ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110114183259/: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{საკონკურსო|სახელი, გვარი = რობა მახარაშვილი|იმეილი=robanino@mail.ru|სა...
(განსხვავება არ არის)

07:18, 15 იანვარი 2011-ის ვერსია

„სოლომან მორბელაძე“

რობა მახარაშვილი

მიუხედავად იმ შემოქმედებითი აღიარებისა, რომელიც დ. კლდიაშვილს სადებიუტო მოთხრობებმა - "შერისხვამ" და "მსხვერპლმა" მოუტანეს, მისი ლიტერატურული ნიჭის უძლიერესად გამომვლენ პირველ ნაწარმოებვად მაინც "სოლომან მორბელაძე" უნდა იქნეს მიჩნეული. 1894 წელს, სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის წელსვე გამოქვეყნებულმა მოთხრობამ მთელი ძალით წარმოაჩინა დავით კლდიაშვილის შემდგომი შემოქმედებითი მოღვაწეობის მაგისტრალურ მიმართულებად დამკვიდრებული ისეთი პრობლემა, როგორიცაა ეკონომიკური და წოდებრივი დაქვეითების გზაზე დამდგარ აზნაურთა ყოფის ტრაგიკული წარმოსახვა.

"სოლომან მორბელაძე" ტრაგიკომიკური ფორმით წარმოაჩენს იმ საბედისწერო უფსკრულს, რომელიც აზნაურთა წოდებრივ წარჩინებულობასა და ახალი სოციალური ვითარების შედეგად რეალურად დამკვიდრებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შორის არსებობს. ახალმა სოციალურმა მდგომარეობამ ერთბაშად გამოცვალა ეკონომიკური საფუძველი საუკუნეთა მანძილზე პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფ ფეოდალურ არისტოკრატიას. შეცვლილმა ვითარებამ ამ წოდების წარმომადგენლები იმდენად დააკნინა და "ჩამოალაბორანტა", რომ მათი ცხოვრების უმთავრეს მიზანსწრაფვად ფიზიკური გადარჩენისათვის აუცილებლად საჭირო საარსებო ლუკმაპურის მოპოვება იქცა.

როგორც მოთხრობიდან ჩანს, სოლომან მორბელაძე გამონაკლისი არ არის და უკიდურეს მატერიალურ სიდუხჭირეში მთელი მისი წოდებაა ჩავარდნილი. აი, როგორ გამოხატავს, მაგალითად, ერთგან წარსულში წოდებრივადაც და ეკონომიკურადაც პრივილეგირებული ამ კლასის უმძიმეს ყოფას ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი: "რა ვქნა, აღარ ვიცი, ღმერთმანი! ნამეტან გლახა დროში ვცხოვრობთ. მე რომ მარტო მიჭირდეს, არაფერი. და ყველას, ყველას რომ გვიჭირს, სად უნდა წავიდეთ, ვისთან მივიდეთ, ვის შევეხვეწოთ დახმარება?"

ავტორის სათქმელის ერთგვარ შეჯამებად იქცა მოთხრობის ფინალი, სადაც იმედგაცრუებული სოლომანის დარდი და სასოწარკვეთაა გადმოცემული. ორი თვის უშედეგო წანწალის შემდეგ შინ მიმავალი "კუჭგამხმარი" მაჭანკალი გულმოსული წყევლის თავის საქმიანობას. მის ამ სასოწარკვეთას სამომავლო ცხოვრების სრული უპერსპექტივობა და უიმედობა განაპირობებს.

"საშველი მაინც თუ მოგვეცემა, როდისმე, რომ კაცური ცხოვრება გვეღირსოს", - სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი სოლომანის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები არა მარტო ამ ნაწარმოების უმთავრესი სათქმელის არსს გამოხატავენ, არამედ განზოგადებულად დ. კლდიაშვილის მთელი შემოქმედების მიზანსწრაფვადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მწერლის მიერ დახატული პერსონაჟები, დუხჭირი ყოფითა და ცხოვრების უპერსპექტივობით შეძრწუნებულნი, გამეტებით ეძებენ საშველსა და გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. მათ პიროვნულ ტრაგედიას კიდევ უფრო მაძაფრებს ის გარემოება, რომ თითქმის ყოველი მათგანის ამდაგვარი ძიება უშედეგოდ მთავრდება და მათი ხვალინდელი დღე უკუნი სიბნელითაა მოცული.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ქართული ლიტერატურა (XI კლასი), ავთანდილ ნიკოლეიშვილი. ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

80.77.49.243 07:18, 15 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]