ამალია ლოიხტენბერგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 100: ხაზი 100:
[[კატეგორია:ბრაზილიის იმპერატრიცები]]
[[კატეგორია:ბრაზილიის იმპერატრიცები]]
[[კატეგორია:დედოფალ მარია ლუიზას ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:დედოფალ მარია ლუიზას ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:წმინდა იზაბელის ორდენის კავალერები]]

15:39, 3 ნოემბერი 2020-ის ვერსია

ამალია ლოიხტენბერგელი
ბრაზილიის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 2 აგვისტო, 1829
მმართ. დასასრული: 7 აპრილი, 1831
წინამორბედი: მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
მემკვიდრე: ტერეზა კრისტინა სიცილიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 ივლისი, 1812
დაბ. ადგილი: მილანი, იტალიის სამეფო
გარდ. თარიღი: 26 იანვარი, 1873, (60 წლის)
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალიის სამეფო
დაკრძ. ადგილი: სან-პაულო, ბრაზილია
მეუღლე: პედრუ I, ბრაზილიის იმპერატორი
(ქ. 1829 - გარდ. 1834)
შვილები: მარია ამელია
სრული სახელი: ამალია ავგუსტა ევგენია ნაპოლეონა დე ბოარნე
დინასტია: ბოარნეები
მამა: ევგენი დე ბოარნე, ლოიხტენბერგის ჰერცოგი
დედა: ავგუსტა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ამალია ლოიხტენბერგელი (პორტ. Amélie de Leuchtenberg; დ. 31 ივლისი, 1812 — გ. 26 იანვარი, 1873) — ბოარნეს დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის იმპერატრიცა ჟოზეფინ დე ბოარნეს შვილიშვილი. ბრაზილიის იმპერატრიცა 1829-1831 წლებში როგორც პედრუ I-ის მეორე ცოლი.

ოჯახი, ბავშვობა და ახალგაზრდობა

პრინცესა ამალია ბავშვობაში

ამალია დაიბადა 1812 წლის 31 ივლისს მილანში, იტალიაში. იგი იყო გენერალ ევგენი ბოარნესა და მისი ცოლის, ავგუსტა ბავარიელის მეოთხე შვილი. მამამისი იყო საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის პირველი ცოლის, იმპერატრიცა ჟოზეფინ ბოარნესა და მისი პირველი ქმრის, ვიკონტ ალექსანდრ დე ბოარნეს ვაჟი. მას შემდეგ, რაც ჟოზეფინა ნაპოლეონს გაჰყვა ცოლად, იმპერატორმა თავისი გერი იტალიის ვიცე-მეფედ დანიშნა. რაც შეეხება ამალიას დედას, იგი ბავარიის მეფე მაქსიმილიან I იოზეფისა და დედოფალ ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელის ქალიშვილი იყო. ამალიას დედმამიშვილებიდან აღსანიშნავია შვედეთის დედოფალი ჟოზეფინ დე ბოარნე, შვედეთის მეფე ოსკარ I-ის მეუღლე და ლოიხტენბერგის ჰერცოგი ავგუსტინ დე ბოარნე, პორტუგალიის დედოფალ მარია II-ის მეუღლე. ამალია აგრეთვე იყო საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის დეიდაშვილი, ვინაიდან დეიდამისი, ჰორტენზია ბოარნე იყო ნიდერლანდების დედოფალი და ნაპოლეონ III-ის დედა.

მას შემდეგ, რაც 1814 წელს ნაპოლეონ ბონაპარტი დაამხეს, ჩატარდა ვენის კონგრესი, რომელმაც ევროპაში ძველი საზღვრები აღადგინა. ამავე კონგრესზე ამალიას მამას, ევგენი ბოარნეს უბოძეს ლოიხტენბერგის ჰერცოგობა. ლოიხტენბერგი იყო პატარა საჰერცოგო ჩრდილო ბავარიაში. სწორედ ამ დროს გადაწყდა ამალიას გათხოვება ბრაზილიის იმპერატორზე, რათა ბოარნეებს თავიანთი ძველი სტატუსი აღედგინათ.

ქორწინება

პრინცესა ამალია

1826 წლის დეკემბერში გარდაიცვალა ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ის მეუღლე, იმპერატრიცა მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი. მისი დაკრძალვის შემდეგ, იმპერატორმა მარკიზი დე ბარბასენა ევროპაში გააგზავნა, რათა მისთვის მეორე ცოლი ეპოვნა. მისი დავალება მარტივი არ იყო, რადგან ამოცანის შესრულებას რამდენიმე ფაქტორი ართულებდა. პედრუ იყო უმაღლესი წარმომავლობის მქონე, სათნო, სიმპათიური და დახვეწილი მამაკაცი, მაგრამ ევროპაში მასზე საშინელი ჭორები დადიოდა. ამ ჭორების საფუძველს ქმნიდა მისი გახმაურებული რომანი მარკიზა დე სანტოსთან, რომელსაც ხალხი უკვე დაქვრივებული იმპერატორის ახალ მეუღლეს უწოდებდა. მეორე დაბრკოლება ის იყო, რომ პედრუს სიმამრმა, ავსტრიის იმპერატორმა ფრანც II-მ გააპროტესტა მისი მეორე ქორწინების იდეა და ყველანაირად ცდილობდა არ დაეშვა ეს ფაქტი. ფრანცი შიშობდა, რომ მეორე ცოლთან გაჩენილი ბავშვები მისი შვილიშვილების კონკურენტები გახდებოდნენ, რაც ნამდვილად არ სურდა.

იმპერატორი პედრუ I

ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო, მარკიზ დე ბარბასენას ევროპის რვა პრინცესამ განუცხადა მკაცრი უარი. ამის გამო მარკიზი თავად შეხვდა ფრანც II-ს და განუცხადა, რომ მეორე ცოლთან გაჩენილი შვილები არ იქნებოდნენ მემკვიდრეები და რომ პედრუს მხოლოდ „კეთილი და სათნო მეუღლე“ სურდა. ამის შემდეგ ბრაზილიელთა სამიზნე ამალია გახდა, რომელიც გარდა ბონაპარტებისა, ვიტელსბახების უძველესი ბავარიული საგვარეულოს შთამომავალიც იყო, მაგრამ მამამისი დევნილი მონარქი იყო, რომელიც სიმამრმა შეიფარა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ამალიას ერთადერთი „ნაკლი“, სხვა მხრივ კი იგი მაღალი და გამხდარი იყო, ჰქონდა გრძელი თმა და ძალიან ლამაზი, პროპორციული სახე. მას ლურჯი თვალები და ოქროსფერ-ყავისფერი თმა ჰქონდა. მისი სილამაზის გადასამოწმებლად იმპერატორმა მარკიზი დე რეზენდე გააგზავნა, რომელმაც პედრუსთან გაგზავნილ წერილში საოცრად აქო და ადიდა ამალია. გარდა გარეგნობისა, ამალია იყო მეტად დახვეწილი მანერების მქონე და მგრძნობიარე გოგონა. როგორც წყაროები იუწყებიან, იგი ერთ-ერთი ყველაზე განათლებული პრინცესა იყო მთელ გერმანიაში.

საქორწინო კონტრაქტს ხელი 1829 წლის 29 მაისს მოეწერა ინგლისში, მისი რატიფიცირება კი 30 ივნისს მოხდა მიუნხენში ამალიას დედის მიერ. ამრიგად, პედრუ I-სა და ამალია ლოიხტენბერგელის ნიშნობა ოფიციალურად გამოცხადდა. ამავე წლის 30 ივლისს გამოიცა მათი საქორწინო ხელშეკრულება. ნიშნობის გამოცხადებისთანავე, პედრუმ შეასრულა პირობა და სამუდამოდ გაწყვიტა კავშირი თავის საყვარელ მარკიზასთან. 1829 წლის 2 აგვისტოს შედგა მათი მარიონეტული ქორწინება მიუნხენის სასახლის სამლოცველოში, სადაც პედრო მარკიზმა დე ბარბასენამ წარმოადგინა. ამ დროს ამალია 17 წლის იყო, პედრუ კი 30-ის.

ამალიას დედამ თავიდანვე განჭვრიტა ამ ქორწინების სირთულეები. ბრაზილიაში წასვლამდე ავგუსტა ბავარიელმა იგი მკაცრად დამოძღვრა და უამრავი რჩევა-დარიგება მისცა. მან ურჩია, რომ სახალხოდ არ გამოემჟღავნებინა თავისი გრძნობები, უნდა ყოფილიყო მოსიყვარულე ცოლი და დედინაცვალი. უპირველეს ყოვლისა, იგი როგორც იმპერატრიცა, თავისი ხალხის ერთგული უნდა ყოფილიყო და დაეცვა ბრაზილიელების ინტერესები. სულ მალე ამალიასთან ჩავიდნენ ბრაზილიელი სეფექალები, რომლებმაც მას ბრაზილიის საიმპერატორო კარზე ქცევის წესები და პორტუგალიური ენა ასწავლეს.

ბრაზილიაში ჩასვლა და იმპერატრიცა

პედრუ I-ისა და ამალია ლოიხტენბერგელის ქორწინება

მარიონეტული ქორწინების შემდეგ, ამალიამ დატოვა ბავარია და ბელგიაში ჩავიდა, სადაც ოსტენდედან 1829 წლის 15 ოქტომბერს რიო-დე-ჟანეიროსაკენ გაცურა. ოკეანის გადაცურვამ უფრო მეტი დრო წაიღო, ვიდრე დაგეგმილი იყო. ბრაზილიური თქმულების თანახმად, რიო-დე-ჟანეიროს პორტში პედრუ I დიდი ინტერესით ელოდა თავის მომავალ მეუღლეს და როგორც კი მისი გემი გამოჩნდა მაშინვე ჭოკრიტი ითხოვა და გემბანზე იხილა თავისი მომავალი ცოლი. პედრუს დიდ ანტურაჟში შედიოდა მისი უფროსი ქალიშვილიც, პორტუგალიის დედოფალი მარია II. მოგვიანებით, პედრუმ ბარბასენას მარიას პორტუგალიაში მშვიდობიანად ჩაყვანა დაავალა. ამალიას მცირე ამალაში მხოლოდ მისი ძმა, პრინცი ავგუსტინი და ორი ბავარიელი ჰერცოგი შედიოდნენ. პედრუსა და ამალიას შეხვედრიდან მალევე, ახალი დედინაცვალი პედრუს პირველი ქორწინებიდან შეძენილმა შვილებმა წაიყვანეს სასახლეში და მასთან ერთად ისადილეს.

ბრაზილიაში ჩასვლიდან მეორე დღეს, ძლიერი წვიმის ფონზე ამალია ზეიმით შევიდა დედაქალაქში. ამ დროს იგი პედრუსთან ერთად გაემგზავრა რიოს საიმპერატორო კათედრალში, რათა ქორწინებაზე კურთხევა მიეღოთ. ამალიას სილამაზით ყველა გაოცებული დარჩა. მას დიდი თეთრი კაბა ამშვენებდა, რომელსაც ფრანგი დიზაინერების მიერ მოქსოვილი ვერცხლის ნაქარგობები ეკეთა. მათი ჯვრისწერის შემდეგ ქალაქში საოცარი ფოიერვერკი და უზარმაზარი ბანკეტი დაიწყო.

1830 წლის იანვარში ბრაზილიის საიმპერატორო კარს ოფიციალურად წარუდგინეს ახალი იმპერატრიცა. ვინაიდან იმპერატორის საყვარელი ფერი იყო, კარზე ყველა ქალს და მათ შორის ამალიასაც ვარდისფერი კაბა ეცვა. მეორე დღეს ბედნიერი წყვილი თაფლობის თვეში წავიდა სერა-და-ესტრელასა და პეტროპოლისში.

იმპერატრიცა ამალია ლოიხტენბერგელი

თაფლობის თვის შემდეგ წყვილი საიმპერატორო კარს დაუბრუნდა, სადაც პედროს ყოფილი საყვარლის გამო დიდი სკანდალი იყო ატეხილი. აღსანიშნავია, რომ მის საყვარელს ემხრობოდა ამალიას გერიც, პრინცესა იზაბელ მარია. ბარბასენამ იმპერატორს ძველი მტრისგან განთავისუფლება და მისი ევროპაში გადასახლება ურჩია. ამ იდეას ამალიაც მიემხრო და მარკიზაცა და იზაბელ მარიაც მალევე შვეიცარიაში იქნენ გადასახლებულნი. ოფიციალური მიზეზით, იზაბელ მარია შვეიცარიაში სასწავლებლად იყო.

საიმპერატორო კარზე შესვლისთანავე, ადგილობრივმა ქალბატონებმა ამალია პროტოკოლის მკაცრ დარღვევაში დაადანაშაულეს, რადგან იგი მხოლოდ ფრანგულად საუბრობდა, კარის ოფიციალური ენა კი პორტუგალიური იყო. იმპერატრიცა ცდილობდა ქვეყანაში განეახლებინა მოდა და სამზარეულო. მან მთლიანად შეცვალა საიმპერატორო სასახლე, ჭურჭელი და შეიტანა საიმპერატორო კარზე ქცევის ახალი ნორმები. ყოველივე ამაში მან ნაწილობრივ წარმატებას მაინც მიაღწია, რადგან იმპერატორი და იმპერატრიცა ყოველთვის იმდენად ელეგანტურად და მოხდენილად იყვნენ ჩაცმულები, რომ ამან გადატრიალება მოახდინა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.

განსხვავებით პედრუს პირველი ქორწინებისან, მათი ქორწინება ბედნიერი იყო. ამალიას კარგი ურთიერთობა ჰქონდა გერებთანაც. ქორწინების პირველსავე დღეებში, თავისი კეთილშობილებისა და გონიერიების დახმარებით მან მალევე მოიგო ქმრისა და გერების გული. მათ კარგი ოჯახური გარემო ჰქონდათ და იგი ზრუნავდა გერების განათლებაზე. იგი პირადად ხელმძღვანელობდა პრინცების განათლების პროცესს. როგორც ცნობილია, პრინცი პედრუ (შემდგომში იმპერატორი პედრუ II) მას დედასაც კი ეძახდა. ამალია ყოველთვის გამოხატავდა პატარა პედრუსადმი სიყვარულს და სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა მასთან მიმოწერა. მოგვიანებით, 1871 წელს, პედრუ II-მ თავისი ქალიშვილების ქორწინების საკითხში დახმარება სწორედ ამალიას სთხოვა.

ამალია კარგ გავლენას ახდენდა ქმრის იმიჯზე. მიუხედავად ხანმოკლე ქორწინებისა, ამალია და პედრუ დიდი ენთუზიაზმით მართავდნენ ამ ახლად შექმნილ იმპერიას. მიუხედავად ამისა, ბრაზილიაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, რამაც მოვლენები ძალიან დააჩქარა და 1831 წლის 7 აპრილს პედრუ I ტახტიდან გადადგა თავისი ვაჟის, პედრუ II-ის სასარგებლოდ.

ევროპაში დაბრუნება

მარცხნიდან მარჯვნივ: პორტუგალიის დედოფალი მარია II, იმპერატორი პედრუ I და იმპერატრიცა ამალია 1834 წელს, პედრუს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე

ტახტიდან გადადგომის შემდეგ, პედრუ და ამალია ევროპაში დაბრუნდნენ. გადადგომის შემდეგ პედრუს ქალიშვილმა, პორტუგალიის დედოფალმა მარია II-მ მათ ბრაგანსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის წოდება მიანიჭათ. ამ დროს ამალია სამი თვის ფეხმძიმე იყო და ზღვაში ხანგრძლივი მოგზაურობის გამო გულისა და თავის ტკივილებს უჩიოდა. მათი გემი ჯერ აზორის კუნძულებზე შეჩერდა, საიდანაც ისინი 1831 წლის 10 ივნისს საფრანგეთის ქალაქ შერბურში გავიდნენ. საფრანგეთში მათ დიდი პატივით დახვდნენ და მათი ჩასვლის აღსანიშნავად პორტში 5000 კაციანი რაზმი დახვდათ, რომლებმაც 21 ქვემეხიდან საზეიმოდ გაისროლეს. ქალაქის პრეფექტურამ მათ საცხოვრებლად ადგილობრივი სასახლე შესთავაზა. მათ შერბურში დარჩენაზე უარი თქვეს და ათ დღეში პედრუ ლონდონში გაემგზავრა. ორსულ ამალიას მგზავრობა აღარ შეეძლო, ამიტომაც იგი საფრანგეთში დარჩა.

ამის შემდეგ ამალია პარიზში დასახლდა, სადაც იგი თავისი ქმრის უკანონო ქალიშვილ იზაბელ მარიას შეხვდა. ამავდროულად, 1831 წლის 30 ნოემბერს მან საკუთარი პირველი და უკანასკნელი ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც მარია ამელია დაარქვა. როგორც პედრუ II-თან გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, პედრუს გოგონას შეძენა ძალიან გაუხარდა.

იმავდროულად, პედრუ კონტინენტზე დაბრუნდა და თავის ძმას, პრეტენზიულ მიგელ I-ს სისხლისმღვრელი ომი გამოუცხადა, რომელის მის ასულს, მარია II-ს ეცილებოდა პორტუგალიის ტახტში. სამოქალაქო ომი პედრუსა და მარიას ტრიუმფით დასრულდა, რასაც მათი საზეიმო შესვლა მოჰყვა ლისაბონში, სადაც პედრუს ამალიაც ახლდა. ამალია ლისაბონში 1833 წლის 22 სექტემბერს შევიდა დიდი ზეიმით. რაც შეეხება მიგელ I-ს, იგი თავის ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა.

ქვრივობა და უკანასკნელი წლები

ამალია ლოიხტენბერგელი 1840 წელს თავის ერთადერთ ქალიშვილთან ერთად

პედრუ I 1834 წლის 24 სექტემბერს ლისაბონში გარდაიცვალა ტუბერკულიოზით. მან მარია II-ს სთხოვა, რომ მისი დარჩენილი უკანონო შვილები კარგი განათლებით უზრუნველეყო. მარიამ სცადა მისი უკანასკნელი სურვილის ასრულება, თუმცა პედრუს ყოფილმა საყვარელმა უარი თქვა თავისი ქალიშვილის სამეფო კარზე გაგზავნაზე. პედრუმ თავისი მემკვიდრეობა ყველას გადაუნაწილა, რის გამოც უკანონო შვილების მემკვიდრეობის გამო შემცირდა ამალიასა და მისი ერთადერთი ქალიშვილის მემკვიდრეობა. ამან აჩვენა, რომ პედრუს თავისი ყველა შვილი უყვარდა, განურჩევლად იმისა კანონიერად იყვნენ ისინი შობილები თუ არა.

ამის შემდეგ ამალია მეორედ აღარ გათხოვილა. იგი ლისაბონში „მწვანე ფანჯრებიან სასახლეში“ გადავიდა, რომელიც დღეისათვის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმადაა გადაკეთებული. მან დარჩენილი ცხოვრება ქალიშვილის განათლებასა და ქველმოქმედებას მიუძღვნა. მარია ამელია ძალიან ინტელექტუალი და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვი აღმოჩნდა. ამალია ზოგჯერ საკუთარ ქალიშვილთან ერთად სტუმრობდა ბავარიას. მიუხედავად პორტუგალიაში ცხოვრებისა, ისინი არ განიხილებოდნენ პორტუგალიის სამეფო ოჯახის წევრებად. ამალიამ ოფიციალურად მოითხოვა საკუთარი და მისი ქალიშვილის ბრაზილიის საიმპერატორო ოჯახის წევრებად აღიარება, რითაც პედრუ II-გან ყოველთვიურად დიდი პენსია მიიღო. იმპერატორ პედრუს ეშინოდა, რომ ამალია გავლენას მოახდენდა ბრაზილიურ ბიზნესსა და პოლიტიკაზე, ამიტომაც ცდილობდა იგი ევროპაში დაეტოვებინა. ამის გამო, 1841 წლის 5 ივლისს, ამალია და მარია ამელია ოფიციალურად იქნენ აღიარებულნი ბრაზილიის საიმპერატორო ოჯახის წევრებად, თუმცა ცხოვრებას პორტუგალიაში განაგრძობდნენ. მათი პორტუგალიაში დარჩენის კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ მარია ამელია საფრანგეთში დაიბადა და ბრაზილიის მოქალაქეობა არ ჰქონდა. იგი ბრაზილიის პრინცესად პარლამენტმა მხოლოდ 1841 წელს გამოაცხადა, ისიც პედრუ II-ის მოთხოვნის გამო.

ამალია 1873 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

ამალიამ თავისი ქალიშვილი 1852 წელს დანიშნა მექსიკის იმპერატორსა და ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ზე. ეს დიდი პოლიტიკური ქორწინება იყო, მაგრამ ნიშნობიდან მალევე მარია ამელიამ ტუბერკულიოზის ნიშნები გამოავლინა. 1852 წლის 31 აგვისტოს, დაავადების გამო მადეირაზე გადასახლდნენ, რადგან ექიმებს ეგონათ კუნძულის კლიმატი უშველიდა მას, მაგრამ ამაოდ. 1853 წლის 4 თებერვალს, 21 წლის მარია ამელია მადეირაზე ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. იგი მადეირაზე, ქალაქ ფუნჩალში დაკრძალეს. მისმა გარდაცვალებამ საშინლად იმოქმედა ამალიაზე, რომელიც მადეირადან დაბრუნების შემდეგ ყოველ წელს სტუმრობდა ქალიშვილის საფლავს. ფუნჩალში ამალიამ თავისი შვილის სახელზე საავადმყოფო ააშენა, სახელად „პრინცესა დონა მარია ამელია“. იგი პორტუგალიაში დაბრუნდა და ლისაბონში დასახლდა.

უკანასკნელი წლები ამალიამ ლისაბონში გაატარა, თუმცა არა სამეფო კარზე. იგი 1873 წლის 26 ივნისს გარდაიცვალა ლისაბონში, 60 წლის ასაკში. მისი ანდერძის მიხედვით, ამალიას ქონება ორად გაიყო, მისი ერთი ნახევარი ბრაზილიაში გააგზავნეს იმპერატორ პედრუ II-თან. მისი ნივთების დიდი ნაწილი სწორედ ამიტომ ინახება ბრაზილიის საიმპერატორო მუზეუმის არქივში, ქალაქ პეტროპოლისში. დარჩენილი მემკვიდრეობა შვედეთში გაეგზავნა მის დას, დედოფალ ჟოზეფინას. 1982 წელს, მისი ნეშტი გადაასვენეს და დაკრძალეს სან-პაულოში, ბრაზილიაში, ბრაზილიის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ძეგლის საძირკველში.

ტიტულები

  • 31 ივლისი, 1812 - 11 აპრილი, 1814: მისი იმპერიული უმაღლესობა ამალია დე ბოარნე, ფრანგების პრინცესა;
  • 11 აპრილი, 1814 - 14 ნოემბერი, 1817: მადამ ამალია დე ბოარნე;
  • 14 ნოემბერი, 1817 - 2 აგვისტო, 1829: მისი სამეფო უდიდებულესობა ამალია, ლოიხტენბერგის პრინცესა;
  • 2 აგვისტო, 1829 - 7 აპრილი, 1831: მისი საიმპერატორო უმაღლესობა ბრაზილიის იმპერატრიცა;
  • 7 აპრილი, 1831 - 15 ივნისი, 1831: მისი საიმპერატორო უმაღლესობა ამალია, ბრაზილიის იმპერატრიცა;
  • 15 ივნისი, 1831 - 24 სექტემბერი, 1834: მისი საიმპერატორო უმაღლესობა იმპერატრიცა ამალია, ბრაგანსის ჰერცოგინია;
  • 24 სექტემბერი, 1834 - 26 იანვარი, 1873: მისი საიმპერატორო უმაღლესობა იმპერატრიცა ამალია, ბრაგანსის ქვრივი ჰერცოგინია;

ლიტერატურა

  • Barman, Roderick J. Citizen Emperor: Pedro II and the Making of Brazil, 1825–1891. Stanford University Press, 2002, pp. 25–27
  • Witte, Claudia Thomé. "O casamento com D. Pedro I e toda a trajetória no Brasil da princesa bávara Amélia de Leuchtenberg" Archived 2016-11-06 at the Wayback Machine. In: Revista de História online, 9 June 2010. In Portuguese. Accessed 1 February 2012.
  • Lustosa, Isabel. D. Pedro I. Companhia das Letras, 2006, pp. 284–286. In Portuguese.
  • Pinheiro Neto, João. Pedro e Domitila: Amor em tempo de paixão. Mauad Editora Ltda, 2002, pp. 243–244. In Portuguese.
  • Del Priore, Mary. "Amor e fidelidade num casamento imperial: Dom Pedro I e Dona Amélia. In: Gazeta Imperial, August 2011, year XVI, number 189, pp. 8–9. In Portuguese.
  • Carvalho, José Murilo de. D. Pedro II: ser ou não ser. Companhia das Letras, 2007, pp. 16–17. In Portuguese.
  • Schwarcz, Lília Moritz. As barbas do imperador. Companhia das Letras, 1998, pp. 52; 380. In Portuguese.
  • Lewin, Linda. Surprise Heirs: Illegitimacy, inheritance rights, and public power in the formation of Imperial Brazil, 1822–1889. Stanford University Press, 2003, pp. 155–156.
  • Lyra, Heitor. História de Dom Pedro II (1825–1891): Ascensão (1825–1870). Belo Horizonte: Itatiaia, 1977. vol. 1, pp. 42–43; 279. In Portuguese.