სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 198: ხაზი 198:
* [http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000313/disertacia.pdf არჩილ ჩაჩხიანი. ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი)]
* [http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000313/disertacia.pdf არჩილ ჩაჩხიანი. ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი)]
* [http://www.nplg.gov.ge/caucasia/Messenger/Geor/N13/SUMMARY/12.HTM არჩილ ჩაჩხიანი. სადახლოს ბრძოლის ტაქტიკური ასპექტები სომხეთ-საქართველოს ომში]
* [http://www.nplg.gov.ge/caucasia/Messenger/Geor/N13/SUMMARY/12.HTM არჩილ ჩაჩხიანი. სადახლოს ბრძოლის ტაქტიკური ასპექტები სომხეთ-საქართველოს ომში]
* [http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/Armeno_Georgian_War18_E.html Andrew Andersen, Georg Egge. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial issue in the XX century]
* [http://elibrary.bsu.az/books_460/N_429.pdf Фируз Каземзаде. БОРЬБА ЗА ЗАКАВКАЗЬЕ (1917–1921)]
* [http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/140424/1/Chemi_Misia_Kavkasiashi.pdf ბარონი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი. ჩემი მისია კავკასიაში]
* [http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/140424/1/Chemi_Misia_Kavkasiashi.pdf ბარონი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი. ჩემი მისია კავკასიაში]
* [http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/chamosaxlebebi_qvemoqartlshi.html ზ.გიგაური, დ.ბეჟუაშვილი. ჩამოსახლებები ქვემო ქართლში]
* [http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/chamosaxlebebi_qvemoqartlshi.html ზ.გიგაური, დ.ბეჟუაშვილი. ჩამოსახლებები ქვემო ქართლში]
ხაზი 213: ხაზი 211:
* [http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?a=d&cl=CL1.32&d=HASH0141a49d695b1b00adf0e9b0.9&e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00 საქართველოს რუსები]
* [http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?a=d&cl=CL1.32&d=HASH0141a49d695b1b00adf0e9b0.9&e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00 საქართველოს რუსები]
* [http://dzeglebi.ge/statiebi/istoria/saqartveloshi_mcxovrebi_germanelebi.html ავთანდილ სონღულაშვილი. საქართველოში მცხოვრები გერმანელების სამეურნეო ყოფა და ტრადიციები]
* [http://dzeglebi.ge/statiebi/istoria/saqartveloshi_mcxovrebi_germanelebi.html ავთანდილ სონღულაშვილი. საქართველოში მცხოვრები გერმანელების სამეურნეო ყოფა და ტრადიციები]
* [http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/Armeno_Georgian_War18_E.html Andrew Andersen, Georg Egge. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial issue in the XX century]
* [http://demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=521 '''Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.''']
* [http://elibrary.bsu.az/books_460/N_429.pdf Фируз Каземзаде. БОРЬБА ЗА ЗАКАВКАЗЬЕ (1917–1921)]
* [http://demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=521 Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.]


== სქოლიო ==
== სქოლიო ==

13:34, 5 ოქტომბერი 2018-ის ვერსია

სომხეთ-საქართველოს ომი
თარიღი 5 დეკემბერი, 191831 დეკემბერი, 1918
მდებარეობა ლორე, ქვემო ქართლი, ჯავახეთი
შედეგი საქართველოს გამარჯვება სამხედრო თვალსაზრისით.
ტერიტორიული
ცვლილებები


მხარეები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სომხეთის რესპუბლიკა
მეთაურები
ნოე ჟორდანია
გრიგოლ გიორგაძე
ალექსანდრე გედევანიშვილი
გიორგი მაზნიაშვილი
გიორგი სუმბათაშვილი
გიორგი კვინიტაძე
სტეფანე ახმეტელაშვილი
არტემ ჯიჯიხია
აბელ მაყაშვილი
გიორგი წულუკიძე
ვალერიან ჯუღელი
ჰოვანეს კაჯაზნუნი
ჰოვანეს ახვერდიანი
თოვმას ნაზარბეკიანი
დრასტამატ კანაიანი
მოვსეს სილიკიანი
ალექსანდრ შნეური
ალექსანდრ კოროლკოვი
არტემი ტერ-ნიკოღოსიანი
დმიტრი ნესტეროვსკი
გევორქ მირიმანიანი
ძალები
ბორჩალოს მაზრაში

საწყის ეტაპზე 500-850 სამხედრო.
სულ 11 000-12 000 სამხედრო და მოხალისე.[1]
ახალქალაქის მაზრაში
6 400 სამხედრო და მოხალისე.[2]

ბორჩალოს მაზრაში

საწყის ეტაპზე 6 500-7 000 სამხედრო და მოხალისე.
სულ 10 500-11 000 სამხედრო და მოხალისე.[3]
ახალქალაქის მაზრაში
1 000 სამხედრო და მოხალისე.[4]

დანაკარგები
600-700 დაღუპული
1500-1600 დაჭრილი და დაავადმყოფებული
300-350 დატყვევებული[5]
600-800 დაღუპული
ათასზე მეტი დაჭრილი და დაავადმყოფებული
300-400 დატყვევებული

სომხეთ-საქართველოს ომი — შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1918 წლის დეკემბერში, საქართველოს თავდაცვითი ომი სომხეთის წინააღმდეგ. საბრძოლო მოქმედებები ლორესა და ჯავახეთში დაიწყო სომხეთის არმიისა და შეიარაღებული სომხური რაზმების თავდასხმით ქართულ სასაზღვრო ნაწილებზე 5 დეკემბერს; დასრულდა მათი დამარცხებით შულავერის ბრძოლაში 29 დეკემბერს და დაზავების შეთანხმებით 31 დეკემბერს.

წინაპირობები

ეთნიკური პროცესები XIX-XX საუკუნეების საქართველოში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სომხეთის რესპუბლიკას გაუჩნდა ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოსთან. პრეტენზიის მიზეზი სომხეთის ხელისუფლებაში მოსული ულტრანაციონალისტური პარტია დაშნაკცუთიუნის ლიდერების პოლიტიკური შეხედულებები გახდა. მათი მოსაზრებით სამხრეთ კავკასიის ყველა რეგიონი სადაც შესამჩნევი ოდენობით წარმოდგენილი იყო სომხური მოსახლეობა, მათი სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა შესულიყო. XIX-XX საუკუნეებში რუსეთის ხელისუფლების უშუალო ხელშეწყობით სპარსეთიდან და ოსმალეთიდან ათობით ათასი სომხური ოჯახი გადმოსახლდა საქართველოში. რუსეთ-ოსმალეთის და რუსეთ-სპარსეთის ყოველ ომს სომეხი ახალმოსახლეების ტალღები მოჰყვებოდა, მიგრაცია არ შეწყვეტილა მშვიდობიან პერიოდშიც. 1795-1827 წლებში ერევნის სახანოდან დაახლოებით 20 000 სომეხი გადმოსახლდა ქართლ-კახეთში[6]. 1797 წელს გულისტანიდან 400 სომხური ოჯახი გადმოსახლდა შულავერში (დღევანდელი დაბა შაუმიანი)[7], 1799 წელს ხაჩენიდან გადმოსახლებული 68 ოჯახიდან 43 სოფელ დაღეთში დამკვიდრდა, 25 სოფელ ბოლნისში[8]. 1809-1811 წლებში ქვემო ქართლში კიდევ 428 სომხური ოჯახი (2 140 ადამიანი) ჩამოსახლდა ყარაბაღის სახანოდან[9], 1820 წელს სომეხი ახალმოსახლეები დამკვიდრდნენ სოფელ სამშვილდეშიც[10]. სომხებისთვის, განსაკუთრებით ვაჭრებისა და ხელოსნებისთვის მიმზიდველი იყო თბილისი. საქართველოს დედაქალაქში, რომელიც 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ დაინგრა და როგორც ქართული ისე არაქართული მოსახლეობისგან პრაქტიკულად დაიცალა, XIX საუკუნეში ნომერ პირველ ეთნიკურ ჯგუფად ოსმალეთიდან და სპარსეთიდან გადმოსახლებული სომხები იქცნენ. ქალაქში მათი მიგრაცია რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ პრაქტიკულად მყისიერად დაიწყო, 1804 წელს დედაქალაქში 2 000 სომეხი გადმოსახლდა ერევნის სახანოდან[11], 1807-1808 წლებში მათ კიდევ 338 ოჯახი (1 906 ადამიანი) დაემატა[12], გადმოსახლება არც შემდეგ შეწყვეტილა. 1897 წელს სომხები ქალაქის მოსახლეობის 29,53% (47 133) შეადგენდნენ, ქართველები 26,44% (42 200)[13].

ბორჩალოს მაზრაში, რომელიც დღევანდელი ბოლნისის, დმანისის, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტებს ასევე სომხეთის რესპუბლიკის ლორესა და ტავუშის პროვინციების ტერიტორიის ნაწილს მოიცავდა, სომხების წილმა 1897 წელს 36,88% (47 423) მიაღწია[14], მათი უმრავლესობა მაზრის სამხრეთში, ლორეს უბანში ცხოვრობდა[15]. რუსეთის ხელისუფლება ქვემო ქართლში სომხების გარდა სხვა ერების დამკვიდრებასაც უწყობდა ხელს, XIX საუკუნეში იმპერიის ხელშეწყობით რეგიონში ათასობით ბერძენი[16], გერმანელი[17] და რუსი ახალმოსახლე დაფუძნდა. 1897 წელს ბორჩალოს მაზრის მკვიდრთა 16,64% (21 393) ბერძენი, 6,29% (8 089) რუსი და 1,94% (2 496) გერმანელი იყო[18].

რუსეთის იმპერია არ ყოფილა ერთადერთი, რომელიც ქვემო ქართლის ეთნიკური შემადგენლობის შეცვლას ცდილობდა. XVII-XVIII საუკუნეებში სპარსეთის ხელისუფლებამ რეგიონში ათასობით აზერბაიჯანული ოჯახი გადმოასახლა[19] რათა საქართველოში საიმედო დასაყრდენი შეექმნა. ამავდროულად სპარსელებთან და ოსმალებთან ხშირი ომებისა და XVIII საუკუნიდან დაღესტნელთა განუწყვეტელი, მძარცველური თავდასხმების გამო რეგიონის ქართული მოსახლეობისთვის საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობები იქმნებოდა. იმისათვის რომ გამუდმებული ომებისა და თარეშის მსხვერპლად არ ქცეულიყვნენ ქართველი გლეხები იძულებული ხდებოდნენ დაეტოვებინათ მშობლიური მხარე და საქართველოს შიდა პროვინციებში ეძებნათ თავშესაფარი[20]. ქვემო ქართლის დიდი ნაწილი მოსახლეობისგან დაიცალა, რეგიონში ქართველების რაოდენობა უკიდურესად შემცირდა. ერთი მხრივ XVI-XVIII საუკუნეებში ქვემო ქართლის პერმანენტული და დამანგრეველი ომების ასპარეზად ქცევის, ხოლო მეორე მხრივ XVII-XIX საუკუნეებში სპარსეთისა და რუსეთის იმპერიების მიერ განხორციელებული აგრესიული დემოგრაფიული პოლიტიკის გამო, ბორჩალოს მაზრაში ქართველები უმცირესობად იქცნენ. 1897 წელს მაზრის მოსახლეობის მხოლოდ 6,11% (7 863) იყო ქართველი[21]. შექმნილი დემოგრაფიული მდგომარეობა ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს ტერიტორიული პრეტენზიები გამოეცხადებინათ ამ უძველეს ქართულ მხარეზე.

ივან პასკევიჩი

XIX საუკუნეში კარდინალურად შეიცვალა სამცხისა და ჯავახეთის ეთნიკური შემადგენლობაც. მას შემდეგ რაც, 1828-1829 წლების ომში ოსმალეთი დაამარცხა, რუსეთის იმპერიამ ორივე რეგიონში მცხოვრები ათობით ათასი მუსლიმი ქართველი აიძულა გადასახლებულიყვნენ ოსმალეთში[22]. განსაკუთრებით დაზარალდა ჯავახეთი, რომელიც მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას დაატოვებინეს[23]. დაცარიელებულ ქართულ სოფლებში რუსეთის ხელისუფლების, კერძოდ კი საქართველოს მთავარმართებლის ივან პასკევიჩის გადაწყვეტილებითა და ხელშეწყობით, 7 300 სომხური ოჯახი გადმოსახლდა ერზურუმიდან (ოსმალეთი)[24]. ახალმოსულთა უმრავლესობა ჯავახეთში დამკვიდრდა[25], შედარებით მცირე ნაწილი კი სამცხესა და თრიალეთში დასახლდა[26]. 1897 წელს ახალციხის მაზრის მოსახლეობის 22% (15 144) სომხები შეადგენდნენ[27], ხოლო ახალქალაქის მაზრაში მათმა წილმა 72,26% (52 539) მიაღწია[28]. იმ დროს როდესაც ჯავახეთში ქართველების წილი 8,87%-მდე (6 451) შემცირდა[29]. რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონში სომხების გარდა რამდენიმე ასეული დუხობორების ოჯახიც გადმოასახლა[30], რომლებიც ახალქალაქის მაზრის რვა სოფელში დაფუძნდნენ. 1897 წელს რუსებმა ჯავახეთში მოსახლეობის 7,09% (5 155) შეადგინეს[31]. სომხების გადმოსახლების პროცესი მთელი ასწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა, XIX საუკუნის დასასრულს თბილისის გუბერნიაში, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა მათმა რაოდენობამ 196 189 მიაღწია[32], გუბერნიის მთლიანი მოსახლეობის 18,67%.

სომხების მიგრაციის პროცესი ნაკლები მასშტაბებით, მაგრამ ასევე შეეხო დასავლეთ საქართველოს. გადმოსახლების პროცესი გააქტიურდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, როდესაც ოსმალეთში მცხოვრებმა სომხურმა მოსახლეობამ საქართველოს შავიზღვისპირეთში დაიწყო დასახლება. 1897 წელს ქუთაისის გუბერნიაში უკვე 24 043 სომეხი ცხოვრობდა[33], გუბერნიის მთლიანი მოსახლეობის 2,27%. ახალმოსულთა მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთსა და აჭარაში დაფუძნდა, კერძოდ ბათუმის ოკრუგში 7 120[34] (8,05%), ხოლო სოხუმის ოკრუგში 6 552 (6,17%) სომეხი ცხოვრობდა[35].

მცირე ოდენობით სომხები დამკვიდრდნენ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშიც, ისტორიულ არტანში, კოლასა და ტაოში. ყარსის ოლქის არტანისა და ოლთისის ოკრუგებში მოსახლეობის 2,92% (1 918)[36] და 9,91% (3 125) სომხები შეადგენდნენ[37]. ჯამში 1897 წელს საქართველოში, რომელიც ადმინისტრაციულად ორ გუბერნიად (თბილისისა და ქუთაისის) და ორ ოკრუგად (არტანისა და ოლთისის) იყო დაყოფილი, 225 275 სომეხი ცხოვრობდა, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 10,21%.

1800 წლისთვის საქართველოში მცხოვრები სომხების რაოდენობა რამდენიმე ათას ოჯახს არ აღემატებოდა და მათი წილი ქართული სამეფო-სამთავროების მთლიან მოსახლეობაში უმნიშვნელო იყო. სომხების უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და დაბაში ცხოვრობდა, მათი საქმიანობის ძირითად სფეროს ვაჭრობა და ხელოსნობა წარმოადგენდა, ასევე იყვნენ სახელმწიფო სამსახურში და ზოგჯერ ქართველ მეფე-მთავართა დიპლომატიურ დავალებებსაც ასრულებდნენ. გვიან შუა საუკუნეებში სომხები კარგად იყვნენ ინტეგრირებული ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში. მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა XIX საუკუნიდან, როდესაც რუსეთის იმპერიამ მიზანმიმართულად დაიწყო სომხების გადმოსახლება და კომპაქტურად განსახლება საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში, რადგან მათ განიხილავდა იმპერიის მიმართ ყველაზე ლოიალურად განწყობილ ერად კავკასიაში[38]. სომხების გადმოსახლების პროცესი გაგრძელდა 1897 წლის შემდეგაც, 1902 წლამდე დამატებით 55 000 სომეხი ემიგრირდა ოსმალეთიდან საქართველოში[39], რაც იქ მიმდინარე სომხურ-მუსლიმური ხოცვა-ჟლეტვით იყო განპირობებული. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მალევე, ოსმალეთში სომხურ და მუსლიმურ მოსახლეობას შორის სისხლისმღვრელი კონფლიქტი განახლდა, რაც საბოლოო ჯამში სომხების მასობრივ ხოცვა-ჟლეტვაში და დეპორტაციაში გადაიზარდა. სიკვდილისაგან თავის დასახსნელად ასობით ათასმა სომეხმა დევნილმა რუსეთის იმპერიას შეაფარა თავი, მათი ნაწილი საქართველოში შემოვიდა, ამდენად სომხების რაოდენობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდა[40].

სომხურ-ქართული კონფლიქტის საფუძვლები

ილია ჭავჭავაძე

XIX საუკუნის დასაწყისიდან მას შემდეგ რაც, რუსეთის იმპერიამ 1801 წლიდან მოყოლებული ყველა ქართული სამეფო-სამთავროს ანექსია მოახდინა და ამავდროულად დაიწყო სომხების გადმოსახლება საქართველოში, სომხური ინტელიგენციის ნაწილს და რადიკალურად განწყობილ ნაციონალისტურ ჯგუფებს გაუჩნდათ პრეტენზია ქართულ რეგიონებზე. ამ მხარეების "სომხურობის" დასამტკიცებლად, ერთი მხრივ დაიწყეს ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება და სომხურად გამოცხადება, საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის დაკნინება, მეორე მხრივ კი გააჩაღეს ფართო პროპაგანდისტული მუშაობა რომლის მიზანი იყო, როგორც საკუთრივ სომხების ისე უცხოელების დარწმუნება, რომ ამ რეგიონებში სომხები ავტოქთონები იყვნენ და არა ახალმოსახლეები, იმის მიუხედავად რომ საქართველოში სომხების მასობრივი გადმოსახლება სულ რამდენიმე ათეული წლის დაწყებული იყო და მათი მოღვაწეობის პერიოდშიც აქტიურად გრძელდებოდა[41]. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ქერობე პატკანოვმა, გერასიმ ეზოვმა, ალექსანდრ ერიცოვმა და სხვა სომეხმა მოღვაწეებმა. გრიგორ არწრუნის რედაქტორობით გამომავალი გაზეთი "მშაკი" და სხვა სომხური გაზეთები სხვადასხვა ავტორების ანტიქართული შინაარსის სტატიებს ბეჭდავდნენ და საქართველოში ჩამოსახლებულ სომხებს შორის ქართველების მიმართ ანტაგონიზმს აღვივებდნენ, მათ პასუხი გასცეს ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა ილია ჭავჭავაძემ[42], მიხეილ თამარაშვილმა[43], დიმიტრი ბაქრაძემ[44] და სხვებმა. ამავდროულად ნაციონალისტურად და ანტიქართულად განწყობილ ჯგუფებს ჰქონდათ წარუმატებელი მცდელობა, სომხებით კომპაქტურად დასახლებული მაზრები თბილისის გუბერნიის შემადგენლობიდან გამოეყვანათ და ერევნის გუბერნიისთვის გადაეცათ. ყველაფრის მიუხედავად ქართველებისა და სომხების უმრავლესობას შორის მშვიდი და კეთილმეზობლური ურთიერთობა მაინც შენარჩუნდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ვითარება ამიერკავკასიაში

ფაილი:AkakiChkhenkeli.jpg
აკაკი ჩხენკელი

პირველ მსოფლიო ომში რუსეთის იმპერიის დამარცხების, ბოლშევიკური გადატრიალებისა და რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ერებმა 1918 წელს სცადეს შეექმნათ ერთობლივი ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა[45]. ახლადშექმნილი სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა აკაკი ჩხენკელმა დაიკავა. თუმცა რესპუბლიკა ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არსებული განსხვავებული საგარეო პოლიტიკური შეხედულებების გამო სიცოცხლისუუნარო აღმოჩნდა[46]. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა[47], ორი დღის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა სომხეთმაც[48]. 1918 წლის გაზაფხულზე წამოწყებული ოსმალეთის სამხედრო კამპანიის შედეგად როგორც საქართველომ ისე სომხეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი განიცადეს, კერძოდ ოსმალეთმა 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულებით, საქართველოს ჩამოაჭრა ბათუმის ოლქი, არტანისა და ოლთისის ოკრუგები, ახალქალაქის მაზრა და ახალციხის მაზრის დიდი ნაწილი[49]. დამოუკიდებელ საქართველოს მხარდამჭერად გერმანიის იმპერია მოევლინა[50], რომელმაც ახლადშექმნილ რესპუბლიკას მნიშვნელოვანი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინა[51]. სომხეთის რესპუბლიკა კი 4 ივნისის საზავო ხელშეკრულებით კარგავდა საერთო საზღვარს საქართველოსთან და მის შემადგენლობაში მხოლოდ ერევნის გუბერნიის მცირე ნაწილი რჩებოდა[52].

ბათუმის საზავო ხელშეკრულებით ოკუპირებული ტერიტორიის გარდა ოსმალეთმა საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვა დროებით დაეთმო მისთვის ბორჩალოს მაზრის ლორეს უბანი იმ მიზნით რომ დაუბრკოლებელი და უშუალო კავშირი დაემყარებინა აზერბაიჯანთან[53]. 1918 წლის ივნისში მომხდარი შეტაკებებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, ოსმალეთის არმიამ დაიკავა მდ.კამენკის (დღევანდელი მდ.ძორაგეტი) მარჯვენა სანაპირო ხაზი, კერძოდ სოფლები: ნოვო-პოკროვკა, ჯელალ–ოღლი (დღევანდელი ქალაქი სტეფანავანი), ნიკოლაევკა, გერგერი, ვარდაბლური, კურთანი, დარაქენდი და შემდეგ ხაზი ყოფილი ამიერკავკასიის რკინიგზების ალექსანდროვკის მონაკვეთის 117-ე ვერსის ხიდიდან სადგურებს ქობერსა და კალაგერანს შორის, სოფელ მარცამდე და ლორუტამდე[54]. ლორეს მონაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილის შენარჩუნება საქართველომ შეძლო გერმანიისა და საქართველოს სამხედრო ნაწილების ერთობლივი მოქმედებით, რის შედეგადაც ოსმალთა მცდელობა დაეკავებინათ მეტი ტერიტორია აღიკვეთა მდ.კამენკასთან და ქვემო ქართლში მომხდარი შეტაკებების შემდეგ[55]. ქართული და გერმანული ნაწილები ახალ თავდაცვით ხაზზე განლაგდნენ, რომლის მდებარეობა იყო სოფლები: ვორონცოვკა (დღევანდელი ქალაქი ტაშირი), ალექსანდროვკა, აიდარბეგი, მღართი, ქობერის გასაყარი, ქარინჯი და წათერი[56]. ამიერკავკასიაში გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური მისიის მეთაური, გენერალი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი ამ შეტაკებების შესახებ წერდა: "ჩვენი მეგობრობა ქართველებთან გერმანული სისხლით განმტკიცდა."[57].

ოქტომბრის შეტაკებები

ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი

ვითარება შეიცვალა 1918 წლის შემოდგომაზე, ნათელი გახდა რომ გერმანია და მისი მოკავშირე ოსმალეთი მარცხდებოდნენ, ოსმალებმა დაიწყეს ევაკუაცია დაკავებული ტერიტორიებიდან. ლორეს უბნის სამხრეთ ნაწილი შეთანხმების მიუხედავად 1918 წლის 18 ოქტომბერს ოსმალებმა გადასცეს არა საქართველოს არამედ სომხეთს. იმავე დღეს სომხებმა დაიწყეს შეტევა საქართველოს ტერიტორიაზე და გერმანულ-ქართული სასაზღვრო პიკეტის მიერ კონტროლირებადი ქობერის გასაყარი დაიკავეს[58]. საპასუხოდ საქართველოს სამხედრო მეთაურობამ რეგიონში 2 ჯავშანმატარებელი და 250 სამხედრო გააგზავნა, სომხებმა ქობერის გასაყარი დატოვეს[59]. ასევე ქართველებმა სომხებს მოთხოვეს დაეტოვებინათ ლორეს სამხრეთ ნაწილში მდებარე შაგალის სარკინიგზო სადგური[60], რომელიც ივნისიდან ოსმალეთის ხოლო 18 ოქტომბრიდან სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა. სომხებმა სადგურის დატოვებაზე უარი განაცხადეს[61], ამავდროულად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჰოვანეს კაჯაზნუნიმ მიმართა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას და განუცხადა რომ საქართველოს არმიის შეტევაზე გადასვლის შემთხვევაში სომხეთის ნაწილებს მიღებული ჰქონდათ ბრძანება თავი დაეცვათ, ასევე "მრავალტანჯული სომხეთისა და საქართველოსთვის ახალი უბედურებების თავიდან ასაცილებლად" თხოვა არ დაეშვა ქართველი სამხედროების შეტევაზე გადასვლა და დაპირდა: "ყველა სასაზღვრო საკითხს გადავჭრით მოლაპარაკებების გზით"[62]. თუმცა ეს მხოლოდ დროის მოსაგებად გამოყენებული მანევრი აღმოჩნდა ჰოვანეს კაჯაზნუნისა და სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან.

23 ოქტომბერს სომხეთის არმიამ წამოიწყო ახალი, მასშტაბური შეტევა საქართველოს მიმართულებით, ამჯერად შეტევა მიიტანეს ქარინჯში მყოფ მცირერიცხოვან გერმანულ პოსტზე და მის შემოგარენზე, სოფელში მყოფი გერმანელები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ქარინჯი[63]. მათ დასახმარებლად სამხედრო მეთაურობამ 1 ჯავშანმატარებელი და ქვეითების ასეული გააგზავნა. 24 ოქტომბერს ბორჩალოს მაზრაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაზრის უფროსად გენერალ-მაიორი გიორგი წულუკიძე დაინიშნა[64], 25-27 ოქტომბერს ქარინჯსა და მის მიდამოებში გააფთრებული ბრძოლა გაიმართა საქართველოსა და სომხეთის ნაწილებს შორის რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 26 ოქტომბერს ჰოვანეს კაჯაზნუნიმ ტელეგრამით მიმართა საქართველოს მთავრობას, სომხეთის ნაწილების შეტევას "გაუგებრობა" უწოდა და განაცხადა რომ სომხები სოფლებს ქარინჯსა და წათერს დატოვებდნენ[65]. ამდენად 1918 წლის ოქტომბერში სომხეთის მთავრობის და სამხედროების მცდელობა დაეკავებინათ ლორეს უბნის ჩრდილოეთ ნაწილი მარცხით დასრულდა[66].

ერთი მოსაზრებით ოქტომბრის სამხედრო ავანტიურის მიზანი სომხეთის ხელისუფლების მხრიდან ტერიტორიული გაფართოების მცდელობის გარდა, იყო სურვილი დაემტკიცებინათ თავისი ერთგულება ანტანტის სახელმწიფოებისთვის[67], ჩაერთვნენ რა ხანმოკლე ლოკალურ კონფლიქტში საქართველოსთან რომელიც გერმანიის იმპერიის მოკავშირედ განიხილებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლორეში იმ დროს მცირერიცხოვანი გერმანული კონტიგენტიც იმყოფებოდა, რომელიც ასევე ჩართული აღმოჩნდა საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მხარეს, რაც შესაძლოა სომხებისთვის დამატებით არგუმენტად ქცეულიყო ანტანტასთან ურთიერთობისას[68]. მეორე მოსაზრებით ეს თავდასხმა სომხეთის მხრიდან საქართველოს სამხედრო ძალის მოსინჯვის მცდელობას წარმოადგენდა[69].

მოლაპარაკებების წარუმატებელი მცდელობა

ნოე ჟორდანია

საქართველოს მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხვადასხვა ლიდერებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ლორეს საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მიაჩნდა, რომ ბორჩალოს მაზრის ლორეს უბანი რომელიც სომხური უმრავლესობით იყო დასახლებული, შეიძლებოდა დაეთმო საქართველოს სომხეთისთვის იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება განმუხტავდა დაძაბულ გარემოს ქართველებსა და სომხებს შორის და წერტილს დაუსვამდა სომეხთა ტერიტორიულ პრეტენზიებს საქართველოსთან მიმართებით[70]. განსაკუთრებით თუკი ეს მოხდებოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის ფარგლებში, რაც ამ შემთხვევაში არა სახელმწიფო არამედ ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილება იქნებოდა. მათი ეს პოზიცია ცნობილი იყო სომხებისთვის. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სხვა ლიდერები მკვეთრად განსხვავებულ პოზიციას იკავებდნენ, ისინი არათუ ლორეს გადაცემას ეწინააღმდეგებოდნენ, არამედ ემხრობოდნენ პრეტენზიის გამოცხადებას ერევნის გუბერნიის ალექსანდროპოლის მაზრის ნაწილზე, ისტორიულ ბამბაკზე[71], იმ შემთხვევაში თუკი სომხეთი განაგრძობდა აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით, რადგან ეს რეგიონი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა და მხოლოდ XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გადავიდა თბილისის გუბერნიიდან ერევნის გუბერნიის შემადგენლობაში[72]. თუმცა სომხეთის ულტრანაციონალისტური ხელისუფლებისა და მრავალწლიანი ანტიქართული პროპაგანდით დაკავებული სომხური ინტელიგენციის ნაწილის პრეტენზიები საქართველოსთან მიმართებით ბევრად აღემატებოდა ლორეს. მინიმალური ამოცანა რომელსაც ისინი ისახავდნენ, საქართველოსთვის ახალქალაქის მთლიანი და ბორჩალოს მაზრის უდიდესი ნაწილის ჩამოჭრა იყო (იგულისხმება ტერიტორია მდ.ხრამის სამხრეთით)[73]. უფრო რადიკალურად განწყობილი სომეხი პოლიტიკოსები, სომხური საზოგადოების წარმომადგენლები და სამხედროები საქართველოსგან ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრების დათმობის გარდა მოითხოვდნენ ახალციხის მაზრასა და ბათუმის ოლქს, რათა სომხეთს შავ ზღვაზე გასასვლელი მოეპოვებინა[74]. მათი ტერიტორიული პრეტენზიები ვრცელდებოდა გორის მაზრის ნაწილზე[75] და თვით საქართველოს დედაქალაქ თბილისზეც კი[76].

ასეთი აბსურდული ტერიტორიული პრეტენზიების გამო, რომლებსაც საფუძვლად არაფერი ედო სომხეთის ხელისუფლებაში მყოფი დაშნაკცუთიუნის ლიდერების უკიდურესი შოვინიზმისა და დიდი სომხეთის შექმნის იდეაფიქსის გარდა, მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობა, საქართველოში მოქმედი არცერთი პარტია, სამხედროები და საზოგადოების არცერთი ფენა არც კი განიხილავდა ამ ტიპის არანაირ დათმობას. ჯავახეთი და ქვემო ქართლი უძველესი დროიდან იყვნენ საქართველოს განუყოფელი ნაწილები, მხარეები სადაც ჩაისახა და განვითარდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ქართული ლიტერატურის, კულტურისა და იდენტობის ცენტრები (იხ.ბოლნისის სიონი, აკაურთის ეკლესია, აკვანების ეკლესია, დმანისის სიონი, კუმურდოს ტაძარი, ზედა თმოგვი, ვარძია, წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, წუღრუღაშენი, ხუჯაბი და სხვები)[77][78]. საქართველოს არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში ორივე რეგიონში ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა[79][80], ხოლო მრავალრიცხოვანი სომხური ელემენტი მხოლოდ რამდენიმე ათეული წლით ადრე, XIX საუკუნეში რუსეთის ხელისუფლების ინიციატივითა და ხელშეწყობით გაჩნდა. თავის მხრივ სომხურ საზოგადოებაში ანტიქართული კამპანია სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, სომხურ გაზეთებში ("ორიზონი", "აშხატავორი" და სხვები) იბეჭდებოდა სტატიები სადაც საქართველოში ჩამოსახლებულ სომხებს ღიად მოუწოდებდნენ აჯანყებისკენ, ამავდროულად გაჩაღდა ცილისმწამებლური კამპანია თითქოს საქართველოში თავშეფარებულ სომეხ დევნილებს ხოცავდნენ და აძევებდნენ ქვეყნიდან[81]. შექმნილი ვითარების გამო მოლაპარაკების ყველა მცდელობა წინდაწინვე განწირული იყო წარუმატებლობისთვის. ამის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი კონსტრუქციული წინადადებით მიმართა ერევანს, მათ შორის მიიწვია სომხეთის დელეგაცია 1918 წლის 10 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად[82], სადაც კავკასიის სახელმწიფოებს სხვადასხვა საკითხებზე უნდა ემსჯელათ. სასაზღვრო საკითხი ერთ-ერთი იყო განსახილველ საკითხებს შორის თუმცა სომხეთის ხელისუფლებამ მონაწილეობა არ მიიღო კონფერენციის მუშაობაში, რაც ჯერ გაუმართავი კომუნიკაციებით, შემდეგ კი მოუმზადებლობით ახსნა[83].

ჰოვანეს კაჯაზნუნი

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუკი სომხეთის ხელისუფლება საქართველოს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებისას აპელირებდა ეთნიკურ ფაქტორზე, იგივე მიდგომას კატეგორიულად არ იზიარებდა და შეურიგებლად ებრძოდა როცა საუბარი ეხებოდა ერევნის გუბერნიას. ამ გუბერნიაში აზერბაიჯანელები 1897 წელს მოსახლეობის 37,75% შეადგენდნენ[84], შედარებისთვის თბილისის გუბერნიაში სომხების წილი მხოლოდ 18,67% იყო. ერევნის გუბერნიის 7-დან 4 მაზრაში აზერბაიჯანელები სომხებს რაოდენობრივად ბევრად აღემატებოდნენ. შარურ-დარალგეზის მაზრაში მოსახლეობის 67,37%[85], ნახიჩევანის მაზრაში 63,66%[86], ერევნის მაზრაში 51,36%[87], სურმალოს მაზრაში 46,51% აზერბაიჯანელი იყო[88]. აზერბაიჯანული უმცირესობა ასევე მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი ერევნის გუბერნიის კიდევ 2 მაზრაში, ისევე როგორც ყარსის ოლქის ორივე სომხურ მაზრაში თურქები და ქურთები. იგივე მდგომარეობა იყო ელისავეტპოლის გუბერნიაში რომლის ნაწილსაც სომხეთის რესპუბლიკა თავისად მოიაზრებდა და სისხლისმღვრელ კონფლიქტში იყო ჩართული აზერბაიჯანთან[89], კერძოდ ჯებრაილის მაზრის მოსახლეობის 74,12%[90], ჯევანშირის მაზრის 71,56%[91], ელისავეტპოლის მაზრის 63,87%[92], ყაზახის მაზრის 57,2%[93] და ზანგეზურის მაზრის 51,65% აზერბაიჯანელი იყო[94]. აზერბაიჯანული უმცირესობა მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი შუშის მაზრაშიც. თუმცა არც ამ შემთხვევაში დაუბრკოლებია ეთნიკურ ფაქტორს სომხეთის ხელისუფლება გამოეცხადებინა ეს ტერიტორიები თავისად და ეწარმოებინა აქტიური სამხედრო მოქმედებები საკუთარი ძალაუფლების დასამყარებლად.

1918 წლის ნოემბერ-დეკემბერში სამხრეთ კავკასიაში დიდი ბრიტანეთის სამხედრო შენაერთები შემოვიდნენ, მათ მთავარ მიზანს ბაქოს ნავთობისა და ბათუმის პორტის კონტროლი წარმოადგენდა, შესაბამისად დაიკავეს ბაქო და მოახდინეს ბათუმის ოლქის ოკუპაცია[95]. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარებაზე, თუმცა დე-ფაქტო არსებულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა არ გამორიცხა[96]. სომხეთში დიდ იმედებს ამყარებდნენ დიდი ბრიტანეთის კავკასიაში შემოსვლაზე, რადგან თვლიდნენ რომ ბრიტანელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ექნებოდათ მათთან, ხოლო საქართველოსა და აზერბაიჯანს უფრო მტრულად მიუდგებოდნენ. ორივე სახელმწიფო პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული იმპერიების მოკავშირეები იყვნენ და მათი დახმარებით სარგებლობდნენ, საქართველო გერმანიის ხოლო აზერბაიჯანი ოსმალეთის. ამდენად სომხეთში მათი მიზნების განსახორციელებლად და საქართველოსთან ომის დასაწყებად ბრიტანელების შემოსვლა ხელსაყრელად მოვლენად ჩათვალეს[97]. ამავდროულად გამწვავდა კონფლიქტი საქართველოსა და ანტონ დენიკინის რუსეთის მოხალისეების არმიას შორის, რომელიც აკონტროლებდა ჩრდილოეთ კავკასიის დიდ ნაწილს, ებრძოდა ბოლშევიკებს, სარგებლობდა ანტანტის მხარდაჭერით და მიზნად რუსეთის იმპერიის აღდგენა ჰქონდა დასახული. დენიკინი და მისი მთავრობა საქართველოსგან სოჭისა და სოხუმის ოკრუგების გადაცემას მოითხოვდა, ამიტომ საქართველოს არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთში იყო კონცენტრირებული, რაც დაუცველს ხდიდა საქართველოს სამხრეთ საზღვრებს. ანტონ დენიკინის ბრძანებით ერევანში მიავლინეს რუსი ოფიცრები, რომლებიც სომხებს საქართველოს წინააღმდეგ ომში უნდა დახმარებოდნენ[98]. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის ხელისუფლების მოსაზრებით საქართველოსთან ომის დასაწყებად იდეალური მდგომარეობა შეიქმნა[99].

ომის მიმდინარეობა

სომხეთის შეტევა

დრასტამატ კანაიანი

1918 წლის 5 დეკემბერს ბორჩალოს მაზრის ლორეს უბნის სოფელ უზუნლარში (დღევანდელი ოძუნი) განხორციელდა თავდასხმა ქართველ სამხედროებზე, რაც საქართველოსა და სომხეთს შორის ომის დაწყების მაუწყებლად იქცა. თუმცა საწყის ეტაპზე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომში ღიად ჩართვას, ლორეში მცხოვრები სომხების სახელს უკან ამოფარება არჩია. სომხეთის ხელისუფლების უშუალო ხელშეწყობით ლორელი სომხებისაგან ჩამოყალიბდა შეიარაღებული რაზმები. აღსანიშნავია რომ ამ შენაერთების შემადგენლობაში შევიდნენ არამხოლოდ ადგილობრივები, არამედ სომხეთის რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცრები, რომლებიც უშუალოდ მეთაურობდნენ საბრძოლო მოქმედებებს. ამავდროულად გაწეულ იქნა სამზადისი სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დასაწყებად, საქართველო-სომხეთის დე-ფაქტო საზღვართან გადასროლილ იქნა სომხეთის არმიის I მსროლელი დივიზიის I პოლკის ბატალიონები, II მსროლელი დივიზიის IV, V და VI პოლკები, 26 ზარბაზანი და 7 სამთო ქვემეხი, ასევე საკავალერიო ბრიგადის ოთხი ესკადრონი. ჯამში ლორეს მიმართულებით სომხეთის არმიის სარდლობამ თავი მოუყარა 6 500-7 000 სამხედრო მოსამსახურეს, მათ გარდა როგორც აღინიშნა საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომში ჩაერთვნენ ბორჩალოს მაზრაში მოქმედი შეიარაღებული სომხური რაზმები. საქართველოსთან ომში სომხეთის არმიის მეთაურობა დაეკისრა გენერალ დრასტამატ კანაიანს.

იმ დროს როდესაც სომხეთის ხელისუფლება და სამხედრო მეთაურობა საფუძვლიანად მოემზადა ომის დასაწყებად, საქართველოს მთავრობასა და სარდლობას არ წარმოედგინა მოვლენების ამგვარი განვითარება, შესაბამისად არავითარი წინასწარი ღონისძიებები არ გატარებულა შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად. ლორეში კრიტიკულად მცირე რაოდენობის ქართველი სამხედრო იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ გიორგი წულუკიძის დაქვემდებარებაში მყოფი რაზმი ალავერდი-სანაინის მიმართულებით შედგებოდა მცირერიცხოვანი მესაზღვრეებისა და თბილისის საგუბერნიო ბატალიონის ნაწილისაგან, რომელთა ჯამური რაოდენობა 200 სამხედროს არ აღემატებოდა. ასევე უკიდურესად მცირერიცხოვანი იყო ვორონცოვკა-პრივოლნოეს მიმართულებით განლაგებული ქართული შენაერთი გენერალ-მაიორ გიორგი ციციშვილის მეთაურობით. ეს რაზმი შედგებოდა შერეული კონტიგენტისგან რომელშიც შედიოდნენ: მესაზღვრეები, საგუბერნიო ბატალიონის ერთი ასეული და სახალხო გვარდიის საარტილერიო დივიზიონის ქვედანაყოფი, სულ 300 სამხედრო.

9 დეკემბერს ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორი გიორგი წულუკიძე შეეცადა აღედგინა მართლწესრიგი სოფელ უზუნლარში, ამ მიზნით შეიქმნა მცირერიცხოვანი შერეული რაზმი რომელმაც ორ კოლონად დაიწყო შეტევა სოფლის მიმართულებით, ბრძოლაში ქართული მხრიდან ჩართული იყო ჯავშანმატარებელიც. თორმეტსაათიანი ბრძოლის შემდეგ უზუნლარზე კონტროლის აღდგენა ვერ მოხერხდა, ქართველებს ამ ბრძოლაში მრავალრიცხოვანი სომხური რაზმები დაუპირისპირდნენ რომლებიც გაძლიერებული იყვნენ რეგულარული ნაწილებით. გენერალ-მაიორმა გიორგი წულუკიძემ თავდაპირველად მიიჩნია, რომ საქმე ჰქონდა ცალკეული ბანდების მოქმედებებთან რომელთაც სომხეთის არმია უწევდა გარკვეულ დახმარებას, ამდენად მხოლოდ შეზღუდული დახმარების გაგზავნა მოითხოვა თბილისიდან. იგივე მოსაზრება ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, 9 დეკემბერს ოფიციალური ერევნისთვის გაგზავნილ საპროტესტო ნოტაში მხოლოდ სომხეთის არმიის ცალკეული ნაწილების ქმედებაზე გამახვილდა ყურადღება და მოუწოდებდნენ სომხურ მხარეს არასასურველი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებები გაეტარებინათ.

სანამ საქართველოს მთავრობა და სამხედრო მეთაურობა გაერკვეოდა თუ რა მასშტაბის აგრესიასთან ჰქონდათ საქმე, ლორეში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. 10 დეკემბრიდან სომხებმა ქართული ძალების ზურგში დაიწყეს მოქმედება, გაითვალისწინეს რა ოქტომბრის მარცხიანი გამოცდილება ისინი უპირველეს ყოვლისა სარკინიგზო ხაზებს აზიანებდნენ, რათა ქართველებს ჯავშანმატარებლების გამოყენება ვერ მოეხერხებინათ. 11 დეკემბერს სომეხთა ძალები უკვე სადგურ ალავერდის მიდამოებში გამოჩნდნენ, მათ ისარგებლეს ადგილის რთული რელიეფით, განლაგდნენ მთებზე და მათთვის ხელსაყრელი პოზიციებიდან განუწყვეტელი იერიში მიჰქონდათ ქართულ პოზიციებზე. გენერალმა გიორგი წულუკიძემ შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყვიტა შტაბთან და ძირითად ძალებთან ერთად ალავერდში გადაენაცვლა და იქ გამაგრებულიყო, სანაინში მცირერიცხოვანი რაზმი და ჯავშანმატარებელი იქნა დატოვებული პოდპოლკოვნიკ რამაზაშვილის მეთაურობით. 11-12 დეკემბრის ბრძოლების შემდეგ ქართულმა ნაწილებმა შეძლეს გამაგრებულიყვნენ სადგურ ალავერდში და დაეკავებინათ გარშემო მდებარე სიმაღლეები. 13 დეკემბერს განხორციელდა ალყაში მოქცეული სანაინის დებლოკირების მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. გააფთრებული ბრძოლებისა და სომხეთის არმიის მიერ სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებასა და სამხედრო მეთაურობაში არსებული გაურკვევლობის გამო, ბრძოლის ეპიცენტრში მყოფი ქართული ძალები მხოლოდ მცირე დახმარებას ღებულობდნენ, რომელთაც არ შეეძლოთ მოვლენების მსვლელობა შეეცვლათ. ასე მაგალითად 9 დეკემბერს გენერალ გიორგი წულუკიძეს გაეგზავნა დამატებით ერთი ასეული 150 სამხედროს შემადგენლობით და ორი ტყვიამფრქვევით. 11 დეკემბერს ლორეში გაიგზავნა კიდევ ორი ასეული, ორი საველე ქვემეხითა და მორტირების ორი ოცეულით. 14 დეკემბრისთვის ალავერდის მიმართულებით შეტევაზე გადასულ სომხურ ნაწილებს, დაახლოებით ათმაგი უპირატესობა გააჩნდათ ქართველებთან შედარებით. ისარგებლა რა შექმნილი ხელსაყრელი მდგომარეობით გენერალმა დრასტამატ კანაიანმა წერილობით მიმართა ქართულ სარდლობას, დაადანაშაულა ქართველი სამხედროები სომხური მოსახლეობის ჩაგვარაში და წაუყენა ულტიმატუმი სასწრაფოდ დაეტოვებინათ "მათი" ტერიტორიები.

14 დეკემბერს გენერალ-მაიორმა გიორგი წულუკიძემ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა სადგური ალავერდი და სადახლოს მიმართულებით დაეხია უკან. სომეხთა მასირებული შეტევების, რიცხობრივი უპირატესობით განპირობებული ფლანგური გარეშემოვლებისა და ზურგში ადგილობრივი სომხური ბანდების აქტიური ქმედებების გამო მცირერიცხოვან ქართულ ძალებს სისხლისმღვრელი ბრძოლებითა და სერიოზული დანაკარგებით მოუწიათ უკანდახევა. 14-15 დეკემბრის ბრძოლების შემდეგ გენერალმა წულუკიძემ, მისმა შტაბმა და ქართველ სამხედროთა ნაწილმა გაიკვლია გზა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და 15 დეკემბრის 20 საათისთვის მიაღწია სადგურ სადახლოს. უკან დახევისას გენერლისა და მისი რაზმის დაფარვის ოპერაციას ახორციელებდა პრაპორშიკ კანდელაკის ოცეული.

საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელი

ალავერდსა და სანაინში ბლოკირებულ ქართველთა ძირითად ნაწილებს ასევე სასტიკი ბრძოლებით მოუწიათ გაეკაფათ გზა სადახლოსკენ, მათ ჯერ სადგურ ახპატს მიაღწიეს სადაც სომეხთა მასირებული შეტევის ქვეშ მოექცნენ, რომელთაც წინასწარ მომზადებული ხელსაყრელი პოზიციებიდან მიიტანეს იერიში ქართველებზე. ახპატიდან კი ქართულმა შენაერთებმა სადგურ ახტალის მიმართულებით დაიხიეს სადაც V პოლკის ცალკეული ქვედანაყოფები იყვნენ გამაგრებული. 15-17 დეკემბერს ახტალასთან სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა ქართველებსა და სომხებს შორის, სადგურზე თავი მოიყარეს ქართულმა რაზმებმა და სამოქალაქო პირებმა. მცირერიცხოვანმა ქართველმა სამხედროებმა მოახერხეს სამი დღის განმავლობაში შეეჩერებინათ სომეხთა წინსვლა ახტალასთან. თუმცა 16 დეკემბერს სომხეთის არმიის IV პოლკმა პოდპოლკოვნიკ ალექსანდრ კოროლკოვის მეთაურობით ფლანგიდან შემოურა ქართულ ნაწილებს და დაიკავა სადგური აირუმი. აქ ქართველებმა დიდი დანაკარგები განიცადეს: დაღუპულების, დაჭრილებისა და ტყვედ ჩავარდნილების რაოდენობა ჯამში 500 სამხედროს აღწევდა, ამის მიზეზი გახდა ლორეში გააფთრებულ ბრძოლებში ჩართული ქართული ძალების დასახმარებლად პოლკოვნიკ დავით ვაჩნაძის მეთაურობით გაგზავნილი პოლკის ყოველგვარი წინასწარი დაზვერვის გარეშე მდ.დებედის ვიწრო ხეობაში შესვლა აირუმის მიდამოებთან, რომლის ოპერატიულ კონტროლს უკვე სომხური მხარე ახორციელებდა და მომზადებული დახვდა ქართველთა ხეობაში შესვლას. 17 დეკემბერს ქართველებმა ახტალიდან აირუმის გავლით ბრძოლით გაიკვლიეს გზა და ჩავიდნენ სადახლოში. სანაინიდან და ალავერდიდან სადახლოსკენ პრაქტიკულად უწყვეტი ბრძოლებით უკან დახევისას ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, დაიღუპა ათობით სამხედრო მოსამსახურე, ასევე დიდი იყო დანაკლისი დაჭრილებისა სახით, ტყვედ ჩავარდა 100-მდე სამხედრო. საგრძნობი იყო დანაკარგი ტექნიკის მხრივაც, მწყობრიდან გამოვიდა და განადგურდა 2 ჯავშანმატარებელი, ასევე სომხებს ხელში ჩაუვარდათ 2 საველე ქვემეხი და 25 ტყვიამფრქვევი. განუწყვეტელ ბრძოლებში მნიშვნელოვანი დანაკარგი მიადგა სომხურ მხარესაც, ათობით დაღუპულისა და დაჭრილის სახით.

სანაინი-ალავერდის მიმართულებით შეტევის დაწყებასთან ერთად, სომხეთის სარდლობამ საბრძოლო მოქმედებები წამოიწყო ვორონცოვკა-პრივოლნოეს მიმართულებითაც. როგორც ზევით აღინიშნა სანაინი-ალავერდის ზონის მსგავსად, აქაც მეტად მცირერიცხოვანი ქართული ძალები იყვნენ განლაგებული, რაზმის მეთაურის გენერალ-მაიორ გიორგი ციციშვილის განკარგულებაში მხოლოდ 300 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. 4 დეკემბერს სომხეთის არმიის ნაწილებმა გადალახეს მდ.კამენკა და ჯალალ-ოღლის ჩრდილოეთით მდებარე სიმაღლეებთან სანგრები გათხარეს. ამავდროულად ქართველთა ზურგში მოქმედება დაიწყეს ადგილობრივმა სომხურმა ბანდებმა, რომლებიც სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებების მიხედვით მოქმედებდნენ. 12 დეკემბერს გენერალმა ციციშვილმა განიზრახა საკუთარი ძალებით აღეკვეთა სომხური ბანდების თარეში და აღედგინა მართლწესრიგი. ისე როგორც ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორ გიორგი წულუკიძეს, მასაც არ წარმოედგინა თუ რა მასშტაბის აგრესიასთან ჰქონდა საქმე, ციციშვილს ასევე არ ჰქონდა სრული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა სიმძიმის ბრძოლები წარმოებდა სანაინი-ალავერდის მიდამოებში. ირონიას იწვევს ის ფაქტი, რომ 12 დეკემბერსაც კი, როდესაც სომხებს სრულმასშტაბიანი ომი ჰქონდათ გაჩაღებული საქართველოს წინააღმდეგ, გენერალ-მაიორ გიორგი ციციშვილს მკაცრი მითითება მიუვიდა თბილისიდან დაეცვა საქართველო-სომხეთის დე-ფაქტო საზღვარი და არცერთ შემთხვევაში არ გადაელახა მდ.კამენკა. იმავე დღეს დედაქალაქიდან მიღებული ბრძანების საფუძველზე სახალხო გვარდიის დაარსებიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავად, ვორონცოვკიდან თბილისში იქნა გაწვეული გვარდიის საარტილერიო დივიზიონის ქვედანაყოფები. მართალია 12 დეკებრისთვის ნოე ჟორდანიასა და მის კაბინეტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარმოდგენილი, რომ საქართველო სომხეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინაშე იდგა, მაგრამ ისინი კარგად იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ თუ რა მძიმე და უთანასწორო ბრძოლებში იყვნენ ჩართული ბორჩალოს მაზრის ლორეს უბანში განლაგებული მცირერიცხოვანი ქართული ნაწილები სომხეთის არმიის ცალკეულ შენაერთებთან და სომეხ მეამბოხეებთან. ამდენად პოლიტიკური ხელისუფლების გადაწყვეტილება გაეწვია ვორონცოვკიდან სახალხო გვარდიის საარტილერიო ქვედანაყოფები, შეუძლებელია არ შეფასდეს როგორც სამხედრო დანაშაული და მოვლენების ეპიცენტრში განლაგებული ქართველი სამხედროების დასაღუპავად გაწირვა. 13 დეკემბრის 22 საათზე სომხეთის არმიის II მსროლელი დივიზიის V პოლკმა ადგილობრივ მეამბოხეებთან ერთად შეტევა მიიტანა ვორონცოვკა-პრივოლნოეში გამაგრებულ ქართულ შენაერთზე, თერთმეტსაათიანი გააფთრებული ბრძოლა 14 დეკემბრის დილას ქართველთა დამარცხებით დასრულდა. გენერალ ციციშვილის დაქვედებარებაში მყოფი სამხედროების მიერ გამოჩენილი სიმამაცისა და თავგანწირვის მიუხედავად, ისინი განწირული აღმოჩნდნენ რიცხობრივად და შეიარაღების მხრივ მრავალჯერ აღმატებულ მტერთან ბრძოლაში. 13-14 დეკემბერს ვორონცოვკა-პრივოლნოეს ბრძოლაში ქართული მხარის დანაკარგმა დაღუპულების, დაჭრილებისა და დატყვევებულების სახით 100 სამხედრო შეადგინა, მათ შორის იყო 3 ოფიცერი.

სომხეთის დაშნაკურმა მთავრობამ და არმიამ ისარგებლეს რა, სასაზღვრო ზონაში ქართული ძალების მცირერიცხოვნებითა და სომხური სარდლობის მიერ შექმნილი მრავალჯერადი რიცხობრივი და ტექნიკური უპირატესობით, ასევე საქართველოს ხელისუფლებასა და სამხედრო მეთაურობაში არსებული გაურკვევლობით, რომელთაც ვერ წარმოედგინათ სომხურ-ქართული ომის შესაძლებლობა, 5-17 დეკემბრის სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ შეძლეს დაიკავებინათ ბორჩალოს მაზრის ლორეს უბნის ჩრდილოეთ ნაწილი. ომის საწყის დღეებში მიღწეული წარმატებით ფრთებშესხმულმა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ლორეს უბნიდან საბრძოლო მოქმედებები ჩრდილოეთით, ეკატერინენფელდისა და შულავერის მიმართულებით გადაიტანა. ომის კიდევ ერთი ფრონტი ახალქალაქის მაზრაში სომხებმა ლორეზე თავდასხმის პარალელურად გახსნეს. ამდენად სომხეთ-საქართველოს ომის ბედი ქვემო ქართლსა და ჯავახეთში გამართულ გადამწყვეტ ბრძოლებში უნდა გარკვეულიყო.

1918 წლის 16 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა საბოლოოდ გამოერკვა მრავალდღიანი დაბნეულობისაგან და შეაფასა სომხეთის არმიის მიერ წამოწყებული შეტევა, როგორც "პირდაპირ ომის გამოცხადება". პარალელურად საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ქმედითი ღონისძიებების გატარება სომხეთის აგრესიის მოსაგერიებლად, გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურ ერევანთან. 1918 წლის 18 დეკემბერს რესპუბლიკის მასშტაბით დაიწყო საყოველთაო მობილიზაცია, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელი საქართველოს მასშტაბით და დაჩქარებული ტემპებით წარიმართა.

ჯავახეთის ფრონტი

აბელ მაყაშვილი

დეკემბერში ლორეში ბრძოლების დაწყებასთან ერთად კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია მესხეთში. შემოდგომაზე დაწყებული ოსმალთა ევაკუაციის პროცესი შეეხო საქართველოსაც, 1918 წლის 3 დეკემბერს ოსმალეთის არმიამ საბოლოოდ დატოვა ახალციხის მაზრის ოკუპირებული ნაწილი და ახალქალაქის მაზრა. მომდევნო დღეს ქართველებმა სამცხე-ჯავახეთზე კონტროლის აღდგენა დაიწყეს, 5 დეკემბრის დილის 10 საათზე საქართველოს არმიის ნაწილებმა და ქართველმა მოხალისეებმა გენერალ-მაიორ აბელ მაყაშვილის მეთაურობით დაიკავეს ახალქალაქი, იმავე დღეს 14 საათზე საქართველოს იურისდიქცია აღდგა ახალციხეზეც. სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებამ დიდი სიხარული გამოიწვია ადგილობრივ ქრისტიანულ მოსახლეობაში, რომელიც ოსმალური ოკუპაციის პერიოდში სასტიკი დევნისა და შევიწროების მსხვერპლად იქცა. ახალციხისა და განსაკუთრებით ახალქალაქის მაზრაზე საქართველოს კონტროლის დამყარებამ უკმაყოფილება გამოიწვია ერევანში. სომხეთის ხელისუფლებას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მოეხდინა ჯავახეთის ოკუპირება. დაშნაკების იმედს ახალქალაქის მაზრის სომხეთის შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე ამყარებდა ოსმალთა ორაზროვანი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ისინი პირდებოდნენ სომხურ მხარეს რომ მათ გადასცემდნენ ჯავახეთს, ამავდროულად იგივე პირობას აძლევდნენ საქართველოს ხელისუფლებასაც. მკვლევართა ნაწილის მოსაზრებით ოსმალთა ამგვარი პოლიტიკა წინასწარგანზრახულ ხასიათს ატარებდა და მიზნად საქართველოსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის გაღვივებას ისახავდა. ამჯერად, განსხვავებით ლორეს უბნის სამხრეთ ნაწილისგან რომელიც ოკუპანტებმა გადასცეს არა საქართველოს არამედ სომხეთს, ოსმალებმა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებიდან მათი ევაკუაციის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს ქართულ მხარეს. თბილისში იცოდნენ რომ ოსმალები 3 დეკემბერს დატოვებდნენ ორივე მაზრას, იმ დროს როცა ერევანში ოსმალთა ევაკუაციას 5 დეკემბრისთვის ელოდებოდნენ. 6 დეკემბერს სომხეთის მთავრობამ საპროტესტო ნოტით მიმართა თბილისს და ითხოვდა რომ საქართველოს არ დაეკავებინა ახალქალაქის მაზრა, რომელსაც ისინი სადავოდ მიიჩნევდნენ. საქართველოს მთავრობის საპასუხო შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ ჯავახეთზე კონტროლის დამყარება აუცილებელი იყო სხვადასხვა შეიარაღებული მუსლიმური ბანდების ძალმომრეობისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ასევე პასუხში მკაფიოდ დაფიქსირდა მთავრობის პოზიცია რომ: "ახალქალაქის მაზრა არც ზნეობრივ, არც ისტორიულ, არც პოლიტიკურ მხრით სადაო არაა" და ის საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნეოდა.

6 დეკემბერს საქართველოს მთავრობისთვის საპროტესტო ნოტით მიმართვის პარალელურად, სომხეთის არმია შეიჭრა ჯავახეთში და სცადა დაემყარებინა კონტროლი მხარეზე. სომხებმა დაიკავეს რუსი დუხობორებით დასახლებული სოფლები: ტროიცკოე (დღევანდელი სამება), ეფრემოვკა, გორელოვკა და ბოგდანოვკა (დღევანდელი ქალაქი ნინოწმინდა). გენერალ აბელ მაყაშვილის ბრძანებით 8 დეკემბერს საქართველოში შემოჭრილ სომხებს წარედგინათ ულტიმატუმი, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ რეგიონი და დაბრუნებულიყვნენ ერევნის გუბერნიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული არმია ძალის გამოყენებით დაატოვებინებდა მათ საქართველოს ტერიტორიას. 11 დეკემბერს სომხებმა მიიღეს ულტიმატუმი, დატოვეს ჯავახეთი და ალექსანდროპოლის მაზრაში გადაინაცვლეს, საქართველო-სომხეთის საზღვარი ქართულმა შენაერთებმა დაიკავეს. განსხვავებით ლორესა და ქვემო ქართლისგან სადაც ომის საწყის ეტაპზე საქართველოს არმიის სარდლობას კრიტიკულად მცირე რაოდენობის სამხედრო ჰყავდა, სამცხე-ჯავახეთში დეკემბრის თვეში მნიშვნელოვანმა ქართულმა ძალებმა მოიყარეს თავი. გენერალ აბელ მაყაშვილის განკარგულებაში იყვნენ I ქვეითი დივიზიის: I ქვეითი პოლკი (1 850 სამხედრო), II ქვეითი პოლკი (1 900 სამხედრო), III ქვეითი პოლკი (1 200 სამხედრო). ასევე ასლან აბაშიძის მეთაურობით შემდგარი ქართველ მუსლიმთა ბატალიონი (500 მოხალისე), ახალციხის ცხენოსანთა რაზმი (400 მოხალისე), ფხაკაძისა და ჟორდანიას რაზმები (300 და 250 მოხალისე), ჯამში 6 400 სამხედრო და მოხალისე. ასეთი სერიოზული ძალების თავმოყრამ და გენერალ აბელ მაყაშვილის მიერ გატარებულმა ქმედითმა ღონისძიებებმა, არ მისცა საშუალება სომხეთის სამხედრო მეთაურობას მოეპოვებინა რიცხობრივი უპირატესობა და განევითარებინა წარმატებული შეტევა ახალქალაქის მიმართულებით, თუმცა პირველი წარუმატებელი მცდელობა არ ნიშნავდა რომ ერევანში უარი თქვეს ჯავახეთის დაპყრობის განზრახვაზე.

16 დეკემბერს 17 საათზე სომხეთის არმიის ნაწილები შეიჭრნენ ახალქალაქის მაზრაში და შეტევა მიიტანეს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე განლაგებულ ქართულ ნაწილებზე. ბრძოლა თავდამსხმელთა მარცხით დასრულდა, თუმცა 20 საათზე დამატებითი ძალების მიღების შემდეგ სომხებმა შეტევა გაანაახლეს ტროიცკოეს მიმართულებით და შეაღწიეს სოფელში. მალევე ბრძოლაში ჩაერთვნენ ეფრემოვკიდან დასახმარებლად მოსული ქართველი სამხედროები, დღის ბოლოს ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, სომხები განიდევნენ ტროიცკოედან და დატოვეს საქართველოს ტერიტორია. 16 დეკემბრის ბრძოლაში დაიღუპა 20-მდე სომეხი სამხედრო, დაიჭრა 40, ტყვედ ჩავარდა 8 თავდამსხმელი. ქართული მხარის დანაკარგები უმნიშვნელო აღმოჩნდა.

20 დეკემბერს სომხურმა მხარემ მესამედ სცადა ახალქალაქის მაზრის დაკავება. სოფელ ღაზანჩიდან გამოსულმა სომხურმა ნაწილებმა დილის 7 საათზე საარტილერიო დაბომბვის შემდეგ შეტევა მიიტანეს ქართულ პოზიციებზე, შეტევაში ჩართული იყვნენ როგორც ქვეითი ისე კავალერიული ნაწილები. ბრძოლა კვლავ სოფელ ტროიცკოესთან გაიმართა და 12 საათამდე გასტანა. ქართული ნაწილები მომზადებული დახვდნენ თავდამსხმელებს, ხუთსაათიანი ბრძოლა სომეხთა სრული მარცხით დასრულდა. საქართველოს მთავარი შტაბის ცნობით: "ბრძოლის ველზე მტერმა დასტოვა მოკლული 3 ოფიცერი და 100-ზე მეტი ჯარის კაცი. ტყვედ წამოვიყვანეთ 1 ოფიცერი 50 ჯარის კაცი და ხელთ ვიგდეთ 2 ტყვიისმფრქვეველი მრავალი თოფი და ტყვია". 20 დეკემბრის მარცხი იმდენად მძიმე აღმოჩნდა სომხებისთვის, რომ ახალქალაქის მიმართულებით ყველანაერი სამხედრო მოქმედებები შეწყვიტეს.

ჯავახეთში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანას. ახალქალაქის მაზრა მთლიანად შეუნარჩუნდა საქართველოს, ხოლო სომხეთის არმიამ სერიოზული დანაკარგები განიცადა ცოცხალი ძალისა და შეიარაღების მხრივ ამ ფრონტზე წარმოებული ბრძოლების შემდეგ. ჯავახეთის დაცვაში საქართველოს არმიასა და ხელისუფლებას დიდი დახმარება აღმოუჩინა ადგილობრივმა მოსახლეობამ. გარდა ქართული მოსახლეობისა რეგიონის დაცვაში აქტიურად იყვნენ ჩართული მუსლიმები და რუსი დუხობორები, რომლებიც ომის მსვლელობისას გამოკვეთილად პროქართულ პოზიციას იკავებდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ განსხვავებით ბორჩალოს მაზრისგან ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს არ წამოუწყიათ აჯანყება და არ ილაშქრებდნენ ახალქალაქის მაზრის საქართველოს შემადგენლობაში დარჩენის წინააღმდეგ.

სომეხთა შეტევების მოგერიების შემდეგ გენერალ აბელ მაყაშვილს სურდა გადაეტანა საომარი მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე და ღრმად შეჭრილიყო მოწინააღმდეგის ზურგში, რისი ყველა საშუალებაც არსებული ძალების გათვალისწინებით მას გააჩნდა. "გენ.მაყაშვილი უფრო წინ წაიწევდა ერევნისკენ,-ასეთი იყო მისი შურისძიების გეგმა,-რესპუბლიკის მთავრობის სასწრაფო ბრძანება რომ არ მიეღო-შეჩერდი! წინ ნუღარ წახვალ! ნურც სომეხთა ჯარს გადმოუშვებო!". მთავრობის გადაწყვეტილებამ არ გადაეტანა საომარი მოქმედებები ჯავახეთის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე, რაც საგრძნობლად გააადვილებდა ქვემო ქართლში შემოჭრილი სომხების საქართველოდან განდევნას, სამხედროებისა და საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.

ეკატერინენფელდის ფრონტი

ვალერიან ჯუღელი

14 დეკემბერს ვორონცოვკა-პრივოლნოესთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სომხეთის არმიისთვის ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა გადაელახა ლოქის ქედი და საბრძოლო მოქმედებები ბორჩალოს მაზრის ეკატერინენფელდის უბანში გადაეტანა. ბორჩალოს მაზრის ამ უბანში განსხვავებით ლორესგან სომხები უმნიშვნელო უმცირესობას წარმოადგენდნენ. განსაკუთრებით მცირე იყო მათი რაოდენობა მდ.ბოლნისისწყლის ხეობაში რომლის დაკავებაც აუცილებელი იყო რათა განევითარებინათ შეტევა გერმანელი კოლონისტებით დასახლებული ეკატერინენფელდისკენ (დღევანდელი ქალაქი ბოლნისი), რომლის კონტროლსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ომის შემდგომი მსვლელობის განსასაზღვრად. ეკატერინენფელდში და მის გარშემო სოფლებში მცხოვრები ქართული, აზერბაიჯანული და გერმანული მოსახლეობა საქართველოს ერთგული იყო და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მხარეზე სომხური კონტროლის დამყარებას. სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა მდ.ბოლნისისწყლის ხეობაში მდებარე ერთადერთი სომხური სოფლის ბოლნისის მოსახლეობა, ასევე ეკატერინენფელდის ჩრდილოეთით მდ.ხრამის მარცხენა სანაპიროზე, თბილისის მაზრაში მდებარე სოფლების დაღეთისა და სამშვილდის მოსახლეობა. სამივე ამ სოფელში როგორც ზევით აღინიშნა სომხები XIX საუკუნეში გადმოსახლდნენ.

17 დეკემბერს სომხეთის არმიის V მსროლელმა პოლკმა პოლკოვნიკ არტემი ტერ-ნიკოღოსიანის მეთაურობით გადალახა ლოქის ქედი და მდ.ბოლნისისწყლის ხეობაში დაეშვა. იმავე დღეს სომხებმა უბრძოლველად დაიკავეს სოფელი ბოლნისი, ადგილობრივი სომხური მოსახლეობისგან შედგარი მოხალისეთა რაზმი შეუერთდა სომხეთის რეგულარულ ნაწილებს. საქართველოს მთავარ შტაბში სათანადოდ შეაფასეს ამ მიმართულების მნიშვნელობა, 18 დეკემბერს მობილიზაციის გამოცხადებისთანავე სახალხო გვარდიის ნაწილებმა თბილისში მოიყარეს თავი, საღამოს 600 გვარდიელი ეკატერინენფელდში გაემგზავრა. 19 დეკემბერს ღამე, ქართული ნაწილები დასახლებაში შევიდნენ. გვარდიელების დაჯგუფებას მეთაურობდა ვალიკო ჯუღელი, გვარდიის მთავარი შტაბის სარდალი. საერთო საჯარისო მეთაურად გენერალ-მაიორი სტეფანე ახმეტელაშვილი დაინიშნა, ხოლო საველე შტაბის უფროსობა პოლკოვნიკ არტემ ჯიჯიხიას დაეკისრა.

ეკატერინენფელდში შესული გვარდიის სარდლობამ გამაოგნებელი უგულისყურობა გამოიჩინა და უხეშად დაარღვია სამხედრო დისციპლინა. დასახლებაში ჩასვლისთანავე გვარდიელები ადგილობრივთა სახლებში განთავსდნენ დასასვენებლად და გამოსაძინებლად, საარტილერიო ბატარეები განალაგეს არა პოზიციებზე არამედ ავანგარდში, ზოგადად არ გატარებულა არავითარი ღონისძიება სოფელში შესული ქართული სამხედრო ნაწილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გვარდიის სარდლობის დაშვებული უხეში შეცდომით მაშინვე ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გამთენიისას ალყა შემოარტყეს ქართველებს. სომხეთის არმიის V მსროლელმა პოლკმა და სომეხმა მოხალისეებმა, ჯამში 2 000-ზე მეტმა სამხედრომ და მოხალისემ, დაუბრკოლებლად შეაღწიეს სოფელში, აართვეს რვავე საარტილერიო ბატარია გვარდიას და დასახლებაში მდებარე მაღალ შენობებში ტყვიამფრქვევები განათავსეს, საიდანაც ცეცხლი გახსნეს ქართველთა პოზიციების მიმართულებით. დაშვებული შეცდომის გამო უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ქართული შენაერთების მდგომარეობიდან გამოყვანა და ბრძოლის ბედის შემოტრიალება გვარდიის მეთაურებმა ვალიკო ჯუღელმა, ალექსანდრე მაისურაძემ და ალექსანდრე დგებუაძემ იკისრეს. ვალიკო ჯუღელი რომელიც არ გამოირჩეოდა დისციპლინით, პიროვნულად უდავოდ მამაცი მეომარი იყო, მის მიერ მიცემული პირადი მაგალითით გვარდიელებმა შეძლეს სწრაფად გადაჯგუფებულიყვნენ, მოეგერიებინათ სომეხთა შეტევა და კონტრშეტევა წამოეწყოთ, რომლის უმთავრეს მიზანს დაკარგული ბატარეების დაბრუნება და მტრის საცეცხლე წერტილების აღება წარმოადგენდა. რამდენიმესაათიანი გააფთრებული ბრძოლის შემდეგ გამარჯვება ქართველებს დარჩათ. გვარდიამ შეძლო დაებრუნებინა ყველა საარტილერიო ბატარეა, აეღო სომეხთა საცეცხლე წერტილები და განედევნა თავდამსხმელები ეკატერინენფელდიდან. უწესრიგოდ უკანდახეულ სომხებს საბოლოო დარტყმა კაპიტან ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის გვარდიის კავალერიულმა ასეულმა მიაყენა. ბრძოლაში როგორც ქართველებმა ისე სომხებმა დიდი დანაკარგი განიცადეს დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ქართულ მხარეს დაიღუპა 30 გვარდიელი, მათ შორის მთავარი შტაბის წევრი ალექსანდრე მაისურაძე, დაიჭრა 70-ზე მეტი. შეუდარებლად დიდი იყო მსხვერპლი სომხეთის არმიის რიგებში "19 დეკემბრის ეკატერინენფელდის ბრძოლაში ჩვენ ხელთ ვიგდეთ 300 თოფი, 11 ტყვიამფრქვევი და ტელეფონი. სომხებში მოკლულია 6 ოფიცერი და 130 ჯარისკაცი. დაჭრილების წაყვანა მოასწრეს, რასაც მოწმობს სისხლიანი კვალი გზაზე, რომლითაც სომხები უკან იხევენ", ტყვედ ჩავარდა 100-ზე მეტი სომეხი სამხედრო. 19 დეკემბერს მოპოვებული გამარჯვება გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა, ამიერიდან ეკატერინენფელდის ფრონტზე საომარი მოქმედებები საქართველოს არმიისა და გვარდიის სრული უპირატესობით წარიმართა.

ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს სამხედრო მეთაურობამ დაიწყო შეტევითი ოპერაციებისთვის მზადება. პირველ მიზნად დასახულ იქნა ეკატერინენფელდის ჩრდილოეთით, დაღეთ-სამშვილდის ანკლავის ლიკვიდაცია. ადგილობრივი სომხური მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში და საგულდაგულოდ მოემზადა შეტევის მოსაგერიებლად. ამბოხებულებმა გამოიყენეს ადგილის რთული რელიეფი, დაიკავეს ხელსაყრელი პოზიციები და კარგად გაამაგრეს ისინი, მთლიანობაში ამ სოფლებში კონცენტრირებული იყო 500 სომეხი მეამბოხე. ეს ანკლავი ყველაზე ახლოს მდებარეობდა თბილისთან და მოწყვეტილი იყო კავშირს სომხეთის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, ამდენად პირველ რიგში ამ სოფლების გათავისუფლება ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოს სამხედრო მეთაურობის მხრიდან. 19-20 დეკემბერს ეკატერინენფელდში სოციალისტ-ფედერალისტთა დამხმარე რაზმები შევიდნენ. 21 დეკემბერს დაიწყო დაღეთის გათავისუფლების ოპერაცია, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მეთაურობით კავალერიამ გადალახა მდ.ხრამი და დაიკავა პლაცდარმი სოფლის აღმოსავლეთით. სისხლისმღვრელი ბრძოლა დაღეთის ასაღებად ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა და 25 დეკემბერს ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ბრძოლაში თბილისიდან და ეკატერინენფელდიდან მოსული დამხმარე ძალებიც მონაწილეობდნენ. სოფლის აღება ქართულ მხარეს 50-მდე დაღუპულ სამხედროდ დაუჯდა, დიდი იყო მსხვერპლი სომეხთა შორისაც. 27 დეკემბერს წინააღმდეგობის გარეშე დანებდნენ სამშვილდეში გამაგრებული სომეხი მეამბოხეები, დაღეთ-სამშვილდის ანკლავი განადგურდა.

ეკატერინენფელდის ჩრდილოეთით აჯანყების კერის ლიკვიდაციის შემდეგ, გადაწყდა სოფელ ბოლნისის გათავისუფლება და სომხეთის არმიის ლოქის ქედის სამხრეთით განდევნა. განსხვავებით დაღეთ-სამშვილდის ანკლავისგან, ბოლნისში გამაგრებულ სომხებს უშუალო სახმელეთო კავშირი გააჩნდათ სომხეთთან და დაუბრკოლებლად ღებულობდნენ შევსებას ცოცხალი ძალისა და შეიარაღების სახით. სომეხთა სამხედრო მეთაურობამ დიდ ძალებს მოუყარა თავი სოფელში და საგულდაგულოდ მოემზადა ქართველთა შეტევის მოსაგერიებლად. ბოლნისის ასაღებად სათანადო სამზადისი გაწია საქართველოს სამხედრო მეთაურობამაც. სოფლის გასათავისუფლებლად თავი მოიყარა 1000-ზე მეტმა სამხედრომ და მოხალისემ, 8 ქვემეხითა და 33 ტყვიამფრქვევით. 30 დეკემბერს გააფთრებული ბრძოლის შემდეგ ქართულმა მხარემ ვერ მოახერხა სოფლის აღება. ღამე ქართულმა ნაწილებმა მიიღეს დამატებითი ძალები, ქვეითი ასეული და სამთო-ცხენოსანი ბატარეა, სადახლოს ბრძოლის გმირის პოლკოვნიკ ირაკლი ცაგურიას მეთაურობით. 31 დეკემბერს ქართველები გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, სოფელი ბოლნისი გათავისუფლდა. დღის ბოლოს ქართულმა ნაწილებმა მთლიანად დაიკავეს მდ.ბოლნისისწყლის ხეობა და ლოქის ქედამდე მიაღწიეს. სომხეთის არმიის V მსროლელმა პოლკმა გადალახა ლოქის ქედი და ვორონცოვკის მიმართულებით დაიხია უკან. 31 დეკემბრის ბრძოლაში სომხებმა მძიმე დანაკარგი განიცადეს, როგორც ვალიკო ჯუღელი იხსენებდა "ხელში ჩავიგდეთ ტყვეები, ტყვიამფრქვევები, სამხედრო საწყობები, საზიდრები და უზღვავი ქონება. სამწუხაროდ, ქვემეხები ადრე გაეტანათ. შტაბსაც ასევე წინასწარ მარდად მოეკურცხლა". 17 დეკემბერს სომხეთის სამხედრო მეთაურობის მიერ ეკატერინენფელდის მიმართულებით წამოწყებული შეტევა, ზუსტად ორი კვირის თავზე სომეხთა სრული სამხედრო ფიასკოთი დასრულდა.

დეკემბრის მეორე ნახევარში სომხებმა სცადეს დაეკავებინათ ბორჩალოს მაზრის ყველაზე დასავლეთით მდებარე თრიალეთის უბნის ნაწილიც, მდ.ხრამის სამხრეთით. თუმცა ეკატერინენფელდის მიმართულებით განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე დატოვეს ეს ზონა და სასწრაფოდ დაიხიეს უკან, დევნისას ქართველებმა აიღეს ნადავლი 124 შაშხანისა და მტრის მიერ დატოვებული ჭურვების მარაგის სახით. გამარჯვებულმა საქართველოს არმიამ გაათავისუფლა ეკატერინენფელდისა და თრიალეთის უბნები. 31 დეკემბრის 24 საათისთვის, ქართული არმიის მოწინავე ნაწილებმა ცალკეულ მონაკვეთებში ლორეს უბნის ტერიტორიაზეც შეაღწიეს.

შულავერის ფრონტი და საქართველოს სამხედრო გამარჯვება

სადახლოს ბრძოლა

გიორგი წულუკიძე

5-17 დეკემბერს ლორეში წარმოებული განუწყვეტელი ბრძოლების შემდეგ, უკანდახეულმა ქართულმა ნაწილებმა თავი სადახლოში მოიყარეს. გენერალმა გიორგი წულუკიძემ გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად დაეცვა სოფელი და სადახლოს რკინიგზის სადგური, იქამდე სანამ თბილისიდან დამხმარე ძალებს არ მიიღებდა. მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებდა ის ფაქტი, რომ ქართული ნაწილები კვლავინდებურად უკიდურესად მცირერიცხოვანი იყვნენ. გენერალ წულუკიძის განკარგულებაში მყოფი ცოცხალი ძალის რაოდენობა არ აღემატებოდა 400-450 სამხედროს. ძალთა სიმცირის გამო ქართულ გარნიზონს არ მიეცა საშუალება სრულად დაეკავებინა სადახლოს გარშემო მდებარე ყველა სტრატეგიული სიმაღლე. 18 დეკემბრისთვის ქართული ნაწილები შემდეგნაირად განლაგდნენ: აღმოსავლეთიდან სამხრეთისკენ თანა-დაღის მთის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობებიდან რკინიგზის სადგურამდე, სადახლოს სადგურიდან სამხრეთ-დასავლეთით სიმაღლე "324"-მდე, აქედან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით სიმაღლე "436" და პოზიციები სოფელ დამიას გარშემო. 6 ვერსიან მონაკვეთს სიმაღლე "324"-დან სოფელ დამიამდე იცავდნენ V პოლკის ცალკეულ ნაწილები და პრაპორშიკ დოლიძის მეტყვიამფრქვევეთა ქვედანაყოფი, პოდპოლკოვნიკ მიქაბერიძის მეთაურობით, სულ 3 ოფიცერი და 160 რიგითი.

18 დეკემბერს შუადღეზე სომხეთის არმიის II დივიზიის IV და VI პოლკების ნაწილებისგან შემდგარმა 200 კაციანმა ავანგარდმა, ოფიცრების ფედკოვსკისა და ტერ-მარტიროსიანის მეთაურობით შეტევა მიიტანა სადახლოს სადგურზე. რკინიგზის სადგურთან მიახლოებისას "სომხებმა მოსატყუებლად კარგი და მკაფიო ქართულით ჩვენებს შესძახეს: თქვენები ვართ ძმებო, არ გვესროლოთო", თუმცა სადახლოს გარნიზონი მომზადებული შეხვდა მათ გამოჩენას და მოწინააღმდეგის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, ბრძოლაში ჩაერთო ჯავშანმატარებელიც. რამდენიმესაათიანი ბრძოლა თავდამსხმელთა სრული მარცხით დასრულდა, დაიღუპა 120 სომეხი მებრძოლი, ტყვედ ჩავარდა 40, მათ შორის იყვნენ ოპერაციის მეთაურები, ოფიცრები ფედკოვსკი და ტერ-მარტიროსიანი. ქართულ მხარეს დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე.

18 დეკემბრის ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ სომეხთა სამხედრო მეთაურობას ტაქტიკის შეცვლა მოუწია. ამჯერად მათ უარი თქვეს სადგურ სადახლოს პირდაპირი შეტევით აღებაზე, გადაწყვიტეს ესარგებლათ რიცხობრივი უპირატესობით და განეხორციელებინათ ფლანგური გარეშემოვლა. 19 დეკემბერს სომხური ნაწილები დაეშვნენ მდ.შულავერის ხეობაში და წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი შულავერი. იმავე დღეს სომეხთა მეთაურობამ შულავერსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სომხებს შორის, რომლებიც საქართველოში XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნეში გადმოსახლდნენ, მობილიზაცია გამოაცხადა. შულავერის დაკავების შემდეგ თავდამსხმელები ზურგში მოექცნენ ქართულ ნაწილებს, რამაც გენერალ-მაიორ გიორგი წულუკიძის დაქვემდებარებაში მყოფი დაჯგუფება რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

20 დეკემბერს სომხეთის არმიის ნაწილებმა და სომეხმა მოხალისეებმა მასირებული საარტილერიო დაბომბვის შემდეგ, მასშტაბური შეტევა წამოიწყეს ქართველთა პოზიციებზე, შტურმში ჩართული იყო 4 000-ზე მეტი მებრძოლი. ხანმოკლე შეტაკების შემდეგ თავდამსხმელებმა დაიკავეს სადგური პატარა შულავერი (დღევანდელი სოფელი შულავერი), რომლის შენარჩუნება ქართული მხარისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ძალების სიმცირის გამო. სადგურ პატარა შულავერის დაკავების შედეგად გადაიჭრა სადახლოში გამაგრებულ ქართულ ნაწილებსა და თბილისს შორის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი, გენერალ გიორგი წულუკიძის დაჯგუფება რიცხობრივად მრავალგზის აღმატებულმა მოწინააღმდეგემ ბლოკადაში მოაქცია. ამ პირობებში სადახლოში გამაგრებული ქართული გარნიზონისთვის ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ უკანდახევა და ახალი პოზიციების დაკავება შეიძლება ყოფილიყო, თუმცა თბილისიდან დახმარების მომლოდინე გენერალმა გიორგი წულუკიძემ 21 დეკემბერს უარი თქვა სოფლისა და სადგურის დატოვებაზე და გადაწყვიტა კვლავ ეცადა დაკავებული პოზიციების შენარჩუნება. 22 დეკემბერს სომხეთის არმიის რეგულარულმა ნაწილებმა IV და VI პოლკებიდან და სომეხმა მოხალისეებმა კიდევ ერთი იერიში მიიტანეს სადახლოზე. თავდაპირველად მათ შეძლეს სადახლოს რკინიგზის სადგურისა და სოფლის ნაწილის დაკავება, თუმცა კონტრშეტევაზე გადასულმა ქართულმა ნაწილებმა შეძლეს სადგურის დაბრუნება და სოფელზე სრული კონტროლის აღდგენა, ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. 22 დეკემბრის ბრძოლაში დაიღუპა და დაიჭრა ათობით სომეხი სამხედრო, საგრძნობი იყო დანაკარგები დაღუპულებისა და დაჭრილების სახით ქართულ მხარესაც.

23 დეკემბრისთვის სადახლოს გარნიზონის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. დედაქალაქიდან დახმარების მიღების იმედი არ გამართლდა, დეკემბრის პირველი რიცხვებიდან განუწყვეტელი ბრძოლების შედეგად დაიღუპა, დაიჭრა და დაავადმყოფდა მრავალი სამხედრო მოსამსახურე, ამავდროულად სადახლოში გამაგრებული დაჯგუფება ყველა მხრიდან ბლოკირებული იყო მოწინააღმდეგის მიერ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გენერალ-მაიორმა გიორგი წულუკიძემ გადაწყვიტა დაეტოვებინა სადახლო, ბრძოლით გაერღვია ალყა და დაეკავებინა ახალი პოზიციები. 23 დეკემბერს რამდენიმე კოლონად დაყოფილმა სადახლოს გარნიზონმა გიორგი წულუკიძის მეთაურობით ბრძოლით გაარღვია ალყა და დაიკავა ახალი პოზიციები. გარღვევის ოპერაციისას განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი მცირერიცხოვანმა ქართველმა არტილერისტებმა პოლკოვნიკ ირაკლი ცაგურიას მეთაურობით, საბრძოლო მასალის ამოწურვის შემდეგ არტილერისტებმა ხელჩართული ბრძოლით გაარღვიეს მოწინააღმდეგის რიგები და გავიდნენ ფრონტის ახალ ხაზზე. ალყის გარღვევის შემდეგ ქართულმა რაზმმა შემდეგ პოზიციები დაიკავა: ბაითალო-ულაშლო-აღმამედლო-ყაჩაღანი. გენერალი გიორგი წულუკიძე თბილისში გაემგზავრა პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მთავარი შტაბისთვის ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის გასაცნობად და მეთაურობის გადასაბარებლად. სადახლოში შესულ სომხებს ტყვედ ჩაუვარდათ 130-მდე დაჭრილი და დაავადმყოფებული ქართველი მეომარი, რომელთაც გარღვევის ოპერაციაში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხეს.

18-23 დეკემბერს სადახლოსა და მის შემოგარენში ქართველი სამხედროების მიერ წარმოებულმა თავდაცვითი ბრძოლების სერიამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ომის შემდგომი ბედის გადაწყვეტაში. სადახლოს გარნიზონის მიერ სადგურისა და სოფლის ექვსი დღის განმავლობაში შენარჩუნებამ და თავისკენ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების მიზიდვამ, საქართველოს პოლიტიკურ და სამხედრო მეთაურობას მისცა საშუალება მოეხდინა სხვადასხვა რეგიონებში გაფანტული არმიის ნაწილების თბილისში თავმოყრა, გადაჯგუფება და ფრონტზე გაგზავნა. ამავდროულად განხორციელდა თადარიგში მყოფი სამხედროების მობილიზაცია. 23 დეკემბერს სადახლოს დაკავება სომხეთის არმიის მიერ საქართველოსთან ომში მიღწეული უკანასკნელი წარმატება აღმოჩნდა, ამიერიდან უპირატესობა ქართულ მხარეს გადავიდა.

საქართველოს კონტრშეტევა

გიორგი მაზნიაშვილი

23 დეკემბერს სადახლოს აღების შემდეგ სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურმა მეთაურობამ მათ მიერ დასახული ამოცანის, დაეპყროთ ბორჩალოს მაზრა მდ.ხრამამდე, ძირითადი ნაწილი შეასრულა, თავდამსხმელთა კონტროლს მიღმა მხოლოდ ეკატერინენფელდი რჩებოდა რომლისთვისაც ბრძოლა სომეხთათვის 19 დეკემბერს მარცხით დასრულდა. განსხვავებით ლორესა და ქვემო ქართლისგან სომხეთის არმიამ სრული ფიასკო განიცადა ჯავახეთის მიმართულებით წარმოებულ ბრძოლებში. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით სომეხთა მეთაურმა დრასტამატ კანაიანმა გადაწყვიტა ესარგებლა ქვემო ქართლში ქართული მხარისთვის შექმნილი არასახარბიელო ვითარებით და 24 დეკემბერს ახალი ულტიმატუმით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას. გენერალი კანაიანი ქართველებისგან მოითხოვდა სასწრაფოდ დაეცალათ ახალქალაქის მაზრა და გადაეცათ ის სომხეთისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საომარი მოქმედებების მდ.ხრამის ჩრდილოეთით გადატანით იმუქრებოდა. თუმცა სწორედ იმ დღეს როდესაც სომეხთა სარდალმა ულტიმატუმი წაუყენა ოფიციალურ თბილისს, საქართველოს არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და ომის სადავეები საკუთარ ხელში აიღო.

მას შემდეგ რაც საქართველოში მობილიზაცია გამოცხადდა, შულავერის მიმართულების სარდლად II ქვეითი დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა, მისი მოადგილის თანამდებობა გენერალმა გიორგი სუმბათაშვილმა დაიკავა, ხოლო საველე შტაბის უფროსობა არმიის ყოფილ მთავარსარდალს გიორგი კვინიტაძეს დაეკისრა. გიორგი მაზნიაშვილის, გიორგი სუმბათაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მიერ გატარებული ენერგიული ღონისძიებების შედეგად ქართველმა სამხედროებმა და მოხალისეებმა მოკლე დროში შეძლეს თავდაცვიდან შეტევაში გადასულიყვნენ, მოეპოვებინათ უპირატესობა და მიეღწიათ გამარჯვებისთვის.

24 დეკემბერს ღამის 4 საათზე, ერთი ესკადრონის, ჯავშანმატარებლისა და არტილერიისგან შემდგარმა მცირერიცხოვანმა ქართულმა ავანგარდმა გენერალ-მაიორ გიორგი სუმბათაშვილის მეთაურობით, გადალახა მდ.ხრამი და შეტევაზე გადავიდა. ქართველების მდინარის მარჯვენა სანაპიროზე გამოჩენა სომეხთა სარდლობისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, ჩათვალეს რომ მათ საქართველოს არმიის ძირითადი ძალები უპირისპირდებოდნენ და სასწრაფოდ პატარა შულავერისკენ დაიწყეს უკანდახევა. მტრის მიერ დაშვებული შეცდომით მაშინვე ისარგებლა გენერალმა და განავრცო შეტევის სიღრმე, 8 საათზე სუმბათაშვილის განკარგულებაში მყოფმა ესკადრონის ნახევარმა დაიკავა ქვემო სარალის სარკინიგზო სადგური და სიმაღლეები მის გარშემო. ამავდროულად ქართულმა მხარემ შევსება მიიღო თელავიდან ფრონტის ხაზზე გადასროლილი VI მსროლელი პოლკის ერთი ათასეულის, მეტყვიამფრქვევეებისა და სახალხო გვარდიის ცალკეული რაზმების სახით. 10 საათზე საარტილერიო დამუშავების შემდეგ ქვეითებმა გადაკვეთეს მდ.ხრამი, იერიშით აიღეს პატარა შულავერი და სოფელში მდებარე სარკინიგზო სადგური, სომხებმა ქალაქ შულავერის მიმართულებით დაიხიეს უკან. 12 საათზე გენერალი გიორგი მაზნიაშვილი შტაბთან ერთად, სანდარიდან (დღეს ქალაქ მარნეულის ნაწილი) სადგურ ქვემო სარალში გადავიდა. 24 დეკემბრის კონტრშეტევის შედეგად საქართველოს არმიამ მნიშვნელოვანი პლაცდარმი შეიქმნა მდ.ხრამის სამხრეთით, ხოლო სომხები იძულებული გახდნენ ყრუ თავდაცვაში ჩამდგარიყვნენ.

შულავერის ოპერაცია

გიორგი კვინიტაძე

24 დეკემბრის მიღწეული წარმატების შემდეგ გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა მიზნად შულავერის გათავისუფლება დაისახა, სადაც სომეხთა ძირითადმა ძალებმა მოიყარეს თავი გენერალ დრასტამატ კანაიანის მეთაურობით და საგანგებოდ მოემზადნენ ქალაქის დასაცავად. შულავერის კონტროლს გარდა სამხედრო თვალსაზრისისა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა პოლიტიკური კუთხითაც, რადგან ეს ქალაქი ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. 24 დეკემბერს თბილისიდან ფრონტის ხაზზე დამატებით V ქვეითი პოლკის III და IV ბატალიონები გაემგზავრნენ 1 040 სამხედროს შემადგენლობით. 25 დეკემბრისთვის ომის ეპიცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალები შემდეგნაირად განლაგდნენ: მარცხენა ფლანგს გენერალ ქრისტეფორე ჩხეტიანის მეთაურობით იკავებდნენ, სახალხო გვარდიის სამტრედიის რაზმი (500 გვარდიელი), V პოლკის წინწაწეული ბატალიონი, IV საარტილერიო ბატარეა და სადაზვერვო ესკადრონი. ცენტრში განლაგდა სხვადასხვა დასახელების თორმეტი შენაერთი, მათ შორის VI პოლკის ორი როტა, ოფიცრების ასეული და მესაზღვრეთა რაზმი, ასევე მოხალისეები, ფრონტის ამ უბანს გენერალ-მაიორი გიორგი სუმბათაშვილი მეთაურობდა.

თავის მხრივ სომეხთა სარდლობამ შულავერსა და მის შემოგარენში 4 000-ზე მეტ სამხედროსა და მოხალისეს მოუყარა თავი, ქალაქში შეტანილ იქნა დამატებითი აღჭურვილობა. ამავდროულად IV მსროლელი პოლკის მეთაურმა ალექსანდრ კოროლკოვმა კიდევ ერთხელ მოუწოდა შულავერის სომხურ მოსახლეობას შეერთებოდნენ სომხეთის არმიას და მათ შემდეგნაირად მიმართა: "განცხადება. შულავერის მაცხოვრებლებო. ინგლისელები და ფრანგები ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ. აუცილებელია, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს შულავერი დარჩეს სომხეთის საზღვრებში. იარაღის ტარების უნარის მქონე მთელ მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ჯარისკაცების დასახმარებლად გამოვიდეს "დალიქ დაშის" კლდესთან და მოიგერიოს ქართველთა შეტევა, რომლებიც შულავერის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. 27 დეკემბრის საღამოსათვის მათგან ველოდები პარლამენტიორებს. მოხალისეები გამოცხადდნენ რაზმის შტაბთან. შულავერის რაზმის უფროსი, პოდპოლკოვნიკი კოროლკოვი". ორივე მხარისთვის ნათელი იყო, რომ ომის გადამწყვეტი ბრძოლა შულავერისთვის უნდა გამართულიყო, ამიტომ როგორც ქართველი ისე სომეხი სამხედროები განსაკუთრებული მონდომებით მოემზადნენ გენერალური ბრძოლისთვის.

ფრონტის სარდალმა გიორგი მაზნიაშვილმა ქალაქის ასაღებად აუცილებლად ჩათვალა შულავერის გარშემო მდებარე სტრატეგიული სიმაღლეების "246,9"-ისა და "557"-ის აღება. დასახული ამოცანის შესრულება სახალხო გვარდიის სამტრედიის რაზმს დაევალა გენერალ-მაიორ ჩხეტიანის მეთაურობით, რომელსაც ღრმა ფლანგური გარეშემოვლა უნდა განეხორციელებინა მტრის ძირითადი ძალებისთვის, დაეკავებინა სოფელი მამხუტი და დასავლეთიდან შეეტია შულავერთან მდებარე სტრატეგიულ სიმაღლეებზე გამაგრებული სომხებისთვის.

საქართველოს სახალხო გვარდიის თბილისის საგანგებო ბატალიონი

25 დეკებერს 15 საათზე საარტილერიო დაბომბვის შემდეგ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს შეტევა შულავერის მიმართულებით. გენერალ ჩხეტიანის მეთაურობით სახალხო გვარდიის ნაწილებმა განახორციელეს ფლანგური გარეშემოვლა, დაიკავეს სოფელი მამხუტი და დასავლეთიდან განხორციელებული შტურმით აიღეს ქალაქის გარშემო მდებარე სიმაღლეები. შულავერისთვის ბრძოლაში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ისტორიაში პირველად ჩაერთო ავიაციაც, კერძოდ პოდპორუჩიკ გორგაძის მეთაურობით ქართველმა მფრინავებმა რამდენიმე საბრძოლო გაფრენა განახოციელეს ფრონტის ხაზზე და დაბომბეს მოწინააღმდეგის პოზიციები. თუმცა 25 დეკემბრის ბრძოლებში მიღწეული წარმატების განვრცობა ვერ მოხერხდა შულავერის გარშემო მდებარე სიმაღლეებზე განლაგებული სახალხო გვარდიის ნაწილების არადისციპლინირებულობის გამო, რომელთაც ღამე დატოვეს აღებული სიმაღლეები და დაბრუნდნენ მამხუტში. 26 დეკემბერს გვარდიელებმა მეორედ აიღეს სიმაღლეები, ნადავლის სახით ხელთ იგდეს 2 ტყვიამფრქვევი, მაგრამ დაღამებისას კვლავ დატოვეს პოზიციები და ისევ სოფელში დაბრუნდნენ. ასეთი გამაოგნებელი ქცევის მიზეზად ბრძოლებში მონაწილე გვარდიელები ძლიერ ყინვას ასახელებდნენ, რის გამოც მათ სიმაღლეებზე დარჩენა არ სურდათ. გენერალმა ქრისტეფორე ჩხეტიანმა თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა, რადგან მიზანშეუწონლად მიიჩნევდა ასეთი არადისციპლინირებული კონტიგენტის მეთაურობას. 27 დეკემბერს გიორგი მაზნიაშვილი V პოლკის ქვედანაყოფებთან ერთად კიდევ ერთხელ შეეცადა აეღო ქალაქი, თუმცა არასათანადო მხარდაჭერის გამო გენერალმა დასახული მიზნის შესრულება ვერ შეძლო. იმავე დღეს სომხეთის სამხედრო მეთაურობამ დამატებით კიდევ ერთი მსროლელი პოლკი გადაისროლა შულავერში. ამავდროულად სომეხი სამხედროები გამოჩნდნენ სარკინიგზო ხაზის მიმართულებითაც, დაიკავეს სოფელი ზემო სარალი და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს სადგურ ქვემო სარალის მიმართულებით სადაც გენერალ მაზნიაშვილის შტაბი და ქართველთა რეზერვები იყვნენ განლაგებული, თუმცა სომეხთა ამ მცდელობას შედეგი არ მოუტანია.

დაჩქარებული ტემპებით ჩატარებული მობილიზაციისა და არმიის სხვადასხვა ნაწილების ფრონტის ხაზზე გადასროლის შედეგად გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილის განკარგულებაში მყოფი ძალების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. ამდენად საქართველოს არმიის მეთაურობამ შულავერი-სადახლოს მიმართულებით ახალი ოპერაცია დაგეგმა, ამჯერად გადაწყდა კომბინირებული შეტევის მიტანა როგორც ქალაქზე, ისე ქვემო სარალიდან სადახლოს მიმართულებით სარკინიგზო ხაზის გასწვრივ. 28 დეკემბერს ორსაათიანი საარტილერიო დამუშავების შემდეგ, 10 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე გაშლილი 3 500 ქართველი სამხედრო და მოხალისე შულავერის მიმართულებით გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ქალაქის გასათავისუფლებლად ყველაზე საპასუხისმგებლო როლის შესრულება V და VI პოლკებს დაეკისრათ. ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, სომხებმა რამდენჯერმე სცადეს კონტრშეტევის წამოწყება, თუმცა მათი ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. დღის ბოლოს საქართველოს არმიამ დაიკავა შულავერის გარშემო მდებარე ყველა სიმაღლე და არსებითად ბრძოლის ბედი გადაწყვიტა. ღამე სომხეთის არმიამ ქალაქი დატოვა და სამხრეთისკენ უკანდახევა დაიწყო. 28 დეკემბერს შულავერის ბრძოლაში სომხებმა 200 სამხედრო და მოხალისე დაკარგეს, საგრძნობი იყო დანაკარგი ქართულ მხარესაც. შულავერის ბრძოლაში საქართველოს არმიამ ტყვედ აიყვანა სომხეთის არმიის 7 ოფიცერი და 107 რიგითი, ნადავლის სახით ქართულ მხარეს დარჩა 4 ზარბაზანი, 15 ტყვიამფრქვევი, საარტილერიო საზიდრები და საომარი მასალა. 29 დეკემბრის დილას, ქართულმა ნაწილებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის ყველა სამეთვალყურეო პოსტი, აიყვანეს ტყვეები და შევიდნენ ქალაქში. შულავერის სომხური მოსახლეობის დელეგაცია გამოცხადდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან, გამოაცხადეს მორჩილება და ითხოვეს პატიება. ომის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი გათავისუფლდა თავდამსხმელებისგან.

29-31 დეკემბრის ბრძოლები და ომის დასასრული

ქართველი კავალერისტები

შულავერის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ სომხეთის არმიამ ორი მიმართულებით დაიწყო უკანდახევა, სომეხთა ერთი დაჯგუფება სიონი-ოფრეთის გზით იხევდა სამხრეთისკენ. ხოლო მეორე დაჯგუფება აღმოსავლეთით, სარკინიგზო ხაზის მიმართულებით შეეცადა გაჭრას, თუმცა უკანდახევისას მათ ქართული კავალერია დაესხა თავს, სომეხთა ნაწილი დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა, ნაწილი კი გაიფანტა. 29 დეკემბერს შულავერის გათავისუფლების პარალელურად საქართველოს არმიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ზემო სარალში. გენერალ-მაიორ გიორგი წულუკიძის მეთაურობით ქართულმა ნაწილებმა მოულოდნელი შეტევა მიიტანეს სოფელში გამაგრებულ მოწინააღმდეგეზე და დაამარცხეს ისინი. სომხებმა ზემო სარალის ბრძოლაში დაკარგეს 100-მდე სამხედრო, აღებულ იქნა ნადავლი 2 ზარბაზანისა და 2 ტყვიამფრქვევის სახით. 29-30 დეკემბერს გიორგი წულუკიძის მეთაურობით მდ.დებედის ორივე სანაპიროს გასწვრივ მოძრავმა ქართულმა დაჯგუფებამ გაათავისუფლა მიმდებარე ტერიტორია და ბრძოლით დაიკავა სოფელი და სადგური სადახლო, ასევე სოფელი ლამბალო (დღევანდელი ბაგრატაშენი) მდ.დებედის მარცხენა სანაპიროზე. იმავე დღეს, II დივიზიის V პოლკის ქვედანაყოფებმა, რომლებიც 18-23 დეკემბერს გააფთრებულ ბრძოლებში იყვნენ ჩართული სადახლოსთვის, გაათავისუფლეს სოფლები: მოლაოღლი, ბურდაძორი, გულბაღი და ხოჯორნი.

პარალელურად ქართველმა სამხედროებმა წარმატებული შეტევა განახორციელეს მდ.შულავერის ხეობის გასწვრივ სამხრეთის მიმართულებით. 30 დეკემბერს სიონის გავლით ქართულმა ნაწილებმა მიაღწიეს წერაქვს და დაიკავეს სოფელი. თუმცა სანამ ქართველებით დასახლებულ წერაქვს დატოვებდნენ, სომეხმა სამხედროებმა სოფელი დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს, წერაქვის ბედი გაიზიარეს ქვემო ქართლის აზერბაიჯანულმა სოფლებმაც. ვინაიდან ლორეს გარდა ბორჩალოს მაზრის ყველა უბანში სომხები მოსახლეობის აბსოლიტურ უმცირესობას წარმოადგენდნენ და არ გააჩნდათ მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერა, სომეხი სამხედროები და მოხალისეები ავიწროებდნენ, ძარცვავდნენ და ატერორებდნენ ადგილობრივ ქართულ და აზერბაიჯანულ მოსახლეობას. თავდამსხმელების ასეთი აგრესიული მოქმედებების გამო მაზრაში მცხოვრები აზერბაიჯანელები ყოველმხრივ ეხმარებოდნენ ქართველ სამხედროებს, ამავდროულად მათვე ჩამოაყალიბეს მოხალისეთა რაზმი რომელიც საქართველოს არმიას შეუერთდა. 31 დეკემბერს ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გათავისუფლდა სოფელი ოფრეთი, ქართულმა ქვედანაყოფებმა ასევე დაიკავეს სოფლები ჩანახჩი და ახქერფი.

სომხეთის მიერ საქართველოზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, მედიატორის როლს მეომარ მხარეებს შორის დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები ასრულებდნენ. სომხეთის ხელისუფლება დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ბრიტანელებისა და ფრანგების მეთვალყურეობით მოლაპარაკებების დაწყებას, რადგან ანტანტის სახელმწიფოებს თავიანთ ბუნებრივ მოკავშირეებად მიიჩნევდნენ. ხოლო საქართველოს, რომელიც გერმანიის იმპერიის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა რეგიონში, დაშნაკების მოსაზრებით არ ექნებოდა ბრიტანელებისა და ფრანგების მხარდაჭერა. შესაბამისად ერევანში მოელოდნენ, რომ ანტანტის წარმომადგენლები ყოველმხრივ დაიცავდნენ მათ ინტერესებს და დაეთანხმებოდნენ სომხეთის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის წამოყენებულ ნებისმიერ ტერიტორიულ თუ სხვა სახის პრეტენზიებს. ომის პირველ ეტაპზე, როდესაც სომხეთის არმია წარმატებებს აღწევდა ოფიციალური ერევანი თავს არიდებდა კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს, ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ჩაშლას და აყენებდა არარეალურ მოთხოვნებს. ასე მაგალითად ჰოვანეს კაჯაზნუნი აცხადებდა, რომ ახალქალაქის მთლიან მაზრას, ასევე ბორჩალოს მაზრას მდ.ხრამამდე ის სომხეთის ნაწილებად განიხილავდა, პრემიერ-მინისტრის აზრით სადავო მხოლოდ მდ.ხრამის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია შეიძლება ყოფილიყო და მოლაპარაკებებიც ამ თემასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო. თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლება მიზნად ომამდელი საზღვრების აღდგენას ისახავდა და მხოლოდ ამ შემთხვევაში ესახებოდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა რეალისტურად. მას შემდეგ რაც ომის მსვლელობა შეიცვალა, საქართველოს არმიამ უპირატესობა მოიპოვა, ხოლო სომხებმა ზედიზედ რამდენიმე მძიმე მარცხი განიცადეს, 30 დეკემბერს სომხეთის ხელისუფლებამ მიიღო ჯერ კიდევ ხუთი დღით ადრე ბრიტანელი გენერლის უილიამ ჰენრი რაიკროფტისა და ფრანგი პოლკოვნიკის პიერ-ოგიუსტ შარდინის ხელმძღვანელობით შემუშავებული დროებითი დაზავების პირობები. ბრიტანელი და ფრანგი სამხედროების გეგმის მიხედვით ომი 31 დეკემბრის 24 საათზე უნდა შეწყვეტილიყო, საქართველოს არმია დარჩებოდა იმ ხაზზე რომელსაც იგი მიაღწევდა ცეცხლის შეწყვეტისას, ხოლო სომხეთის არმია დაუბრუნდებოდა ომამდელ პოზიციებს ე.ი. დაიხევდა მდ.კამენკის სამხრეთით. ამავდროულად ბრიტანული პიკეტი დაიკავებდა სარკინიგზო ხაზს ქართულ და სომხურ ნაწილებს შორის, ხოლო საქართველო-სომხეთს შორის სადავო ტერიტორიების ბედი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე უნდა გადაწყვეტილიყო.

ევროპელების მეთვალყურეობით ქართულ და სომხურ მხარეებს შორის მიღწეული ზავის პირობებით, 1918 წლის 31 დეკემბერი საომარი მოქმედებების უკანასკნელ შესაძლო დღედ იქცა. სომხეთის მთავრობამ დროულად გააფრთხილა მათი არმიის მეთაურობა მოსალოდნელი დაზავების შესახებ, ამიტომ სომხებმა ყველა არსებული ძალების აირუმში თავმოყრა დაიწყეს, საიდანაც გადაწყვიტეს ომის უკანასკნელ დღეს შეეტიათ სადახლოსთვის და ნებისმიერ ფასად ხელმეორედ დაეკავებინათ სოფელი და სარკინიგზო სადგური. განსხვავებით სომხებისაგან, ქართველი სამხედროები არ იყვნენ ინფორმირებული 31 დეკემბრის 24 საათზე ომის შეწყვეტის შესახებ. არმიის მთავარსარდლის ალექსანდრე გედევანიშვილის ხელმოწერილი ბრძანება ომის დღის ბოლომდე დასრულების შესახებ, მხოლოდ 31 დეკემბრის შუადღეს მიიღეს ცალკეულ ნაწილებში, ხოლო ზოგიერთ ქვედანაყოფამდე გენერალ გედევანიშვილის ბრძანებამ მხოლოდ 1 იანვარს მიაღწია. ამ უყურადღებობის გამო ფრონტის ხაზზე ქართულმა სარდლობამ 1 იანვრისთვის ახალი შეტევა დაგეგმა, ამჯერად საქართველოს არმიის ძირითადმა ძალებმა სადახლოს დასავლეთით, ოფრეთის მიდამოებში დაიწყეს თავმოყრა რათა 1919 წლის პირველ დღეს გადაელახათ ლოქის ქედი და შტურმით აეღოთ ალავერდისა და სანაინის სადგურები.

1918 წლის 31 დეკემბერს მდ.დებედის გასწვრივ, ორ კოლონად დაყოფილმა სომხეთის არმიამ მასირებული შეტევა წამოიწყო ქართველთა წინააღმდეგ სადახლოსა და მის შემოგარენში. ბრძოლაში სომხური მხარე სარგებლობდა საგრძნობი რაოდენობრივი და ტექნიკური უპირატესობით, ვინაიდან საქართველოს არმიის ძირითადი ნაწილები სადახლოს დასავლეთით, ლოქის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე იყვნენ მობილიზებული. მთელი დღის გააფთრებული ბრძოლის შემდეგ სომხებმა შეძლეს მდ.დებედის მარცხენა მხარეს მიეღწიათ წარამტებისთვის, დაეკავებინათ ლამბალო და თანა-დაღის მთა, სოფელ მამაიდან გაგზავნილმა ქართულმა ნაწილებმა ვერ შეძლეს კონტრშეტევით დაკარგული პოზიციების დაბრუნება, თუმცა მტრის შემდგომი წინსვლა შეჩერებულ იქნა. მდ.დებედის მარჯვენა ფლანგზე მოქმედმა სომხურმა კოლონამ მთელი დღის განმავლობაში განუწყვეტელი იერიშების მიუხედავად ვერ მოახერხა დასახული ამოცანის შესრულება, სოფელი და სადგური სადახლო საქართველოს არმიას დარჩა. გენერალ-მაიორი გიორგი წულუკიძე ძალების გადაჯგუფების შემდეგ კონტრშეტევაზე გადავიდა და სადახლოდან 9 კილომეტრის სიღრმეზე შეიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ.დებედის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ. ამ მიმართულებით დღის ბოლოსთვის ქართული ქვედანაყოფების წინსვლა აირუმიდან 1 კილომეტრში შეჩერდა.

31 დეკემბრის 24 საათზე სომხეთ-საქართველოს ომი დასრულდა. გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილის ტელეგრამის მიხედვის: "31 დეკემბრის 24 საათისათვის ქართულ ჯარებს დაკავებული აქვთ: სოფ. ოფრეთი, სოფ.ხოჯორნი, სოფ. გულბაღი, სოფ.სადახლო, სადგური სადახლო, სოფ. ლამბალო, სადგურ სადახლოს ჩრდილოეთით მდებარე ქედი "1554" სიმაღლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ "2660" სიმაღლემდე და შემდეგ წარწერამდე "წყარო", რომელიც წარწერა ხაჩი-ყალას ჩრდილოეთით მდებარეობს. ორიგინალური ხელმოწერა: გენერალი მაზნიევი." სოფ.ლამბალო და სიმაღლე "2660" მოწინააღმდეგის მიერ დატოვებულ იქნა 1919 წლის 1 იანვრის 8 საათზე გენერალ მაზნიაშვილის მოთხოვნის შემდეგ, რათა არ მომხდარიყო მხარეებს შორის უშუალო შეხება. ომის დასასრულს მხარეების მიერ დაკავებული პოზიციები თითქმის მთლიანად ემთხვევა საქართველო-სომხეთის დღევანდელ სახელმწიფო საზღვარს.

ომის სამხედრო-პოლიტიკური შედეგები სომხეთისა და საქართველოსთვის

ევგენი გეგეჭკორი

1918 წლის დეკემბერში გაჩაღებული ომის შედეგად სომხეთის ხელისუფლებამ ვერ მიაღწია ვერცერთ დასახულ მიზანს. დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ამ ომის შედეგად სომხეთის ტერიტორია არ გაზრდილა არცერთი კვადრატული კილომეტრით. კონფლიქტამდე ოსმალეთის კონტროლს ქვეშ მყოფი ახალქალაქის მაზრა მთლიანად საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა, ხოლო ბორჩალოს მაზრაში სომხეთის არმიას ომამდელ პოზიციებზე მოუწია დაბრუნება. ასევე არ გამართლდა მოლოდინი, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უპირობო მხარდაჭერას გამოუცხადებდნენ ოფიციალურ ერევანს. არარეალისტურად იქცა დაშნაკთა სურვილი ანტანტის სამხედრო-პოლიტიკური დახმარებით შეექმნათ დიდი სომხეთი. ამავდროულად ომის დამამთავრებელ ეტაპზე განცდილი მძიმე მარცხის შედეგად, ნათლად წარმოჩინდა ახალგაზრდა რესპუბლიკის სამხედრო სისუსტე.

ორაზროვანი იყო ომის შედეგები საქართველოსთვისაც. 1918 წლის დეკემბრის ბოლო კვირაში ომის ყველა ფრონტზე მოპოვებული გამარჯვებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ზავის დადებამ აღარ მისცა საშუალება სამხედროებს განევითარებინათ შეტევა და დაბრუნებულიყვნენ კონფლიქტამდელ პოზიციებზე მდ.კამენკაზე. ამავდროულად ომის დამამთავრებელ ეტაპზე ქართულმა არმიამ სრული უპირატესობა მოიპოვა, როგორც რაოდენობრივი ისე ტექნიკური კუთხით. 31 დეკემბრისთვის ბორჩალოს მაზრაში საქართველოს არმია შემდეგ ძალებს ითვლიდა: II დივიზიის IV, V და VI ქვეითი პოლკები (1 600, 2 500 და 1 200 სამხედრო), II ცხენოსანი პოლკი (600 სამხედრო), მანგლისის II სასაზღვრო რაზმი (300 სამხედრო), ჰაუბიცების ბატარეა (350 სამხედრო), II საარტილერიო ბრიგადა (119 სამხედრო), ლეგიონი (640 სამხედრო), ოფიცრების განსაკუთრებული რაზმი (450 სამხედრო), თელავის ცხენოსანთა რაზმი (100 მოხალისე), შერეული მუსლიმური ბატალიონი (500 მოხალისე), მუსლიმური რაზმი (200 მოხალისე) და სახალხო გვარდია (1 300 გვარდიელი), სულ 10 000-მდე სამხედრო და მოხალისე. ეს ძალები სრულად საკმარისი იყო წარმატების განსავითარებლად, ბრძოლებში გამოფიტული და ბოლო კვირის განუწყვეტელი დამარცხებებით დემორალიზებული სომხეთის არმიის საბოლოოდ გასატეხად. როგორც ამიერკავკასიაში გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური მისიის ხელმძღვანელი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი წერდა: "ქართველებს თავიანთი გამარჯვების გამოყენებაში ინგლისელებმა შეუშალეს ხელი." ამ შეხედულებას იზიარებდნენ ქართველი სამხედროებიც, რომელთაც ომის გაგრძელება სურდათ, რათა ბრძოლის ველზე მოპოვებულ გამარჯვებას უფრო მეტი პოლიტიკური დივიდენდი მოეტანა საქართველოსთვის.

მეორე მხრივ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ შეძლო მოქნილი დიპლომატიური პოლიტიკა გაეტარებინა. რამდენიმე თვის წინ გერმანიასთან მჭიდრო კავშირის მიუხედავად, ქართველმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა მოკლე პერიოდში კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაამყარეს ანტანტის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. შედეგად თავდაპირველად პროსომხური შეხედულებების მქონე ბრიტანელი და ფრანგი სამხედროების პოზიცია შეიცვალა და ისინი მეომარი მხარეების მიმართ ნეიტრალურად განეწყვნენ. დიპლომატიურ ფრონტზე მიღწეული წარმატებისა და სამხედროების მიერ ომში მოპოვებულმა გამარჯვებამ განაპირობა, ის რომ საქართველომ დაიბრუნა ახალქალაქის მაზრა და ჯავახეთზე სომხეთის პრეტენზია არარეალისტურად იქცა. ამავდროულად შეუსრულებელი დარჩა სომეხთა მიზანი ბორჩალოს მაზრასთან დაკავშირებითაც. ქვემო ქართლი საქართველოს შემადგენლობაში დარჩა, ხოლო ლორეს უბნის ჩრდილოეთი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და დიდი ბრიტანეთის მეთვალყურეობის ქვეშ ქართულ-სომხურ კონდომინიუმად იქცა.

არსებული საერთაშორისო რეალობის ფონზე, როდესაც სომხები კავკასიაში ანტანტის ერთადერთ მოკავშირეებად ითვლებოდნენ და მათ მიმართ პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე მოკავშირეებმა არაერთი დაპირება გასცეს, ხოლო საქართველოს თავდაპირველად მტრულ ქვეყნად მიიჩნევდნენ, კონფლიქტის ამგვარი დასასრული პოლიტიკური კუთხით ქართული სახელმწიფოსთვის მისაღებად შეიძლება შეფასდეს. შექმნილ ვითარებაში ანტანტის წარმომადგენლების დაჟინებული მოთხოვნის, შეწყვეტილიყო საომარი მოქმედებები, უგულვებელყოფა, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა საქართველოს ხელისუფლებას და მნიშვნელოვნად გაართულებდა ახლადშექმნილი რესპუბლიკისთვის საერთაშორისო აღიარებისა და მხარდაჭერის მოპოვებას.

ომის შემდეგ

კავკასია 1920 წ.

1919 წლის 9-17 იანვარს თბილისში გაიმართა სომხეთ-საქართველოს სამშვიდობო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მიღწეული შეთანხმებით, ბორჩალოს მაზრის ლორეს უბნის ჩრდილოეთ ნაწილი, ლორეს ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და დადგინდა მისი საზღვრები. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, აქ მორიგეობით უნდა მდგარიყო ქართული და სომხური ჯარი.

საქართველოსა და სომხეთის მეორე კონფერენციაზე (1919 წლის 28 თებერვალი - 3 მარტი), ასევე მოკავშირეთა მონაწილეობით, მხარეთა შორის მოწესრიგდა დიპლომატიური ურთიერთობის, საგარეო ვაჭრობის, მოქალაქეთა მიმოსვლის, საკომუნიკაციო კავშირების აღდგენისა და სხვა საკითხები. რაც შეეხება საზღვრების საკითხს, იგი კვლავ ღიად დარჩა, იმ იმედით, რომ მას პარიზის სამშვიდობო კონფერენცია გადაწყვეტდა.

1919 წლის 8 მარტს საქართველომ დე-იურე აღიარა სომხეთის რესპუბლიკა, 24 მარტს კი სომხეთმაც იურიდიულად ცნო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. საქართველოს სრულუფლებინი წარმომადგენლის როლს სომხეთში სიმონ მდივანი ასრულებდა. სომხეთის დიპლომატიურ მისიას საქართველოში სათავეში ედგა არშაკ ჯამალიანი.

1919 წლის 3 ნოემბერს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თბილისში ორი ხელშეკრულება დაიდო. პირველი დოკუმენტი მხარეებს ყველა სადაო საკითხის ურთიერთშეთანხმებით ან არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტას ავალდებულებდა, ხოლო მეორე მეზობელ სახელმწიფოებს შორის სამი წლის ვადით თავისუფალ ტრანზიტს ითვალისწინებდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი)
  2. იქვე
  3. იქვე
  4. იქვე
  5. იქვე
  6. George A. Bournoutian.The Politics of Demography: Misuse of Sources on the Armenian Population of Mountainous Karabakh. «Journal of the Society for Armenian Studies». — Society for Armenian Studies, 1999. — Vol. 9. — P. 99—103.
  7. ჩამოსახლებები ქვემო ქართლში
  8. იქვე
  9. ქართულ-სომხური ურთიერთობები XVIII-XIX საუკუნეებში
  10. ჩამოსახლებები ქვემო ქართლში
  11. ქართულ-სომხური ურთიერთობები XVIII-XIX საუკუნეებში
  12. იქვე
  13. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.
  14. იქვე
  15. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  16. ბერძნები
  17. საქართველოში მცხოვრები გერმანელების სამეურნეო ყოფა და ტრადიციები
  18. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.
  19. აზერბაიჯანელები
  20. იქვე
  21. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.
  22. ქართულ-სომხური ურთიერთობები XVIII-XIX სს-ში
  23. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  24. ქართულ-სომხური ურთიერთობები XVIII-XIX სს-ში
  25. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  26. Волкова Н. Г.«Этнические процессы в Закавказье в XIX—XX веках», Кавказский Этнографический сборник, IV часть, Институт Этнографии им. Н. Н. Миклухо-Маклая АН СССР, Москва, Наука, 1969, стр. 8.
  27. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.
  28. იქვე
  29. იქვე
  30. საქართველოს რუსები
  31. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.
  32. იქვე
  33. იქვე
  34. იქვე
  35. იქვე
  36. იქვე
  37. იქვე
  38. ქართულ-სომხური ურთიერთობები XVIII-XIX საუკუნეებში
  39. იქვე
  40. იქვე
  41. იქვე
  42. ქვათა ღაღადი
  43. მიხეილ თამარაშვილი."პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას". თბილისი, 1904.
  44. განმანათლებლობა საქართველოში იდეები და მოღვაწეები
  45. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  46. БОРЬБА ЗА ЗАКАВКАЗЬЕ (1917–1921)
  47. 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი
  48. БОРЬБА ЗА ЗАКАВКАЗЬЕ (1917–1921)
  49. იქვე
  50. იქვე
  51. ჩემი მისია კავკასიაში
  52. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  53. იქვე
  54. იქვე
  55. ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი)
  56. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  57. ჩემი მისია კავკასიაში
  58. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  59. იქვე
  60. იქვე
  61. იქვე
  62. ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი)
  63. იქვე
  64. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  65. იქვე
  66. ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი)
  67. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  68. ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი)
  69. იქვე
  70. იქვე
  71. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  72. ქსე, ტ.2, გვ. 182, თბილისი 1977
  73. M. Varandian.Le conflit armeno-georgien et la guerre du Caucase (Paris, 1919), стр.75
  74. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  75. იქვე
  76. ქართულ-სომხური ურთიერთობა 20-იანი წლებიდან დღემდე,
  77. ჯავახეთი
  78. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  79. «Путешествие Гюльденштедта в Грузии». т. I. перевод и исследования Г. Гелашвили. Тбилиси. 1962 г. стр. 215
  80. ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან
  81. ქართულ-სომხური ურთიერთობა 20-იანი წლებიდან დღემდე
  82. ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი)
  83. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  84. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.
  85. იქვე
  86. იქვე
  87. იქვე
  88. იქვე
  89. Армяно-Азербайджанские вооруженные конфликты 1919-1920 гг.
  90. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.
  91. იქვე
  92. იქვე
  93. იქვე
  94. იქვე
  95. Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century
  96. იქვე
  97. БОРЬБА ЗА ЗАКАВКАЗЬЕ (1917–1921)
  98. ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი)
  99. БОРЬБА ЗА ЗАКАВКАЗЬЕ (1917–1921)