ალექსანდრე შიმკევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე შიმკევიჩი

ალექსანდრე პოლიკარპეს ძე შიმკევიჩი (პოლ. Aleksander Szymkiewicz; დ. 12 ნოემბერი, 1858, სანქტ-პეტერბურგი — გ. 1907, თბილისი) — თბილისში მოღვაწე წარმოშობით პოლონელი არქიტექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა კოვნოს გუბერნიის აზნაური პოლიკარპე ეგნატეს ძე შიმკევიჩი, ადვოკატად მუშაობდა. დედა - ადელაიდა პეტრეს ასული გურსკალინი, გერმანულ-შვედური წარმოშობის ოჯახიდან იყო, რომელიც სანქტ-პეტერბურგში XVIII საუკუნეში დაფუძნდა. ცნობილია, რომ 1830-1840-იან წლებში პეტრე გურსკალინმა ფირმა „სნეგირევი და კომპანიისაგან“ შეიძინა გლინკის ბოლო რომანსების გამოცემის უფლება. 1854 წელს თავისი უფლებები გლინკას შემოქმედების გამოსაცემად (თავისი ფირფიტებითა და ეგზემპლარებით) დაუთმო ფიოდორ სტეპლოვსკის ფირმას. XIX საუკუნის 30-40-იან წლებში გურსკალინი იყო ნოტების ერთ-ერთი პირველი გამომცემელი სანქტ-პეტერბურგში.

ადვოკატ შიმკევიჩის ოჯახი ცხოვრობდა ვასილევსკის კუნძულზე, მე-11 ხაზზე, ეკონომიკისა და მართვის აკადემიის შენობაში (Ауэ). მათი სახლი ახლოს მდებარეობდა კარლ მაის სახელობის სკოლასთან. ოჯახის გერმანული წარმოშობის გათვალისწინებით გასაკვირი არ იყო, რომ შიმკევიჩის სამივე ვაჟი - პავლე (1858-1900), ალექსანდრე (1860-1907) და პეტრე (1862-1920) კარლ მაის სახელობის სკოლაში სწავლობდნენ. ალექსანდრე შიმკევიჩი კარლ მაის სახელობის სკოლაში სწავლობდა 1867-1875 წლებში.

სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა გააგრძელა სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტორის სპეციალობაზე. 1885 წელს ალექსანდრე შიმკევიჩმა მიიღო არქიტექტორის ადგილი ქ. თბილისში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შიმკევიჩის ოჯახი ნათესაური და მეგობრული ურთიერთობით მჭიდროდ უკავშირდებოდა ფიოდორ გუსტავის ძე ბერენშტამის (1862-1937) ოჯახს, რომლის შვილი ფიოდორ ფიოდორის ძე ბერენშტამი (1905-1986) ასევე სწავლობდა კარლ მაის სკოლაში. ფიოდორ გუსტავის ძე ბერენშტამი ალექსანდრე შიმკევიჩთან ერთად სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში. მან ცოლად შეირთო ალექსანდრეს დეიდაშვილი და სწორედ ფიოდორ ბერენშტამის (იგი იყო ცნობილი ადამიანი თბილისში) რეკომენდაციით შესძლო ალექსანდრემ ქ. თბილისის არქიტექტორად მოწყობა.

შიმკევიჩის პროექტით აშენდა თბილისის შემდეგი შენობები: ისლამური სახლი (1885 წ.), კავკასიის აბრეშუმის სახლი (1892 წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლო (1894 წ.), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან ერთად; 1901წ.), კონსერვატორია (1904 წ.), ანდრეოლეტის სახლი (1901 წ.), ფუნიკულიორის შენობა (არქიტექტორ ბლუშემთან ერთად; 1905 წ.), თამამშევის საცხოვრებელი სახლი იალბუზის 18-ში (1900-1905 წწ.); ასევე მისი აშენებულია ბათუმის გიმნაზია (1897 წ.).

1905-1906 წლებში ალექსანდრე შიმკევიჩი თბილისის სამხატვრო სკოლაში ასწავლიდა. ალექსანდრე შიმკევიჩი გარდაიცვალა 1907 წელს ქალაქ თბილისში. დაკრძალულია იქვე.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრეს ჰყავდა ოთხი ვაჟი. ერთ-ერთმა მათგანმა - ნიკოლოზმა მამის გზა გააგრძელა და ისიც არქიტექტორი გახდა. სწავლობდა საფრანგეთში, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში. შვილიშვილმა - ალექსანდრე შიმკევიჩმა ასევე დაამთავრა პარიზის სამხატვრო აკადემია და სახელი გაითქვა საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ცნობილ მხატვრებში, გრაფიკოსებსა და დიზაინერებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]