ამაზონის დაბლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამაზონის აუზი
ამაზონი

ამაზონის დაბლობი, ამაზონია (პორტ. bacia do rio Amazonas, ესპ. cuenca del Amazonas) — მსოფლიოს უდიდესი დაბლობი სამხრეთ ამერიკაში, მდინარე ამაზონის აუზში. ვრცელდება ბოლივიის, ბრაზილიის, კოლუმბიის, ეკვადორის, გაიანის, პერუსა და ვენესუელის ტერიტორიებზე. ფართობი 6,915,000 კმ². უკავია სამხრეთ ამერიკის ფართობის დაახლოებით 40%. გაშლილია ანდებიდან ატლანტის ოკეანემდე, გვიანისა და ბრაზილიის ზეგნებს შორის. მოქცეულია სამხრეთ ამერიკის ბაქნის ფარგლებში, რომელიც ამოვსებულია მეტწილად პალეოზოური ზღვიური და მეზო-კაინოზოური კონტინენტური დანალექებით.

დასავლეთი ამაზონია მეტად ფართო (1600 კმ), ბრტყელი და ვაკე ტერიტორიაა. გაბატონებულია ეკვატორული მუდამ ტენიანი ჰავა. მდინარეები სუსტადამოჭრილ ფართო ხეობაში კლაკნილად მიედინებიან, აქვთ მღვრიე წყალი. მდინარეთაშორისი ბრტყელი ზედაპირი (ეგრეთ წოდებული ტერა ფირმა — „მყარი მიწები“, ან ეტე) დაფარულია ნოტიო ეკვატორული ტყეებით (სელვასი, ჰილეა). მდინარეთა ხეობებში განასხვავებენ მაღალი (ვარზეა) და დაბალი (იგაპო) ჭალის ლანდშაფტებს.

ვარზეას მცენარეულობა ახლოს დგას ეტესთან და შეიცავს განსაკუთრებით ბევრ პალმას, ჰევეას, სეიბას, კაკაოს და სხვა. იგაპოს მცენარეულობა მეტად ღარიბია. დამახასიათებელია იმბაუბა-ცეკროპია. დასავლეთი ამაზონიის ჰილეაში გვხვდება ცხვირფართო მაიმუნები, ზარმაცასებრნი, ტაპირები და სხვა.

აღმოსავლეთი ამაზონია შედარებით ვიწროა (350 კმ). განაპირა მხარეს არის პალეოზოური და კრისტალური კამბრიუმამდელი ქანების გამოსავლები. ღერძულმა ნაწილმა განიცადა უახლესი ჩაწევა. ამასთან დაკავშირებით ზედაპირი უფრო მეტად არის დანაწევრებული, გვხვდება 350 მ სიმაღლის მოწმეები, მდინარეები ღრმად არის ჩაჭრილი, აქვთ ესტუარისებური შესართავები და სწორხაზოვანი ხეობები. კალაპოტებში ბევრია ჭორომი. კლიმატი სუბეკვატორულია. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით დამახასიათებელია სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატები, რომლებიც გვალვას იწვევენ. ბევრია მღრღნელები და ტერმიტები. გავრცელებულია ფოთოლმცვივანი მეჩხერი ტყეები და სავანები.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]