ბედრჟიხ ჰროზნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბედრჟიხ ჰროზნი

ბედრჟიხ ჰროზნი (ჩეხ. Bedřich Hrozný, 1918 წლამდე ფრიდრიხ ჰროზნი, გერმ. Friedrich Hrozny; დ. 6 მაისი, 1879, ლისა-ნად-ლაბემი — გ. 12 დეკემბერი, 1952, პრაღა) — ჩეხი აღმოსავლეთმცოდნე, ლინგვისტი, ვენისა (1914) და პრაღის (1918) უნივერსიტეტების პროფესორი, პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1939), ჩსსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1952). გაშიფრა ძველი ხეთური ენა,რომელიც ინდო-ევროპულ ენათა ჯგუფს მიაკუთვნა და საფუძველი ჩაუყარა ხეთოლოგიის განვითარებას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰროზნი ლისა-ნად-ლაბემი-ში (ბოჰემია, ავსტრია-უნგრეთ) დაიბადა. ქალაქ კოლინში მან ებრაული და არაბული ისწავლა. ვენის უნივერსიტეტში სწავლობდა აქადურს, არამეულს, ეთიოპიურს, შუმერულსა და სანსკრიტს. ასევე, სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1905 წელს, პალესტინაში წარმოებული გათხრების შემდეგ, ჰროზნი ვენის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.

1906 წელს, ხათუსაში (თანამედროვე ბოღაზქოი, ანკარიდან 200 კმ-ის დაშორებით) გერმანულმა ექსპედიციამ ხეთ მეფეთა არქივი იპოვა, რომელიც ლურსმული დამწერლობით იყო შესრულებული, მაგრამ მანამდე უცნობ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჰროზნი ავსტრია-უნგრეტის არმიაში აქტიურად მსახურობდა, მან 1917 წელს გამოაქვეყნა ენის აღწერილობა და აჩვენა, რომ ის ინდო-ევროპულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნებოდა.[1]

1925 წელს ჰროზნი ჩეხ არქეოლოგთა ჯგუფს გაუძღვა და თურქეთში,სოფელ ქიულთეფეში ასურელ ვაჭართა კონტრაქტებისა და წერილების შემცველი ლურსმული დამწერლობის 1000 ფირფიტა აღმოაჩინა. ასევე, გათხარა ხეთების ქალაქის, ხათუსას მიმდებარე ტერიტორიები.

1944 წელს, გულის შეტევის გამო, ჰროზნი იძულებული გახდა სამეცნიერო მოღვაწეობისთვის თავი დაენებებინა.[2]

თავდაპირველად იკვლევდა ძველი შუამდინარეთის მითოლოგიას, კულტურასა და ეკონომიკის საკითხებს. 1915 წელს გაშიფრა ბოღაზქოის არქივის ძირითადი ნაწილის ტექსტთა ენა (ე. ი. ხეთური, იგივე, ნესური, ნესიტური) და დაამტკიცა მისი ინდოევროპული ხასიათი, რითაც საფუძველი ჩაუყარა ხეთოლოგიას (ძირითადი ნაშრომი - „ხეთების ენა“ - გამოქვეყნდა ლაიფციგში გერმანულ ენაზე). 1925 წელს ქიულთეფეში (თურქეთი), არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინა „კაპადოკიური ფირფიტების“ ლურსმული დამწერლობით შესრულებული არქივი. 1922 წელს პირველმა გამოსცა ხეთური კანონები. გარკვეული წვლილი შეიტანა ე. წ. ხეთური, იგივე ლუვიური, იეროგლიფების გაშიფრვაში. ეკუთვნის განმაზოგადოებელი ნაშრომი ძველი წინა აზიის ისტორიაში (1940). იმოგზაურა სსრკ-ის 5 რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოშიც (1936).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 692.
  • Dunaevskaia, I. M., and D. G. Reder. “B. Groznyi.” Vestnik drev-nei istorii, 1953, no. 3.
  • Matous, L. B. Horozny: Leben und Forschungswerk eines tschechischen Orientalisten, übers aus dem Tschechischen. [Prague] 1949.
  • Cihař, V. “Bibliographie des travaux de B. Hrozny.” Archiv orien-tálni, 1949, vol. 17.
  • Rona, J. P. La obra de F. Hrozny en el dominio indoeuropeo. Montevideo [1957].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Luraghi, Silvia (1997). Hittite. Munich: Lincom Europa. p. 1. ISBN 3-89586-076-X.
  2. Falvey, Christian (2009-05-13). "Bedřich Hrozný – Re-Discoverer of the Hittite Language". Radio Praha. წაკითვის თარიღი:09.01.2017.