სალაჰ ჯადიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალაჰ ჯადიდი
არაბ. صلاح جديد
სალაჰ ჯადიდი არაბ. صلاح جديد
სირიის დროშა სირია
გენერალური შტაბის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1963 – 1963
პრემიერ-მინისტრი  ნურედინ ალ-ატასი
წინამორბედიზიად ალ-ჰარირი
მემკვიდრეაჰმედ სუვეიდანი

ბაასის პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1966 – 1970

დაბადებული1926
ჯებლა, სირია
გარდაცვლილი19 აგვისტო, 1993
დამასკო, სირია
პოლიტიკური პარტიაბაასი
განათლებაჰომსის სამხედრო აკადემია
წოდებაგენერალ-მაიორი
ჯილდოებიპალესტინის კამპანიის ორდენი

სალაჰ ჯადიდი (არაბ. صلاح جديد 1926-1993) —სირიელი სამხედრო, სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი 1966-1970 წლებში.

ბიოგრაფიის ადრეული ეტაპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ალავიტურ სოფელში, ზღვისპირა ქალაქ ჯებლას მახლობლად. სწავლობდა ჰომსის სამხედრო აკადემიაში, 1946 წელს  შევიდა სირიის არმიაში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის იყო სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტიის წევრი, მაგრამ შემდეგ შეუერთდა ბაასის პარტიას, თუმცა მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნა სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტიასთან, ვინაიდან მისი ძმა ჰასანი იყო მისი ერთ-ერთი ლიდერი. 50-იან წლებში  გახდა არაბული ნაციონალისტური მოძრაობის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გამალ აბდელ ნასერი. იგი მხარს უჭერდა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის შექმნას (ეგვიპტისა და სირიის ერთიანი სახელმწიფო). [1]

გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში სალაჰ ჯადიდი მსახურობდა კაიროში, სადაც 1959 წელს ბაასის სხვა ოფიცერებთან ერთად შექმნა საიდუმლო ორგანიზაცია —სამხედრო კომიტეტი, რომლის მიზანი იყო გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის შენარჩუნება. თუმცა, 1961 წლის სექტემბერში გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა ჩამოიშალა, სირიის სათავეში მოვიდა ნაზიმ ალ-კუდსი.  ჯადიდი, ბაასის პარტიის მრავალ წევრთან ერთად, გარიცხეს ჯარიდან. 1962 წელს მათ დაიწყეს მზადება სამხედრო გადატრიალებისთვის.[2][3]

1963 და 1966 წლების გადატრიალებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წლის 8 მარტს მოხდა გადატრიალება, რის შედეგადაც დააპატიმრეს პრეზიდენტი ნაზიმ ალ-კუდსი. პრემიერ მინისტრი ხალედ ბეი ალ-აზემი ლიბანში გადააძევეს. ბაასის ოფიცრები აღადგინეს ჯარში და ქვეყანაში დამყარდა მმართველობის ერთპარტიული სისტემა. ჰაფეზ ასადთან, მუჰამედ უმრანთან და სამი ალ-ჯუნდისთან ერთად, სალაჰ ჯადიდი გახდა პრეზიდენტის ამინ ალ-ჰაფეზისა და პრემიერ მინისტრის სალაჰ ად-დინ ბიტარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.

1963 წლის აგვისტოში ჯადიდი დაინიშნა სირიის არმიის შტაბის უფროსად. ამ დროს დაიწყო გარკვეული დაპირისპირება ამინსა და ბიტარს შორის, რომლებიც ცდილობდნენ ერთი მხრივ, მთავრობის  და, მეორე მხრივ,  სამხედრო მაღალჩინოსნების დემილიტარიზაციას.

ჯადიდის პოზიცია კიდევ უფრო განმტკიცდა, როდესაც იგი დაასახელეს რეგიონალური სარდლობის გენერალური მდივნის თანაშემწედ, და როდესაც  1965 წელს მისი მეგობარი იუსუფ ალ-ზუაინი პრემიერ მინისტრად დანიშნეს. ჯადიდი შეეცადა თავიდან მოეცილებინა  შესაძლო მოწინააღმდეგეები ძალაუფლებისთვის ბრძოლაში , არმიიდან გაათავისუფლა არაერთი მოწინააღმდეგე ოფიცერი. მუჰამედ უმრანი გაგზავნა ელჩად ესპანეთში.

1966 წლის 23 თებერვალს, ჯადიდმა და ჰაფეზ ასადმა მორიგი სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს: ბაასის პარტიის ლიდერები და დამფუძნებლები, მიშელ აფლაკი და სალაჰ ად-დინ ბიტარი გადაასახლეს, ჰაფეზ ასადი თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო ჯადიდთან დაახლოებული ნურედინ ალ ატასი—პრეზიდენტი. თავად ჯადიდმა დაიკავა ბაასის პარტიის გენერალური მდივნის მოადგილის მოკრძალებული პოსტი. 1970 წლის ნოემბრის გადატრიალებამდე სალაჰ ჯადიდი სირიის ფაქტობრივი მმართველი იყო.[4]

ხელისუფლებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯადიდის დროს სირიის საგარეო პოლიტიკი ხასიათდებოდა  რიგ არაბულ ქვეყნებთან (ლიბანი, იორდანია, ერაყი, საუდის არაბეთი) ურთიერთობების გაუარესებით. ეგვიპტე რჩებოდა სირიის ერთადერთ ჭეშმარიტ მოკავშირედ რეგიონში. ჯადიდის  მხარდაჭერა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის მიმართ გაიზარდა. ექვსდღიან  ომში სირიის მონაწილეობა, რომელიც დასრულდა არაბების დამარცხებით და სირიის მიერ გოლანის მაღლობების დაკარგვით, ჯადიდის ფაქტობრივი მმართველობის პერიოდს მიეკუთვნება. სალაჰ ჯადიდმა გააგრძელა  სსრკ-სთან დაახლოების კურსი. [5]

საშინაო პოლიტიკა. კონფლიქტი ჰაფეზ ასადთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯადიდის დროს მოქმედებდა შიდა უსაფრთხოების უსაშველოდ დიდი აპარატი .  იდევნებოდა განსხვავებული აზრი. იგი მკაცრ სოციალისტურ ხაზს გაჰყვა (ამიტომაც სავაჭრო წრეები ენთუზიაზმით მიესალმნენ ჯადიდის დამხობას). ჯადიდი კონცენტრირებული იყო სამოქალაქო საკითხების მოგვარებაზე.  შეიარაღებული ძალების კონტროლი ჰაფეზ ასადს გადასცა და არ მიიჩნია ეს საფრთხედ. თუმცა, ექვსდღიან ომში სირიის დამარცხების შემდეგ,  დაიწყო  უთანხმოება სალაჰ ჯადიდსა და ჰაფეზ ასადს შორის. ჯადიდს ადანაშაულებდნენ,  რომ მან ვერ შეძლო ქვეყნის ეფექტურად მართვა და ისრაელის საფრთხის დაძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ჯადიდი და მისი მომხრეები ყურადღებას ამახვილებდნენ სოციალიზმზე და "შინაგან რევოლუციაზე", ასადი საჭიროდ თვლიდა  ორიენტირება მოეხდინათ ისრაელის საწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკაზე.

ასადმა თანდათან განიმტკიცა პოზიციები, შტაბის უფროსად დანიშნა მასთან დაახლოებული მუსტაფა ტლასი  ასევე მედია საკუთარ კონტროლზე აიყვანა. 1970 წლის 16 ნოემბერს ჯადიდი დაამხეს სამხედრო გადატრიალების შედეგად და დააპატიმრეს. იგი პატიმრობაში დარჩა გარდაცვალებამდე — 1993 წლის 19 აგვისტომდე.[6][7]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Xavier Baron, Paris, Tallandier, (ფრანგ.) 2015, 400 p., p.170-171
  2. Bulloch, John (23 August 1993). "Obituary: Salah Jadid". The Independent. Retrieved 7 April 2013.
  3. Sami Moubayed, Steel and Silk: Men and Women Who Shaped Syria 1900—2000, Seattle, 2006, pp.259-260
  4. Sami Moubayed, Steel and Silk, pp.260-261
  5. Sami Moubayed, Steel and Silk, pp.261-262
  6. « Salah Jadid, 63, Leader of Syria Deposed and Imprisoned by Assad », The New York Times, 24 août 1993.
  7. Obituary Salah Jadid. The Independent