აბდ ალ-კადირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდ ალ-კადირი

عبد القادر الجزائري
დაბადების თარიღი 6 სექტემბერი, 1808 წელი
მასკარა, ალჟირი
გარდაცვალების თარიღი 26 მაისი, 1883 წელი (74 წლის)
დამასკო

აბდ ალ-კადირი (არაბ. عبد القادر الحسيني; დ. 6 სექტემბერი, 1808 მასკარა — გ. 26 მაისი, 1883, დამასკო) — ალჟირის მხედართმთავარი, ეროვნული გმირი, მეცნიერი, პოეტი და ორატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდ ალ-კადირის მამა, მაჰი ად-დინი დედა კი ლალა ზორგა, მაჰი ად-დინის მესამე ცოლი იყო. იგი სწავლობდა მასკარაში, სასულიერო სკოლაში. მიიღო კარგი განათლება და დაეუფლა იარაღის ფლობის ხელოვნებას, საბრძოლო ხელოვნებას. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ სახელი გაითქვა, როგორც მომავალმა მებრძოლმა. აბდ ალ-კადირმა საკუთარი თავი და შესაძლებლობები გამოავლინა ფრაგებთან ბრძოლაში, როდესაც ალჟირი ფრანგებმა დაიპყრეს.

24 წლის ამირა აბდ ალ-კადირი, ალჟირელი ხალხის საყოველთაო სახალხო წინააღმდეგობას ჩაუდგა სათავეში. მიუხედავად ახალგაზრდობისა მან გამოავლინა შესანიშნავი მხედართმთავრის და პოლიტიკოსის ნიჭი და სამხედრო და დიპლომატიური ღონისძიებების ერთობლიობით შექმნა საკმაოდ ვრცელი სახელმწიფო, რომელიც ფრანგების კონტროლქვეშ მყოფი ცალკეული ზღვისპირა ბაზების გამოკლებით მოიცავდა მთელ დასავლეთ ალჟირს. საფრანგეთის კოლონიურ ჯარებთან ბრძოლის პროცესში გაატარა რეფორმები: შექმნა ცენტრალიზებული სახელმწიფო აპარატი, შეზღუდა ცალკეული მეომარი ტომების პრივილეგიები, დააფუძნა იარაღის და დენთის მკეთებელი, სახელოსნოები, გახსნა საფეიქრო მანუფაქტურები, აღკვეთა თურქთა ბატონობისას სისტემადქცეული თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვა, მექრთამეობა და ძალმომრეობა, გააუქმა გადასახადების შესყიდვის სისტემა. ქვეყანა დაჰყო 8 ადმინისტრაციულ ოლქად, შემოიღო საგარეო ვაჭრობის მონოპოლია, საკუთარი ფულის ერთეული, გახსნა მრავალი სასწავლო დაწესებულება.

აბდ ალ-კადირმა შეძლო მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა მაროკოს სულთანთან და მიეღო მისგან პერიოდული დახმარება იარაღით, ფულით და ცხენებით. 1834 წელს დროებით დაუზავდა ფრანგებს, თუმცა 1845 წელს ომი განახლდა. 1846 წელს აბდ ალ-კადირი ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. 1853 წელს ამნისტიით გაათავისუფლეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები დამასკოში გაატარა. როგორც ფრანგებს, ასევე არაბებს შორის სარგებლობდა საყოველთაო პატივისცემით სიმამაცის, პატიოსნებისა და სხვა პირადი ღირსებების გამო. 1860 წელს დრუზების ამბოხების გამო საკუთარი რისკის ფასად შეიფარა ათასობით ქრისტიანი. გარდაიცვალა დამასკოში 1883 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 21-22.
  • Бельмар «A., sa vie politique et militaire» (Париж, 1863).
  • Дамье В. В. Абд аль-Кадер // Кругосвет
  • Ламенер «Vie, aventures, combats et prise d’A.» (Париж, 1848)
  • Оганисьян Ю., Абд-аль-Кадир (ЖЗЛ). Москва, 1968;
  • Бу Азиз Яхья, Батль аль-кифах аль-амир Абд-аль-Кадир аль-Джазаири (Боевой герой эмир Абд аль-Кадир аль-Джазаири), Тунис, 1957.