სენტ-ჰელენზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენტ-ჰელენზი
სენტ-ჰელენზი
სენტ-ჰელენზი
კოორდინატები: 46°11′28″ ჩ. გ. 122°11′40″ დ. გ. / 46.19111° ჩ. გ. 122.19444° დ. გ. / 46.19111; -122.19444
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე 2550 
ქედი კასკადოვანი მთები
ტიპი სტრატოვულკანი
ასაკი < 40,000 წელი
პირველი ასვლა 1853
ბოლო ამოფრქვევა 2004-2008 წწ.
სენტ-ჰელენზი — აშშ
სენტ-ჰელენზი

სენტ-ჰელენზი (ინგლ. Mount Saint Helens; კაუიცის ხალხთა შორის ცნობილია როგორც ლავეტლატლა, ხოლო ლუვიტის სახელით ცნობილია კლიკიტატებს შორის) — აქტიური სტრატოვულკანი, აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში. მდებარეობს ქალაქ სიეტლიდან სამხრეთით, 154 კმ-ში, ხოლო ქალაქ პორტლენდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 80 კმ-ში. სახელი ეწოდა ბრიტანელი დიპლომატის ბარონ სენტ-ჰელენზის პატივსაცემად, რომელიც იყო მოგზაურის ჯორჯ ვანკუვერის მეგობარი, რომელმაც XVIII საუკუნის ბოლოს აწარმოა ამ რაიონის კვლევა.

სწორედ, ვანკუვერის ინიციატივით ეწოდა ვულკანს ბრიტანელი დიპლომატის სახელი. სენტ-ჰელენზი მდებარეობს კასკადოვან ქედზე, რომელიც წარმოადგენს კასკადოვანი ვულკანური ჯაჭვის ნაწილს. ცნობილია ვულკანური ფერფლითა და პიროკლასტური ნაკადებით. ვულკანის სიმაღლეა 2550 მ, ხოლო შეფარდებითი სიმაღლე 1404 მ აღწევს.

ყველაზე სასიკვდილო და ეკონომიკურად გამანადგურებელი ვულკანური მოვლენა ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ ვულკან სენტ-ჰელენზის სახელთანაა დაკავშირებული. კატასტროფული ამოფრქვევა მოხდა 1980 წლის 18 მაისს, რომლის შედეგად დაიღუპა 57 ადამიანი, დაინგრა 250 სახლ-კარი, 47 ხიდი, რკინიგზის 24 კილომეტრიანი და გზატკეცილის 298 კილომეტრიანი მონაკვეთი.

გარდა ამისა, ათასობით ცხოველი დაიღუპა. გვერდითი აფეთქების შედეგად, დაახლოებით 500 კმ² ფართობზე ამოგლეჯილი იყო ხეები. რიხტერის 5.1 სკალით მომხდარ მიწისძვრას მოჰყვა ვულკანის ამოფრქვევა, რომლის შედეგად ვულკანის სიმაღლე 2950 მ-იდან დაეცა ამჟამინდელ 2550 მ ნიშნულამდე. მიწისძვრას თან ახლდა მასიური ნამტვრევებიანი მეწყერი, რომლის მოცულობამ 2,9 კმ³ შეადგინა.

1982 წლის 27 აგვისტოს, რონალდ რეიგანის ინიციატივით 1980 წელს მომხდარ ამოფრქვევასთან დაკავშირებით ვულკანის გარშემო შეიქმნა სენტ-ჰელენზის ეროვნული ვულკანური მონუმენტი, რომლის ფართობია 445 კმ².

ისევე როგორც კასკადოვანი მთების სხვა ვულკანები სენტ-ჰელენზიც დიდი ვულკანური კონუსია, რომელიც აგებულია ლავური ქანებით, პემზითა და სხვა. გვხვდება აგრეთვე ბაზალტებისა და ანდეზიტების ფენები. სენტ-ჰელენზი 1980 წლის ამოფრქვევის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა. ამოფრქვევები ხდებოდა 1986 წლამდე, ხოლო ვულკანური გუმბათი დროგამოშვებით ზრდას განიცდიდა კრატერში. სეისმურ აქტიურობას ადგილი ჰქონდა აგრეთვე 1989-1991 წწ. და 1995-1998 წწ. შორის. პირველი ასვლა განახორციელა ტომას დრაიერმა 1853 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]