პაოლო მალდინი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის დამატება: lmo:Paolo Maldini
r2.7.1) (ბოტის დამატება: bs:Paolo Maldini
ხაზი 578: ხაზი 578:
[[bg:Паоло Малдини]]
[[bg:Паоло Малдини]]
[[bn:পাওলো মালদিনি]]
[[bn:পাওলো মালদিনি]]
[[bs:Paolo Maldini]]
[[ca:Paolo Maldini]]
[[ca:Paolo Maldini]]
[[cs:Paolo Maldini]]
[[cs:Paolo Maldini]]

18:16, 24 ნოემბერი 2011-ის ვერსია

თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიო

პაოლო მალდინი (იტალ. Paolo Maldini; დ. 26 ივნისი 1968, მილანი, იტალია) — იტალიის ეროვნული ნაკრების და „მილანის“ მარცხენა განაპირა და ცენტრალური მცველი. ფეხბურთელი, რომელმაც 25 წელი მხოლოდ ერთ კლუბში, „მილანში“ გაატარა. ამ ხნის განმავლობაში საკლუბო დონეზე უამრავი ტიტული მოიგო. 5-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, აქედან ორჯერ როგორც კაპიტანმა თასი ისე ასწია. ევროპისა და იტალიის სუპერთასი ყველაზე მეტჯერ 5-ჯერ აქვს მოგებული. 2005 წლის ლიგის ფინალში ლივერპულის წინააღმდეგ 58-ე წამზე ანგარიში გახსნა, რაც ამ ტურნირის ფინალებში ყველაზე სწრაფი გოლი აღმოჩნდა. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მისი სამნომრიანი მაისურით „მილანში" აღარავინ ითამაშებს. სანაკრებო დონეზე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მან ყველა სინჯის მედალი მოიგო, გარდა ოქროსი.

საკლუბო კარიერა

პაოლო მალდინის 25 წლიანი საკლუბო კარიერა 1985 წლის 20 იანვარს იწყება. მილანი უდინეზეს ხვდებოდა. სერჟიო ბატისტინი დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე 16 წლის მალდინი შევიდა.[1][2] ის თამაში ფრედ 1:1 დამთავრდა, პაოლო კი მილანელად მოინათლა.

იმ წელს მას მეტჯერ აღარ უთამაშია, მომდევნო სეზონში კი პაოლო კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა - პარმადან მილანში გადასულმა არიგო საკიმ ახალგაზრდა მცველს მარცხენა ფლანგი ანდო.

საკის მილანი

იმ წლებში "მილანი" დიდი ძალა არ იყო, თუმცა, 1986 წელს ტელემაგნატი სილვიო ბერლუსკონი კლუბის პრეზიდენტი გახდა, გუნდში დიდი ფული ჩადო, ცნობილი ფეხბურთელებიც მოიწვია და უძლიერესი გუნდი შექმნა[3].

მილანმა მოგებების სერია დაიწყო. იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ ამარცხებდა "ინტერს", "იუვენტუსს", "ვერონას". იმ დროისთვის სერია ა-ს მარადონას "ნაპოლი" ლიდერობდა. ჩემპიონობისთვის მათავრი ბრძოლა სწორედ ამ ორ გუნდს შორის მიდიოდა. ბევრისთვის მოულოდნელად მილანმა 4:1 მოუგო ქვეყნის საუკეთესო გუნდს, პაოლო მალდინიმ კი შესანიშნავად ითამაშა და მარადონას ბურთიც არ მიაღებინა.

მომდევნო მატჩებიც "მილანმა" იმარჯვა და სკუდეტოს დაეუფლა. პაოლომ პირველი ტიტული მიიღო.

1988-1989 წლების სეზონში მილანი უძლეველ გუნდად უკვე ჩამოყალიბებული იყო. შეტევის ხაზში ჰოლანდიელები ბრწყინავდნენ რუუდ გულიტი, ფრანკ რაიკარდი, ვან ბასტენი.

ჩემპიონთა ლიგაზე "მილანი" ნახევარფინალში "მადრიდის რეალს" დაუპირისპირდა. იმ დროისთვის სამეფო კლუბი ფავორიტად ითვლებოდა. პირველი თამაში სანტიაგო ბერნაბეუზე შედგა და ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა როგორც რეალის ფეხბურთელბი აღნიშნავდნენ, ეს თამაში კოშმარად დაამახსოვრდათ, პაოლო მალდინიმ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა როგორც გულშემატკივარზე, ისე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებზე. განმეორებითი მატჩი კი სან-სიროზე ნამდვილი ტრიუმფი იყო მილანისთვის, რომელმაც ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.

რეალის მაშინდელი ფორვარდი ემილიო ბუტრაგენიო ამბობს, რომ ეს ყველაზე საშინელი თამაში იყო მის კარიერაში. მან ვერაფერი მოუხერხა პაოლო მალდინის, რომელიც წინ და უკან მუდმივად მოძრაობდა და შეტევის დასრულების საშუალებას არ აძლევდა მოწინააღმდეგეს[4].”.

იმ წელს ფინალი ბარსელონაში შედგა. ერთმანეთის პირისპირ "მილანი" და "სტიაუა" წარსდგნენ. ბარსელონაში როსონერის უამრავი გულშემატკივარი გაჰყვა და მთელი ქუჩები შავ-წითელ ფერებში აჭრელდა, რამაც დამატებითი სტიმული მისცა ფეხბურთელებს. სტადიონზეც მხოლოდ ეს ფერები დომინირებდა.

ფინალი ისეთივე გამანადგურებელი ანგარიშით დასრულდა, როგორც ნახევარფინალი. მილანმა სტიაუა 4:0 დაამარცხა და 24 წლის შემდეგ ჩემპიონთა თასს დაეუფლა. პაოლო მალდინის კარიერაში ეს პირველი ევროპული თასი იყო. 21 წლის მალდინი უკვე ვეტერანივით თამაშობდა, ყველას ხიბლავდა მისი თავგანწირული სუფთა ვარდნები, საოცარი სისწრაფე, შესანიშნავი ტექნიკა, პოზიციის სწორი შერჩევა და ელეგანტურობა, რომელიც ყველასგან გამოარჩევდა. არასდროს უხეშობდა მეტოქის წინააღმდეგ და ყოველთვის პატივს სცემდა მათ.

1989 წელს მილანი საკონტინენტთაშორისო თასისთვის საბრძოლველად ტოკიოში გაემგზავრა და ევროპული ფეხბურთის ღირსების დაცვა მოახერხა. მალდინის რეგალიებს კი კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც შეემატა.

მომდევნო წელს პაოლოს შანსი მიეცა ევროპის ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ დაეცვა. ჩემპიონთა თასის ფინალში მილანი ბენფიკას შეხვდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. იმ შეხვედრაშიც პაოლომ 90 წუთი ითამაშა და საკმაოდ დიდი შრომაც გასწია. 90 წელს საკონტინენტთაშორისო თასისთვის „მილანი" ტოკიოში კიდევ ერთხელ ჩავიდა. მალდინის კი ამომავალ ქვეყანაში სტუმრობა ძვირად დაუჯდა. „ოლიმპია ასუნსიონის" წინააღმდეგ მატჩში პირველივე ტაიმში დაშავდა - ლავიწის ძვალი გაიტეხა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მატჩის დამთავრების შემდეგ გასახდელში მარკო ვან ბასტენი რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად შევიდა და პაოლო ხელში აყვანილი გამოიყვანა, იმისათვის რომ საკონტინენტთაშორისო თასი ერთად აეწიათ და გუნდის ზეიმს არ გამოკლებოდა.[5]

კაპელოს „მილანი"

პაოლო მალდინი

1991 წელს როცა ცნობილი გახდა, რომ აძელიო ვიჩინის გაწვრთნილი იტალიის ნაკრები ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე ვერ მოხვდებოდა, ქვეყნის პირველ გუნდში საკის უხმეს. მილანში კი არიგოს ნაცვლად ფაბიო კაპელო მოვიდა, რომელმაც საკის "მფრინავი" მილანი მომაკვდინებელ ძალად აქცია - კლუბიც ზედიზედ სამი სეზონი ბატონობდა იტალიურ ფეხბურთში. იმ „მილანს" ფრანკო ბარეზი კაპიტნობდა, პაოლო მალდინი კი ალესანდრო კოსტაკურტათან და მაურო ტასოტისთან ერთად, კაპიტნის მხრდამხარ გაუვალ გაცვას ქმნიდა.

სწორედ დაცვის ჩინებული თამაშის წყალობით დაამყარა სებასტიანო როსიმ სერია ა-ს რეკორდი. მცველების კარგმა თამაშმა დიდად განაპირობა ის, რომ 1991-1992 წლების სეზონში მილანმა "პერუჯას" რეკორდი გაიმეორა და სერია ა, 58 მატჩი წაუგებლად დაასრულა და სკუდეტოს კიდევ ერთხელ დაეუფლა[6]. მილანელებმა ტიტული მომდევნო წელსაც დაიცვეს.

"ფრანს ფუტბოლი" კაპელოს მილანზე წერდა: " ფაბიო კაპელომ მილანში ჩანაფიქრის ასი პროცენტით განხორციელება შეძლო, გუნდის დაცვა კი სალ კლდედ აქცია. ფრანკო ბარეზის, პაოლო მალდინის, ალესანდრო კოსტაკურტასა და მაურო ტასოტის დაცვის ოთხეული თამამად შეგვძლია მივიჩნიოთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დაცვად!"

1991-94 წლები საუკეთესო იყო მილანის ისტორიაში. გუნდმა ყველა ტურნირის მოგება შეძლო. პაოლოს რეგალიებსაც ზედიზედ ემატებოდა იტალიის ჩემპიონის თუ ჩემპიონთა თასის მფლობელის ტიტულები. გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ - მარსელ დესაი, სავიჩევიჩი, პაპინი, ბობანი, ჟორჟ ვეა.

1994 წლის გაზაფხულზე პაოლო მალდინიმ მესამედ მოიგო ჩემპიონთა თასი. იმ სეზონში "მილანმა" ბრწყინვალედ ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, ფინალში კი კრუიფის "ბარსელონას" დაუპირისპირდა. მაშინ კატალონიურ კლუბს ”ოცნების გუნდსაც” უწოდნებდნენ. იტალიელებს დაცვაში დიდი დანაკლისი ჰქონდათ. დისკვალიფიკაციის გამო ფინალი კაპიტანმა ბარეზიმ და კოსტაკურტამ გამოტოვეს. სწორედ ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად "მილანი" ფავორიტად არ ითვლებოდა. თუმცა უკვე პირველი ტაიმის შემდეგ როსონერი მასაროს დუბლის წყალობით 2:0 იგებდა. მეორე ნახევარში სავიჩევიჩმა ულამაზესი გოლით ანგარიში სამამდე გაზარდა. მატჩს საბოლოო წერტილი კი მარსელ დესაიმ 58-ე წუთზე დასვა. მთელმა გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და ზღაპრული მატჩი აჩუქა გულშემატკივარს პაოლო მალდინიმ კი დისკვალიფიცირებული ფრანკო ბარეზის არყოფნა სულაც არ დაატყო დაცვას.[7].

ამ გამარჯვებას მალდინი კარიერაში საუკეთესო შეხვედრად მიიჩნევს.

"სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რამდენად ბედნიერი ვიყავი მატჩის შემდეგ. ეს იყო გრძნობა, რომლის მსგავსი მანამდე არასდროს განმეცადა! სასტიკი წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობისა, მაგრამ ბარსელონას განადგურებამ, სწორედ რომ განადგურებამ, საოცარი სიამოვნება მომანიჭა! ის უდავოდ საუკეთესო შეხვედრა იყო ჩემს კარიერაში თუნდაც იმიტომ, რომ საუკეთესო ფორმაში მყოფ რომარიოს ბურთი ერთხელაც არ მივაღებინე!"_ წერდა შემდეგ მალდინი.

ფეხბურთის ისტორიაში პირველად 1994 წელს "უორლდ სოკერმა" მცველი მალდინი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა[8].

მომდევნო წლებში მალდინის კარიერაში დაღმასვლა დაიწყო. კაპელო გუნდიდან წავიდა და მილანი ვეღარ ახერხებდა ტიტულების მოგებას. თუმცა იმ დროისთვის უკვე კაპიტან პაოლოს კლუბის დატოვება არც უფიქრია. 1996 წელს გუნდი ძაკერონიმ ჩაიბარა, რომელმაც პაოლოს საშუალება მისცა დაცვასა და შეტევაზე ერთნაირად ეფიქრა. იმ წელს მალდინიმ არაერთი საგოლე პასი მიითვალა და გოლების გატანაც მოახერხა. სეზონის მეორე ნახევარში მილანმა წაუგებელი მატჩების სერია დაიწყო და საბოოლოოდ ჩემპიონატის მოგებაც შეძლო. მალდინისთვის ეს უკვე მეხუთე სკუდეტო იყო.

კრიზისის შემდეგ

პაოლო მალდინიმ 2003 წელს როგორც კაპიტანმა პირველად ასწია ლიგის თასი

მორიგ ტიტულამდე პაოლოს რამდენიმე წელს მოცდა მოუწია. 2003 წელს მილანის და, შესაბამისად, პაოლოს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. ანჩელოტის გაწვრთნილმა მილანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც იუვენტუსს დაუპირისპირდა. მანჩესტერში გამართულ შეხვადრაში ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მილანმა იმარჯვა. პაოლო მალდინიმ კი, როგორც კაპიტანმა, პირველად აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი.

მოდევნო წელს უკვე მეექვსედ იგებს სკუდეტოს, 2005 წელს კი სტამბულში ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგება მილანისა და ლივერპულის მონაწილეობით. ის თამაში მილანის კაპიტნის გოლით დაიწყო და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ლიგის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი სწორედ პაოლოა. ინგლისელების წინააღმდეგ მან 58-ე წამზე გაიტანა[9]. . როსონერიმ პირველივე ტაიმში კიდევ ორი გოლი გაიტანა, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ლივერპულმა მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება შეძლო, პენალტების სერიაშიც მერსისაიდელებმა იმარჯვეს.

ორი წლის შემდეგ პაოლოს რევანშის აღების შესაძლებლობა მიეცა. 2007 წელს ლიგის ფინალში კვლავ მილანი) და ლივერპული დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქ კი მილანელებმა ჩემპიონის ტიტული აღარ დათმეს და კაპიტანმა მალდინიმ კიდევ ერთი თასი აწია. რამდენიმე თვის შემდეგ 39 წლის პაოლომ ევროპის სუპერთასი და საკლუბო ჩემპიონატიც მოიგო.

კარიერის დასასრული

საკლუბო კარიერა 2009 წელს დაასრულა. 15 თებერვალს პაოლო მალდინიმ უკანასკნელი დერბი ითამაშა. მილანმა ინტერთან 1:2 წააგო, სან სიროზე შეკრებილმა პუბლიკამ კი შავ-წითელთა კაპიტანი ოვაციებით გააცილა. თამაშის დასრულების შემდეგ ინტერის გულშემატკივრებმა შემოაბრუნეს აბრები, რომელზეც ეწერა "20 წლის განმავლობაში შენ იყავი ჩვენი კონკურენტი, მაგრამ ცხოვრებაში სამართლიანად დარჩი!" მეტოქე გუნდის გულშემატკივართა ამ ჟესტმა ყველა აღაფრთოვანა.[10].


ბოლო თამაში სან სიროზე რომას წინააღმდეგ გამართა. თამაშის დაწყებამდე მეტოქეებსაც ეცვათ მაისურები წარწერით “მადლობა პაოლო, დიდო კაპიტანო”. მილანის მაისურით კი ბოლო მატჩი გასვლაზე ფიორენტინას წინააღმდეგ ითამაშა. ანჩელოტიმ კაპიტანი ბოლო წუთებზე შეცვალა და საშუალება მისცა საპატიო წრე დაერტყა მოედნისთვის. თანაგუნდელებმა, მეტოქეებმა, სტადიონზე მყოფმა საზოგადოებამ პაოლო მალდინი ტაშით გააცილა.[11].

პაოლო მალდინმა 25 სეზონი ღირსეულად ატარა ამ უძლიერესი კლუბის სამ ნომრიანი მაისური. ის გახდა ეტალონი მცველისა და კაპიტნისა, რომელიც მეოთხედი საუკუნე ინარჩუნებდა უბადლო ფიზიკურ კონდიციებს. მთელი ცხოვრება შეურყეველი რეპუტაციით სარგებლობდა და უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა მსოფლიო ფეხბურთში.

კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და ამიერიდან სამნომრიანი მაისურით აღარვინ იასპარეზებს. ამ ნომერს მიიღებს მხოლოდ პაოლოს შვილი თუ ის მილანში დაიწყებს თამაშს.

სანაკრებო კარიერა

იტალიის 21 წლამდელთა ნაკრებში პირველად მაშინ გამოჩნდა, როდესაც ნაკრებს მამამისი ჩეზარე მალდინი წვრთნიდა. თუმცა მოედანზე გასვლითანავე დაამტკიცა, რომ შემადგენლობაში მოხვედრას ნამდვილად იმსახურებდა. პაოლომ დებიუტი გოლით აღნიშნა.

იტალიის ეროვნულ ნაკრებში კი უმცროსი მალდინი პირველად ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სამი თვით ადრე გამოჩნდა. 1988 წლის 31 მარტს "სკუადრა აძურა" იუგოსლავიას ესტუმრა და ფერდ 1:1 ითამაშა.

ეს იყო პირველი იმ 126 მატჩიდან, რომელიც პაოლომ ქვეყნის პირველ გუნდში ჩაატარა. 19 წლის მალდინმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ აძელიო ვიჩინიმ ევროპის ჩემპიონატზე პაოლო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად წაიყვნა. მაშინ იტალია ნახევარ ფინალიდან გამოეთიშა.

უფრო წარმატებული აღმოჩნდა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც იტალიაში გაიმართა. ნახევარ ფინალში იტალია მარადონას არგენტინას შეხვდა და პენალტების სერიაში დამარცხდა. პაოლომ ბრინჯაოს მედალი აიღო. თუმცა, საკუთარ ქვეყანაში მესამე ადგილი არც თუ კარგ შედეგად ჩაითვალა.

1994 წელს პაოლო მალდინი აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად გაემგზავრა. საკის გაწვრთნილმა იტალიამ ფინალამდე გააღწია. იქ კი კვლავ თერთმეტმეტრიანებით დამარცხდა. გადამწყვეტი პენალიტი რობერტო ბაჯომ ააცილა. ეს მატჩი ბოლო იყო ფრანკო ბარეზის კარიერაში. თამაშის დასრულების შემდეგ კი კაპიტნის სამკლაური პაოლო მალდინის გადაულოცა.

4 წლის შედეგ მამა-შვილი ნაკრებში კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. საფრანგეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეზარე იტალიის მწვრთნელია, პაოლო კი კაპიტანი, რაც ასევე იშვიათი მოვლენაა ფეხბურთის ისტორიაში.

სკუადრა აძურა მეოთხედფინალიდან მომავალმა ჩემპიონმა საფრანგეთმა გამოთიშა.

ეს ორი გუნდი 2 წლის შემდეგ უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ფრანგებმა აქაც იმარჯვეს. პაოლოც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

წინასწარ ნათქვამი ჰქონდა, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბოლო იქნებოდა მის კარიერაში, თუმცა ვერ იფიქრებდა, რომ ასეთი საშინელი აღმოჩნდებოდა უკანასკნელი მატჩი ეროვნულ ნაკრებში. იტალიელები მეოთხედფინალში მასპინძელ კორეას შეხვდნენ და მსაჯის უხეში შეცდომების გამო ჩემპიონის ტიტულს დაემშვიდობნენ, გულშემატკივრებმა კი ხანგრძლივი კარიერის განმავლოვაში პირველად ნახეს ასე განრისხებული მალდინი.

"სასიამოვნოა, როცა ნაკრებში თამაშობ, მაგრამ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა - სამშობლოს წარადგენ, მის ღირსებას იცავ და მოდუნების უფლება არ გაქვს. ბევრი ასეთ ნდობას ვერ უძლებს. ნაკრებში მიწვევა ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო და მიხარია, რომ ხშირად მენდობოდნენ!" - ეს სიტყვები პაოლო მალდინიმ მაშინ განაცხადა, როდესაც ქვეყნის პირველ გუნდს საბოლოოდ გამოემშვიდობა. კაპიტანი ნაკრებიდან ისე წავიდა, მთავარი ჯილდოს მოგება ვერ შეძლო. თუმცა ოქროს მედლის გარდა ყველა სინჯის მედალი მიიღო.

ტიტულები

საკლუბო

სანაკრებო

ინდივიდუალური პრიზები

  • 21 წლამდელთა ევროპის წლის ფეხბურთელი: 1989
  • მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი: 1994 “უორლდ სოკერი”
  • მსოფლიოს მეორე საუკეთესო ფეხბურთელი: 1995 ფიფა
  • ევროპის მესამე საუკეთესო ფეხბურთელი, ბრინჯაოს ბურთის მფლობელი 1994, “ფრანს ფუტბოლი,”
  • ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, 1994 “ელ პაის”
  • ევროპ საუკ ფეხბუთელისთვის განკუთვნილი თასი “ბრავოს” მფლობელი 1989
  • შედის მილანის საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში
  • შედის უეფას ასეულში
  • შედის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში: 2005 ფიფპრო
  • შედის ევროპის სიმბოლურ ნაკრებში: 2003, 2005 უეფა
  • შედის მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში: 1994 ფიფა
  • შედის ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში: 1988, 1996, 2000 უეფა
  • სერია ა-ს საუკეთესო მცველი 2004
  • ერთერთი ფეხურთელი ორიდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის 8 პინალში (მეორეა პრანცის ჰენტო)
  • ორდენის ოფიცერი იტალიის რესპუბლიკის მიმართ გაწეული ღვაწლისაღვის
  • ორდენის კავალერი იტალიის რესპულიკის მიმართ გაეული გვაწლისთვის 1991
  • ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი 1989, უეფა
  • ფეხბურთში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა 2009 უეფა
  • ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველი: 2007

სტატისტიკა

გუნდი სეზონი სერია ა იტალიის თასი ევროპული
ტურნირები1
სხვა
ტურნირები2
სულ
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
მილანი 1984-85 1 0 - - - - - - 1 0
1985-86 27 0 6 0 6 0 1 0 40 0
1986-87 29 1 7 0 - - 13 - 37 1
1987-88 26 2 1 0 2 0 - - 29 2
1988-89 26 0 7 0 7 0 - - 40 0
1989-90 30 1 6 0 10 0 1 0 47 1
1990-91 26 4 3 0 5 0 1 0 35 4
1991-92 31 3 7 1 - - - - 38 4
1992-93 31 2 8 0 10 1 1 0 50 3
1993-94 30 1 2 0 12 1 2 0 46 2
1994-95 29 2 1 0 12 0 1 0 43 2
1995-96 30 3 3 0 8 0 - - 41 3
1996-97 26 1 3 0 6 0 1 0 36 1
1997-98 30 0 7 0 - - - - 37 0
1998-99 31 1 2 0 - - - - 33 1
1999-00 27 1 4 0 6 0 1 0 38 1
2000-01 31 1 4 0 14 0 - - 49 1
2001-02 15 0 - - 4 0 - - 19 0
2002-03 29 2 1 0 19 0 - - 49 2
2003-04 30 0 - - 10 0 2 0 42 0
2004-05 33 0 - - 13 1 1 0 47 1
2005-06 14 2 - - 9 0 - - 23 2
2006-07 18 1 - - 9 0 - - 27 1
2007-08 17 1 - - 4 0 2 0 23 1
2008-09 30 0 - - 2 0 - - 32 0
სულ 647 29 72 1 168 3 15 0 902 33

1 ევროპული ტურნირები მოიცავს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას, უეფა-ს თასს და უეფა-ს სუპერ თასს
2 სხვა ტურნირები მოიცავს იტალიის სუპერთასს, საერთაშორისო თასს და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს
3 პლეიოფი უეფა-ს თასის მიღებისთვის

რეკორდები

  • იტალიის ნაკრებში ყველაზე მეტი 126 თამაში ჩაატარა (შემდეგ ფაბიო კანავარომ გადაასწრო)
  • 1994-2002 წლებში იტალიის ნაკრების კაპიტანი იყო და გუნდი ყველაზე მეტჯერ 74 ჯერ გაიყვანა
  • ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მეტ ფინალში მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში კი ევროპული ტურნირების 8 ფინალში ითამაშა
  • პაოლო მალდინი ერთადერთი კაპიტანია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.
  • ევროთასებზე ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარა 168
  • ყველაზე მეტჯერ მოიგო ევროპის სუპერთასი - 5-ჯერ
  • ყველაზე მეტჯერ მოიგო იტალიის სუპერთასი - 5-ჯერ
  • 2005 წელს ლიგის ისტორიაში ფინალების ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა
  • 2008 წლის თებერვალში იტალიის ჩემპიონატში მე-1000 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა

პირადი ცხოვრება

პაოლო მალდინი ძალიან პოპულარული ფეხბურთელია, მაგრამ ის იმიტომ დგას სხვა არანაკლებ სახელოვან ფეხბურთელებზე მაღლა, რომ მათგან განსხვავებით, გულშემატკივართა გული ბრწყინვალე თამაშით მოიგო და არა ელიტარულ ჟურნალ-გაზეთებისა თუ პოპულარული გადაცემებიში მონაწილეობით. კარიერის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე სკანდალში გახვეულიყოს და თავისი საქციელით კლუბი, გნებავთ ნაკრები შეერცხვინოს. მსგავსი რამ ბევრ პოპულარულ ფეხბურთელზე არ ითქმის.

პაოლო მალდინიმ ცოლად მოიყვანა იტალიელი მოდელი ადრიანა ფოსა, რომელმაც მილანის კაპიტანზე დაქორწინების შემდეგ მოდელის კარიერა მიატოვა. ჰყავთ ორი ვაჟი. ძალიან უყვარს მუსიკის მოსმენა და რამდენიმე ხანს მეგობარ რინგოს რადიოში წამყვანადაც მუშაობდა. გარდა ამისა პაოლო მალდინი წარმატებული ბიზნესმენიცაა. კრისტიან ვიერისთან ერთად ახალგაზრდული სპორტული სამოსის მაღაზიათა ქსელს ფლობს. გარდა ამისა, მილანსა და კიდევ რამდენიმე იტალიურ ქალაქში რესტორნები აქვს

კრისტიანი

პაოლო მალდინის უფროსი ვაჟი კრისტიანი უკვე 15 წლისაა და მილანის ბავშვთა გუნდში თამაშობს. როგორც მწვრთნელები აღნიშნავენ საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია. მისმა ნათლიამ, ასევე მილანის მცველმა, კოსტაკურტამ კი ნიძლავი დადო რომ კრისტიანი 2020 წელს იტალიის ნაკრებში ითამაშებს.

მილანში მიყვანის დღეს პაოლომ კრისტიანს ახალი ბუცები აჩუქა, ისევე როგორც ეს მამისმა ჩეზარემ გააკეთა როდესაც პაოლო მილანში მიიყვანა. კრისტიანს მამასავით კარგად გამოსდის ვარდნები, თუმცა, მას უფრო მეტი პასუხიმგებლობის ატანა მოუწევს, უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მან ისევე ღირსეულად უნდა ატაროს მილანის მაისური როგორც პაოლომ.

"როდესაც ვარჯიშზე მიმყავდა, ავუხსენი, რომ პირველ რიგში ფეხბურთი თამაშია და მისგან სიამოვნება უნდა მიიღოს, ანუ აკეთოს ის, რასაც მამამისი ამდენი წლის განმავლობაში აკეთებს. კრისტიანის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა და მინდა, მას ვუსურვო რომ ვაჟკაცურად გაუძლოს ამ ზეწოლას", - ამბობს პაოლო.

მალდინიზე ამბობენ

კარიერის განმავლობაში პაოლო მალდინი თანაბრად აღაფრთოვანებდა როგორც თანაგუნდელებს, ისე მილანის კონკურენტებს.

კარლეს პუიოლი, „ბარსელონას“ კაპიტანი: „მალდინი მსოფლიოს ერთ-ერთი დიდებული ფეხბურთელია და თამამად ვიტყვი, მე მას ვაღმერთებ, როგორც პროფესიონალსა და როგორც მოთამაშეს. მის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ერთგვარი გამოცდაა“

იტალია–საფრანგეთის მორიგი დაპირისპირების შემდეგ ტიერი ანრი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ჩემთვის ნამდვილი მცველი პაოლო მალდინიაო, - განაცხადა მან. ბრაზილიელი ჟუნინიო კი არასდროს მალავდა, რომ მისი კერპი იტალიელი მცველი იყო: „მინდა ჩემი კლუბისთვის იგივე გავხდე, რაც მილანისთვის პაოლო მალდინია“

ფილიპ ლამი: „ყოველთვის პაოლო მალდინის ვბაძავდი. მას შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა აქვს“

ჯონ ტერი: „პაოლო არა მარტო კაპიტანი, არამედ გუნდის სული და გული იყო. ის დღითიდღე უფრო წარმატებული ხდებოდა, იზრდებოდა როგორც ფეხბურთელი. ბედნიერი ვიყავი, როდესაც მას შევხვდი“

სანტიაგო სოლარი: “მალდინი იყო იდეალური მცველი. თავისი თავგანწირულობითა და კლასით ყოველთვის სამაგალითოა”

რაული: „მთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად მალდინის წინააღმდეგ თამაში მიჭირდა“

„მილანში“ გადმოსული ვარსკვლავები კი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, რომ პაოლოს მხარდამხარ მოუწევდათ თამაში.

რონალდო: „ყოველთვის მიჭირდა მალდინის წინააღმდეგ თამაში, ახლა კი ბედნიერი ვარ რომ, ამ მცველთან ერთად „მილანის“ წევრი გავხდი“

დევიდ ბექჰემი: „უდიდეს პატივს ვცემ მალდინის – ლეგენდარულ ფეხბურთელს, რომელიც მინდორზე გამოსვლისთანავე იმსახურებს ტაშს და ოვაციებს“

მისი თანაგუნდელები კი მიიჩნევენ, რომ მალდინის მინდორზე ყოფნა უკვე გარკვეული უპირატესობაა. ის საოცარი ავტორიტეტით სარგებლობს გუნდსა და საერთოდ ფეხბურთში.

ჟელკო კალაჩი: „მისი ყოფნა გუნდში კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სხვა მოთამაშეებზე. ის იშვიათად საუბრობს, მაგრამ როდესაც რაიმეს თქმას დააპირებს, ყველა დიდი გულისყურით უსმენს. ეს მეტყველებს მის უდიდეს პატივისცემაზე, რომელიც გააჩნიათ თანაგუნდელებს მის მიმართ“

ჯენარო გატუზო: „საოცარია, რომ 20 წელზე მეტია „მილანის“ შემადგენლობაშია და ისეთივე ვნებით თამაშიბს, როგორც თავიდან იწყებდა. მე მშურს მალდინის, ზოგჯერ არ მსურს ვარჯიშზე წასვლა. ბევრი ასეთ სიტუაციაში თავს მოიავადმყოფებს ხოლმე. მხოლოდ მალდინი არ იქცევა ასე. პაოლო ნამდვილი ლიდერია. ის არასდროს უყვირის თანაგუნდელებს. დამერწმუნეთ, საფეხბურთო მოედნის გარეთაც არასდროს ბრაზობს ჩევნი კაპიტანი“

კახა კალაძე: „მთავარი პაოლო მალდინია, გუნდის კაპიტანი, დანარჩენები ძმები ვართ! ის ყოველთვის „მილანში“ იქნება და მილანელად დარჩება“

მაურო ტასოტი: „პაოლო დიდი ფეხბურთელია და ამას ყველა ხედავს, მაგრამ ამავე დროს ის უნიკალური პიროვნებაა. იმისათვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში ფეხბურთელმა ასეთ დონეზე ითამაშოს, მასში რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს“

კაკა: „პაოლო მალდინი ბრწყინვალე მაგალითია ფეხბურთელისთვის. ის პირველი მოდიოდა ვარჯიშზე და უკანასკნელი მიდიოდა. პაოლო რაულისნაირია, ლოიალურობისა და სამაგალითოების ეტალონი. ისინი დიდი ლიდერები არიან“

ფეხბურთელების აზრს იზიარებენ მწვრთნელებიც

კარლო ანჩელოტი: „პაოლოს დარი ფეხბურთელის ყოლა მოედანზე უკვე უპირატესობად მიმაჩნია. მისი პროფესიონალიზმი შეუფასებელია“

დინო ძოფი: „მე არც გაოცებული ვარ და არც განაწყენებული, რომ პაოლო მალდინიმ ჩემი რეკორდი დაამხო. ჩემთვის დიდი პატივია ნამდვილი ჩემპიონის გვერდით ერთ საფეხურზე დოგმა. დღეისათვის, პაოლო იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. ბევრი რამ აღმაფრთოვანებს მასში. ავიღოთ თუნდაც მისი მაღალი კლასი, რისი წყალობითაც იგი გახდა ერთერთი ყველაზე საუკეთესო და ყველაზე სრულყოფილი მცველი ფეხბურთის ისტორიაში. არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი დიდი ცოდნა და თაცდადება როგორც კლუბში, ისე ნაკრებში თამაშის დროს. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი მთელი ცხოვრება მემახსოვრება, დარწმუნებული ვარ, პაოლოსაც“

სქოლიო

  1. Paolo Maldini. Talk Football. ციტირების თარიღი: 25 February 2008.
  2. Williams, Richard (1 იანვარი 2011). „Maldini the fulcrum of Milan generation game“. Guardian. London. ციტირების თარიღი: 28 May 2007.
  3. ac milan history. მილანის ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 25 February 2011.
  4. ჯანმარია სერას დოკუმენტური ფილმი „paolo maldini il film“, filmmaster television-ის პროდუქცია, 2005 წელი.
  5. ჯანმარია სერას დოკუმენტური ფილმი „paolo maldini il film“, filmmaster television-ის პროდუქცია, 2005 წელი.
  6. Italy Championship 1991/92. ციტირების თარიღი: 2011-01-30.
  7. 1993/94: Massaro leads Milan rout. ციტირების თარიღი: 2011-01-30.
  8. Biography of Paolo Maldini. ციტირების თარიღი: 2011-02-20.
  9. AC Milan 3-3 Liverpool (aet) Liverpool win 3-2 on penalties. BBC sport. ციტირების თარიღი: 2011-01-30.
  10. Inter-Milan: A Paolo Maldini Tribute Following His Last Derby Della Madonnina. ციტირების თარიღი: 2011-02-1.
  11. Paolo Maldini Waves Goodbye To Football As Milan Beat Fiorentina. ციტირების თარიღი: 2011-02-1.

რესურსები ინტერნეტში