გიორგი სააკაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: be:Георгій Саакадзэ
{{commonscat|Giorgi Saakadze}}
ხაზი 84: ხაზი 84:


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
{{commonscat|Giorgi Saakadze}}
*'' გვრიტიშვილი დ.,'' ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVII სს.), ტ. 2, თბ., 1965;
*'' გვრიტიშვილი დ.,'' ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVII სს.), ტ. 2, თბ., 1965;
*საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, 1973;
*საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, 1973;

21:24, 19 აგვისტო 2012-ის ვერსია

გიორგი სააკაძე

გიორგი სააკაძე, კასტელის ნახატი
მეტსახელი დიდი მოურავი
დაბადების თარიღი 1570
დაბადების ადგილი სოფ. ფელი
გარდაცვალების თარიღი 3 ოქტომბერი, 1629
გარდაცვალების ადგილი ჰალაბი (ალეპო)
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები ტაშისკარის ბრძოლა
მარაბდის ბრძოლა
მარტყოფის ბრძოლა
ბაზალეთის ბრძოლა

გიორგი სიაუშის ძე სააკაძე, დიდი მოურავი (დ. დაახლ. 1580, სოფ. ფელი[1] — გ. 3 ოქტომბერი, 1629, ალეპო), საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მხედართმთავარი და სამხედრო სტრატეგი.

სააკაძის წინაპრები

სააკაძის წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. ნოსტე. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფელ ერთაწმინდას კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე სოფელი შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა).

სააკაძეთა გვარი მკრთალად ჩანს ისტორიულ წყაროებში. ყველაზე ადრეული წინაპარი – ჯანზურაბ სააკაძე, იხსენიება თამარ მეფის დროს, XII საუკუნის მიწურულს. შემდგომ – დონა სააკაძე, ბაგრატ V თანამებრძოლი (1386 წლის 21 ნოემბერს, თემურლენგის შემოსევის ჟამს, თბილისის დაცემისას მეფესთან ერთად წაუყვანია ტყვედ თემურლენგს). შემდეგ გიორგი სააკაძე, იხსენიება 1547 წლის საბუთში პატრონად. ივანე ჯავახიშვილის აზრით, პატრონად მხოლოდ მსხვილი ფეოდალები იწოდებოდა. გიორგის ოთხი ვაჟი ჰყოლია: ზეშთაელი, სიაუში, ზურაბი და ივანე. ამათგან სიაუშია გიორგი სააკაძის მამა, დედა - თამარი (ბარათაშვილის ქალი).საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!

სააკაძეთა გაძლიერება მეფისადმი ერთგულების გზით ხორციელდება. გიორგი სააკაძის მამა სიაუში, ბიძები – ზეშთაელი, ზურაბი და ივანე დაახლოებულნი არიან სამეფო კართან და თავდადებით ემსახურებიან სიმონ I დიდს. გივი ჯამბურიას ცნობით: "1569-1578 წლებში სიმონის მეუღლე, დედოფალი ნესტან-დარეჯანი ,,ერთგულსა ყმასა და თავდადებით ნამსახურ სააკაძეს გიორგის შვილს ზეშთაელს” წყალობად აძლევს ქალაქ გორში ერთ კომლ ვაჭარს თავისი მამულით.’’

ამ ზეშთაელის ერთ-ერთი ძმა, გიორგი სააკაძის ბიძა სახლთუხუცესია ქართლის მეფის კარზე, თანაც ხანგრძლივად 1590-1607 წლებში, სახლთუხუცესობა კი დიდ თანამდებობად ითვლებოდა.

ბიოგრაფია

გიორგი სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰქონდა მიღებული. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1600-1606 გიორგი X-ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩინდა ლუარსაბ II-ის მეფობაში. ამ დროს იგი თბილისის (1608-იდან), ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე.წ. "ბატონყმური რიგის" დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის "მოკიდებული კაცნი" (სააკაძის დასი ან "პარტია") ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც.

”გიორგი სააკაძის უცნობი პორტრეტი”

სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა გამდგარი მთიელები და მათ შორის ოსები და დვალები. დიდი ფეოდალი, არაგვის ერისთავი ნუგზარი თავისთავად შეიქმნა მეფის ერთგული, რადგან გიორგის სიმამრი იყო. შესუსტდა ფეოდალთა ანარქია. სააკაძემ ყურადღება მიაქცია ქვეყნის შენებასაც, ხელი შეუწყო ომიანობის დროს მიმოფანტული მოსახლეობის უკან, ფუძეზე დაბრუნებას. ამას კი მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერება, რაც თავისთავად გადაიზრდებოდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებაში. პლატონ იოსელიანის ცნობით, გიორგი სააკაძემ ცხინვალსა და თბილისში ციხეები შეაკეთა და დვალეთის მთებში ახალი სიმაგრეები ააგო.

სააკაძის დასი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო 1608-1612 წლებში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და (1611), სააკაძემ და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება ტაშისკარის ბრძოლაში (1609).

ტაშისკარის ბრძოლა

1609 წლის ივნისში ქართლში ოსმალთა დიდი არმია შემოიჭრა, ქართული წყაროები მათ ,,თათარხანის ჯარს’’ და ,,მგლის ტყაოსნებს’’ უწოდებენ. ჯარი სათარეშოდ იყო შემოსული და როგორც ჩანს, მტერმა იცოდა მეფის ადგილსამყოფელი. მათი მიზანი იყო ხელთ ეგდოთ ქართლის მეფე ლუარსაბი, რომელიც ცხირეთში იმყოფებოდა და გაეპარტახებინათ უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა. მტერს მეგზური დასჭირდა – კველთაში ერთი მღვდელი დაიჭირა და მეგზურობა უბრძანა. ბერი თევდორე უმამაცესი გმირი აღმოჩნდა. მას მყარად ჰქონდა გააზრებული თუ რას ნიშნავდა მეფის დატყვევება, გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხსნა ლუარსაბი და სულ სხვა გზით წაიყვანა ოსმალები, გოსტიბიდან ერთაწმინდის გავლით სოფელ ქვენადრისაკენ. მტერი დიდი მანძილით დაშორდა ცხირეთს. როდესაც ოსმალები მიუხვდნენ თევდორე ბერს ტყუილს წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

ცხირეთში მდგარ მეფეს სულ რამდენიმე კაციღა ახლდა. სიტუაცია გადამწყვეტ მოქმედებას ითხოვდა და სააკაძეს შეეძლო ვითარების სასიკეთოდ შემობრუნება. ,,მაშინ მოახსენა მოურავმან მეფესა, ვითარმედ: ,,ნუ აჩქარდებითო და ვნახოთ ღმერთმა რა მოახდინოსო’’, რამეთუ იყო ესე მოურავი კაცი გულსრული და კარგი სარდალი, ჭკვიანი და გონიერი.’’ბერი ეგნატაშვილი. სააკაძის რჩევით მეფე ცხირეთში გამაგრდა, თვითონ კი ახლომახლო სოფლებში, უპირველესად კავთისხევში შეკრიბა სახელდახელოდ ორასი კაცი, ყოველმხრივ აფრინა შიკრიკები ჯარის მოსახმობად, ირანის გარნიზონიც დაიბარა თბილისიდან, ხოლო თვითონ ზაზა ციციშვილთან ერთად ამ ორასი კაცით ეკვეთა მტერს სხერტის ჭალაში. გააფთრებული ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. მტერი მტკვრისაკენ უკუიქცა. თურქების მოზრდილი ჯარი ქართველების ,,გულსრული’’ სარდლის წყალობით მწარედ დამარცხდა. ზაზა ციციშვილმა ერთ ფაშას თავიც კი მოჰკვეთა, როგორც ჩანს, სააკაძის მიერ წარმოებული ბრძოლის ორგანიზაცია სწორედ მტრის დაბნევა-დათრგუნვას ითვალისწინებდა.მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტერი ქართლში იდგა, შუაგულში და გორისაკენ ჰქონდა გეზი აღებული. ერთის მხრივ, მტრის დევნა დაისახა მიზნად სააკაძემ, მეორე მხრივ, გზავნის შიკრიკებს და მოუწოდებს მოლაშქრეებს.

მეფე ლუარსაბ და მოურავი გიორგი სააკაძე სოფელ ახალდაბასთან მივიდნენ, მოითათბირეს და გადაწყვიტეს თურქების დევნა მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირით კი აღარ განეგრძოთ, არამედ ფონით მეორე მხარეზე გადასულიყვნენ, შემოევლოთ მტრისათვის და შეერთებოდნენ შიდა ქართლიდან მომავალ ჯარებს, მტკიცედ დამდგარიყვნენ სურამთან და ამგვარად ჩაეკეტათ მტრისათვის ბორჯომის მთავარი გასასვლელი - თურქეთში მიმავალი ერთადერთი გზა – პლატონ იოსელიანი.

მტერი ტაშისკარის ბოლოს გავიდა. ახლა საჭირო გახდა, მტკვრის გადალახვა, რათა გზა მოეჭრა ოსმალთათვის, მტკვრის გადალახვა წარმატებით დასრულდა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ, რომლებიც მოვიდნენ ყველა კუთხიდან სააკაძის დამსახურებით. ლუარსაბ მეფე მთლიანად ენდობოდა მოურავს. თათბირზე ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ ,,მაშინ განზრახითა მოურავისათა შემოუსხნეს მეთოფენი თხრილსა და თვით ცხენოსანნი მივიდნენ განთიად მინდორსა ზედა, ეკვეთნენ ფიცხდლად და იქმნა ბრძოლა ძლიერი’’

,,ამ ომსა შინა მხნედ გამოჩდნენ მეფე ლუარსაბ და უმეტეს მოურავი. მისცათ ღმერთმან ძლევა და მოსწყვიტენ ურიცხვი და ივლტვოდნენ თათარნი, რამეთუ მოსაკიდელთა დედანიცა მესამე დღემდე გამოიყვანდნენ ტყიდან თათართა, განაშიშვლიან და განუტევიან’’ვახუშტი ბაგრატიონი.

წავკისის ტრაგედია

სააკაძესა და მის მომხრეებს ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ დიდ თავადთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახით, რომელსაც ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ფეოდალური კლასის შიგნით, მის რეაქციულ და პროგრესულ ფრთას შორის ბრძოლაში სააკაძე პროგრესული საქმის მეთაურად გამოდიოდა. მის შესახებ არსებული სხვადასხვა აზრი ამ ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური დასის შეხედულებებს გამოხატავს. მას საფუძვლად კლასობრივი თვალსაზრისი უდევს. სააკაძის მოწინააღმდეგებმა შეძლეს მეფის მიმხრობა და სააკაძის საწინააღმდეგო შეთქმულების მოწყობა. ლუარსაბ მეფე შეუშინდა თავადებს და სააკაძე დასაღუპავად გაიმეტა, თანხმობა მისცა დედოფლის გაშვებაზე.

რაკი სააკაძის მოშორება გადაწყდა, შუა გზაზე გაჩერება შეუძლებელი იყო. გიორგი არ იყო უმწეო კაცი, რომ დაეყენებინათ და თავის მამულში ჩაეკეტათ. თავადების ასეთი უკომპრომისობა ადვილი ასახსნელია, მათ იციან, რომ „სააკაძე კაცი დიდად კარგი“ არის, მაგრამ თავიანთი დიდგვაროვანთა ინსტიტუტი ყველა კარგ კაცს და მთელ ქვეყანას ურჩევნიათ. შეადგინეს სამოქმედო გეგმა და გადაწყვიტეს სააკაძე წავკისს მოეწვიათ მეფესთან სანადიროთ, იმ ღამეს თავს დასხმოდნენ და მოეკლათ.

წავკისში სააკაძე მხოლოდ ერთი მხლებლის ამარა მივიდა. დიდ მოურავს წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ მისი დამსახურების კაცს სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ, მითუმეტეს მეფისაგან არ მოელის ღალატს. ის სრულიად დამშვიდებული მოვიდა სიძესთან, ღვინო დალია, თავის კარავში შევიდა, რათა დაისვენოს და დილით ნადირობას შეუდგეს. 1620 წლის მაისი, მეფე გაეცალა ასპარეზს თუმცა, ბააკა ხერხეულიძემ შეძლო და მოახერხა ამ საშინელი საქმის აღსრულებამდე სააკაძის გაფრთხილება.

„დაასკუნეს რა საქმე ესე, არა დაფარა ღმერთმან საქმე ესე, არამედ იხსნა მეფე ლუარსაბ უბრალო კაცის სიკვდილისაგან და სისხლთაგან. და მივიდა მოურავთანა ფარეშთუხუცესი ხერხეულიძე ბააკა და გაამჟღავნა მეფე“ბერი ეგნატაშვილი.

ბააკა ხერხეულიძემ სასწორზე შეაგდო თავისი სიცოცხლე ამ საქციელით. ბერი ეგნატიშვილი წერს რომ „დააჭრეს ცხვირ-პირი.“ ცხადია, თავის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ არავინ ჩააგდებს ქვეყნისა და მეფის მოღალატის გამო, არავინ დაისჯის ასე თავს, მაგრამ მან დანამდვილებით იცის, რომ სააკაძე არა ქვეყნის მოღალატეა, არამედ ქვეყნისა და მეფის მხსნელია. ბააკა ხერხეულიძემ მოურავის ფასი იცოდა და სწორედ იმ რწმენით გაწირა თავი, რომ ქვეყნის სამაგალითო მამულიშვილს იხსნიდა. ახლა ჯერი სააკაძეზე მიდგა, მას რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულად უნდა ემოქმედა. მოურავი ახალუხის ამარა გავარდა გარეთ, მხოლოდ ხმლის აღება მოასწრო, მოახტა პირველსავე შემხვედრ ცხენს და დიდი სისწრაფით გავარდა ეზოდან.

სააკაძის კეთილშობილური ბუნება და მამობრივი გრძნობები გამოიკვეთა იმ დროს, როდესაც ის წავკისიდან არა პირდაპირ ირანისაკენ, არამედ ჯერ ნოსტეში გაიქცა თავისი ცოლ-შვილის გადასარჩენად. მათ ექვსიოდე მსახური წამოეწიათ, ცხენებიც იშოვეს. ისინი იძულებულნი გახდნენ გამობრუნებულიყვნენ და გიორგის სიმამრის ნუგზარ ერისთავის სამფლობელომდე მიეღწიათ. გიორგიმ თავისი ოჯახითურთ იგივე გზა გამოიარა, რაც წინა ღამეს, სულ ტყე-ტყე იარეს, შეუსვენებლივ, ტანისამოსი შემოეგლიჯათ, ფეხისგულები დაუსისხლიანდათ და მცხეთის ახლოს ტყეში დადგნენ, რადგან გაზაფხული წყალდიდობის გამო მდინარე მტკვარი კალაპოტში ვერ ეტეოდა და მისი გადალახვა რთული იყო. მცხეთის ხიდის დასაზვერავად გაგზავნილმა მსახურმა კარგი ამბავი ვერ მოიტანა. ხიდს იცავდა სამოცი კაცი და ფხიზლად იყვნენ, გაიძახოდნენ დიდ მოურავსა და მის მხლებლებს შევიპყრობთო. გიორგი განრისხდა და გადაწყვიტა იერიშით აეღო ხიდი, მცველები დაეხოცა და ისე გადასულიყო მეორე მხარეს, მაგრამ გიორგი მსახურებმა არ გაუშვეს – ხმაურზე სხვებიც არ შემოუერთდნენ ხიდის მცველებს და საქმე არ დავიღუპოთო. სხვა გზა არ დარჩა, მოურავმა „გადასწერა ყველას პირჯვარი და პირველმა გადაუშვა ცხენი მდინარე მტკვარში მეორე ნაპირზე გასაცურავად. მას მიჰყვა მისი ცოლი და ყველა მხლებელი. ხიდის მცველებმა ვერ შეამჩნიეს მოურავი და მისი ოჯახი, რომელნიც მცხეთის ტაძრისაკენ გაეშურნენ მადლობის უფალი მაცხოვრისთვის შესაწირავად. ბედნიერი, მშვიდობიანი გზის სამადლობლად ოჯახმა ტაძარს 60 მარჩილად ღირებული ოქროს თასი შესწირა.“ – პლატონ იოსელიანი.

სოფელ მისაქციელთან გიორგი სააკაძეს სიმამრი შეეგება. არაგვის მოხუცი ერისთავისათვის განსაცდელი უცხო ხილი არ ყოფილა, მაგრამ საყვარელი ასულისა და სიძის ასეთ მდგომარეობაში ნახვამ ის აღაშფოთა.

დევნილებმა მოისვენეს ანანურში. საფრთხე უკვე ჩავლილი იყო, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც. რჩებოდა ორი გზა: ან ბრძოლა უნდა გაემართათ ლუარსაბთან, ან საქართველოდან გადახვეწილიყო გიორგი სააკაძე. ნუგზარი იმ დროისათვის ძლიერი ერისთავია. სამეფოს მთავარი ლაშქარი მისი სამფლობელოებიდან გამოდის. სააკაძეს ქართლში ბევრი მომხრეები ჰყავდა. მას შეეძლო ეს ხალხი შეეკრიბა და ლუარსაბზე გაელაშქრა, სამაგიერო მიეზღო, რადგან შეურაცხჰყვეს და სასიკვდილოდ გასწირეს, მაგრამ სააკაძემ მაინც გაცლა არჩია.

სააკაძემ ბოლოს ირანში შაჰის კარზე წასვლა გადაწყვიტა. 1612 წლამდე შაჰის კარზე მანამდეც ყოფილა, სიმონ მეფესაც ახლდა თურქეთში.

დიდი მოურავი მივიდა ირანი საზღვრებამდე. მან აღჯაყალას ციხეში ცოლ-შვილი დატოვა, თვითონ კი ნუგზარ ერისთავთან ერთად შაჰს ეახლა. შაჰი სიხარულით შეეგება ლტოლვილებს. სააკაძეს მარტოოდენ თავშესაფარის პოვნა როდი აინტერესებდა, იგი თავისი მიზნების აღსრულებისათვის გამოსადეგ გზებს ეძებდა.

რაკი სააკაძე ირანში წავიდა, მათი მოწინააღმდეგეთათვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ ის ახლო მომავალში თუ არა ოდესმე დიდი განსაცდელი მოელოდათ მათ მიერ განწირული დიდი მოურავისაგან. გიორგის მტრები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ სააკაძე შაჰის ძალებს გამოიყენებდა მათ ასალაგმავად, ამიტომ სხვა გზა უკან დასახევი არ რჩებოდათ, ხალხი უნდა დაეწმუნებინათ მოურავის მოღალატეობაში და ბოლომდე გაეტეხათ სახელი მისთვის.

1619 შაჰ-აბას I-მა სააკაძე დანიშნა ქართლის ხანის სიმონ II-ის ვექილად (რწმუნებული). საქართველოში ჩამოსვლისთანავე იგი შეუდგა აჯანყებისათვის მზადებას. შეურიგდა თავის ყოფილ მტრებს - ფარსადან ციციშვილს, ქაიხოსრო ჯავახიშვილს; "ერთგულების ფიცის წიგნები" მიიღო მროველი ეპისკოპოსის დომენტისა და ბარძიმ ამილახვრისაგან; დაუკავშირდა იმერთა მეფეს გიორგი III-ს და გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა; დაუმოყვრდა ოსმალთა დიდმოხელეს, სამცხის ათაბაგთა ჩამომავალს ფარად-ფაშას, რომელსაც შეეძლო აჯანყების შემთხვევაში სააკაძე ოსმალეთის მთავრობასთან დაეკავშირებინა დახმარების მიღების მიზნით; შეაკეთეს ციხეები, ხიდები და გზები, აშენებდნენ სოფლებსა და სხვა. მოსალოდნელი აჯანყების თავიდან ასაცილებლად შაჰ-აბას I-მა 1625 ადრიან გაზაფხულზე დიდი არმია გამოგზავნა საქართველოში ყარჩიხა-ხანის სარდლობით. მისი მიზანი იყო კახელების მთლიანად გაწყვეტა და ქართველთა ირანში გადასახლება. სააკაძის მიერ გაწეულმა დიდმა სამზადისმა განაპირობა აჯანყების წარმატება. 1625 წლის 25 მარტს აჯანყებულებმა სააკაძის მეთაურობით თითქმის მთლიანად გაწყვიტეს მტრის მთავარი ძალები სოფ. მარტყოფთან. აჯანყების გამარჯვების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს თეიმურაზ I. მარაბდის ბრძოლაში (1625) ქართველთა დამარცხების შემდეგ სააკაძე მთელი ზაფხულის განმავლობაში განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლებს. ერთ-ერთ ბრძოლაში ქსნის ხეობაში სააკაძემ და მისმა მომხრეებმა ირანელთა 12 ათასიანი ლაშქარი გაანადგურეს. ქართლ-კახეთის 1625 აჯანყების დროს სპარსელებმა საქართველოში სულ დაახლოებით 60 ათასამდე მოლაშქრე დაკარგეს, რაც მთელი სპარსეთის სამხედრო ძალების ნახევარს შეადგენდა. შაჰ-აბას I ფაქტობრივად დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი აეღო თავისი მიზნების განხორციელებაზე. ქართველებმა კი დიდი მსხვერპლის ფასად გაიმარჯვეს და შეინარჩუნეს ფიზიკური არსებობა. თუმცა მალე განხეთქილება მოხდა სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რასაც მოჰყვა ბაზალეთის ბრძოლა (1626). გამარჯვების შემთხვევაში სააკაძე აპირებდა ქართლ-კახეთის ტახტზე იმერეთის მეფის მემკვიდრის, ალექსანდრეს, დასმას, რასაც უნდა მოჰყოლოდა სამი სამეფოს (ქართლი, კახეთი, იმერეთი) ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. ამ ბრძოლაში სააკაძე დამარცხდა და იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, სადაც კონიის ვილაიეთის მმართველად დანიშნეს. სააკაძე ოსმალეთის მხარეზე იბრძოდა სპარსეთის წინააღმდეგ.

სააკაძის მიზანი იყო ოსმალთა დახმარებით სპარსეთის დამარცხება და საქართველოს განთავისუფლება. მას შემდეგ, ოსმალთაგან იმედგაცრუებულმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ დიდი ვეზირის ხუსრევ-ფაშის ბრძანებით, სააკაძე, მისი ვაჟი ავთანდილი და 40-მდე მხლებელი შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს. განმანთავისუფლებელმა ბრძოლამ სააკაძის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ფიზიკური განადგურებისაგან იხსნა.

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVII სს.), ტ. 2, თბ., 1965;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, 1973;
  • ფურცელაძე ა., ბრძოლა საქართველოს მოსასპობად და საქართველოს შესაერთებლად ანუ გიორგი სააკაძე და მისი დრო, ტფ., 1911;
  • ღვინჯილია ჯ., გიორგი სააკაძის პიროვნება, გამოც. მე-2, თბ., 1983;
  • ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964;
  • ჯამბურია გ., ქსე, ტ. 8, გვ. 535, თბ., 1984

სქოლიო

  1. გ. ჯამბურია, გიორგი სააკაძის დაბადების თარიღისათვის, კრ. კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, გვ. 282-287