რუდოლფ ჰაიდენჰაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუდოლფ ჰაიდენჰაინი

რუდოლფ პეტერ ჰაინრიხ ჰაიდენჰაინი (დ. 29 იანვარი, 1834, მარიენვერდერი — გ. 13 ოქტომბერი, 1897, ბრესლაუ) — გერმანელი ფიზიოლოგი და ჰისტოლოგი. ბრესლაუს უნივერსიტეტის პროფესორი (1859-იდან).

1856 წელს დაადგინა მუდმივი დენის ძალის გავლენა მამოძრავებელი ნერვების გაღიზიანების ეფექტზე. ე. წ. ტონომოტორული ფენომენის ანალიზისას (ენის მგრძნობიარე ნერვის პერიფერიული ბოლოს გაღიზიანებით გამოწვეული ენის კუნთების ნელი შეკუმშვა მამოძრავებელი ნერვის გადაჭრის შემთხვევაში) ჰაიდენჰაინმა დაამტკიცა, რომ იგი განპირობებულია სისხლძარღვების გაფართოების დამატებითი მოქმედებით. აღმოაჩინა, რომ დიდი ნახევარსფეროების ქერქის გარკვეული წერტილების გაღიზიანება შემაკავებელ გავლენას ახდენს ჩონჩხის კუნთების გაღიზიანებაზე. დაადგინა კუნთებში სითბოს წარმოშობის დამოკიდებულება მათი მოქმედების პირობებზე — სისხლის მიმოქცევაზე, დატვირთვაზე, გაღიზიანების ინტენსივობაზე და სხვ. აღრიცხა კუნთის ერთხელობრივი შეკუმშვისას სითბოს გამოყოფა. დაადგინა თირკმლის ეპითელიუმის აქტიური როლი შარდის წარმოშობაში და აგრეთვე ორგანიზმის გარკვეული უჯრედული ელემენტების აქტიური მნიშვნელობასა და ნაწლავების მიერ შეწოვის პროცესში. საჭმლის მომნელებელ ჯირკვლებზე, ჰაიდენჰაინის მიხედვით, გავლენას ახდენს სეკრეტორული და ტროფიკული ნერვები. ჰაიდენჰაინმა დაამტკიცა, რომ პეფსინი და მარილმჟავა გამოიყოფა კუჭის სხვადასხვა ჯირკვლოვანი უჯრედიდან; დაამუშავა იზოლირებული კუჭის მეთოდი, რომელიც შემდგომში გააუმჯობესა ივანე პავლოვმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]