არდის ქრონოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქ მოცემულია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ლეგენდარიუმთან დაკავშირებულ მოვლენათა ქრონოლოგია.

მეორე ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ეპოქა იყო ბნელი ხანა შუახმელეთელი ადამიანებისთვის, მაგრამ დიდების ხანა — ნუმენორელთათვის. შუახმელეთის ამდროინდელი მოვლენების თარიღები არც ისე ბევრი და ხშირად გაურკვეველია.

ამ ეპოქის დასაწყისში მრავალი უზენაესი მოდგმის ელფი კვლავაც შუახმელეთში რჩებოდა. უმეტესობა ერედ ლუინის დასავლეთით, ლინდონში ცხოვრობდა, ხოლო სინდარები ბარად-დურის აშენებამდე აღმოსავლეთის ტყეებში დასახლდნენ. დიდი მწვანე ტყის მეფე თრანდუილი ერთ-ერთი ასეთთაგანი იყო ლინდონში, ლუნის მთების ჩრდილოეთით, სახლობდა გილ-გალადი, დევნილობაში მყოფი ნოლდორთა ხელმწიფეების უკანასკნელი მემკვიდრე. ის დასავლეთის ელფების დიდ მეფედ იწოდებოდა. ლინდონში, ლუნის მთების სამხრეთით, დროებით ცხოვრობდა კელებორნი, ნათესავი თინგოლისა; მისი ცოლი იყო გალადრიელი, წარჩინებული ელფი ქალბატონი. ის იყო და ფინროდ ფელაგუნდისა, ადამიანთა მეგობრისა, ნარგოთრონდის ყოფილი მეფის, რომელმაც სიცოცხლე ბერენ ბარაჰირის ძის გადასარჩენად გაიღო.

შემდეგ ნოლდორთა ნაწილი ნისლიანი მთების დასავლეთით, ერეგიონში, მორიის დასავლეთ კარიბჭესთან დასახლდა. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ მორიაში მითრილის საბადოების აღმოჩენის შესახებ შეიტყვეს. ნოლდორები დიდი ოსტატები და ჯუჯების მიმართ ნაკლებად მტრულად განწყობილნი იყვნენ, განსხვავებით სინდარებისგან. დურინის ხალხსა და ელფ მჭედლებს შორის დამყარებული მეგობრობა ამ ორი მოდგმისთვის სამაგალითო იყო. ოსტატთა შორის ყველაზე დიდი და ერეგიონის მმართველი იყო კელებრიმბორი, ფეანორის შთამომავალი.

მესამე ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე ეპოქა იყო ელდართა დასუსტების ხანა. სამ ბეჭედს ფლობდნენ და დიდხანს მშვიდობაში ცხოვრობდნენ, სანამ საურონს ეძინა და მმართველი ბეჭედი დაკარგული იყო, მაგრამ ახალს არაფერს ქმნიდნენ და მხოლოდ წარსულის მოგონებებით ცხოვრობდნენ. ჯუჯები ღრმა მიწისქვეშეთში ჩაიკეტნენ და თავიანთი საგანძურის დაცვის გარდა, არაფერი ახსოვდათ. როდესაც ბოროტება ისევ გამოცოცხლდა და დრაკონები ხელახლა გამოჩნდნენ, მათი უძველესი საგანძურები ერთიმეორის მიყოლებით გაძარცვეს და ჯუჯები მოხეტიალე ხალხად იქცნენ. მორია დიდი ხნის განმავლობაში დაცული იყო, მაგრამ მცხოვრებთა რიცხვმა იკლო და მრავალი დარბაზი დაცარიელდა და ბნელმა მოიცვა. ნუმენორელების სისხლი მდაბიო ადამიანთა მოდგმის სისხლში აირია და მათი სიბრძნე და სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა.

ათასი წლის შემდეგ, დიდ მწვანე ტყეს პირველად გადაეფინა ჩრდილი. შუახმელეთში ისტარები შემოვიდნენ. ისინი შორეული დასავლეთიდან საურონისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ყველა თავისუფალი ერის წარმომადგენელთა გასაერთიანებლად გამოგზავნეს. ჯადოსნებს საურონთან მისივე ძალის გამოყენებით დაპირისპირება და ელფებისა თუ ადამიანების შიშით ან ძალით დამორჩილება ეკრძალებოდათ.

ჯადოსნები ადამიანის სხეულებით მოვიდნენ, ოღონდ ყოველთვის გამოიყურებოდნენ, როგორც მოხუცები და ასაკი დროთა განმავლობაში ემატებოდათ; განსაკუთრებული გონებრივი თუ ფიზიკური უნარები ჰქონდათ. ნამდვილი სახელები ბევრისთვის არ გაუმხელიათ, მხოლოდ იმას იყენებდნენ, რასაც სხვები არქმევდნენ. ორდენის ორ უმაღლეს წევრს ელდარები კურუნირს, „გონიერ კაცს“ და მითრანდირს, „რუხ მწირს" უწოდებდნენ, ხოლო ადამიანები - სარუმანს და განდალფს. კურუნირი თავიდან აღმოსავლეთში მოგზაურობდა, მაგრამ ბოლოს იზენგარდში დასახლდა. მითრანდირი ელდარებთან მეგობრობდა და უმეტესად დასავლეთში მოგზაურობდა, მუდმივი სამყოფელი არსად ჰქონდა.

მთელი მესამე ეპოქის განმავლობაში სამი ბეჭდის მცველების ვინაობა არავინ იცოდა, გარდამათი მფლობელებისა. ბოლოს გაირკვა, რომ ბეჭდებს თავიდან ელდართა შორის სამი უდიადესი, გილ-გალადი, გალადრიელი და კირდანი იცავდნენ. გილ-გალადმა სიკვდილის წინ ელრონდს გადასცა თავისი ბეჭედი, ხოლო კირდანმა მითრანდირს დაუთმო. შუახმელეთში კირდანი ყველაზე შორსმჭვრეტელი და გონიერი იყო. მითრანდირს რუხ ნავსაყუდლებში შეხვდა, რადგან იცოდა, საიდან მოდიოდა და სად დაბრუნდებოდა.

ბნელი კოშკის დაცემისა და საურონის გარდაცვალების შემდეგ მის მეტოქეთა გულებს წყვდიადის აჩრდილი აეხსნა, ხოლო მისი მსახურები და მოკავშირეები შიშმა და სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. ლორიენს დოლ გულდურიდან სამჯერ დაესხნენ, მაგრამ გარდა იმ მხარის ელფების სიმამაცისა, მტრისთვის იქ დაბუდებული უძველესი ძალაც მეტისმეტად დიდი აღმოჩნდა დასაძლევად. ამასთან, საზღვრებზე ტყე გააჩანაგეს. როდესაც წყვდიადი გაიფანტა, კელებორნმა ლაშქარი ნავებით გადაიყვანა ანდუინის გადაღმა ნაპირზე. დოლ გულდური აიღეს და გალადრიელმა მისი გალავანი დაანგრია. მან ღრმა დილეგებსა და ხაროებმი მიმწყვდეული ტყვეები გაათავისუფლა და ტყე საბოლოოდ გაიწმინდა.

ბრძოლები ჩრდილოეთშიც გაიმართა. თრანდუილის სამეფოს მტერი შეესია და ხეებს ცეცხლი წაუკიდა. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ თრანდუილმა გამარჯვება მოიპოვა. ელფურ ახალ წელს კელებორნი და თრანდუილი შუაგულ ტყეში შეხვდნენ; ბნელტევრს სახელი გადაარქვეს და ერინ ლასგალენი ანუ „მწვანე ფოთლების ტყე“ უწოდეს. თრანდუილმა ტყის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი მთებამდე, თავის სამეფოს შეუერთა; ხოლო კელებორნმა სამხრეთი ნაწილი მიიღო და მას აღმოსავლეთ ლორიენი უწოდა. შუა ტყე ბეორნის ძეებსა და მეტყევეებს გადაეცათ, მაგრამ გალადრიელის წასვლის შემდეგ კელებორნს თავის სამეფოში ყოფნა მობეზრდა და იმლადრისში წავიდა, ელრონდის ვაჟებთან საცხოვრებლად. მწვანე ფოთლების ტყეში ელფები ბედნიერად ცხოვრობდნენ. ხოლო ლორიენი თითქმის დაცარიელდა.

იმ დროს, როდესაც ბოროტი ძალების ლაშქარი მინას ტირითს უტევდა, საურონის მოკავშირეები მდინარე კარნენზე გადავიდნენ და მეფე ბრანდის სამფლობელოს თავს დაესხნენ. ბრანდს ერებორელი ჯუჯები დაეხმარნენ. მთის ძირას დიდი ბრძოლა გაიმართა, რომელიც სამ დღეს გაგრძელდა. ბოლოს, მეფე ბრანდი და მეფე დაინ II რკინისტერფი დაიღუპნენ და აღმოსავლელებმა გაიმარჯვეს. თუმცა მთის კარიბჭე ვერ აიღეს და მრავალმა ჯუჯამ თუ ადამიანმა ერებორს შეაფარა თავი.

როდესაც სამხრეთიდან დიდი გამარჯვების ცნობამ მოაღწია, საურონის ჩრდილოურმა არმიამ უკან დაიხია. მთას შეფარებულებმა ალყა გაარღვიეს და მტერი გაანადგურეს. გადარჩენილები აღმოსავლეთში გაიქცნენ. ველის მეფედ ბარდ II, ძე ბრანდისა აკურთხეს, ხოლო მთისქვეშეთის მეფედ — თორინ III რკინის ჩაჩქანი, ძე დაინისა. მათ მეფე ელესარის ტახტზე ასვლისას გონდორში ელჩები გაგზავნეს. მას შემდეგ, მათი სამეფოები გონდორის მოკავშირეებად ითვლებოდა და დასავლეთის დიდი მეფის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]