ბილბო ბეგინსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბილბო ბეგინსი
სხვა სახელები ელფების მეგობარი, ’ბილბა ლაბინგი’
ბიოგრაფიული ცნობები
რასა ჰობიტები
ნაწარმოები ჰობიტი (1937)
ბეჭდების მბრძანებელი (1954-1955)
დაუსრულებელი თხზულებები (1980)

ბილბო ბეგინსი (ქართულ თარგმანებში - „ბილბო აბგელი“) — ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანების „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ პერსონაჟი. ტოლკინის თანახმად, ბილბო არის „ჰობიტის“ (საკუთარი თავგადასავლების მოგონებების) ავტორი და „სილმარილიონის“ მთარგმნელი.

ბილბომ სახელი გაითქვა განდალფთან და ცამეტ ჯუჯასთან ერთად მოგზაურობით. ამ მოგზაურობისას მათ დალაშქრეს ერებორი, დრაკონ სმაუგის მიერ მიტაცებული ჯუჯების განძის კანონიერ მფლობელებთან დაბრუნების მიზნით. სმაუგი მოკლა მშვილდოსანმა ბარდმა ტბისპირა ქალაქ ესგაროთის იერიშისას. მას მოჰყვა ხუთი ლაშქრის ბრძოლა, რომლის შემდეგ ბილბო დაბრუნდა შინ, ჰობიტონში და მშვიდად ცხოვრობდა მოგზაურობიდან თან მოტანილი ნადავლით - ხმლით (ნესტარი), მითრილის პერანგით და ბეჭდით.

ბეჭედი, როგორც აღმოჩნდა, ეკუთვნოდა საურონს და ძალაუფლების დიდ წყაროდ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ საურონი მას მრავალი წელი ეძებდა. მას შემდეგ, რაც ბილბომ შუაველს მიაშურა და ბეჭედი ფროდო ბეგინსს დაუტოვა, ფროდომ, განდალფის მითითებით, დატოვა მშობლიური მხარე. შუაველში გადაწყდა, რომ ფროდო იქნებოდა ბეჭდის მზიდავი, ამიტომ დაიწყო ახალი მძიმე მოგზაურობა. მორდორში ბეჭდის განადგურების შემდეგ ფროდო დაბრუნდა ჰობიტონში. გარკვეული დროის შემდეგ მან და ბილბომ ერთად დატოვეს შუახმელეთი და უკვდავი მიწებისკენ აიღეს გეზი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბილბო დაიბადა 2890 წლის 22 სექტემბერს. მისი მამა იყო ბანგო ბეგინსი, ხოლო დედა - ბელადონა ტუკი, რომლის ტუკისეული მიდრეკილება მოგზაურობებისადმი, როგორც ეტყობა, შვილსაც გადაეცა.

ოჯახი ცხოვრობდა ბეგ ენდში, ჩინებულ სოროში, რომელიც გალამაზებული და მდიდრული კარ-მიდამო იყო. იგი ბანგომ სპეციალურად ბელადონასთვის ააშენა.

ბავშვობაში ბილბოს აოცებდა ამბები გარე სამყაროზე, ყველაფერზე, რაც შაირის მიღმა ხდებოდა. განდალფმა სწორედ მაშინ შეამჩნია მასში ეს ინტერესი. წლების შემდეგ ბილბოს იზიდავდა რუკები და ის ხშირად სეირნობდა დიდ მანძილზე, შაირის საზღვრამდე. ასეთივე ინტერესით იგი ესაუბრებოდა მოგზაურებს, რომლებიც ჰობიტების მხარეს აუვლიდნენ-ჩაუვლიდნენ. მაგრამ მაშინ, როდესაც 2941 წელს მას განდალფი ეწვია და მარტოსული მთის დალაშქვრა შესთავაზა, ბილბოში მოულოდნელად იფეთქა ჰობიტურმა სიამაყემ, რადგან ჰობიტებს ასევე უყვარდათ უღიმღამოდ თავისი დღეების შინაურ გარემოში გატარება და მათთვის უცხო იყო შორეული მგზავრობები. მოულოდნელად, მანვე დაამსხვრია ასეთი ჰობიტების სტერეოტიპი და გაემგზავრა გზად არსებული ათასი ხიფათის მიუხედავად.

ნაწილობრივ, ბილბოში ეშმაკურმა თვისებებმა თავი იჩინეს მას შემდეგ, რაც თორინ მუხისფარი დაეჭვდა მათში, მიუხედავად იმისა, რომ განდალფი საპირისპიროს ამტკიცებდა. ბილბოს პირველი დიდი ეშმაკობა იყო ტროლის ჯიბიდან მოლაპარაკე ქისის ამოღების მცდელობა და, მიუხედავად იმისა, რომ ბილბო უმალვე დაიჭირეს, მისი მხრიდან ასეთი რისკი უკვე ამართლებდა განდალფის იმედებს.

ხანგრძლივი მოგზაურობისას მან ჯუჯებს და მათ მეთაურს სიმამაცის არაერთი გამოვლინება დაანახა და, საბოლოოდ, მიუხედავად თორინთან ჩამოვარდნილი ხანმოკლე ჯავრისა, მისი ყველა გმირობა დაფასებული იქნა. თუმცა, ამ დროისთვის იმდენად დაღლილი იყო თავგადასავლებით, რომ უარი თქვა აღთქმულ გასამრჯელოზე და დაიტოვა ნადავლის სულ მცირე ნაწილი - აღსანიშნავია მითრილის პერანგი, რომელიც მორიაში მოპოვებული მყარი და ულამაზესი ლითონისაგან იყო დამზადებული.

შინ დაბრუნებულმა ბილბომ უამრავი ჰობიტი გააოცა, მაგრამ საბოლოოდ, ყველა შეეგუა, რომ ბეგინსი კვლავ შაირში იყო. ამასთან, წლების განმავლობაში არ წყდებოდა მითქმა-მოთქმები მის შესახებ. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ბილბომ შორეული მიწებიდან დიდი განძი ჩამოიტანა. სეკვილ-ბეგინსები, მისი უახლოესი ნათესავები, შურიანი თვალით უყურებდნენ და სულ ეწადათ ბეგ ენდის მითვისება. წლების შემდეგ ფროდო ბეგინსმა, ბილბოს მემკვიდრემ, მათ მიჰყიდა ეს კარ-მიდამო. სეკვილ-ბეგინსები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბენ-ენდის უკანა ნაწილი სავსე იყო ოქროთი. მთავარი, რაც ბილბომ მოიპოვა ამ მოგზაურობისას, იყო როგორც გამორჩეული სიმამაცე და თავდადება, ასევე ზემოთხსენებული პერანგი, ხმალი, რომელსაც მან შეარქვა „ნესტარი“ და საურონის ბეჭედი. სამივემ უდიდესი როლი ითამაშა შუახმელეთის ამბების შემდგომ განვითარებაში.

შაირში დაბრუნების შემდეგ ბილბომ კარგად შეისწავლა ელფური ენები და შუახმელეთის ლეგენდები. ფროდო, მისი ძმიშვილი, განსხვავებით ბიძისგან, არ ყოფილა ასეთი კატეგორიულად წინააღმდეგი მოგზაურობებისა, თუმცა არც თუ სიამოვნებით დატოვა მშობლიური მხარე.

მესამე ეპოქის 3001 წელს ბილბოს 111 წელი შეუსრულდა. თავის დაბადების წლისთავს ფროდო იმავე დღეს აღნიშნავდა. მხიარულება მხოლოდ მოჩვენებითი იყო - ბეჭედი უცნაურად მოქმედებდა თავის პატრონზე და ბილბო გრძნობდა, რომ ის უმძიმეს ტვირთად აწვება. მან გადაწყვიტა შუაველში, ელრონდთან გამგზავრება და ბეჭედი, განდალფის მხრიდან მცირე ზეწოლის შემდეგ, ფროდოს დაუტოვა. მაგრამ მაშინ ჯერ უცნობი იყო ბეჭდის ნამდვილი წარსული. განდალფი ცდილობდა სიმართლის დადგენას. გავიდა წლები და თვეები, სანამ ფროდო, მის მიერ დიდი ხნის წინ მიცემული მითითებით, წავიდა შაირიდან და დაადგა ასეთ რთულ გზას ელრონდის სამფლობელოსკენ.

ბილბო კი გაემგზავრა ველში და მარტოსულ მთასთან. ამის შემდეგ ის დიდი ხნით, პრაქტიკულად, ბეჭდის ომის გადამწყვეტ დღეებამდე დარჩა შუაველში. იქ ის თავის მემუარებს აღწერდა წიგნში, რომელსაც ეწოდა „დასავლეთ მხარის წითელი წიგნი“. მანვე შეადგინა სამი ტომისგან შემდგარი კრებული, სადაც შეიტანა თარგმანები ელფური ენიდან. გარდა ამისა, მან თავად შექმნა არაერთი ცნობილი სიმღერა, მაგალითად „გზა წინ და წინ მიდის“, რომელიც სამოგზაურო ლექსი იყო.

ფროდომ იგრძნო, რომ მოგზაურობისას მიყენებული ჭრილობები აწამებენ და მოსვენებას არ აძლევენ და ამიტომ, ბილბოსთან და სხვებთან ერთად დატოვა შუახმელეთი და უკვდავ მიწებში გაემგზავრა. ამბობენ, რომ სიცოცხლის დარჩენილი წლები ბილბომ და ფროდომ გაატარეს ტოლ-ერესეაზე, უკვდავ მიწაზე.

ეტიმოლოგია და სხვა სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბილბოს გვარი, ბეგინსი, წარმოიშვა სიტყვისგან „bag“ (აბგა). შესაბამისად, Bag End იყო ბეგინსების კარ-მიდამო. სავარაუდოდ, ბილბოს გვარი ასევე მომდინარეობს ინგლისური ზმნისგან bag, რაც ნიშნავს დღის განმავლობაში საუზმეს, სადილსა და ვახშამს შორის კვებაზე. ცნობილია, რომ ჰობიტები დღეში რამდენიმე საუზმეს, სადილსა და ვახშამსაც მიირთმევდნენ.

„ჰობიტის“ 2002 წლის ქართულ გამოცემაში ბილბოს გვარი უცვლელი რჩება. ამ რომანის და „ბეჭდის საძმოს“ 2009 წლის გამოცემებში „ბეგინსი“ ჩანაცვლებულია „აბგელით“ - სიტყვისგან „აბგა“.

ამასთან, ბილბოს რამდენიმე ზედმეტსახელიც შეარქვეს:

  • გამტეხი - განდალფმა ბილბოს კარზე დატოვა ნიშანი, რომელიც აღნიშნავდა, რომ ბილბო ქურდი იყო, რომელიც ეძებდა სამუშაოს.
  • ქურდი - ასე ბილბოს უწოდა გოლუმმა, მას შემდეგ რაც მიხვდა, ვინ წაართვა ბეჭედი. სმაუგმა ბეგინსს ასევე უწოდა ქურდი, რადგან ბილბომ მოიპარა თასი მისი ნადავლიდან.
  • გამოცანების გამომცნობი, ქსელის მჭრელი, გესლიანი ბუზი, ბეჭდის გამარჯვებული, ქუდ-ბედიანი და კასრზე ამხედრებული - ყველა ამ სახელით ბილბო გაეცნო სმაუგს.
  • კასრზე ამხედრებული და მისტერ ბედნიერი რიცხვი - ასე მიმართავდა ბილბოს სმაუგი
  • დასავლეთის კეთილი შვილი - თორინმა ბილბოს ასე უწოდა თავისი სიკვდილის წინ
  • შესანიშნავი ბილბო - მეფე თრანდუილის მიმართვა ბილბოსადმი.
  • ელფების მეგობარი - ასევე მეფე თრანდუილის მიმართვა
  • შეშლილი ბეგინსი - ასე ბილბოს უწოდა რორი ბრენდიბაკმა, მას შემდეგ, რაც ბეგინსი გაუჩინარდა დაბადების დღიდან.
  • ბეჭდის მცველი - 60 წლის განმავლობაში საურონის ბეჭედი ბილბოს ჰქონდა. ამის გამო მას „ბეჭდის მცველი“ უწოდეს, ისევე როგორც შემდგომში ფროდოს.
  • ბილბა ლაბინგი - ეს არის ბილბოს სახელი და გვარი ისე, როგორც ის ჰობიტებში ჟღერდა. ტოლკინთან სახელების უმრავლესობა ადაპტირებულია ინგლისური ენისათვის, შუახმელეთის ორიგინალური დიალექტებიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]