სოციოლინგვისტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოციოლინგვისტიკაენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს საზოგადოების ერთი რომელიმე ან ზოგადად ყველა ასპექტის გავლენას მეტყველების გამოყენებაზე. ამ მხრივ სოციოლინგვისტიკას ბევრი საერთო აქვს პრაგმატიკასთან.

სოციოლინგვისტიკის შესწავლის საგანს წარმოადგენს ის, თუ როგორ იცვლება მეტყველება გარკვეული სოციალური ცვლადების — მაგ. ეთნიკურობა, რელიგია, სტატუსი, სქესი, განათლების დონე და ა.შ. — მიხედვით განსხვავებულ ჯგუფებს შორის. მეტყველება იცვლება როგორც ადგილის (დიალექტი) ასევე სოციალური კლასების მიხედვით. სწორედ ამ სოციოლექტებს სწავლობს სოციოლინგვისტიკა.

მეტყველების სოციალური ასპექტი თანამედროვე გაგებით პირველად შესწავლილ იქნა 1930-იან წლებში ინდოელი და იაპონელი ენათმეცნიერების მიერ. დასავლეთში კი სოციოლინგვისტიკა პირველად 1960-იან წლებში გაჩნდა. მის ფუძემდებლებად ითვლებიან ამერიკელი ენათმეცნიერი უილიამ ლაბოვი და ბრიტანელი სოციოლოგი ბაზილ ბერნსტაინი.

სოციოლინგვისტიკის გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციოლინგვისტიკის საშუალებით შესაძლოა განისაზღვროს სოციალური დამოკიდებულებებიდან გამომდინარე რამდენად განსხვავდება ამა თუ იმ სოციალური კლასის მეტყველება სტანდარტული მეტყველებისგან. მაგ. კონკრეტული ადგილობრივი მეტყველბა ვერ იქნება ადაპტირებული საქმიანი თუ პროფესიული წრეებისთვის. ისევე როგორც დიალექტოლოგები სწავლობენ რეგიონალური დიალექტებისათვის დამახასიათებელ გრამატიკას, ლექსიკას, ფონეტიკასა თუ სხვა ასპექტებს, ასევე სოციოლინგვსტები იკვლევენ სოციოლექტებს.

მეტყველების ვარიაციის შესწავლა დაკავშირებულია სოციალურ შეზღუდვებთან, რომლებიც განსაზღვრავს ენას მის კონტექსტუალურ გარემოში. ტერმინი „ლინგვისტური კოდების მონაცვლეობა“ იხმარება სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში მეტყველების სხვადასხვა ნაირსახეობების გამოყენების აღსანიშნავად.

სოციოლინგვისტური კვლევების ფუძემდებლად უილიამ ლაბოვი ითვლება. მისი დამსახურება მეტყველების ვარიაციის რაოდენობრივი შესწავლის შემოტანა და მეტყველების სოციოლოგიის მეცნიერულ დისციპლინად გარდაქმნა.

მეტყველების სოციოლოგია განსხვავდება სოციოლინგვისტიკისგან იმით, რომ ეს უკანასკნელი შეისწავლის საზოგადოების გავლენას მეტყველებაზე, მეორე კი — პირიქით, იკვლევს მეტყველების გავლენას საზოგადოებაზე.

სოციოლინგვისტური ცვლადები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციოლინგვისტიკის სფეროში კვლევები ძირითადად ემყარება მოსახლეობის გამოკითხვის საშუალებით კონკრეტული სოციოლინგვისტური ცვლადების რეალიზების შესწავლას. ლაბოვის მიხედვი იდეალურ სოციოლინგვისტურ ცვლადს გააჩნია:

  • გამოყენების მაღალი სიხშირე
  • ცნობიერების მხრიდან კონტროლის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი
  • არის შედარებით ფართო სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი
  • რაოდენობრივად ადვილად გამოსახატავია სწორხაზოვან შკალაზე

ამ კრიტერიუმებს ყველაზე მეტად ფონეტიკური ცვლადები აკმაყოფილებს, ხშირია გრამატიკული და შედარებით იშვიათია ლექსიკური ცვლადები.

სოციოლინგვისტიკის ძირითადი ცნებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენობრივი საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენობრივი საზოგადოება არის გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც საერთო აქვთ მეტყველება და მისი გამოყენების გზები.

ენობრივი საზოგადოება შეიძლება იყოს გარკვეული პროფესიის ხალხისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც საერთო ჟარგონს იყენებენ, სტუდენტები, უფრო მცირე დაჯგუფებები, როგორიცაა მეგობრების წრე, ოჯახი და ა.შ. ხშირად ენობრივ საზოგადოებას ქმნის ინტერნეტფორუმები და ჩატები. ენობრივი საზოგადოების წევრები ხშირად ავითარებენ გარკვეულ ჟარგონსა თუ სლენგს.

მაღალი და დაბალი პრეტიჟის ცვლილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრესტიჟის ცნება სოციოლინგვისტურ ანალიზში ცენტრალურია. ზოგიერთ ენობრივ ქმედებას მინიჭებული აქვს დადებითი ან უარყოფითი ღირებულება. ეს შეიძლება ხორციელდებოდეს სხვადასხვა დონეზე: ინდივიდუალური ბგერა/ფონემიდან დაწყებული მთლიანად მეტყველების არჩევით დამთავრებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციოლინგვისტური თეორია უკავშირდება იმას, რომ მოსაუბრე საუბრის დროს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ირჩევს ამა თუ იმ ენობრივ ვარიანტს.

სოციალური ქსელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტყველების გაგება ნიშნავს ასევე იმ სოციალური ქსელის გაგებას, რომელშიც აღნიშნული მეტყველება იხმარება. სოციალური ქსელი შეიძლება განხილულ იქნას როგორც ქვეყნისა თუ ქალაქის მაკრო დონეზე, ასევე მეზობლობისა თუ ოჯახის ინტერ-პერსონალურ დონეზე. სოციალური ქსელებია შექმნილი ასევე ჩატშიც, მყისიერ შეტყობინებათა სერვისებში და ა.შ.

გარეგანი/შინაგანი მეტყველება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოამ ხომსკისეულ ლინგვისტიკაში მოცემულია განსხვავება შინაგან და გარეგან მეტყველებას შორის. ამ კონტექსტში შინაგანი მეტყველება ეხება სინტაქსისა და სემანტიკის კვლევას აბსტრაქტულ დონეზე, ისე, როგორც ენის მატარებლის ცნობიერებაშია წარმოდგენილი. გარეგანი მეტყველება გულისხმობს მეტყველებას სოციალურ კონტექსტში. შინაგანი მეტყველების ანალიზი გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ ენის აღქმა და გამოყენება ენის ადგილობრივ მატარებებში თითქმის ერთგვაროვანია. გარეგანი მეტყველების სფერო კი პირიქით, ენის გამოყენების ჰეტეროგენულობას იკვლევს.

კლასთან დაკავშირებული განსხვავებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციოლინგვისტიკა, როგორც დიალექტოლოგიისგან განსხვავებული სფერო, პირველი იწყებს ურბანულ სივრცეში ენობრივი ვარიაციის კვლევას. მაშინ, როცა დიალექტოლოგია სწავლობს ლინგვისტური ცვლილებების გეოგრაფიულ გადანაწილებას, სოციოლინგვისტიკა კონცენტრირდება ვარიაციის სხვა წყაროებზე, მათ შორის კლასზე. სოციალური კლასი და პროფესია საზოგადოებაში აღმოჩენილ ყველაზე მნიშვნელოვან ლინგვისტურ მარკერებს განეკუთვნება. სოციოლინგვისტიკის ერთ-ერთი ფუნდამეტური აღმოჩენა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია, არის ის, რომ კლასი და ენობივი ცვლილება ურთიერთდაკავშირებულია. დაბალი ფენების მეტყველება ნაკლებ სტანდარტულია ვიდრე შედარებით მაღალი ფენებისა, თუმცა შეიძლება შედარებით დაბლა მდგომი კლასის წარმომადგენლები მეტად სტანდარტულ მეტყველებას იყენებდნენ. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოციალური კლასი, არამედ კლასის მისწრაფებები.

კლასის მისწრაფებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960-იან წლებში ისეთმა კვლევებმა, როგორიც იყო უილიამ ლაბოვის ნაშრომები, აჩვენა, რომ სოციალური მისწრაფებები გავლენას ახდენს ენობრივ მახასიათებლებზე. გარკვეულ კლასთან (ძირითადად უფრო მაღალ კლასებთან )ასოცირების სურვილის მქონე ადამიანები სოციო-ეკონომიურ წინსვლასთან ერთად ცდილობენ თავიანთი მეტყველება მაღალი კლასებისთვის დამახასიათებელ მეტყველებას დაუახლოვონ. თუმცა, იმის გამო, რომ მაღალ კლასს დაბადებიდანვე არ მიეკუთვნებიან, ისინი ახდენენ ენის ერთგვარ ჰიპერკორექტირებას და, საბოლოო ჯამში, იმაზე მეტად სტანდარტული ენით საუბარს იწყებენ, ვიდრე ეს ბუნებრივად მაღალი კლასის წარმომადგენლებს სჩვევიათ. იგივე პრინციპი მოქმედებს სოციო-ეკოომიურად დაბლა მიმავალი ადამიანებისთვისაც.

სოციალური მეტყველების კოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაზილ ბერნშტეინმა თავის ნაშრომში ერთმანეთისგან გამიჯნა დახვეწილი და შეზღუდული ენობრივი კოდები: მათი სოციალური წარმოშობა და შედეგები. ბერნშტეინი სოციალურ კოდთა სისტემას იყენებდა სხვადასხვა სოციალური კლასების სამეტყველო მახასიათებლების კლასიფიცირებისთვის. იგი აცხადებდა, რომ საშუალო კლასის წევრები თავიანთი მეტყველების ორგანიზებას მუშა კლასისგან განსხვავებული გზით ახდენენ.

შეზღუდული კოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერნშტეინის თეორიაში შეზღუდული კოდი ეწოდა იმ სამეტყველო მახასიათებლებს, რომლებსაც იყენებს მუშა კლასი. ამგვარი ტიპის კოდი ჯგუფის შიგნით ძლიერ შეზღუდვებს აწესებს, რაც მოქმედებს ისეთი განსხვავებების საფუძველზე, როგორიცაა „ქალი“, „კაცი“, „უფროსი“, „უმცროსი“. ამ სოციალური ჯგუფის მიერ მეტყველების გამოყენების გზა კრავს ჯგუფს, მის წევრებს ხშირად აღარც სჭირდებათ აზრის ექსპლიციტური გამოხატვა რადგან მათი საერთო ცოდნა აახლოებს მათ, უადვილებთ ერთმანეთის გაგებას და განასხვავებს სხვა სოციალური ჯგუფებისგან. შეზღუდული კოდის ერთ-ერთი მახასიათებელია „ჩვენ“-ზე, როგორც სოციალურ ჯგუფზე, სოლიდარობაზე აქცენტირება.

დახვეწილი კოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დახვეწილი კოდის შესახებ ბერნშტეინი აცხადებდა, რომ ამ ტიპის მეტყვეებას საშუალო და შედარებით მაღალი კლასები იყენებენ განათლების მიღებისა და პროფესიული კარიერის განვთარების მიზნით. ამ სოციალური ჯგუფის შიგნით საზღვრები არ არის ძლიერად გამოკვეთილი, რაგან მისი წევრები თავიანთ სოციალურ იდენტობას ინდივიდუალური განწყობისა და ტემპერამენტის საფუძვეზე ამტკიცებენ. არ არის მკაცრი დაყოფა სქესისა და ასაკის მიხედვით მოვალეობებს შორის, წევრები სოციალური განათლების მიხედვით ირჩევენ და ასრულებენ თავიანთ როლს. სოლიდარობის ნაკლებობის გამო დახვეწილი მეტყველება ექსპლიციტურობისათვის მოითხოვს ინდივდუალურ ყურადღებას. მუშა კლასისგან განსხვავებით ამ ტიპის მეტყველებაში აქცენტი გაკეთებულია „მე“-ზე.

ასაკთან დაკავშირებული განსხვავებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასაკთან დაკავშირებული ვარიაციების რამდენიმე განსხვავებული ტიპი არსებობს. ესენია: კონკრეტული ქვეჯგუფის მეტყველება, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური ასაკობრივი ვარიაცია და პროგრესული ლინგვისტური ცვლილების ნიშნები.

ქვეჯგუფის მეტყველების ერთ-ერთი მაგალითია ქუჩის ახალგაზრდების მეტყველება. ქუჩის ახაგაზრდები არა მხოლოდ უხვევენ „ნორმისგან“, არამედ თავიანთი საკუთარი მეტყველებაც გააჩნიათ. ყოველივე ამის მიზანია:

  1. თავიანთი კულტურული იდენტობის გაძლიერების სურვილი;
  2. ერთმანეთისგან იდენტიფიცირება;
  3. სხვების გამორიცხვა ჯგუფიდან;
  4. გარშემომყოფებში შიშისა თუ აღტაცების გამოწვევა.

ვიწრო გაგებით ეს არ არის მხოლოდ ასაკობრივი მეტყველება, რადგან მას არ იყენებს ამავე ასაკის ყველა წარმომადგენელი.

ასაკობრივი ვარიაცია არის სტაბილური ვარიაცია, რომელიც ასაკის მიხედვით იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ასაკის მოსაუბრენი სპეციფიურ ენობრივ ფორმას იყენებენ რამდენიმე თაობაში, რაც შედარებით იშვიათია.

სქესთან დაკავშირებული განსხვავებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თ. ბოლქვაძე, იდეოლოგიზებული ღირებულებები. თბილისი, 2005.
  • ზ. კიკვიძე, თავაზიანობის გამოხატვის გრამატიკული საშუალებები. თბილისი, 1999.
  • ზ. კიკვიძე, სოციოლინგვისტიკური ნარკვევები. თბილისი, 2015.
  • ბ. ჯორბენაძე, ენა და კულტურა. თბილისი, 1997.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]