ალექსანდრე ასათიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ასათიანი
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1889(1889-04-10)[1]
დაბადების ადგილი ბარდნალა
გარდაცვალების თარიღი 2 იანვარი, 1954(1954-01-02) (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი მიუნხენი
მოქალაქეობა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ეროვნება ქართველი
პარტია ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები ნაციონალიზმი
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა სამსონ ასათიანი
დედა მარგალიტა გარდაფხაძე

ალექსანდრე ასათიანი (დ. 10 აპრილი, 1889, ბარდნალა, ლეჩხუმის მაზრა — გ. 2 იანვარი, 1954, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ჟურნალისტი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სოფლის მეურნისა და ვექილის ოჯახში. მის მშობლებს 12 შვილი ჰყავდათ. ასათიანი აღიზარდა მშობლიურ ლეჩხუმსა და დედულეთში, სვანეთში. სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, თუმცა კურსი არ დაუსრულებია. მოწაფეობისას გატაცებული იყო სოციალისტური იდეებით. 1904-1905 წლებში იყო რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლეჩხუმსა და სვანეთში შამშე გელოვანთან, ჭიჭიკო ასათიანთან და ლევან დადეშქელიანთან ერთად, რისთვისაც დააპატიმრეს და ცაგერის ციხეში ჩასვეს. 1905-1907 წლებში იყო რსდმპ-ის ბოლშევიკური ფრაქციის წევრი. 1907 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის უმაღლეს კომერციულ ინსტიტუტში, სადაც დაასრულა ეკონომიკის განყოფილება და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1914 წელს. იყო უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ქუთაისის თავადაზნაურთა საკრებულოს სტიპენდიანტი. სსანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ლ. პეტრაჟიცკის ხელმძღვანელობით. პეტრაჟიცკი აპირებდა ასათიანის გაგზავნას გერმანიაში სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ეს განზრახვა ჩაშალა. სტუდენტობის წლებში ასათიანმა შეიცვალა მსოფლმხედველობა და ნაციონალისტურ იდეოლოგიას დაუახლოვდა.

1914 წლის ბოლოს ასათიანი სამშობლოში დაბრუნდა, ცხოვრობდა ქუთაისში, მუშაობდა ჯერ ნაფიცი ვექილის თანაშემწედ, 1916 წელს ქუთაისის თავადაზნაურთა საკრებულოს მეორე მდივნად და გუბერნიის მარშლის, დავით ნიჟარაძის პირად მდივნად. თანამშრომლობდა ადგილობრივ გაზეთ „სამშობლოში“. აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსებაში. დიდი წვლილი შეიტანა პარტიის იდეოლოგიური საფუძვლის დამუშავებასა და მის ორგანიზაციულ გამართვაში. ალექსანდრე ასათიანმა მონაწილეობა მიიღო მცხეთაში საეკლესიო კრების მოწვევაში, რომელმაც 1917 წლის 12 მარტს აღადგინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წლის ივნისში ედპ-ის დამფუძნებელი ყრილობაზე მან წაიკითხა მოხსენება აგრარულ საკითხზე. პარტიის ყრილობამ ასათიანი პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად და თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია, ძირითადად მინდობილი ჰქონდა საორგანიზაციო სფერო. იყო საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის მაისში ეროვნული საბჭოს გაფართოების შედეგად გახდა მისი წევრი ედპ-დან. ეროვნულ საბჭოში არჩეული იყო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის მდივნად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად. 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელ კრების დეპუტატად აირჩიეს. შედიოდა კრების საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში, ასევე შრომის, აგრარულ და სამეურნეო კომისიებში. ამავე პერიოდში მუშაობდა სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ცენტრალურ ბანკში. 1919 წელს თბილისში გამოიცა მისი ნაშრომი „მიწის საკითხი საქართველოში“, რომელიც ეკონომიკური დარგის სტუდენტთა დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა.

1921 წელს საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ასათიანი ემიგრაციაში არ წასულა, საქართველოში დარჩა და დეოკუპაციისათვის გაშლილ მუშაობაში ჩაება. მუშაობდა საქართველოს სსრ-ის სახალხო ბანკში. შედიოდა ედპ-ის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში. კავშირი ჰქონდა 1921 წლის სვანეთის და 1922 წლის ფშავ-ხევსურეთის გამოსვლებთან. 1922 წლის 10 თებერვალს დააპატიმრეს. იმავე წლის ივნისში ბრმა ნაწლავის ოპერაციის გასაკეთებლად გაძლიერებული დაცვით გადაიყვანეს მიხეილის საავადმყოფოში, საიდანაც გაქცევა მოახერხა ოპერაციის მესამე დღეს. პარტიის დავალებით, საზღვარგარეთ გაიხიზნა. ერთხანს სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ კი საფრანგეთში გადასახლდა.

ემიგრაციაში ალექსანდრე ასათიანი ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1924-1925 წლებში იყო სტამბოლში დაარსებული „კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრი. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[2]

1925 წელს გადავიდა საფრანგეთში. შედიოდა ედპ-ის პარიზის კომიტეტში, საფრანგეთში ჩამოყალიბებულ ქართული ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. 1928 წელს ქალაქ ვალენტინეიში გამოიცა ასათიანის ნაშრომი „ძველი და ახალი მემკვიდრეობა“, რომელშიც XIX და XX საუკუნეების საქართველოს განმათავისუფლებელი ბრძოლა საფუძვლიანად არის განხილული. წიგნში გაკრიტიკებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოღვაწეობა. 1929 წლიდან სათავეში ედგა ედპ-დან მისი ხელმძღვანელობით ცალკე გამოყოფილ ერთ ჯგუფს და რედაქტორობდა ჟურნალ „სამშობლოს“, რომელიც გამოდიოდა პარიზში 1939 წლამდე. 1934 წელს პარიზში გამოვიდა მისი მეორე წიგნი – „ქართული პოლიტიკის ძველი და ახალი გზები“. 1937 წელს წაიკითხა მოხსენება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის 20 წლისთავზე. იყო 1939 წელს პარიზში შექმნილი „პრომეთეს“ კულტურის კლუბის თავმჯდომარე; თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან (გაზეთი „სამშობლოსათვის“ ,ჟურნალი „ივერია“).

მეორე მსოფლიო ომის დროს ა. ასათიანი თანამშრომლობდა გერმანელებთან, ქართველი ტყვეებით დაკომპლექტებულ ვერმახტის ლეგიონებთან ერთად მოაღწია კავკასიის მისადგომებს, მაგრამ სამშობლოში შემოსვლა ვეღარ შეძლო. ომის დამთავრებისთანავე პარიზის პოლიციამ იგი დააპატიმრა ჰიტლერელებთან კავშირისათვის. ძიების დამთავრებამდე ოთხი წლით ესპანეთში გაიქცა, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და განაგრძო პოლიტიკური საქმიანობა, ეწეოდა კვლევით მუშაობასაც. დაწერა ნაშრომი ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ (არ არის მიკვლეული).

ცოლ-შვილი არ ჰყოლია. 1953 წლის მიწურულს გადავიდა მიუნხენში, სადაც გარდაიცვალა 1954 წლის იანვარში. დაკრძალეს იქვე, ველდფრიდჰოფის სასაფლაოზე. მოგვიანებით, 1974 წელს, მისი ნეშტი ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]