ჩეჩნეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Chechnya and Caucasus.png|მინი|ჩეჩნეთის მდებარეობა [[კავკასია|კავკასიის]] რეგიონში.]]
'''ჩეჩნეთის ისტორია''' — [[ჩეჩნეთი]]ს, ამჟამად [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] სუბიექტის, ისტორია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილოეთი კავკასიის]] სხვა რეგიონების წარსულთან. ადამიანის უძველესი დასახლება აქ [[ზედა პალეოლითი|ზედა პალეოლითში]] გაჩნდა. ჩეჩნების პირდაპირი წინაპრები, რომლებიც [[ნახური ენები|ვაინახურ]] ენაზე მეტყველებდნენ, მთებში ცხოვრობდნენ და XV საუკუნეში დაბლობშიც დასახლდნენ. XVIII საუკუნის დამდეგიდან ერთ-ერთი ვაინახური ტომის – ნოხჩუოს ტომის ეთნიკურ სახელწოდებად თანადათანობით დამკვირდა [[ჩეჩნები]] ([[აული|აულ]] ჩეჩენიდან). XVI საუკუნიდან ჩეჩნებს შორის გავრცელდა [[მუსლიმანობა]]. XVIII-XIX საუკუნეებში ჩეჩნები აქტიურად იბრძოდნენ [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ექსპანსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. [[1936]] წელს ჩეჩნეთი და მეზობელი [[ინგუშეთი]] [[რუსეთის სფსრ]]-ში შემავალი [[ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ|ავტონომიური რესპუბლიკის]] სახით გაერთიანდა. [[1991]] წლიდან რუსეთიდან გამოყოფის მიზნით ჩეჩნეთში დაწყებულ მოძრაობას მოჰყვა ორი დამანგრეველი ომი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ([[1993]]-[[1996]], [[1999]]-[[2001]]), რის შემდეგაც რუსეთის არმიამ მოახერხა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება, თუმცა პარტიზანული მოძრაობა, დივერსიული და ტერორისტული თავდასხმები მომდევნო წლებშიც არ შეწყვეტილა. [[2003]] წელს ახალი კონსტიტუციით განისაზღვრა ჩეჩნეთის რესპუბლიკის, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, სტატუსი.
'''ჩეჩნეთის ისტორია''' — [[ჩეჩნეთი]]ს, ამჟამად [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] სუბიექტის, ისტორია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილოეთი კავკასიის]] სხვა რეგიონების წარსულთან. ადამიანის უძველესი დასახლება აქ [[ზედა პალეოლითი|ზედა პალეოლითში]] გაჩნდა. ჩეჩნების პირდაპირი წინაპრები, რომლებიც [[ნახური ენები|ვაინახურ]] ენაზე მეტყველებდნენ, მთებში ცხოვრობდნენ და XV საუკუნეში დაბლობშიც დასახლდნენ. XVIII საუკუნის დამდეგიდან ერთ-ერთი ვაინახური ტომის – ნოხჩუოს ტომის ეთნიკურ სახელწოდებად თანადათანობით დამკვირდა [[ჩეჩნები]] ([[აული|აულ]] ჩეჩენიდან). XVI საუკუნიდან ჩეჩნებს შორის გავრცელდა [[მუსლიმანობა]]. XVIII-XIX საუკუნეებში ჩეჩნები აქტიურად იბრძოდნენ [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ექსპანსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. [[1936]] წელს ჩეჩნეთი და მეზობელი [[ინგუშეთი]] [[რუსეთის სფსრ]]-ში შემავალი [[ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ|ავტონომიური რესპუბლიკის]] სახით გაერთიანდა. [[1991]] წლიდან რუსეთიდან გამოყოფის მიზნით ჩეჩნეთში დაწყებულ მოძრაობას მოჰყვა ორი დამანგრეველი ომი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ([[1993]]-[[1996]], [[1999]]-[[2001]]), რის შემდეგაც რუსეთის არმიამ მოახერხა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება, თუმცა პარტიზანული მოძრაობა, დივერსიული და ტერორისტული თავდასხმები მომდევნო წლებშიც არ შეწყვეტილა. [[2003]] წელს ახალი კონსტიტუციით განისაზღვრა ჩეჩნეთის რესპუბლიკის, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, სტატუსი.



11:05, 14 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ჩეჩნეთის მდებარეობა კავკასიის რეგიონში.

ჩეჩნეთის ისტორიაჩეჩნეთის, ამჟამად რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ისტორია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილოეთი კავკასიის სხვა რეგიონების წარსულთან. ადამიანის უძველესი დასახლება აქ ზედა პალეოლითში გაჩნდა. ჩეჩნების პირდაპირი წინაპრები, რომლებიც ვაინახურ ენაზე მეტყველებდნენ, მთებში ცხოვრობდნენ და XV საუკუნეში დაბლობშიც დასახლდნენ. XVIII საუკუნის დამდეგიდან ერთ-ერთი ვაინახური ტომის – ნოხჩუოს ტომის ეთნიკურ სახელწოდებად თანადათანობით დამკვირდა ჩეჩნები (აულ ჩეჩენიდან). XVI საუკუნიდან ჩეჩნებს შორის გავრცელდა მუსლიმანობა. XVIII-XIX საუკუნეებში ჩეჩნები აქტიურად იბრძოდნენ რუსეთის იმპერიის ექსპანსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. 1936 წელს ჩეჩნეთი და მეზობელი ინგუშეთი რუსეთის სფსრ-ში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკის სახით გაერთიანდა. 1991 წლიდან რუსეთიდან გამოყოფის მიზნით ჩეჩნეთში დაწყებულ მოძრაობას მოჰყვა ორი დამანგრეველი ომი ცენტრალურ ხელისუფლებასთან (1993-1996, 1999-2001), რის შემდეგაც რუსეთის არმიამ მოახერხა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება, თუმცა პარტიზანული მოძრაობა, დივერსიული და ტერორისტული თავდასხმები მომდევნო წლებშიც არ შეწყვეტილა. 2003 წელს ახალი კონსტიტუციით განისაზღვრა ჩეჩნეთის რესპუბლიკის, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, სტატუსი.

უძველესი ისტორია

თანამედროვე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლები რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონსა (ვედენო, წა-ვედენო, ბალანსუ) და ტბა კეზენოიამის ახლოს მდებარე მთებშია (მაკაჟოი, ხოი და სხვ.) აღმოჩენილი და განეკუთვნება ზედა პალეოლითის, მეზოლითისა და ნეოლითის ხანას. ენეოლითი წარმოდგენილია სამოსახლოებით (კურჩალაი), დაბლობზე — ყორღანებით. ადრე და შუა ბრინჯაოს ხანაში ჩეჩნეთის დაბლობი და მთისწინეთი წარმოადგენდა მტკვარ-არაქსისა და მაიკოპის კულტურების საკონტაქტო ზონას, რომელიც შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის კულტურამ შეცვალა. მდინარე თერგის ჩრდილოეთით მდებარე სტეპების არქეოლოგიური ძეგლები ორმოსამარხების („იამნაიას“), შემდეგ კი კატაკომბურ კულტურას განეკუთვნება. მათი გავლენა მთისწინეთამდე ვრცელდებოდა. მთებში გავრცელებული იყო ქვის აკლდამები, სამარხები, ყუთი-სამარხები, გრუნტის საფლავები, რომლებსაც ნახური ენების მატარებელი ხალხების წინაპრებს მიაკუთვნებენ. გვიანბრინჯაოს ხანა წარმოდგენილია კაიაკენტ-ხოროჩოის და ყუბანის კულტურებით. ამ უკანასკნელს ადრერკინის ხანაში სტეპიდან მოსულ სკვითურ და სავრომატულ არქეოლოგიურ კულტურებთან ჰქონდა კონტაქტი. მოგვიანებით აქ სარმატული კულტურა გაჩნდა, აღმოსავლეთის მთისწინეთსა და მთიანეთში კი ადგილობრივი მოსახლეობა სჭარბობდა.

ძველი და შუა საუკუნეების ისტორია

ჩეჩნები ეროვნულ სამოსში. XIX საუკუნის ბოლო.

ახ. წ. II საუკუნიდან ჩეჩნეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კავკასიის ალანთა კულტურის ზონაში იყო მოქცეული. II-V საუკუნეებში აქ ქალაქური ტიპის დასახლებები (მაგალითად, ალხან-ყალა) გაჩნდა. სხვადასხვა პერიოდში საგრძნობი იყო ჩრდილოეთ კავკასიის დიდ ნაწილში გაბატონებული ჰუნების, თურქთა და ხაზართა სახაკანოების, X საუკუნიდან — ალანთა სამეფოს გავლენა. ეს უკანასკნელი მეტად ჩეჩნეთის დასავლეთში იყო გამოხატული. XIII საუკუნის შუა პერიოდში გავრცელდა მონღოლთა ოქროს ურდოს ძალაუფლება, რომლის მოსახლეობა ზოგან ადგილობრივს ერწყმოდა. ამ პერიოდში მთებში აგებდნენ სამოსახლოებს, ნახევრადსაბრძოლო და საბრძოლო კოშკებს, მიწისქვეშა და მიწისზედა აკლდამებს. XIV საუკუნის ბოლოს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე არსებობდა სახელმწიფო სიმსირი, რომელიც 1396 წელს თემურლენგმა დაიპყრო.

XV საუკუნის შუა პერიოდში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დაბლობისა და მთისწინეთის დასახლებების აღდგენა დაიწყო. ამავე დროიდან ხდებოდა მთიელების გადასახლება ბარში. დასავლეთში ჩნდება ყაბარდოული ყორღანები, დაბლობზე — მთიელთა გრუნტის სამარხები. XVI საუკუნის მიწურულს ფეხი მოიკიდა დაღესტნიდან შემოსულმა მუსლიმანობამ, რომელმაც თანდათან განდევნა X საუკუნიდან საქართველოს ზეგავლენით გავრცელებული ქრისტიანობა. ისლამის მზარდ როლს ადასტურებს მუსლიმანური სამარხების საფლავის ძეგლები; მათ შორისაა ჩეჩენი შეიხების სამარხები ტერმოლში, ბეთისა და ბერსაში.

XVI-XVIII საუკუნეებში ვაინახებმა დაიკავეს თანამედროვე ჩეჩნეთის ცენტრალური და სამხრეთი ტერიტორიები, რომლებიც ჩრდილოეთით მდინარე თერგის შუა წელამდე ვრცელდებოდა. XVI საუკუნის II ნახევარში რეგიონის ტერიტორიაზე დადასტურებულია ცალკეული გაერთიანებების არსებობა, რომლებსაც XVI-XVII საუკუნეების რუსულენოვან დოკუმენტებში „მიწებს“, მოგვიანებით — „თემებს“ უწოდებდნენ. ამ წარმონაქმნებში ძალაუფლება, როგორც წესი, არჩევითი იყო. ამავდროულად, არსებობდა მემკვიდრეობითი სამფლობელოებიც (ულუსები, იურტები) — ოკოცის, გეხინის, ჩეჩნეთის, კაჩკალიკის, ყარაბულაკის, ალდის და სხვ. ჩეჩნური მონაპირე თემებისა და დასახლებების ნაწილი XVI-XVIII საუკუნეების განმავლობაში ტარკის საშამხლოს, ავარიის სახანოს, ენდერის სამფლობელოს და მცირე ყაბარდოს შემადგენლობაში შედიოდა. 1567 წელს ვაინახთა სამოსახლო ტერიტორიის საზღვარზე რუსებმა ციხესიმაგრე თერგი ააგეს, რასაც რუსეთის სახელმწიფოსა და ჩეჩნებს, კერძოდ, ოკოცის სამფლობელოს შორის პოლიტიკური ურთიერთოებების დამყარება მოჰყვა. 1588 წელს მოსკოვში პირველი ჩეჩნური ელჩობა ჩავიდა ბატაის ხელმძღვანელობით. XVI საუკუნეში რეგიონში ე.წ. გრებენის კაზაკები გამოჩნდნენ; 1712 წლისთვის თერგის მარცხენა ნაპირზე მათი 5 მსხვილი დასახლება (სტანცია) არსებობდა.

ბრძოლა რუსეთის იმპერიასთან

შამილის დანებება 1859 წელს. მხატვარი ალექსეი კივშენკო, 1880.

XVII საუკუნის შუა ხანებში ჩეჩნური ტომების გამაერთიანებელი ცენტრი მდინარე არღუნის ქვედა და მდინარე სუნჯის შუა წელის დაბლობებში მდებარე აულები გახდა. XVIII საუკუნეში ვაინახების თავისუფალი თემებიდან უდიდესი იყო ნახჩ-მოხკი („მიჩკიზის საზოგადოება“, აერთიანებდა 36 აულს), ხოლო სამფლობელოებს შორის — ჩეჩნეთის (აერთიანებდა 10-მდე სოფელს). სოფლებს უხუცესები მართავდნენ ყადის თანამონაწილეობით. XVIII საუკუნეში ჩეჩნების საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ერთი მხრივ, ოსმალეთის იმპერიასა და ყირიმის სახანოს, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის იმპერიას შორის მერყეობდა. რუსეთის ექსპანსიის წინააღმდეგ ჩეჩნები არაერთხელ იარაღით ხელში გამოვიდნენ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეიხ მანსურის ბელადობით ჩეჩენთა გამოსვლა 1785-1787 წლებში, რასაც ჩეჩნეთის ტერიტორიის სიღრმეში რუსეთის ჯარების სამხედრო ექსპედიცია მოჰყვა.

რუსეთის იმპერიის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს ანექსიის (1801) შემდეგ თანამედროვე ჩეჩნეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთის კონტროლს მიღმა დარჩენილ ანკლავს წარმოადგენდა. კავკასიაში ალექსი ერმოლოვის მმართველობის პერიოდში (1816-1827) რუსები რეგიონში უფრო გააქტიურდნენ. ერმოლოვის ინიციატივით აშენდა არაერთი რუსული გამაგრებული პუნქტი, მათ შორის, პრეგრადნი-სტანი სუნჯაზე და გროზნაია (1818), დაიწყეს რუსეთის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ფრონტალური წინსვლისა და მყარად დამკვიდრების ტაქტიკის გამოყენება. ერმოლოვის სახელს უკავშირდება კავკასიის ომის სახელით ცნობილი კონფლიქტის ყველაზე აქტიური პერიოდის (1817-1864) დასაწყისი. ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო კოლონიზაციის გაძლიერებამ გამოიწვია მთიელთა მოძრაობა ყაზი-მუჰამადის, ჰამზათ-ბეგისა და შამილის წინამძღოლობით. 1830-იანი წლებიდან შამილის კაპიტულაციამდე (1859) თანამედროვე ჩეჩნეთის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი კავკასიის იმამატის შემადგენლობაში შედიოდა. შამილის დამარცხების შემდეგ ჩეჩნეთი საბოლოოდ და მთლიანად დაემორჩილა რუსეთის იმპერიას. 1860 წლიდან მისი ტერიტორია თერგის ოლქში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის დროს ალიბეკ-ხაჯი ალდამოვის წინამძღოლობით ჩეჩნეთში იფეთქა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართულმა აჯანყებამ, რომელიც 1878 წლის ნოემბრისთვის ჩაახშეს. XIX საუკუნის ბოლოს ჩეჩნეთში გაჩნდა სამრწეველო სავაჭრო ბურჟუაზია, გაიყვანეს რკინიგზა, დაჩქარდა ნავთობის მოპოვება გროზნოში, განვითარდა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება ახშობდა უკმაყოფილების ყველა გამოვლინებას. 1911 წელს თერგის ოლქიდან გადაასახლეს 30-ზე მეტი გავლენიანი რელიგიური მოღვაწე, მათ შორის, შეიხები: ბარატ-გირეი მიტაევი, აზიზ შაპტუკაევი, სუფაიპ-მულა.

რევოლუცია და საბჭოთა პერიოდი

ტრადიციული კოშკი ჩეჩნურ აულში. სოფ. ჩანტა, ჩეჩნეთი.

რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, იმავე წლის ნოემბერში, ვედენოსა და გროზნოს ოკრუგები ტაპა ჩერმოევის ლიდერობით შექმნილ მთიელთა რესპუბლიკაში გაერთიანდა, ხოლო სუნჯის განყოფილება თერგის მხარეს შეუერთდა. 1917 წლის ნოემბერში და 1918 წლის იანვარში ჩეჩნეთის უმეტეს ტერიტორიაზე მარცხით დასრულდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ცდა. ნაწილობრივ წარმატებას ბოლშევიკებმა ჩეჩნეთის დაბლობსა და ქალაქ გროზნოში მიაღწიეს. 1917 წლის 1 დეკემბერს მთიელთა რესპუბლიკამ და თერგის მხარის საჯარისო მთავრობამ თერგ-დაღესტნის კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბეს. ჩეჩნეთის მთიანეთში 1917-1920 წლებში წამყვან როლს პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწეები – ნაჯმუდინ გოცინსკი და უზუნ-ხაჯი თამაშობდნენ. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ჩეჩნეთის ნაწილი 1918 წლის მარტში საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში გამოცხადებულ თერგის საბჭოთა რესპუბლიკას, 1918 წლის ივლისში კი ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკას შეუერთდა. 1920 წლის მარტის ბოლოს ჩეჩნეთის მთელი ტერიტორია წითელი არმიის კონტროლს დაექვემდებარა. 1920 წლის 17 ნოემბერს გამოცხადდა მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაშიც შეიქმნა ჩეჩნეთის ოკრუგი. 1922 წლის 22 ნოემბერს ეს უკანასკნელი ცალკე გამოიყო ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის სახით. 1924-1934 წლებში ის ჩრდილოეთ კავკასიის მხარეში შედიოდა. 1929 წელს ჩეჩნეთის ავტონომიურ ოლქს შეუერთდა სუჯის ოლქის დიდი ნაწილი და მანამდე განსაკუთრებული სტატუსის მქონე ქალაქი გროზნო. 1920-1939 წლებში ჩეჩნეთის სხვადასხვა მხარეში მოხდა არაერთი შეიარაღებული გამოსვლა საბჭოთა ხელისუფლების და ძალდატანებითი კოლექტივიზაციის წინააღმდეგ. 1934 წლის 15 იანვარს ჩეჩნეთის და ინგუშეთის ავტონომიური ოლქები გაერთიანდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ ოლქად, რომელიც 1936 წლამდე შედიოდა ჩრდილოეთ კავკასიის მხარეში. საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად (ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ) გარდაიქმნა (დედაქალაქი – გროზნო).

II მსოფლიო ომის დროს, გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დაწყების შემდეგ, 1941 წლის ოქტომბერში ჩეჩნეთის მთიანეთში ხასან ისრაილოვისა და მაირბეკ შერიპოვის ხელმძღვანელობით ანტისაბჭოთა აჯანყებამ იფეთქა. საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 იანვრის დადგენილებით ჩეჩნებსა და ინგუშებს სამშობლოდან ტოტალური დეპორტაცია მიუსაჯეს. გადაწყვეტილება სისრულეში იქნა მოყვანილი 1944 წლის 23 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ლავრენტი ბერიას პირადი მეთვალყურეობით. იმავე წლის 7 მარტს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულებით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ გაუქმნდა. მისი ტერიტორიის დიდ ნაწილში შეიქმნა გროზნოს ოკრუგი (შედიოდა სტავროპოლის ოლქში; 1944 წლის 22 მარტიდან — გროზნოს ოლქი), 4 სხვა რაიონი მთლიანად და 3 ნაწილობრივ გადაეცა დაღესტნის ასსრ-ს, ხოლო ითუმ-ყალეს რაიონი — საქართველოს სსრ-ს (1943-1955 წლებში ეწოდებოდა ახალხევის რაიონი).

იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ მოხდა ჩეჩნების რეაბილიტაცია, რაც სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 16 ივლისის განკარგულებით დაიწყო, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან დეპორტირებულ ხალხებს „სპეციალური განსახლებით“ დაწესებულ შეზღუდვას უხსნიდა, თუმცა ადრინდელ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებას უკრძალავდა. 1956 წლის 24 ნოემბერს განკარგულებით აღდგა ჩრდილოეთ კავკასიის გაუქმებული ნაციონალური ავტონომიები, ხოლო 1957 წლის 9 იანვარს — ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ (რამდენადმე შეცვლილი საზღვრებით). საბოლოოდ, ჩეჩნებს და ინგუშებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცათ. გადასახლებულების სტიქიურ დაბრუნებას 1958 წლის 25-26 აგვისტოს გროზნოში მასობრივი არეულობა მოჰყვა, რომლის დროსაც ქალაქის რუსმა და რუსულენოვანმა მოსახლეობამ დაიკავა საზოგადოებრივი შენობები და ჩეჩნებისთვის სამშობლოში დაბრუნების აკრძალვა მოითხოვა.

ეროვნული მოძრაობა და კრიზისი

ჯოხარ დუდაევი

1980-იანი წლების ბოლოს ჩეჩნეთში გაძლიერდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. 1990 წლის 27 ნოემბერს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. 1991 წლის 8 ივნისს ჩეჩენი ხალხის საერთო-სახალხო კონგრესმა (აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე — გენერალ-მაიორი ჯოხარ დუდაევი) მიიღო ჩეჩნეთ-ინგუშეთის უმაღლესი საბჭოს გადაყენებისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის გამოცხადების გადაწყვეტილება. მოვლენები მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ („აგვისტოს პუტჩი“) დააჩქარა. იმავე წლის 6 სექტემბერს გროზნოში ჩეჩენთა კონგრესის შეიარაღებულმა მომხრეებმა უმაღლესი საბჭოს შენობა დაიკავეს. 1991 წლის 27 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები. პრეზიდენტად აირჩიეს ჯოხარ დუდაევი, რომელმაც პრიორიტეტად რუსეთისგან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სრული გამოყოფა და დამოუკიდებელი სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობა დაისახა. 1991 წლის 1 ნოემბერს მან ხელი მოაწერა განკარგულებას „ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“. მომდევნო დღეს რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობამ ჩეჩნეთის არჩევნების შედეგები უკანონოდ გამოაცხადა. 7 ნოემბერს პრეზიდენტმა ბორის ელცინმა გამოსცა განკარგულება ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომელიც რუსეთის სფსრ უმაღლესმა საბჭომ არ დაამტკიცა. ინგუშეთმა დუდაევის ხელისუფლება არ სცნო. 1992 წლის 4 ივნისს რუსეთის ფედერაციის შესაბამისი კანონით ინგუშეთი ცალკე რესპუბლიკად გამოიყო, ხოლო ჩეჩნეთის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა კრიზისული სიტუაციის დარეგულირებამდე გადაიდო.

ამ დროისათვის ჩეჩნეთში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. 1992 წლის 2 მარტს ჩეჩნეთის პარლამენტმა მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის მიხედვით ჩეჩნეთი ცხადდებოდა „ჩეჩენი ხალხის თვითგამორკვევის საფუძველზე შექმნილ სუვერენულ დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოდ“. ჩეჩნების ხელში აღმოჩნდა რეგიონიდან საბჭოთა არმიის ნაწილების გაყვანის შემდეგ დარჩენილი დიდი რაოდენობით შეიარაღება. შეიქმნა ერთმანეთთან დაპირისპირებული სხვადასხვა ჩეჩნური სამხედრო და პოლიტიკური დაჯგუფება. ე. წ. ჩეჩნური ბატალიონი მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ. დუდაევის მთავრობამ თავშესაფარი მისცა სამხედრო გადატრიალების შედეგად საქართველოდან განდევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას.

1992 წლის 21 მარტს წარუმატებლად დამთავრდა დუდაევის მოწინააღმდეგე ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფების მიერ გროზნოში ხელისუფლების ჩაგდების მცდელობა. 7 ივნისს ჩეჩნეთი დატოვა უკანასკნელმა რუსულმა ქვედანაყოფმა — გროზნოს გარნიზონმა. 1993 წლის აპრილში ჩეჩნეთში ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლოს შტოებს შორის კონსტიტუციური კრიზისი დუდაევის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის ქუჩის დაპირისპირებაში გადაიზარდა. 1993 წლის 4 ივნისს დუდაევის მომხრეებმა შამილ ბასაევის მეთაურობით დაიკავეს გროზნოს სახელმწიფო შენობები და განდევნეს პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო და გროზნოს ქალაქის საბჭო.

1994 წლის 14 იანვარს ჩეჩნეთის რესპუბლიკას (ნოხჩი-ჩო) გადაერქვა სახელი და ეწოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია. თებერვლიდან დუდაევის ხელისუფლებაზე შეირაღებული ოპოზიციის თავდასხმებმა უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. შეტაკებები ხდებოდა ურუს-მარტანში, არღუნსა და გროზნოში. 11 აგვისტოს მთავრობამ ჩეჩნეთში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო და მობილიზაცია გამოაცხადა. სექტემბერში დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციური „ჩეჩნეთის დროებითი საბჭოს“ ფორმირებებს შორის. ამ უკანასკნელთ ზურგს უმაგრებდნენ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები. 26 ნოემბერს ოპოზიციის ძალებმა რუსი სამხედროების მონაწილეობით იერიში მიიტანეს გროზნოზე, მაგრამ დამარცხდნენ. ამის შემდეგ, 1994 წლის 29 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭომ მიიღო ჩეჩნეთში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება. მომდევნო დღეს პრეზიდენტმა ელცინმა ხელი მოაწერა საიდუმლო განკარგულებას „ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კონსტიტუციური კანონიერებისა და წესრიგის აღდგენის მიზნით ღონისძიებების შესახებ“.

ჩეჩნეთის პირველი ომი

რუსული „მი-8“ ვერტმფრენის ჩამოგდება ჩეჩნების მიერ გროზნოსთან 1994 წლის დეკემბერში (ფოტო მიხაილ ევსტაფიევისა).

1994 წლის 1 დეკემბერს, გამთენიისას, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაიწყეს იერიში ჩეჩნეთის ქალაქების და სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, 11 დეკემბერს კი რუსეთის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება სამი მხრიდან შეიჭრა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. დაიწყო ჩეჩნეთის პირველი ომი. 1994 წლის 31 დეკემბრიდან 1995 წლის 6 მარტამდე გროზნოს ქუჩებში მძიმე ბრძოლების შემდეგ ჩეჩნების ძალები იძულებული გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ. 1995 წლის აპრილის ბოლოსთვის რუსეთის არმიამ ჩეჩნეთის ბარის უმეტესი ნაწილი დაიკავა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების რამდენიმეთვიანი შეჩერების შემდეგ, 1995 წლის 12 მაისს ფედერალურმა ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა ჩეჩნეთის მთიან რაიონებში. ჩეჩნების წინააღმდეგობა არ შეწყვეტილა, გახშირდა დივერსიული და ტერორისტული თავდასხმები რუსი სამხედროებისა და რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ჩეჩნების წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლებამ 16-17 დეკემბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნები ჩაატარა და უზრუნველყო მასში დოკუ ზავგაევის გამარჯვება.

1996 წლის 6 მარტს ჩეჩენი მებრძოლები გროზნოში შეიჭრნენ, სამდღიანი ბრძოლების შემდეგ ქალაქი დატოვეს და თან წაიღეს საბრძოლო და სამედიცინო მარაგების ნაწილი. 21 აპრილს რუსეთის ავიაციის თავდასხმას ემსხვერპლა ჯოხარ დუდაევი. იჩქერიის თავდაცვის საბჭომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ზელიმხან იანდარბიევი დანიშნა. ომის გახანგრძლივებამ აიძულა რუსეთის ხელისუფლება ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებთან მოლაპარაკებები დაეწყო. 27 მაისს მოსკოვში ბორის ელცინმა და ზელიმხან იანდარბიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და 9 ივლისს რუსეთის არმიამ საომარი მოქმედებები განაახლა. 6 აგვისტოს ჩეჩნების რაზმებმა გროზნოში შეაღწიეს და რუსული ნაწილები ალყაში მოაქციეს. მნიშვნელოვანი რიცხობრივი და ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად რუსებმა ქალაქის შენარჩუნება ვერ შეძლეს. იმავე დღეს ჩეჩნებმა დაიკავეს არღუნი და გუდერმესი. 31 აგვისტოს ხასავიურტში იჩქერიის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსმა ასლან მასხადოვმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლებედმა ხელი მოაწერეს დაზავების შეთანხმებას, რომლითაც დასრულდა ჩეჩნეთის პირველი ომი. ფედერალურმა ჯარებმა ჩეჩნეთი დატოვეს. რესპუბლიკის სტატუსის საკითხის გადაწყვეტა 2001 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა.

კრიზისი ომებს შორის

დუდაევის დაღუპვისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ჩეჩნეთში ისლამური ექსტრემიზმის აღმავლობა აღინიშნა. დამოუკიდებელი სეკულარული რესპუბლიკისთვის მოძრაობა თანდათან ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნის იდეამ ჩაანაცვლა. განსაკუთრებით გაძლიერდა სუნიტური ისლამის რადიკალური მოძღვრების – ვაჰაბიზმის პოზიციები. ჩეჩნეთის სხვადასხვა რაიონებში შეიქმნა შარიათის სასამართლოები, ჩამოყალიბდა შარიათის გვარდია, ისლამისტი მებრძოლების საწვრთნელი ბანაკები. ქვეყანაში გააქტიურდნენ კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც გავლენისა და რესურსებისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ. შეიცვალა რესპუბლიკის დემოგრაფიული მდგომარეობაც. ჩეჩნეთი რუსული და რუსულენოვანი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა.

1997 წლის 27 იანვარს ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმათა 51,1 %-ით ასლან მასხადოვმა გაიმარჯვა. ახალი მთავრობა შეეცადა მიეღწია თანხმობას რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში დამკვიდრებულ საველე მეთაურებთან და 1998 წელს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად შამილ ბასაევი დანიშნა. სხვა სამხედრო ლიდერები ცენტრალურ ხელისუფლებასთან აშკარა დაპირსიპირების გზას დაადგნენ. 1998 წლის 20-21 ივნისს სალმან რადუევის დაჯგუფებამ გროზნოში სამთავრობო ტელევიზიისა და მერიის შენობის აღება სცადა. ივლისში სამთავრობო ეროვნული გვარდიასა და ისლამური დაჯგუფებებს შორის კიდევ რამდენიმე შეტაკება მოხდა, განსაკუთრებით, ქალაქ გუდერმესში. 20 ივლისს პრეზიდენტმა მასხადოვმა ორი დიდი დაჯგუფება – „შარიათის გვარდია“ და „ისლამური პოლკი“ დაშლილად გამოაცხადა, სექტემბერში კი მასთან დაპირისპირებული ბასაევი გადააყენა. საბოლოოდ, რესპუბლიკის რაიონების უმეტეს ნაწილზე მასხადოვის მთავრობამ კონტროლი ფაქტობრივად დაკარგა. ის მყარად მხოლოდ გროზნოს აკონტროლებდა. 1999 წლის 3 თებერვალს მასხადოვმა ჩეჩნეთში „შარიათის მმართველობა“ გამოაცხადა, პარლამენტს საკანონმდებლო უფლება ჩამოართვა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდ ისლამური საბჭო – შურა გამოაცხადა. ამის საპასუხოდ ბასაევმა ე.წ. ოპოზიციური შურა შექმნა.

ამავდროულად, დაიძაბა მდგომარეობა ჩეჩენთ-დაღესტნის საზღვარზე, სადაც დაღესტნელი ვაჰაბიტები მოქმედებდნენ რადიკალი ჩეჩენი საველე მეთაურების მხარდაჭერით. 1999 წლის 7 აგვისტოს ჩეჩნურ-დაღესტნური დაჯგუფება ბასაევისა და არაბი მებრძოლის, ხაბაბის მეთაურობით ჩეჩნეთის ტერიტორიიდან დაღესტანში შეიჭრა. მასხადოვმა ჩეჩნეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დაღესტანში კრიზისის შექმნაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.

ჩეჩნეთის მეორე ომი

განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკა ჟანი-ვედენოსთან 2000 წლის მარტში.

დაღესტნის მოვლენები რუსეთის მთავრობამ ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით ჩეჩნეთში საკუთარი კონტროლის აღდგენის საბაბად გამოიყენა. მან მასხადოვის მთავრობა არაქმედითად გამოაცხადა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები დაიწყო. 1999 წლის 18 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩეჩნეთთან საზღვრის პერიმეტრი სხვადასხვა მხრიდან ბლოკადაში მოაქციეს, ავიაციამ კი რესპუბლიკის ტერიტორიის შეუჩერებელი დაბომბვა დაიწყო. 30 სექტემბერს რუსეთის არმიის ჯავშანსატონკო შენაერთები სტავროპოლისა და დაღესტნის მხრიდან ჩეჩნეთში შეიჭრნენ. ნოემბერში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს სტრატეგიული ტერის ქედი და ქალაქი გუდერმესი, დეკემბრისთვის კი – დაბლობის უმეტესი ნაწილი. 14 დეკებერს რუსებმა გროზნოს აღმოსავლეთ მისადგომებთან მდებარე დასახლება – ხანკალუ აიღეს, 26 დეკემბერს კი ქალაქი სრულ ალყაში მოაქციეს. 2000 წლის 6 თებერვალს, მძიმე ბრძოლების შემდეგ, ნანგრევებად ქცეული გროზნო დაეცა. 29 თებერვალს რუსეთის არმიამ ჩეჩნეთის ეროვნული გვარდიის უკანასკნელი მსხვილი დასაყრდენი – სოფელი შატოი იერიშით აიღო. ალყიდან თავის დაღწევა შეძლო ჩეჩნების მხოლოდ ორმა შედარებით დიდმა ჯგუფმა რუსლან გელაევისა და ხატაბის მეთაურობით. მარტის ბოლოსთვის ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციები დასრულდა. ჩეჩნურმა დაჯგუფებებმა ფედერალური ძალებისა და რუსეთისადმი ლოიალური ჩეჩნების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა გააჩაღეს, რომელსაც შეტევითი ოპერაციები ენაცვლებოდა. სხვადასხვა დროს შეტაკებებში დაიღუპა ჩეჩენი სამხედრო ლიდერების უმეტესობა. რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად ჩეჩნეთში შემოღებული „კონტრტერორისტული რეჟიმი“ მხოლოდ 2009 წლის 15 აპრილს მოხსნა.

ჩეჩნეთის მეორე ომმა საერთო ჯამში 80 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თითქმის მთლიანად განადგურდა რესპუბლიკის ინფრასტრუქტურა, დევნილად იქცა ათასობით ადამიანი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე, პანკისის ხეობაში, რამაც ამ მხარეში კრიზისული მდგომარეობა შექმნა.

რუსეთის კონტროლის აღდგენა

რამზან კადიროვი 2018 წელს.

2000 წლის 12 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დროებითი ადმინისტრაცია პრორუსულად განწყობილი მუფთის, აჰმად კადიროვის ხელმძღვანელობით. 2003 წელს მიიღეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია, რომლითაც ქვეყანა რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გამოცხადდა. კონსტიტუციის პროექტი ჯერ კიდევ დაუსრულებელი ომის პირობებში, 2003 წლის 23 მარტს რეფერენდუმზე გაიტანეს. ოფიციალური მონაცემებით, მას მოსახლეობის 95,97 %-მა დაუჭირა მხარი. იმავე წელს კადიროვი პრეზიდენტად აირჩიეს. 9 მაისს ის გროზნოში მოწყობილ ტერორისტულ თავდასხმას ემსხვერპლა. რესპუბლიკის ახალი ხელმძღვანელი ალი ალხანოვი გახდა, 2007 წელს მისი გადადგომის შემდეგ კი ახმატ კადიროვის შვილი – რამზან კადიროვი.

რამზან კადიროვი პუტინის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზას დაადგა და რეგიონის მართვის საკითხებში მნიშვნელოვანი ავტონომია მიიღო. ფედერალური რესურსების მიზიდვით აღდგა ქალაქი გროზნო და ჩეჩნეთის სხვა დასახლებები. 2009 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა შეიარაღებული შეტაკებები, გაუმჯობესდა ოფიციალური ეკონომიკური მაჩვენებლები. ამავდროულად, ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, აქტივისტები და ჩეჩენი ემიგრანტები კადიროვს ადანაშაულებენ განსხვავებული აზრის სასტიკ დევნაში, პოლიტიკური ოპონენტების და კრიტიკოსების განადგურებაში, ათასობით ადამიანის გაუჩინარებაში, წამებასა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაში.

ლიტერატურა

  • ჩეჩნეთი 1816-1819 წლებში : მსოფლიო ისტორია / ზაურ გუმაშვილი // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები / ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. - თბილისი, 2008. - ISSN 1512-3154. - ტ. II(4). - გვ.254-258;
  • ჩეჩნეთი - თვითმკვლელების ომი / ასია რამაზანოვა // ლიბერალი. - თბილისი, 2009. - ISSN 1987-7528. - 30 სექტემბერი-13 ოქტომბერი. - N9. - გვ.38-39;
  • ჩეჩნეთის ისლამიზაცია : ჩრდილოეთი კავკასია / ასია რამაზანოვა // ლიბერალი. - თბილისი, 2009. - ISSN 1987-7528. - 12-აგვისტო-15 სექტემბერი. - N7. - გვ.38-39;
  • Bennigsen-Broxup, Marie. The North Caucasus Barrier: The Russian Advance Towards the Muslim World. 1992. ISBN 1-85065-069-1;
  • Dunlop, John B. Russia Confronts Chechnya: Roots of a Separatist Conflict. 1998. ISBN 0-521-63619-1;
  • Gall, Carlotta, and de Waal, Thomas Chechnya: Calamity in the Caucasus. 1999. ISBN 0-8147-3132-5;
  • Murphy, Paul J. The Wolves of Islam: Russia and the Faces of Chechen Terror. 2004. ISBN 1-57488-830-7;
  • Politkovskaya, Anna. A Small Corner of Hell: Dispatches from Chechnya. 2007. ISBN 0-226-67432-0;
  • Chechnya: The Inner Abroad. International Crisis Group Europe Report N°236. 2015.

რესურსები ინტერნეტში