სიგებერტ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიგებერტ I
ფრანგ. Sigebert Ier
ავსტრაზიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 561
მმართ. დასასრული: 575
წინამორბედი: ხლოტარ I
მემკვიდრე: ხილდებერტ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 535
გარდ. თარიღი: 575
მეუღლე: ბრუნჰილდა
შვილები: ინგუნდა
ხლოდოსინდა
ხილდებერტ II
დინასტია: მეროვინგები
მამა: ხლოტარ I
დედა: ინგუნდა

სიგებერტ I (ფრანგ. Sigebert Ier; დ. 535 — გ. 575) — ავსტრაზიის მეფე მეროვინგების დინასტიიდან. მეფობდა 561 წელს მამამისის, ხლოტარ I-ის სიკვდილიდან 575 წელს გარდაცვალებამდე. სიგებერტი იყო მესამე გადარჩენილი ვაჟი ხლოტარ I-სა და ინგუნდას ოთხი შვილიდან. მეფობის ძირითადი დროის განმავლობაში აწარმოებდა წარმატებულ სამოქალაქო ომს ნახევარძმის — ხილპერიკის წინააღმდეგ.

561 წელს ხლოტარ I-ის გარდაცვალების შემდეგ, ფრანკული ჩვეულების თანახმად, სამეფო მის ოთხ ვაჟს შორის გაიყო: სიგებერტი გახდა ავსტრაზიის სახელით ცნობილი ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის მეფე, დედაქალაქით რეიმსში, რომლის ტერიტორიებიც მან, მოგვიანებით, 567 ან 568 წელს, ძმის, ხარიბერტ I-ის გარდაცვალების შემდეგ გააფართოვა; თავად ხარიბერტს ერგო სამეფო ცენტრით პარიზში; გუნტრამმა მიიღო ბურგუნდიის სამეფო დედაქალაქით ორლეანში; ხოლო უმცროსმა ვაჟმა, ხილპერიკმა მიიღო სუასონი, რომელიც ხარიბერტის სამეფოდან თავისი წილის მიღების შემდეგ ნოისტრიად ჩამოყალიბდა.

ჰუნებთან დაკავშირებული სასტიკი მომთაბარე ტომების, ავარების შემოტევებმა სიგებერტი აიძულა სამეფოს დედაქალაქი რეიმსიდან მეცში გადაეტანა. მეფემ მათი თავდასხმები ორჯერ უკუაგდო 562 და 568 წლებში.

დაახლოებით 567 წელს სიგებერტი დაქორწინდა ვესტგუთების მეფის, ატანაგილდის ასულ ბრუნჰილდაზე. ეს ქორწინება, ეპოქის მთავარი მემატიანის, გრიგოლ ტურელის სიტყვებით, მეტყველებს სიგებერტის მაღალ პიროვნებაზე ძალადობისა და აღვირახსნილობის ხანაში. ამ ქორწინების შემდეგ, მისი ძმა, ხილპერიკი, ატანაგილდთან მისი სხვა ქალიშვილის, გალსვინტას ხელის სათხოვნელად გაემგზავრა, რომელთან ქორწინების შემდეგაც მან დანარჩენი ცოლები მიატოვა, თუმცა იგი მალე მობეზრდა და მოაკვლევინა, რათა საყვარელზე, ფრედეგუნდაზე დაქორწინება შესძლებოდა. შესაძლოა დის მკვლელობით ცოლის, ბრუნჰილდას, აღშფოთების გამო სიგებერტმა შურისძიება სცადა. ძმები მანამდეც ეომებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ამჟამად მათი მტრობა ხანგრძლივ და სასტიკ ომად იქცა, რომელიც ორივე მათგანის შთამომავლობის დროსაც გრძელდებოდა.

573 წელს სიგებერტი პუატიესა და ტურენს დაეუფლა და ძმის სამეფოს უმეტესი ნაწილი დაიპყრო. ხილპერიკი ტურნეში დაიმალა, თუმცა ტრიუმფის მომენტში, როდესაც სიგებერტი ხილპერიკის ნიშნებით მეფედ გამოცხადდა ვიტრი-ან-არტუასთან, იგი ფრედეგუნდას დაქირავებულმა ორმა მკვლელმა მოკლა.

სიგებერტი ტახტზე მისმა შვილმა, ხილდებერტმა შეცვალა, ხოლო ბრუნჰილდამ რეგენტის სტატუსი მიიღო. ბრუნჰილდა და ხილდებერტი მალევე შევიდნენ გუნტრამის მფარველობის ქვეშ, რომელმაც, საბოლოოდ, ხილდებერტი შვილად და მემკვიდრედ აღიარა.[1] სიგებერტს ბრუნჰილდასთან ხილდებერტის გარდა ჰყავდა ორი ქალიშვილი: ინგუნდა და ხლოდოსინდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Anglo-Saxon Kinship Revisited, Thomas Charles-Edwards, The Anglo-saxons from the Migration Period to the Eighth Century, ed. John Hines, (Boydell Press, 2003), 178.
სიგებერტ I
დაიბადა: 535 გარდაიცვალა: 575
წინამორბედი:
ხლოტარ I
ავსტრაზიის მეფე
561–575
შემდეგი:
ხილდებერტ II