებისათჳს კაცისა“. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნულიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალი დაკარგულია. სამეცნიერო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა გელათის აკადემიაში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. XIII საუკუნეში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. XIV საუკუნეში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი „გარიგება ჴელმწიფის კარისა“ და ჩვენამდე მოუღწეველი საისტორიო თხზულება „გელათური ქორონიკონი“, რომელიც დასახელებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თავის ერთ-ერთ წყაროდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამსახურდია ს., სწავლა-განათლება ძველ საქართველოში, თბ., 1975;
  • თავზიშვილი გ., უმაღლესი განათლების ისტორიისათვის საქართველოში, ნაკვ. 1, თბ., 1938;
  • ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • ყაუხჩიშვილი ს., გელათის აკადემია, თბ., 1948;