კოტე მარჯანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 29: ხაზი 29:


==ციტატები==
==ციტატები==
*"ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა — მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა."
*„ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა — მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა“.


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

08:37, 9 ივნისი 2015-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარჯანიშვილი.
კოტე მარჯანიშვილი

კონსტანტინე (კოტე) ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილი (დ. 28 მაისი, 9 ივნისი, 1872, სოფ. ყვარელი — გ. 17 აპრილი, 1933, მოსკოვი, დასაფლავებულია თბილისში) — საბჭოთა ეპოქის ქართველი რეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1931).

ოჯახი

კოტე მარჯანიშვილის მამა, ალექსანდრე ანდრიას ძე მარჯანიშვილი (მარჯანოვი, გ. 1876) იყო რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი, ფრანგულიდან თარგმნა ალექსანდრე დიუმას „ორი დიანა“; დედა, ელისაბედ სოლომონის ასული ჭავჭავძე (დ. 1850 — გ. წ. უცნობია) იყო აკაკი წერეთლის წერილების ადრესატი, ხოლო ილია ჭავჭავაძემ მას ლექსი „გახსოვს, ტურფავ...“ მიუძღვნა. ალექსანდრე მარჯანიშვილის და — მაგდალინა იყო პუბლიცისტ სერგეი მესხის დედა და მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის დიდი ბებია.

კოტე მარჯანიშვილს ჰყავდა ორი და — თამარი და ნინო. უფროსი და — თამარი 1890 წლიდან ბოდბის, შემდგომ სერაფიმო-ზნამენსკის ქალთა მონასტერის წინამძღვარი (იღუმენია) იყო; უმცროსი და — ნინო ცოლად ჰყავდა ექიმ გრიგოლ ელიავას. მათი ვაჟი გიორგი ელიავა იყო ცნობილი მიკრობიოლოგი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

საფოსტო მარკა სსრკ, კოტე მარჯანიშვილი, 1972 (Michel 4048, Scott 4013)
რუსთაველის თეატრის დასი: კოტე მარჯანიშვილი, ვ. სიმონიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი, დ. ჩხეიძე, მიხეილ ქორელი, ა. გველესიანი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დოდო ანთაძე

განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. მარჯანიშვილი პირველად გამოვიდა 1894 წელს ქუთაისის დრამატულ დასში, რომელსაც კ. მესხი ხელმძღვანელობდა. ამავე წელს 27 ნოემბერს დებიუტი ჰქონდა თბილისის სცენაზე, შეასრულა ერეკლეს როლი ა. წერეთლის დრამატულ პოემაში „პატარა კახი“. 1897 წელს მარჯანიშვილი რუსეთში გაემგზავრა. მსახიობობდა ქ. ელიზავეტგრადში, ქერჩში, ბაქოში, ტაშკენტში, აშხაბადში, ტულაში, ლუგანსკში, ვიატკაში.

1900-1901 წლებში სათეატრო სეზონში ვიატკაში დადგა ა. ჩეხოვის პიესა „ძია ვანია“. 1904-იდან მოღვაწეობდა, როგორც რეჟისორი. 1904-1905 და 1905-1906 სეზონში მიიწვიეს კ. ნეზლობინის დრამატულ დასის რეჟისორად რიგაში, სადაც დადგა მ. გორკის პიესა „მოაგარაკენი“. 1905 რევოლუციის დღეებში მარჯანიშვილი დაუახლოვდა მ. გორკის. იგი მონაწილეობდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში, გამოდიოდა მიტინგებზე. დიდ ყურადღებას უთმობდა თეატრის რევოლუციურ სულისკვეთებას, მოქალაქეობრივ პათოსს, სადღესასწაულო განწყობილებას. მარჯანიშვილი რეჟისორად მუშაობდა ხარკოვის (1906-1907), კიევის (1907-1908), ოდესის (1908-1909) დრამატულ დასებში.

1909 წლიდან მოსკოვის კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორი იყო. ამ პერიოდში ა. სუმბათაშვილთან ერთად აქტიურ დახმარებას უწევდა ქართველ რეჟისორებს ვ.შალიკაშვილს, ა.წუწუნავას და ვ. მჭედლიშვილს, რომლებიც მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდნენ. მოსკოვში მონაწილეობდა ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1910-1913 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში, სადაც დადგა კ. ჰამსუნის „ცხოვრების ბრჭყალებში“ (1911), ჰ. იბსენის „პერ გიუნტი“ (1912); მონაწილეობა მიიღო თ.დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ დადგმაში (1910), და ჰ. კრეგის დადგმის „ჰამლეტის“ განხორციელებაში. 1913 წელს მარჯანიშვილმა მოსკოვში დააარსა „თავისუფალი თეატრი“, სადაც თეატრალურ რუტინას დაუპირისპირა სინთეზური თეატრის პრინციპი, ცდილობდა აღეზარდა ყოველმხრივ განვითარებული მსახიობი, რომელიც გამოვიდოდა ოპერაში, დრამაში, პანტომიმაში. თეატრმა მხოლოდ ერთი სეზონი (1913-1914) იარსება.

მარჯანიშვილმა აქ დადგა: მ. მუსორგსკის ოპერა „სოროჩინცის ბაზრობა“, ჟ. ოფენბახის ოპერეტა „მშვენიერი ელენე“, შნიცლერ-დონანის პანტომიმა „პიერეტას საბურველი“ და სხვა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა თეატრებს დონის როსტოვში (1914-1915), „ბუფის“ (1916-1917) და მინიატიურების თეატრს (1917-1918) პეტროგრადში. 1919 წელს მარჯანიშვილმა კიევში, სოლოვცოვის თეატრში, დადგა ლოპე დე ვეგას დრამა „ცხვრის წყარო“, ეს დადგმა შევიდა საბჭოთა თეატრის ისტორიაში, როგორც პირველი საბჭოთა სპექტაკლი. 1920 წელს მარჯანიშვილმს პეტროგრადში დააარსა კომიკური ოპერის თეატრი, რომელშიც საინტერესო დადგმები განახორციელა. 1922 წელს მარჯანიშვილი საქართველოში დაბრუნდა და საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა თეატრს. მან სათუთად შემოინახა რევოლუციამდელი ქართული თეატრის დემოკრატიული და რეალისტური ტრადიციები, გაამდიდრა ისინი რევოლუციური იდეებით.

1922 წელს მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა რევოლუციურ-ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“, რომელიც ქართული თეატრის განახლებას დაედო საფუძვლად. 1926 წლამდე მარჯანიშვილი სათავეში ედგა რუსთაველის თეატრს. აქ მან დადგა ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ (1922), გ. ერისთავის „გაყრა“ (1923), ჟ.მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“ (1924; მ. ქორელთან ერთად), უ. შექსპირის „ჰამლეტი“ (1925) და სხვა.

1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. გადაიღო ფილმები: „ქარიშხლის წინ“ (1924), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1924), „ამოკი“ (1927), „კრაზანა“ (1928), „კომუნარის ჩიბუხი“ (1929).

1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ (1928-1930) თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე (გარდაცვალების შემდეგ,1933, თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა). აქ მარჯანიშვილმა დადგა: ე.ტოლერის „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ!“ (1928), ბ. შოუს „წმინდა ქალწული“ (1928); კარპიო ლოპე ფელიქს დე | ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“ (1928), შ. დადიანი „კაკალგულში“ (1928); კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ (1929), პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (1929), გ. ბუხნიკაშვილის „კი მაგრამ...“ (1930), პ. შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“ (1930), ი. ოლეშას „სამი ბღენძი“ (1931), კ. კალაძის „სახლი მტკვრის პირას“ (1931), ა. აფინოგენოვის „შიში“ (1932), უ. შექსპირის „ოტელო“ (1932), ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ (1933) და სხვა.

1930 წელს მე-2 სახელმწიფო თეატრმა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩაატარა გასტროლები მოსკოვსა და ხარკოვში. ეს იყო ქართული თეატრის პირველი გასტროლები საქართველოს გარეთ. მარჯანიშვილმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა: რ. ვაგნერის „ლოენგრინი“ (1924), დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1923), ზ. ფალიაშვილის „დაისი“ (1924), ჯ. როსინის „ვილჰელმ ტელი“ (1931) და სხვა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში მოსკოვში დადგა ფ. შილერის „დონ კარლოსი“ (1933; მოსკოვის მცირე თეატრი), ი. შტრაუსის ოპერეტა „ღამურა“ (1933; მოსკოვის ოპერეტის თეატრი) და სხვა.

მარჯანიშვილის სახელი მინიჭებული აქვს აგრეთვე ყვარლის სახალხო თეატრს. ყვარელში, მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი. დაწესებულია მარჯანიშვილის სახელობის პრემია.

ციტატები

  • „ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა — მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა“.

ლიტერატურა

  • გ. ბუხნიკაშვილი, ქსე, ტ. 6, გვ. 476, თბ., 1983

რესურსები ინტერნეტში