სიკასო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სიკასო
ფრანგ. Sikasso

ქალაქის დიდი ბაზარი
ქვეყანა მალის დროშა მალი
რეგიონი სიკასო
კოორდინატები 11°19′00″ ჩ. გ. 5°40′00″ დ. გ. / 11.31667° ჩ. გ. 5.66667° დ. გ. / 11.31667; -5.66667
დაარსდა XIX საუკუნე
ფართობი 400 კმ²
ცენტრის სიმაღლე 410
მოსახლეობა 226 618 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC-0
სიკასო — მალი
სიკასო

სიკასო (ფრანგ. Sikasso) — ქალაქი მალის სამხრეთ ნაწილში. იგი სიკასოს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის მეორე ქალაქია, სადაც 2009 წლის აღწერის მონაცემებით ცხოვრობს 226 618 ადამიანი.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი სიკასო მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოდან 375 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთში, კოტ-დ’ივუარის სახელმწიფო საზღვრიდან 100 კმ-ით ჩრდილოეთში და ბურკინა-ფასოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კმ-ით დასავლეთში.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის კლიმატი ხასიათდება, როგორც ტიპური სუბეკვატორული. ჰაერის ტემპერატურის წლიური ცვალებადობა ქალაქში უმნიშვნელოა, ხოლო ნოტიო სეზონი მკვეთრადაა გამოკვეთილი და გრძელდება დაახლოებით ნახევარი წელი. ნალექების წლიური ნორმა შეადგენს დაახლოებით 1200 მმ-ს; ნალექები თითქმის მთლიანად მოდის მაისიდან სექტემბრის პერიოდში. მშრალი სეზონი იკვეთება ზამთრის თვეებში. ყველაზე უფრო წვიმიანი და გრილი თვეა — აგვისტო. ყველაზე უფრო ცხელი თვეებია — მარტი და აპრილი, როდესაც ჰაერის ტემპერატურის საშუალო მაქსიმუმი აჭარბებს 37 °C-ს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი სიკასო დაარსდა XIX საუკუნის დასაწყისში მანსა დუალას მიერ. ქალაქი 1876 წლამდე იყო პატარა სოფელი, ხოლო როდესაც ტიება ტრაორე, რომლის დედაც წარმოშობით სიკასოდან იყო, გახდა კენედუგუს სამეფოს მეფე მან დედაქალაქი სიკასოში გადაიტანა. მან თავისი სასახლე ააგო მამელონის ბორცვზე და ააშენა საფორტიფიკაციო კედლები, როგორც ვასულუს იმპერიის იმპერატორ სამორი ტურესაგან, ასევე საფრანგეთის კოლონიალური ჯარისაგან თავდასაცავად. ქალაქმა 1887 წლიდან 1888 წლის ჩათვლით გაუძლო ხანგრძლივ ალყას, მაგრამ 1898 წელს მაინც დანებდა საფრანგეთის ჯარს; ტიება ტრაორეს ძმამ ბაბემბა ტრაორემ, რომელიც 1893 წლიდან ძმის გარდაცვალების შემდეგ მართავდა სამეფოს, საფრანგეთის კოლონიალურ ჯარს არ ჩაბარდა და თავი მოიკლა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ სიკასოში ცხოვრობს რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი: ბამბარა, სენუფო, ბობო, მანდინკა.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიკასო მდებარეობს საკმაოდ განვითარებულ სასოფლო-სამეურნეო რეგიონში. აქ მოყვანილი ხილი და ბოსტნეული კულტურები უზრუნველყოფს ქალაქის სტაბილურ შემოსავალს, რის გამოც იგი აღარ არის დოტაციაზე დამოკიდებული.

ქალაქში ფუნქციონირებს სიკასოს საერთაშორისო აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]