ბერლინის ხელშეკრულება (1878)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერლინის ხელშეკრულება

სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა ბერლინის კონგრესის შემდეგ.
ხელი მოეწერა 13 ივლისი 1879
ადგილი ბერლინი, გერმანია
Wikisource logo ბერლინის ხელშეკრულება ვიკიწყაროში

ბერლინის ხელშეკრულებაბერლინის კონგრესის საბოლოო აქტი (13 ივნისი - 13 ივლისი, 1878), რომლითაც დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრო-უნგრეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, რუსეთმა და ოსმალეთის მთავრობამ სულთან ჰამიდის ქვეშ ცვლილებები შეიტანეს იმავე წლის 3 მარტს დადებულ სან სტეფანოს ხელშეკრულებაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთ-ოსმალეთის 1878 წლის 19 თებერვლის (3 მარტის) სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება მიღწეული შეთანხმების შესაბამისად გადაისინჯა 1878 წლის ივნის-ივლისში გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ კონგრესზე. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა შვიდი ქვეყანა: რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთი, ავსტრია-უნგრეთი, გერმანია, იტალია და ოსმალეთი. ბერლინის კონგრესის დასკვნით აქტს — ტრაქტატს (ხელშეკრულებას) ხელი მოეწერა 1878 წლის 13 ივლისს.

ბერლინის ტრაქტატმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლი ბალკანეთის ხალხების მონაპოვარი — გადაისინჯა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების პირობები. ბერლინის ტრაქტატი შეეხო საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას. ტრაქტატის ოცდამეთვრამეტე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ოსმალეთი რუსეთს უთმობდა არტაანს, ყარს და ბათუმს, ასევე მთელ ტერიტორიას, რომელიც მდებარეობდა რუსეთ-ოსმალეთის ძველ საზღვარსა და სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით დადგენილ ახალ საზღვარს შორის. ორმოცდამეტვრამეტე მუხლში დაწვრილებით იყო აღწერილი რუსეთ-ოსმალეთის ახალი საზღვარი. იგი ძირითადად ემთხვეოდა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით დადგენილ სასაზღვრო ხაზს.

ორმოცდამეცხრამეტე მუხლში აღნიშნული იყო, რომ რუსეთი ბათუმის პორტო-ფრანკოდ (თავისუფალ ნავსადგურად) გამოცხადებას დასთანხმდა უმეტესად კომერსიული მოსაზრებებით.

მესამოცე მუხლის ძალით სან-სტეფანოს საზავო ხელსეკრულებით ოსმალეთის მიერ რუსეთისათვის გადაცემული ალაშკერტის ველი და ბაიაზეთი უბრუნდებოდა ოსმალეთს.

ხელშეკრულებით ამ ქვეყნებმა ცნეს რუმინეთის, სერბეთისა და მონტენეგროს სრული დამოუკიდებლობა, ასევე ბულგარეთის ავტონომია, თუმცა ეს უკანასკნელი რჩებოდა ოსმალეთის ფორმალურ ვასალად და იყოფოდა ორ სამთავროდ (ბულგარეთისა და აღმ. რუმელიის), რამაც ხელი შეუშალა "დიდი ბულგარეთის" შექმნის რუსულ გეგმას. ოსმალეთის პროვინცია ბოსნია-ჰერცეგოვინა და ყოფილი ნოვი პაზარის სანჯაკი ავსტრო-უნგრეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა, თუმცა ფორმალურად ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო.

სამმა ახლად შექმნილმა სახელმწიფომ თავი სამეფოდ გამოცხადა (რუმინეთმა 1881, სერბეთმა 1882 და მონტენეგრომ 1910 წლებში), ხოლო ბულგარეთმა სრული დამოუკიდებლობა 1908 წელს გამოაცხადა 1885 წელს აღმ. რუმელიასთან გაერთიანების შემდეგ. ავსტრო-უნგრეთმა 1908 წელს ბოსნიის ანექსია მოახდინა, რამაც მწვავე კრიზის გამოიწვია ევროპის მასშტაბით.

ბერლინის ხელშეკრულებას მომდევნო ათწლეულებში მრავალი პრობლემა მოჰყვა. დასავლეთ ევროპის დიდ სახელმწიფოთა მცდელობას შეენარჩუნებინათ მომაკვდავი ოსმალეთის იმპერია რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა ბალკანეთზე. ქრისტიანთა დიდი ნაწილი ოსმალეთის მუსლიმანთა ადმინისტრაციის ქვეშ იყო დარჩენილი. ბალკანეთის ერების დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფება დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა მრავალი ინციდენტისა თუ ომის მიზეზი.

ბერლინის ხელშეკრულების ერთ-ერთი წარუმატებლობათაგანი იყო საბერძნეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის საზღვრის დაუდგენლობა. 1878 წლისთვის ამგვარი საზღვრის დადგენა თითქმის შეუძლებლად წარმოესახათ. მოლაპარაკებები გაგრძელდა 1881 წლამდე, როდესაც საკმაოდ სუსტი შეთანხმება მიღწეულ იქნა, თუმცა მომდევნო ათწლეულში სამხედრო კონფლიქტი ისევ წამოიჭრა და ეს შეთანხმება დაირღვა.

მონაწილე მხარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგრესის სრულუფლებიანი წარმომადგენლები იყვნენ:[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. გურული, ლ. ჯიქია, „ტაო-კლარჯეთის, ლაზეთისა და აჭარის საკითხები 1812-1953 წლების საერთაშორისო ურთიერთობებში“, თბ., 2013

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Phillips, Walter Alison. Berlin#Berlin, Congress and Treaty of.