სესილია რენატა ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სესილია რენატა ავსტრიელი
პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი
კორონაცია: 12 სექტემბერი, 1637
მმართ. დასაწყისი: 12 სექტემბერი, 1637
მმართ. დასასრული: 24 მარტი, 1644
წინამორბედი: კონსტანცია ავსტრიელი
მემკვიდრე: მარია ლუიზა გონძაგა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 ივლისი, 1611
დაბ. ადგილი: გრაცი, ავსტრია
გარდ. თარიღი: 24 მარტი, 1644, (32 წლის)
გარდ. ადგილი: ვილნიუსი, რეჩ პოსპოლიტა
მეუღლე: ვლადისლავ IV, პოლონეთის მეფე
შვილები: სიგიზმუნდ კაზიმირი
მარიანა იზაბელა
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ II, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ანა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

სესილია რენატა ავსტრიელი (გერმ. Cäcilia Renata von Österreich, პოლ. Cecylia Renata Habsburżanka; დ. 16 ივლისი, 1611, გრაცი, ავსტრია — გ. 24 მარტი, 1644, ვილნიუსი, ლიეტუვა) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ანა ბავარიელის ქალიშვილი. პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი 1637-1644 წლებში როგორც ვლადისლავ IV-ის პირველი მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სესილია რენატა დაიბადა 1611 წლის 16 ივლისს, ავსტრიის ქალაქ გრაცში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ანა ბავარიელის ქალიშვილი. როგორც ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი პრინცესა, იგი მალევე არჩეულ იქნა პოლონეთის მეფე ვლადისლავ IV-ზე დასაქორწინებლად. როგორც კი სესილია რენატა წამოიზარდა, იგი 1637 წლის 9 აგვისტოს ვენაში შედგა მათი მარიონეტული ქორწინება. 1637 წლის 12 სექტემბერს ვარშავაში ის და ვლადისლავი პირადად შეხვდნენ ერთმანეთს და იქორწინეს, ამავე დღეს შედგა სესილია რენატას პოლონეთისა და ლიტვის დედოფლად კორონაცია. პოლონეთის ისტორიაში ეს იყო პირველი კორონაცია, რომელიც დედაქალაქის (მაშინ პოლონეთის დედაქალაქი კრაკოვი იყო და არა ვარშავა) გარეთ ჩატარდა, რამაც პოლონური თავად-აზნაურობა გააღიზიანა. 1638 წელს კი დიდგვაროვანთა დასაშოშმინებლად კრაკოვში მისი მეორე კორონაცია მოეწყო.

ახალგაზრდა და ენერგიულმა დედოფალმა მალევე დაიწყო სამეფო კარის ცხოვრებაში ჩაბმა, რაც ძალიან მოსწონდა მას. მან პოლონელებში მალევე დიდი პოპულარობა და სიმპათია დაიმსახურა, განსაკუთრებით თავისი თავაზიანობით. ერთი დიდგვაროვანი, თავის მემუარებში წერდა, რომ სესილია დაჟინებით მოითხოვდა სხვა ქალბატონების მის გვერდით დაჯდომას ისეთივე სავარძელში (რაც ეტიკეტის თანახმად მკაცრად იკრძალებოდა, რადგან ერთი ზომის სავარძელში მხოლოდ მეფე და დედოფალი უნდა მსხდარიყვნენ), მიუხედავად იმისა, რომ იგი დედოფალი იყო. სესილიამ თავისი ქმარი ვერაფრით ვერ ჩამოაშორა მის საყვარელ იადვიგა ლუსცოვსკას, რის გამოც ეს ქალბატონი სხვა დიდგვაროვანზე დააქორწინა და სასახლიდან გაისტუმრა. 1638 წელს პოლონეთის მეფე და დედოფალი ვენას ეწვივნენ.

სესილია დიდად მხარს უჭერდა პოლონელი დიდგვაროვნების, როგორებიცაა სტანისლავ რაძივილისა და იერსი ოსოლინსკის პრო-ჰაბსბურგულ და პრო-კათოლიკურ ფრაქციებში გაწევრიანებას. სამეფო კარზე დედოფლის განსაკუთრებული მოწინააღმდეგე გახდა ადამ კაზანოვსკი, რომელიც მეფის ბავშვობის მეგობარი იყო და მის საქორწინო არჩევანს უწუნებდა. კაზანოვსკს მალევე შეუერთდა პიოტრ გემბისკიც, რომლებიც დედოფლის დიდი მეტოქეები გახდნენ. სესილიასა და ვლადისლავის ქორწინებიდან პირველი 2-3 წლის მანძილზე დედოფალს დიდი გავლენა ჰქონდა, თუმცა მას შედეგ რაც მეფე მიხვდა, რომ მის სესილიაზე დაქორწინებას ის შედეგები არ მოუტანია, რასაც ჰპირდებოდნენ, იგი კაზანოვსკისა და გემბისკის მხარეს გადავიდა და ისინი თავის მრჩევლებადაც კი დანიშნა.

დედოფალი სესილია თავის ძმებთან და ნათესავებთან კონტაქტს არ წყვეტდა და გამუდმებით, ფარულად სწერდათ მათ წერილებს. იგი ასევე მალე დაუახლოვდა თავის ახალ რძალს, გრაფინია ანა კატერინას. ისინი გამუდმებით ერთად დადიოდნენ თეატრში, ოპერაში, ბალეტსა და კონცერტებზე. ცნობილია, რომ სესილია რენატას გავლენით ვლადისლავმა დააფუძნა პოლონეთის ნაციონალური თეატრი, სადაც დედოფალმა სახელგანთქმულ ევროპელ ხელოვან და არტისტ ხალხს მოუყარა თავი.

მათი შვიდწლიანი ქორწინებიდან დედოფალი სესილია სულ სამჯერ დაფეხმძიმდა. მისი პირველი შვილი, პრინცი სიგიზმუნდ კაზიმირი 1640 წელს დაიბადა, თუმცა შვიდი წლის ასაკში გარდაიცვალა. მათი მეორე შვილი, პრინცესა მარიანა იზაბელა კი 1642 წელს დაიბადა, მაგრამ სულ რაღაც ერთ თვეში დაიღუპა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, 1644 წლის 23 მარტს სესილია რენატამ მკვდარი გოგონა გააჩინა, მეორე დღეს კი ინფექციის შედეგად თვითონაც გარდაიცვალა, 32 წლის ასაკში. მისმა გარდაცვალებამ ღრმა მწუხარებაში ჩააგდო როგორც ვლადისლავი, ასევე მთელი სამეფო კარი, თუმცა მას შემდეგ რაც მათი ვაჟი გარდაიცვალა, მემკვიდრის გასაჩენად ვლადისლავ IV იძულებული გახდა მეორედ დაქორწინებულიყო.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სიგიზმუნდ კაზიმირი (დ. 1 აპრილი, 1640 — გ. 9 აგვისტო, 1647), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, საფრანგეთში მოგზაურობისას;
  2. მარიანა იზაბელა (დ. 8 იანვარი, 1642 — გ. 7 თებერვალი, 1642), გარდაიცვალა მცირეწლოვანი.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Podhorodecki, Leszek (1985). Wazowie w Polsce. Warszawa: Ludowa Spółdzielnia Wydawnicza. pp. 264–265. ISBN 83-205-3639-1.
  • S. Ochmann-Staniszewska, Dynastia Wazów w Polsce, Warsaw 2006, p. 141.
  • Eder, Karl (1961), "Ferdinand II.", Neue Deutsche Biographie (NDB), 5, Berlin: Duncker & Humblot, pp. 83–85; (full text online)
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1861). "Habsburg, Maria Anna von Bayern". Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire]. 7. Wikisource. p. 23.