სეპირ-უორფის ჰიპოთეზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სეპირ-უორფის ჰიპოთეზაჰიპოთეზა ენის ფარდობითობის შესახებ: ენა განაპირობებს მისი მატარებლის აზროვნების ტიპს, სამყაროს აღქმის ხერხი დამოკიდებულია ენაზე, რომლითაც აზროვნება ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ყოველი ხალხის მსოფლხედვისა და მსოფლგაგების საფუძველია საგნობრივ მნიშვნელობათა საკუთარი სისტემა, სოციალური სტერეოტიპები, კოგნიტური სქემები, ის კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ცნობიერება ყოველთვის განპირობებულია ეთნიკურად. ეთნოსოციოკულტურული ფაქტორი ვლინდება, კერძოდ, ჩამოყალიბებისა და ფორმულირების ნაციონალურ-ეთნიკურ თავისებურებებში. ამ ზოგად დებულებებში იკვეთება ენის (დედაენის) როლი ადამიანის შემეცნებით მოღვაწეობაში: ცნობიერების სტრუქტურათა შესახებ ჩვენი ცოდნა მხოლოდ ენის წყალობითაა, რაც ნებისმიერ ბუნებრივ ენაზე ამ სტრუქტურათა შესახებ ლაპარაკისა და მათი აღწერის საშუალებას იძლევა.

ენა კომუნიკაციურ სისტემათა შორის ყველაზე ძლიერი და დახვეწილია, რადგან იგი არა მარტო ინფორმაციის, ცოდნათა და მისთ. მიღებისა და გადაცემის გამაშუალებელი საშუალებაა, არამედ ადამიანში გარე სამყაროდან მიღებული ინფორმაციის გადამამუშავებელიც, რაც მეხსიერებაში არსებულ ცოდნათა სიმრავლის მოწესრიგებისა და სისტემატიზაციის უნარში ვლინდება. ამა თუ იმ ეთნოკულტურული კოლექტივისათვის დამახასიათებელი სამყაროს ენობრივი სურათის აგებაც ენობრივ ცოდნათა აღნიშნული მოწესრიგებისა და სისტემატიზაციის სპეციფიკით განისაზღვრება. ენა, რომელსაც ჩვენ ბავშვობიდანვე ვითვისებთ, განსაზღვრავს სამყაროს ხედვისა და მისი სტრუქტურირების ჩვენს განსაკუთრებულ ხერხს.

ენის/ენობრივი სისტემის საფუძველი არ წარმოადგენს მხოლოდ აზრების აღწარმოების ინსტრუმენტს. გრამატიკა თავად აყალიბებს აზრს, წარმოადგენს პროგრამას და სახელმძღვანელოს ინდივიდუმის აზროვნებითი მოქმედებისა, მისი შთაბეჭდილებების ანალიზისა და მათი სინთეზისა. ადამიანი აწარმოებს ბუნების დაყოფას იმის მიხედვით, რასაც ჩვენი მშობლიური ენა გვკარნახობს. ჩვენ გამოვყოფთ მოვლენათა სამყაროში ამა თუ იმ კატეგორიებს და ტიპებს არა იმიტომ, რომ ისინი (ეს კატეგორიები და ტიპები) თავად ცხადია; პირიქით, სამყარო ჩვენს წინაშე შთაბეჭდილებათა კალეიდოსკოპურ დინებას წარმოადგენს, რომელიც ორგანიზებული უნდა იყოს ჩვენი შემეცნებით, - ეს ხორციელდება ენობრივი სისტემით, რომელიც ინახება ჩვენს ცნობიერში. ჩვენ შეთანხმების თანამონაწილენი ვართ. ამ შეთანხმებას გარკვეული მეტყველებითი კოლექტივის ძალა აქვს და დამაგრებულია ჩვენი ენის სისტემაში. მსგავსი ფიზიკური მოვლენები საშუალებას იძლევიან შევქმნათ სამყაროს მსგავსი სურათი მხოლოდ მსგავსებისა და უკიდურეს შემთხვევაში, ენობრივი სისტემების თანაფარდობითობისას.

ენები ერთმანეთისაგან განსხვავდება არა მარტო იმით, თუ მათი სიტყვებით როგორ ვახდენთ სამყაროს კლასიფიცირებას, არამედ მნიშვნელი ერთეულების კომბინაციების მეთოდითაც. ბენჯამენ ლი უორფი ამტკიცებს, რომ ენობრივი კატეგორიები უეჭველ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს აზროვნებაზე.

უორფის ჰიპოთეზა კულტურისა და შემეცნებითი პროცესების ურთიერთობის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უორფის ჰიპოთეზა კულტურისა და შემეცნებითი პროცესების ურთიერთობის შესახებ ორ ძირითად მტკიცებულებას მოიცავს:

  1. სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ადამიანთა ჯგუფები სხვადასხვანაირად აღიქვამენ და შეიცნობენ სამყაროს. ამ მტკიცებულებას ეწოდება ასევე ლინგვისტური ფარდობითობის ჰიპოთეზა.
  2. შემეცნებით პროცესებში არის განსხვავებანი, რომლებიც ენობრივ განსხვავებულობაზეა დამოკიდებული. არსებობს ცალმხრივი მიზეზობრივი კავშირი ენასა და შემეცნებით პროცესებს შორის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ.ნარინდოშვილი, „არსებობს თუ არა ენის შესწავლის ზღვარი“.
  • М. Коул С. Скрибнер, „культура и мишление“
  • Краиг, „Психология развития“, 2000.
  • ნ. ლადარია . „სოციოლინგვისტიკა“ : სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებები ს მაგისტრანტებისათვის - თბილისი, მეცნიერება, 2002.
  • ივა მინდაძე, „ფსიქოლინგვისტიკა“, არეტე, 2009.
  • ლალი სურმანიძე, „კულტურა მეთოდოლოგიურ პერსპექტივაში“, თბილისი, 2010.
  • ზ.ჭუმბურიძე, რ.გაბეჩავა, „ქართული ენა“, თბილისი, 2005.
  • ი.იმედაძე, „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, „მწიგნობარი“, 2008.
  • დალი ფარჯანაძე, „მეხსიერების ფსიქოლოგია“, თბილისი, 2008.
  • ს. ომიაძე, „ქართული დისკურსის ლინგვოკულტურულ შემადგენელთა სტრუქტურა, სემანტიკა და ფუნქციონირება“, თბილისი, 2006.
  • გერიგი, ზიმბარდო, „ფსიქოლოგია და ცხოვრება“. თსუ გამომცემლობა
  • მედეა კინწურაშვილი, „ენა, ტექსტი, ინტერტექსტი“, თბილისი, 2009.
  • ლ. გოქსაძე, გიგინეიშვილი, ივანიძე. „ლინგვისტური ფარდობითობის თეორია და პრაგმატიკის ზოგიერთი საკითხი“. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1987, #2, გვ-140-147, მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია.