ბაბელდაობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაბელდაობი
მშობ. სახელი: ინგლ. Babeldaob

პალაუს რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: 7°31′49″ ჩ. გ. 134°33′53″ ა. გ. / 7.53028° ჩ. გ. 134.56472° ა. გ. / 7.53028; 134.56472
ფართობი 374,1 კმ²
უმაღლესი წერტილი 242 მ
მთა ნგერჩელჩუუსი
პალაუს დროშა პალაუ
დემოგრაფია
მოსახლეობა 6000
სიმჭიდროვე 16,038 ად. /კმ²

ბაბელდაობი (ბაბელტუაპი) (ინგლ. Babeldaob) — კუნძული მიკრონეზიაში, ყველაზე დიდი კუნძული პალაუს რესპუბლიკაში, გუამის შემდეგ სიდიდით მეორეა მიკრონეზიაში. კუნძულზე მდებარეობს 16-დან 10 შტატი. ფართობი — 374,1 კმ²[1], რაც შეადგენს ქვეყნის ტერიტორიის 70 %-ს. უმაღლესი წერტილი — მთა ნგერჩელჩუუსი, სიმაღლით — 242 მეტრი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაბელდაობის კუნძული მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში 885 კმ-ში ფილიპინების კუნძულ მინდანაოდან[2]. ყველაზე დიდი კუნძულია კაროლინის კუნძულებში (მდებარეობს არქიპელაგის დასავლეთ ნაწილში) და პალაუს კუნძულებში (მდებარეობს ჯგუფის ჩრდილოეთ ნაწილში). ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კუნძული გაჭიმულია 43 კმ-ზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 13 კმ-ზე, ხმელეთის საერთო ფართობით 374,1 კმ²[1][2]. უახლოესი ყველაზე დიდი კუნძულია კორორი, რომელთანაც ბაბელდაობი 1978 წლიდან შეერთებულია ხიდით[3].

კუნძული ჩამოყალიბდა დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ ვულკანური აქტივობის შედეგად[4]. გეოლოგიური თვალსაზრისით კუნძულს აქვს შერეული ვულკანური და მარჯნული წარმოშობა[2]. კუნძულის ზედაპირი მთაგორიანია. კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილია მთა ნგერჩელჩუუსი, სიმაღლით 242 მეტრი. კუნძულის ფერდოები ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 100 წელს იყო ტერასირებული მინდვრებით და პირამიდებით[5]. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ღია რაიონი — ბადრულჩაუ, დიდი ბაზალტური მონოლითების რიგებით. კუნძულის სანაპირო ზოლი საკმაოდ დაგრეხილია (მისი სიგრძე 143,7 კმ-ია[6]), არსებობს მრავალრიცხოვანი მცირე უბეები და ყურეები.

კუნძულის ჰიდროგრაფიული ბადე საკმაოდ განვითარებულია. არსებობს 5 დიდი მდინარე: ნგერემედუუ (აუზის ფართობი 50 კმ²-ზე მეტი), ნგერდორჰი (პალაუს ყველაზე გრძელი მდინარე, სიგრძე აღემატება 120 კმ-ს), ნგერიკიილი, დიონგრადიდი და ნგერბეკუუ. კუნძულის ყველა მდინარის წყლის საერთო ხარჯი შეადგენს დაახლოებით 26,3 მ³/წმ[4]. კუნძულზე ასევე მდებარეობს ორი მტკნარი ტბა: ნგარდოკი (მელეკეოკის შტატში; სარკის ფართობი დაახლოებით 5 ჰა, წყლის მოცულობა — დაახლოებით 54 000 მ³) და ნგერკალ პონდი (ნგარაარდის შტატში; სარკის ფართობი დაახლოებით 0,4 ჰა, წყლის მოცულობა — დაახლოებით 1800 მ³).

კუნძულის ნიადაგს აქვს ვულკანური და კირქვული წარმოშობა და ძირითადად მაღალნაყოფიერია. მაგრამ ნიადაგის დიდი ნაწილი მდებარეობს ბორცვების ფერდოებზე და მიწადმოქმედებისთვის გამოუყენებელია. ამას გარდა ტყის გაჩეხვის გამო ნიადაგს საფრთხეს უქმნის ეროზია[4].

კუნძულის ფლორა და ფაუნა განსაკუთრებით მრავალფეროვანია. გამოკვლევების თანახმად[4] ტყეს უკავია ფართობი დაახლოებით 170 კმ²: მათგან მანგროს ტყეებს — დაახლოებით 25 კმ², ჭაობიან ტყეებს — დაახლოებით 9 კმ². სულ ტყეებში აღირიცხება მცენარეულობის 820 სახეობა, რომელთაგან 580 ითვლება ადგილობრივად, ხოლო 201 სახეობა — ენდემურია. კუნძულის ფაუნა ითვლის ფრინველთა 50 სახეობას, მტკნარი წყლის თევზის 40 სახეობას, ხვლიკების 20 სახეობას, გველების 5 სახეობას, მწერების 5000 სახეობაზე მეტს. კუნძულზე ასევე გვხვდება ნიანგის სახეობა — ლათ. Crocodylus porosus.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური გამოკვლევების თანახმად ბაბელდაობის კუნძული ადამიანებით დასახლდა დაახლოებით 3000 წლის წინ (გამოკვლეულია რადიონახშირბადული მეთოდით კულტურული აქტივობის კვალზე ნგივალის, ნგატპანგის და ნგერდუბეჰის დასახლებების ახლოს[4]). 2006 წლის 7 ოქტომბერს შტატ მელეკეოკის დასახლება ნგერულმუდში გადატანილი იქნა პალაუს დედაქალაქი.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ტერიტორიაზე მდებარეობს პალაუს 16-დან 10 შტატი: აიმელიიკი, აირაი, მელეკეოკი, ნგარაარდი, ნგარჰელონგი, ნგარდმაუ, ნგატპანგი, ნგჰესარი, ნგარემლენგი, ნგივალი. შტატებიდან თავის მხრივ თითოეული იყოფა სოფლებად. სულ კუნძულზე 50 სოფელია, რომელთაგან მხოლოდ 47-ს ჰყავს მუდმივი მოსახლეობა[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Islands of Palau. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-21. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  2. 2.0 2.1 2.2 Babeldaob. Encyclopedia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-21. ციტირების თარიღი: 2010 წლის 6 ივნისი.
  3. Koror-Babeldaob Bridge. Nicolas Janberg ICS. ციტირების თარიღი: 2010 წლის 6 ივნისი.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 FACT SHEET:Babeldaob. www.palau-pcs.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-13. ციტირების თარიღი: 2010 წლის 6 ივნისი.
  5. Richard J. Parmentier, {{{სათაური}}}, The University of Chicago Press, 1987. — P. 30, 341 p, ISBN 0-226-64695-5.
  6. Babeldaob (Babelthuap). United Nations Environment Programme. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-21. ციტირების თარიღი: 2010 წლის 6 ივნისი.