შინაარსზე გადასვლა

სათხის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სათხის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის სამხრეთით 4 კმ-ში, ტყეში. აგებულია X-XI საუკუნეებში.

პირველი ცნობა სათხის ეკლესიის შესახებ მოცემულია ალექსანდრე ჯაბაკურ-ორბელიანის ჩანაწერებში (1846 წ.), რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა 1951 წელს. ეკლესია და მისი წარწერები მოხსენიებული აქვს აგრეთვე ცნობილ ნუმიზმატს ნ. ბართლომეის ქართულ სიძველეებისადმი მიძღვნილ მ. ბროსეს გამოცემაში, რომელიც გამოიცა 1854 წელს. უფრო მნიშვნელოვანია ე. თაყაიშვილის ცნობები სათხის ეკლესიის შესახებ. ავტორი სათხეში 1896 წელს ყოფილა. მაშინ შეუმოწმებია და გადმოუღია წარწერები. მანვე 1900 წელს გადმოიტანა თბილისში სათხის კანკელის ნანგრევები.

ეკლესია წარმოადგენს დიდი ზომის (15X6,7მ) ერთნავიან შენობას, რომელსაც გარს ეკვრის დამატებითი სადგომები, სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. ყველა ერთად გართულებული მოხაზულობის გეგმას იძლევა: მთავარი, შუა კორპუსის სწორკუთხედის აღმოსავლეთი ნაწილი გამოწეულია გვერდითი სადგომების მიმართ, დასავლეთით კი მათი კედლები ერთ ხაზზეა. დასავლეთ სადგომი, რომლისგანაც ჩვენამდე ნაწილია შემორჩენილი, გადაბმული წყობით ერთვის სამხრეთის მინაშენს (სტოას).

ნაგებობის გარეგანი, ზოგადად დამახასიათებელი ასახულობა სამხრეთ–დასავლეთიდან წარმოგვიდგება: ესაა უგუმბათო ნაგებობა, რომლის მთავარი წაგრძელებული კორპუსის მოცულობას სამხრეთით საფეხურად ეკვრის სტოა, შუაში გამოყოფილი შემაღლებული კარიბჭით, ხოლო დასავლეთით–სტოასთან კუთხით ორგანულად დაკავშირებული ფრონტონიანი სადგომი. ყველა სადგომს კამარა ჩაქცეული აქვს. სიძველისაგან ჟანგმოკიდებული კედლებიც არაა სრულად მოღწეული ჩვენამდე. მაგრამ არც შეკეთება–გადაკეთების კვალია სადმე.

მთავარი კორპუსის ფასადებზე ეკლესიის აშენების თანადროული ასომთავრული წარწერებია შემონახული. ყველა წარწერა თითქმის დაუზიანებლადაა ჩვენამდე მოღწეული. წარწერებში არაა აღნიშნული არც ერთი ისტორიულად ცნობილი პირი. მშენებლობას უთუოდ ხელმძღვანელობდა ხუროთმოძღვარი, რომელიც სამხრეთი ფასადის აღმოსავლეთ კუთხის ქვაზეა მოხსენებული:

ვიკიციტატა
„ქრისტე შეიწყალე კვირიკე გალატოზი ამინ.“

წარწერის ეპიგრაფიკის ანალიზი X-XI საუკუნეების მიჯნაზე მიგვანიშნებს.

ფასადებიდან შეუმკობელია ჩრდილოეთი. დანარჩენი ფასადების გაფორმებაში სრული მხატვრული მთლიანობაა. ეკლესია „მეორედ აღუშენებიათ 1662 წელს“, ამაზე გვამცნობს ეკვდერის აღმოსავლეთ ფასადზე ჩართული წარწერიანი ქვა, სადაც მოხსენიებულია ვინმე ზურაბაშვილი.

სათხის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

  • ე. თაყაიშვილი, სომხით–საორბელოს ძეგლების წარწერები, თბ. 1951
  • ვ. დოლიძე, კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი, ძეგლის მეგობარი № 20, 1970

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]