ადაპტაციური სინდრომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადაპტაცია (მრავალმნიშვნელოვნება).

ადაპტაციური სინდრომი, საერთო ადაპტაციური სინდრომი (ლათ. adaptatio „შეგუება“, „მორგება“, ბერძ. syndrome „თავმოყრა“) — ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა გამღიზიანებლების გავლენით წარმოქმნილი საერთო დამცველობითი რეაქციების ერთობლიობა, რაც ხელს უწყობს დარღვეული წონასწორობის აღდგენას და მიმართულია ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად. ეს რეაქციები ხელს უწყობს ორგანიზმში დარღვეული წონასწორობის აღდგენას და ემსახურება შინაგანი გარემოს მუდმივობის დაცვას — ჰომეოსტაზს. ადაპტაციური სინდრომის ცნება შემოიღო კანადელმა მეცნიერმა ჰ. სელიემ (1936). ადაპტაციური სინდრომის გამომწვევ ფაქტორებს (ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა, მაიონიზებელი გამოსხივება, ტემპერატურის მკვეთრი ცვალვა ბადობა, ინფექცია, სისხლის დაკარგვა და სხვ.) სტრესორები ეწოდება, ხოლო მათი მოქმედებით გამოწვეულ ორგანიზმის მდგომარეობას — სტრესი. ადაპტაციური სინდრომის ძირითადი ნიშნებია თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის გადიდება და სეკრეციული მოქმედების გაძლიერება, ელენთისა და ლიმფური კვანძების შემცირება, ცვლილებები სისხლში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა და სხვ.; ადაპტაციური სინდრომში განარჩევენ ორ ან სამ სტადიას. პირველი განგაშის სტადიაა. გრძელდება 6-იდან 48 სთ-მდე. ამ სტადიაში ორგანიზმი ცდილობს შეეგუოს მძიმე მდგომარეობას. თუ დამაზიანებელი მოქმედება არ არის ძლიერი, ვითარდება მეორე, ე. წ. რეზისტენტობის სტადია. ორგანიზმი ხდება მდგრადი არახელსაყრელი ფაქტორებისადმი, ძლიერდება დამცველი, ნერვულ-ჰუმორალური მექანიზმების მოქმედება და სტადიის ბოლოს უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. თუ დამაზიანებელი მოქმედება ძლიერია და ამავე დროს ხანვრძლივი, ორგანიზმი კარგავს რეზისტენტობას, დამცეელი მექანიზმების მოქმედება სუსტდება, შემგუებელი ჰორმონების (გლუკოკორტიკოიდების) გამოყოფა მცირდება და ვითარდება მესამე — გამოფიტვის სტადია. მდგომარეობა უარესდება და ორგანიზმი შეიძლება დაიღუპოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 85.
  • გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე, „ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები“, თბ., 2011