ბატანგასის პროვინცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ბატანგასი''' (ოფიციალურად '''ბატანგასის პროვინცია'''; {{lang-tl|Lalawigan ng Batangas}}) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს კალაბარსონის ფილიპინების რეგიონები|რეგ...
(განსხვავება არ არის)

15:47, 24 ნოემბერი 2021-ის ვერსია

ბატანგასი (ოფიციალურად ბატანგასის პროვინცია; ტაგალ. Lalawigan ng Batangas) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს კალაბარსონის რეგიონში, ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია ბატანგასი. ჩრდილოეთიდან კავიტე და ლაგუნის პროვინცია ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთიდან ― კესონი. ბატანგასი სამხრეთით მინდოროსგან კუნძულ ვერდის გასასვლელითაა გამოყოფილი, ხოლო დასავლეთით დასავლეთ ფილიპინის ზღვა მდებარეობს. ხშირად ბატანგასს ძველი სახელწოდებით, კუმინტანგით მოიხსენიებენ.

ბატანგასი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია. პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს ცნობილი ვუკანი ტაალი და ქალაქი ტაალი, რომელშიც XIX საუკუნის დროინდელი შენობა-ნაგებობებია შემორჩენილი. პროვინცია პლაჟებითა და წყალქვეშ ყვინთვისთვის ადგილებითაა გამორჩეული, მათ შორისაა: ანილაო (მაბინი), კუნძული სომბრერო (ტინგლოი) და ლიგპო (ბაუანი), სამპაგიტას პლაჟი (ბაუანი), მატაბუნგკაი (ლიანი), პუნტა-ფუეგო (ნასუგბუ) და კალატაგანი და ლაიია (სან-ხუანი (სან-ხუანი).

პროვინციის დედაქალაქ ბატანგასში ფილიპინების მასშტაბით მეორე უდიდესი საერთაშორისო საზღვაო პორტი მდებარეობს (ეროვნული დედაქალაქის რეგიონის შემდეგ). ბატანგასი რეგიონის სამრეწველო ცენტრია. ქალაქი ლიპა პროვინციის მასშტაბით პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

ეტიმოლოგია

ბატანგასი 1918 წელს

პროვინციის პირველი სახელწოდება Kumintáng იყო, რომლის პოლიტიკური ცენტრიც დღევანდელი ტაალის მუნიციპალიტეტის ადგილას მდებარეობდა, სანამ ბალაიანის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებდა. ბალაიანი რეგიონის ყველაზე პროგრესული ქალაქი იყო. ვულკან ტაალის ამოფრქვევამ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა, რის შემდეგაც მოსახლეობის ნაწილი ბონბონში (დღევანდელი ტაალი) გადასახლდა.[1]

გეოგრაფია

ბატანგასის პოლიტიკური რუკა

ბატანგასი მთებითა და ვაკეებითაა დაფარული. პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ვულკანი ტაალი, რომლის სიმაღლეც 600 მეტრია. პროვინციის სხვა მნიშვნელოვანი მწვერვალებია მაკოლოდის მთა, რომელიც 830 მეტრის სიმაღლისაა, ბანოი (960 მ), ტალამიტამი (700 მ), პიკო-დე-ლორო (664 მ), ბატულაო (693 მ), მანაბო (830 მ) და დაგულდოლი (672 მ).

ბატანგასი რამდენიმე კუნძულს მოიცავს, მათ შორის: ტინგლოის, ვერდეს (ისლა-ვერდე) და ბედის კუნძულს. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მონაცემებით, ყველაზე დიდი კუნძული ტბაში ბატანგასის ტერიტორიაზე მდებარეობს (კუნძული ტაალი ტაალის ტბაში).

პროვინცია 30 მუნიციპალიტეტისა და 4 ქალაქისგან შედგება.[2]

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ბატანგასში ორი კლიმატი გამოიყოფა:ტროპიკული სავანის კლიმატი (As/Aw) და ტროპიკული მუსონური კლიმატი (Am). პროვინციის უდიდესი ნაწილი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელშია მოქცეული, რომელიც მკვეთრად გამოხატული მშრალი და წვიმების სეზონებით ხასიათდება. ბატანგასის აღმოსავლეთ ნაწილში მუსონების გავლენით სეზონები მკვეთრად არ არის გამოხატული. პროვინციული დედაქალაქი ბატანგასი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, თუმცა ქალაქის კლიმატზე მუსონური კლიმატიც დიდ გავლენას ახდენს და მოკლე მშრალი სეზონითა და ხანგრძლივი წვიმების სეზონით ხასიათდება. ტაიფუნები ძირითადად სამხრეთ-დასავლეთის მუსონების (habagat) დროს ხდება.

დემოგრაფია

ვულკანი ტაალი

2020 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 2 908 494 ადამიანს შეადგენს.[3] მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 930 ადამიანი 1 კმ²-ზე.

ბატანგასის მოსახლეობის უმრავლესობას ტაგალები შეადგენენ. მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ბიკოლანოები, ვისაიანები, კაპამპანგანები, პანგასინანები და ილოკანოები.[4]

პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა რომის კათოლიკური ეკლესიის, დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესიის, ქრისტეს ეკლესიისა და ევანგელიზმის მიმდევარია.[5] სხვა რელიგიურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: მუსლიმები, ბუდისტები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, იეჰოვას მოწმეები და უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები.

ადგილობრივი მმართველობა

ბატანგასის პროვინციული კაპიტოლიუმი

პანაისთან, სამხრეთ ილოკოსთან და პამპანგასთან ერთად, ბატანგასი ერთ-ერთი პირველი პროვინცია იყო, რომელიც ესპანელებმა დააარსეს. ბატანგასს მარტინ დე გოიტი ხელმძღვანელობდა და ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია გახდა. თავდაპირველად პროვინცია ცნობილი იყო, როგორც ბონბონი. პროვინციას სახელი ეწოდა ტაალის ტბის შესაბამისად, რომელსაც ასევე, ბონბონის სახელითაც იცნობდნენ. 1534 წელს ბატანგასი ლუსონის მასშტაბით პირველ ორგანიზებულ პროვინციად იქცა. 1597-1732 წლებში პროვინციის დედაქალაქი ბალაიანი იყო. 1732 წელს პროვინციული დედაქალაქი ტაალში გადაიტანეს, რომელიც იმ დროისთვის პროვინციის აყვავებული და პროგრესული ქალაქი იყო. 1754 წელს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ქალაქი ძალიან დაზიანდა. 1889 წელს პროვინციული დედაქალაქი ბატანგასში გადავიდა.

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს და გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის პროვინციის გუბერნატორი ერმილანდო ი. მანდანასია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი ― ხოსე ანტონიო ს. ლევისტე II.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. de Navarrete, Martín Fernández (1831) Diccionario Marítimo Español. Imprenta Real, გვ. 401. 
  2. List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. ციტირების თარიღი: 5 March 2020
  3. Census of Population (2020). Highlights of the Philippine Population 2020 Census of Population. PSA. Retrieved 8 July 2021
  4. Batangas: Close to Two Million People. ციტირების თარიღი: August 24, 2018
  5. Batangas Statistical Tables (2015). Philippine Statistics Authority. ციტირების თარიღი: August 15, 2018