ბერძნული კოლონიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერძნული კოლონიზაციაბერძნების ორგანიზებული კოლონიური ექსპანსია ხმელთაშუა და შავ ზღვებში ძვ. წ. VIII და VI საუკუნეებს შორის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნული კოლონიზაციის მთავარი მიზეზი გვაროვნული წყობილების რღვევა და კლასობრივი საზოგადოების ჩასახვის უარყოფითი შედეგი იყო. თავისუფალი მეთებეების საარსებო საშუალება — მიწა — წარჩინებულთა ხელში გადავიდა, რამაც გლეხობის ეკონომიკური განადგურება განაპირობა. მიწას მოწყვეტილმა გლეხმა თავი ქალაქს შეაფარა. ამ პერიოდის საბერძნეთში დემოგრაფიული მდგომარეობის აღმავლობით აღინიშნება. ჭარბი მოსახლეობის რეგულირების იმედით პოლისის ხელისუფლებამ კოლონიზაციის პროცესის ორგანიზება განიზრახა. პოლისი ნიშნავდა კოლონიზაციის ორგანიზატორს (ოიკესტესს). კოლონიისთვის დამფუძნებელი პოლისი მეტროპოლიად (დედაქალაქი) რჩებოდა. კოლონია მეტროპოლიის გავლენის გაზრდას ემსახურებოდა. ბერძენი კოლონისტები ძირითადად დაუსახლებელ მიწებზე სახლდებოდნენ. კოლონიები მეზობელ ხალხებთან/ტომებთან მშვიდობიან ურთიერთობას ინარჩუნებდნენ და მათთან სავაჭრო ურთიერთობას ამყარებდნენ. მეტროპოლია კოლონიების მეშვეობით იღებდა საჭირო ნედლეულს, მონებს, ასაღებდა საკუთარ ხელოსნობის ნაწარმს. თავდაპირველი კოლონიები აგრარულ ხასიათის წარმონაქმნები იყვნენ, თუმცა თანდათან კოლონიები სამიწათმოქმედო-სავაჭრო კოლონიებად გარდაიქმნენ. კოლონიებში მიწათმოქმედების გარდა, გაჩნდნენ ხელოსნები და ვაჭრები.

ბერძნული კოლონიზაცია სამი მიმართულებით მიმდინარეობდა: დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთით.

კოლონიები შავ ზღვაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავი ზღვის (ევქსინის პონტოს) ნაპირებზე ახალშენების დაარსებას წარმართავდა ცნობილი საზღვაო ქალაქი მილეტი. საკოლონიზაციო მოძრაობის პერიოდში ახალშენების ფართო ქსელით დაიფარა კოლხეთის სამეფოს სანაპიროები. ელინურ ცნობიერებაში კოლხეთმა ადგილი მითოლოგიიდან დაიმკვიდრა. კოლონიზაციის პერიოდის ქალაქებადაა მიჩნეული: ფაზისი, პიტიუნტი, დიოსკურია და სხვა.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებში წარმართულმა საკოლონიზაციო მოძრაობამ არსებითად გარდაქმნა საბერძნეთის ეკონომიკა. ბერძნების ხელში გადავიდა ხმელთაშუა ზღვა და შავი ზღვის სანაპიროები. არქაულ ხანაში აღმოსავლეთის ხალხებში დაგროვილი ცოდნა ბერძნულ აზროვნებაში მეცნიერებად გარდაიქმნა. ელინური კულტურის გავრცელება დანარჩენ ხალხებში კოლონიზაციის უდიდესი დამსახურება იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წერეთელი ა., ძველი საბერძნეთი, ტ. I, თბილისი: „განათლება“, 1966.