ალექსანდრე ნეველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ნეველი

ალექსანდრე ნეველი (დ. დაახლოებით 1220 — გ. 14 ნოემბერი, 1263, გოროდეცი) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, ნოვგოროდის მთავარი (1236-1251), ვლადიმირის დიდი მთავარი (1252-იდან), შვილი იაროსლავ ვსევოლოდის ძისა. მეთაურობდა რუსთა მხედრობას, რომელმაც რუსეთის ჩრდილოეთ-დასავლეთის მიწები დაიცვა გერმანელ და შვედ ფეოდალთა შემოსევებისაგან. 1240 წლის 15 ივლისს ალექსანდრე ნეველის რაზმმა და ნოვგოროდის სახალხო ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შვედები მდინარე ნევაზე. ამ გამარჯვებისთვის შეარქვა მას ხალხმა „ნეველი“ (ნევის ბრძოლა). 1242 წლის 5 აპრილს ალექსანდრე ნეველმა ჩუდის ტბაზე გაანადგურა გერმანელი რაინდები და შეაჩერა მათი აგრესია აღმოსავლეთით (ყინულზე ბრძოლა). მას კარგად ესმოდა, რომ იმ დროს თათარ-მონღოლებთან შებმა უაზრო იყო და ოქროს ურდოსთან ურთიერთობაში ფრთხილ, შორს გამიზნულ პოლიტიკას ადგა, ამით თავიდან აიცილა ოქროს ურდოს გამანადგურებელი შემოსევები და იმასაც მიაღწია, რუსთა ჯარს მონაწილეობა არ მიეღო თათარ-მონღოლთა ლაშქრობებში. ალექსანდრე ნეველმა გააერთიანა რუსეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ-დასავლეთი მიწები. 1251 წელს პირველი სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ნორვეგიასთან, 1256 წელს წარმატებით ილაშქარა ფინეთში შვედების წინააღმდეგ, რომლებმაც ერთხელ კიდევ სცადეს ბალტიის ზღვაზე გასასვლელი ჩაეკეტათ რუსეთისათვის. ალექსანდრე ნეველი სასტიკად უსწორდებოდა იმ მთავრებსა და ფეოდალებს, რომლებიც დიდი მთავრის ხელისუფლების განმტკიცებას ეწინააღმდეგებოდნენ, ამავე დროს მკაცრად ახშობდა ანტიფეოდალურ გამოსვლებს. სიკვდილის შემდეგ რუსულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. 1724 წელს პეტრე I-ის ბრძანებით ალექსანდრე ნეველის ნეშტი პეტერბურგში გადაასვენეს. 1725 წლის 21 მაისს რუსეთში დაწესდა ალექსანდრე ნეველის ორდენი. 1942 წლის 29 ივლისს კი — ალექსანდრე ნეველის საბჭოთა სამხედრო ორდენი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურგულაძე ა., დიდი რუსი მხედართმთავრები, თბ., 1953;
  • Пашуто В. Т., Героическая борьба русского народа за независимость (XIII в.), М., 1956;