ანა (სამეფო პრინცესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა
სრული სახელი
ანა ელისაბედ ალისა ლუიზა მონბატენ-უინძორი
წოდებები
დაიბადა 15 აგვისტო, 1950 (1950-08-15) (73 წლის)
კლარენსის სახლი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
საგვარეულო უინძორები
მეუღლე(ები) მარკ ფილიპსი
(ქ. 1973 - განქ. 1992)
ტიმოთი ლაურენსი
(ქ. 1992)
შვილ(ებ)ი პიტერ ფილიპსი
ზარა ფილიპსი
მამა ფილიპე, ედინბურგის ჰერცოგი
დედა ელისაბედ II, დიდი ბრიტანეთის დედოფალი
რელიგია ანგლიკანიზმი

ანა, სამეფო პრინცესა (ინგლ. Anne, Princess Royal), დაბადების სახელია ანა ელისაბედ ალისა ლუიზა მონბატენ-უინძორი (ინგლ. Anne Elisabeth Alice Louise Mountbatten-Windsor), აგრეთვე ცნობილია, როგორც პრინცესა ანა ედინბურგელი (ინგლ. Princess Anne of Edinbourgh; დ. 15 აგვისტო, 1950, კლარენსის სახლი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — უინძორების დინასტიის წარმომადგენელი. გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ისა და ედინბურგის ჰერცოგ ფილიპეს მეორე შვილი და ერთადერთი ქალიშვილი. სამეფო პრინცესა 1987 წლიდან და დიდი ბრიტანეთის ტახტის რიგით მე-14 მემკვიდრე.

დაიბადა კლარენსის სახლში, განათლება მიიღო ბენენდენის სკოლაში, სრულწლოვანად გახდომისთანავე კი დაიწყო თავისი სამეფო მოვალეობების შესრულება. იგი ასევე პროფესიონალი ცხენოსანია, რომელმაც 1971 წელს ერთი ოქროს, ხოლო 1975 წელს ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა ბრიტანეთის სახელით ევროპის ჩემპიონატზე. 1976 წელს გახდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ოლიმპიურ თამაშებში.

სამეფო პრინცესა დედოფლის სახელით ასრულებს არაერთ ოფიციალურ მოვალეობასა და ვალდებულებას. იგი მფარველობს 300-ზე მეტ ორგანიზაციას. მისი საქველმოქმედო საქმიანობა ვრცელდება სპორტისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების პირებსა და დაავადებულ ადამიანებს განვითარებულ ქვეყნებში. იგი ორმოცდაათი წლის განმავლობაში მართავდა ორგანიზაციას Save the Children. ამ პერიოდში მან არაერთი პროექტი განახორციელა, რის გამოც 1990 წელს პრინცესა ანა ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული.

1973 წელს ანა დაქორწინდა კაპიტან მარკ ფილიპსზე, რომელსაც 1992 წელს გაეყარა. წყვილს ორი საერთო შვილი და ოთხი შვილიშვილი დარჩა. განქორწინებიდან რამდენიმე თვეში ანა დაქორწინდა სარდალ (ახლა უკვე ვიცე-ადმირალზე) სერ ტიმოთი ლაურენსზე, რომელსაც იგი ჯერ კიდევ მაშინ შეხვდა, როდესაც დედოფლის არმიაში მსახურობდა ჯარისკაცად. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ანა 1967 წლის ოქტომბერში თავის მშობლებსა და უფროს ძმასთან ერთად

ანა დაიბადა 1950 წლის 15 აგვისტოს კლარენსის სახლში, ლონდონში, რა დროსაც ჯერ კიდევ ბაბუამისი, ჯორჯ VI მეფობდა. იგი იყო დიდი ბრიტანეთის პრინცესა ელისაბედისა და მისი ქმრის, ედინბურგის ჰერცოგ ფილიპეს მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. იმავე წლის 21 ოქტომბერს იორკის არქიეპისკოპოსმა ანა ბაკინგემის სასახლის მუსიკალურ ოთახში მონათლა. დაბადებისას იგი ტახტის რიგით მესამე მემკვიდრე იყო დედისა და უფროსი ძმის, ჩარლზის შემდეგ. დედის ტახტზე ასვლის შემდეგ იგი რიგით მეორე მემკვიდრე გახდა, თუმცა დღეისათვის რიგით მე-14 მემკვიდრეა.

მის აღმზრდელად კათრინ პიბლსი დაინიშნა, რომელიც პასუხს აგებდა მის ადრეულ განათლებაზე. 1952 წლის თებერვალში ჯორჯ VI გარდაიცვალა და დიდი ბრიტანეთის დედოფალი ანას დედა, ელისაბედ II გახდა. მისი ასაკის გათვალისწინებით, 1953 წელს იგი დედის კორონაციას არ დასწრებია.

1959 წლის მაისში მისმა დედამ, დედოფალმა ელისაბედმა, და დეიდამ, პრინცესა მარგარეტმა, გოგონა გიდების კომპანია ჩამოაყალიბეს, რათა ანასათვის საშუალება მიეცათ, რომ სხვა გოგონებთანაც ჰქონოდა ურთიერთობა. კომპანია 1963 წლამდე არსებობდა, სანამ პრინცესა ანა სკოლა-ინტერნატში წავიდოდა. 1968 წელს მან სკოლა დაამთავრა, თუმცა უმაღლესი განათლება აღარ მიუღია, 1969 წელს კი ოფიციალურად დაიწყო თავისი სამეფო მოვალეობების შესრულება.

1970 წელს მას ხანმოკლე რომანი ჰქონდა ენდრიუ პარკერ ბოულზთან, რომელიც შემდეგში კამილა შანდზე დაქორწინდა. საბოლოოდ კამილა და ენდრიუ დაშორდნენ, კამილა კი ანას ძმაზე, პრინც ჩარლზზე დაქორწინდა.

ცხენოსნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ანა ჯირითისას ნიდერლანდებში

დედის მსგავსად ანა ბავშვობიდანვე ინტერესდებოდა ცხენოსნობით. 1971 წლის გაზაფხულზე რაშოლის ცხენების დოღზე მან მეოთხე ადგილი დაიკავა. 21 წლის ასაკში მან მოახერხა ევროპის ცხენოსნობის ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავება, რის გამოც 1971 წელს BBC-მ იგი წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. მან ასევე გაიმარჯვა არაერთ დოღზე, რომლებიც ძირითადად სნოუდონის პარკსა და დაიმონდ-სტეიკსში იმართებოდა.

1972 წელს თამაშისას ანამ ორმაგი ტრავმა მიიღო, რის გამოც დროებით სპორტულ ცხოვრებას თავი დაანება, თუმცა რამდენიმე წელიწადში კვლავ დაუბრუნდა. 1975 წელს გამართულ ევროპის ცხენოსნობის ჩემპიონატზე იგი ახერხებს ვერცხლის ორი მედლის მოგებას. 1976 წელს მონრეალში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე გაგზავნილ ბრიტანელ ათლეტთა შორის კი ანაც მოხვდა. ეს იყო დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა სამეფო პირი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. 1979 წელს ცხენოსნობის ჩემპიონატზე იგი მეექვსე ადგილს იკავებს. 1985 წელს გამართულ საქველმოქმედო დოღში კი იგი მეოთხე ადგილზე გავიდა.

ქორწინებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ანა 1984 წელს ნიდერლანდებში ვიზიტისას სტუმრობს ბრიტანულ სკოლას

ქორწინება მარკ ფილიპსზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს წვეულებაზე ანამ გაიცნო დედოფლის ერთ-ერთი გვარდიელი, მარკ ფილიპსი. მათი ურთიერთობის შესახებ ძალიან მცირე ცნობები არსებობს. 1973 წლის 29 მაისს ოფიციალურად გამოცხადდა მათი ნიშნების შესახებ. 1973 წლის 14 ნოემბერს წყვილი უესტმინსტერის სააბატოში დაქორწინდა. ჯვრისწერის ცერემონიალი პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა, რის გამოც მათ ქორწილს 100 მილიონამდე ადამიანმა უყურა. მათი რეზიდენცია გეტკომბის პარკში მდებარე მდიდრული სახლი გახდა. წესის მიხედვით, მარკს, როგორც უტიტულო მამაკაცს, რომელმაც ცოლად პრინცესა შეირთო, ერლის წოდება შესთავაზეს, თუმცა მან თავად თქვა უარი. შესაბამისად, მათი შვილები ყოველგვარი ტიტულების გარეშე დაიბადნენ. ანასა და მარკს სულ ორი შვილი შეეძინათ: პიტერი და ზარა, დღეისათვის კი უკვე ოთხი შვილიშვილი ჰყავთ. 1989 წლის 31 აგვისტოს გამოაცხადეს, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ამის შემდეგ ორივე მათგანი ცალ-ცალკე ცხოვრობდა და პარტნიორებიც გაიჩინეს. ბავშვებზე მეურვეობა ორივემ გაიყო, მაგრამ ისინი აცხადებდნენ, რომ განქორწინება არ იგეგმებოდა. ამის მიუხედავად, 1992 წლის 13 აპრილს ანა და მარკი განქორწინდნენ.

ქორწინება ტიმოთი ლაურენსზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ანა და მისი მეორე ქმარი, ტიმოთი ლაურენსი 2014 წელს

პრინცესა ანა სამეფო ფლოტის მეთაურ ტიმოთი ლაურენსს პირველად სამეფო იახტა ბრიტანიით მოგზაურობისას შეხვდა. მათი ურთიერთობა 1989 წლის დასაწყისში დაიწყო, ტიმოთის დედოფლის სამეფო მხედრად დანიშვნიდან სამი წლის შემდეგ. 1989 წლის გაზაფხულზე გაზეთმა The Sun გამოაქვეყნა ანასა და ტიმოთის პირადი წერილები, რითაც მათ შორის არსებული ურთიერთობა პირველად გასაჯაროვდა. მას შემდეგ, რაც ანა განქორწინდა, 1992 წლის 12 დეკემბერს ბალმორალის სასახლეში, შოტლანდიაში ის და ტიმოთი დაქორწინდნენ. ქორწილი ამჯერად ძალიან ვიწრო წრეში გაიმართა და მას მხოლოდ 30 ადამიანი ესწრებოდა. ვინაიდან ინგლისის ეკლესიის წესებით განქორწინებულ ადამიანს, რომლის პირველი მეუღლე კვლავ ცოცხალია არ შეუძლია მეორედ იქორწინოს, ანა იძულებული გახდა შოტლანდიაში დაქორწინებულიყო, ვინაიდან იქაური ეკლესია მეტად ტოლერანტულია განქორწინების მიმართ. პრინცესა ანა იყო სამეფო ოჯახის პირველი წევრი დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილ ვიქტორია მელიტას შემდეგ, რომელიც განქორწინების შემდეგ მეორედ დაქორწინდა.

ქორწილში ანას თეთრი პიჯაკი და მუხლებამდე სიგრძის იმავე ფერის ქვედაბოლო ეცვა, თმაში კი ყვავილები ეკეთა. მისი ნიშნობის ბეჭედი დამზადებულია საფირონის თვლისაგან, რომელსაც გვერდით სამი პატარა ბრილიანტი უზის. ანას პირველი ქმრის მსგავსად, ლაურენსმაც უარი თქვა წოდებაზე, ამიტომ ქორწინების შემდეგ წყვილი ლონდონში, ნაქირავებ ბინაში გადავიდა დელფინის მოედანზე. დღეისათვის მათი რეზიდენციები გეტკომბის პარკსა და სენტ-ჯეიმზის სასახლეში მდებარეობს.

გატაცების მცდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ანა სამხედრო ფორმაში

1974 წლის 20 მარტს პრინცესა ანა და მისი მეუღლე, მარკ ფილიპსი საქველმოქმედო საღამოდან ბრუნდებოდნენ ბაკინგემის სასახლეში, თუმცა მოულოდნელად მათი მანქანის წინ სხვა მანქანამ გადაუჭრა გზა და მძღოლი იძულებული გახდა გაჩერებულიყო. ზემოთ ხსენებული მანქანის მძღოლი, იან ბოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და პისტოლეტის სროლა დაიწყო. ინსპექტორმა ჯეიმზ ბიტონმა, ანას პირადი დაცვის უფროსმა, მანქანის გადაყენება სცადა, რათა პრინცესა მოფარებულ ადგილას ყოფილიყო და ბოლისათვის საპასუხო შეტევაზე გადასულიყო. ამასობაში თავდამსხმელმა ანას მძღოლს, ალექს კალენდერს ცეცხლსასროლი იარაღიდან მძიმე ჭრილობა მიაყენა. ახლომახლოს მდებარე ტაბლოიდისტი ჟურნალისტი ბრაიან მაკკონელი, რომელიც მათ დახმარებას შეეცადა, იან ბოლმა ასევე დაჭრა გულმკერდის არეში. ამის შემდეგ თავდამსხმელი ანას მანქანას მიუახლოვდა და პირდაპირ განუცხადა, რომ გამოსასყიდის სანაცვლოდ მის მოტაცებას აპირებდა. გავრცელებული ინფორმაციით იგი 2 ან 3 მილიონი ფუნტი სტერლინგის მოთხოვნას გეგმავდა. ამის შემდეგ მან პრინცესას მანქანიდან გადასვლა მოსთხოვა. ანა იძულებული გახდა მის მოთხოვნას დამორჩილებოდა.

საბოლოოდ ანა მანქანიდან გადავიდა და მას თან გადაჰყვა მისი სეფექალი როუენა ბრესიც. ამ ინცინდენტს შეესწრო გამვლელი და წარსულში წარმატებული მოკრივე რონ რასელი, რომელიც უკნიდან ჩუმად მიეპარა იან ბოლს და იგი თავში ერთი ჩარტყმით გათიშა, რის შემდეგაც პრინცესა სასწრაფოდ გაიყვანა ადგილიდან. თავდამსხმელი მალევე დააპატიმრეს.

ბიტონი, კელენდერი, ჰილსი და მაკკონელი საავადმყოფოში მოათავსეს მძიმე ჭრილობებით, თუმცა ყველა მათგანმა მოახერხა გამოჯანმრთელება, ამიტომაც თავდასხმამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა. პრინცესა ანას დაცვისათვის დედოფალმა ელისაბედმა ბიტონს ჯილდოც გადასცა. მედალი გადაეცა რონ რასელსაც, თუმცა იგი შემდეგში იძულებული გახდა, რომ დედოფლის ნაბოძები მედალი გაეყიდა იპოთეკური სესხის დასაფარად. ცნობილია, რომ ანა ბიტონს საავადმყოფოშიც ეწვია და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 1984 წელს ანამ ინტერვიუში განაცხადა, რომ გატაცების მცდელობისას იან ბოლი საკმაოდ თავაზიანი იყო მისდამი.

ბოლმა აღიარა დანაშაული გატაცებისა და მკვლელობის მცდელობაში და სასჯელიც მოიხადა. 2019 წელს იგი კვლავ დააკავეს ფსიქიკური დარღვევების საფუძველზე ჩადენილი დანაშაულისთვის, მაგრამ ამჯერად იგი ბრედმურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტიტულები, წოდება, ჯილდოები და ჰერალდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულები და წოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 15 აგვისტო, 1950 - 6 თებერვალი, 1952: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა ანა ედინბურგელი;
  • 6 თებერვალი, 1952 - 14 ნოემბერი, 1973: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა ანა;
  • 14 ნოემბერი, 1973 - 13 ივნისი, 1987: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა ანა, მისის მარკ ფილიპსი;
  • 13 ივნისი, 1987 - დღემდე: მისი სამეფო უდიდებულესობა სამეფო პრინცესა;

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშობლიური ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1969: დედოფალ ელისაბედ II-ის სამეფო ოჯახის ორდენი;
  • 2009: წმინდა იოანე იერუსალიმელის ჰოსპიტალის ორდენი;
  • 1974: ვიქტორიანული სამეფო ორდენი;
  • 1994: გარტელის სამეფო ორდენი;
  • 2000: თისტლის ყველაზე წარჩინებული და უძველესი ორდენი;
  • 1953: დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციის მედალი;
  • 1977: დედოფალ ელისაბედ II-ის ვერცხლის იუბილის მედალი;
  • 2002: დედოფალ ელისაბედ II-ის ოქროს იუბილის მედალი;
  • 2012: დედოფალ ელისაბედ II-ის ალმასის იუბილის მედალი;

უცხოური ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავსტრია (1969): საპატიო ღირსების ორდენი ავსტრიის რესპუბლიკისათვის გაწეული სამსახურისათვის;
  • ფინეთი (1969): ფინეთის თეთრი ვარდის ორდენი;
  • იაპონია (1971): ძვირფასი გვირგვინის ორდენი;
  • ირანი (1971): სპარსეთის იმპერიის დაარსებიდან 2,500 წლისთავის აღსანიშნავი მედალი;
  • ნიდერლანდები (1972): ორანის სახლის ორდენი;
  • ლუქსემბურგი (1972): მუხის გვირგვინის ორდენი;
  • იუგოსლავია (1972-1992): იუგოსლავიის დროშის პირველი კლასის ორდენი;
  • ესპანეთი (2017): ისაბელ კათოლიკეს ორდენი;
  • მადაგასკარი (2017): მადაგასკარის მეორე კლასის ეროვნული ორდენი;

გერბი, დროშა და მონოგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი დაიბადა იქორწინა შვილები
პიტერ ფილიპსი 15 ნოემბერი, 1977 17 მაისი, 2008 ოტამნ კელი სევანა ფილიპსი

ისლა ფილიპსი

ზარა ფილიპსი 15 მაისი, 1981 30 ივლისი, 2011 მაიკ ტინდალი მია ტინდალი

ლენა ტინდალი

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Searcey, Ian (22 July 2012). "Olympic archive: equestrian Princess Anne (1972)". Channel 4. Archived from the original on 15 March 2018. Retrieved 14 March 2018.
  • Corrigan, Peter (14 December 2003). "Bravo for Jonny but Beeb need new act". The Independent. Retrieved 24 February 2009.
  • "Inside Princess Anne's Lifelong Love Affair with Horses". The Telegraph. Retrieved 9 January 2021.
  • "This day in sport: Princess Anne". The Times. 5 November 2006. Archived from the original on 15 March 2018. Retrieved 14 March 2018.
  • "The Princess Royal and the Olympics". The Royal Family. Archived from the original on 15 March 2018. Retrieved 14 March 2018.
  • Jean-Philippe, McKenzie. "10 Fascinating Facts About Princess Anne, Queen Elizabeth II's Daughter". Oprah Magazine. Retrieved 25 November 2020.
  • "On This Day > 20 March > 1974: Kidnap attempt on Princess Anne". BBC. 20 March 1974. Archived from the original on 17 December 2008. Retrieved 22 October 2008.