რიუიჩი საკამოტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიუიჩი საკამოტო

საკამოტო 2013 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 იანვარი, 1952
დაბ. ადგილი ტოკიო, იაპონია
გარდ. თარიღი 28 მარტი, 2023(2023-03-28)
გარდ. ადგილი ტოკიო
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1975-დღემდე
საიტი sitesakamoto.com
რიუიჩი საკამოტო ვიკისაწყობში

რიუიჩი საკამოტო (იაპონ. 坂本龍一; დ. 17 იანვარი, 1952 — გ. 28 მარტი, 2023) — იაპონელი კომპოზიტორი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, აქტივისტი და მსახიობი, რომელიც, როგორც სოლო შემსრულებელი და როგორც Yellow Magic Orchestra-ს წევრი არაერთ მუსიკალურ ჟანრში მოღვაწეობდა. ბენდის წევრებთან, ჰარუომი ჰოსონოსთან და იუკიჰირო ტაკაჰაშისთან ერთად, საკამოტომ ელექტრონული მუსიკის მრავალი ჟანრი შექმნა და ასევე არაერთ ჟანრზე მოახდინა გავლენა.

საკამოტომ მუსიკალური კარიერა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, 1970-იან წლებში დაიწყო. იგი სესიურ მუსიკოსად, პროდიუსერად და არანჟირად მუშაობდა. 1978 წელს მან ჰარუომი ჰოსონოსთან და იუკიჰირო ტაკაჰაშისთან ერთად Yellow Magic Orchestra დააარსა. ამავე წელს მან ექსპერიმენტული ელექტრონული სოლო ალბომი Thousand Knives (ქართ. ათასი დანა) გამოუშვა. მას მოჰყვა B-2 Unit ორი წლის შემდეგ. საკამოტო აქტიურ სოლო კარიერას ეწეოდა და მრავალ უცხოელ არტისტთან თანამშრომლობდა, მათ შორის არიან დევიდ სილვიანი, კარსტენ ნიკალაი და იუსუ ნ’დური. საკამოტომ 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიისთვის მუსიკალური კომპოზიცია შექმნა. 1999 წელს გამოვიდა მისი კომპოზიცია Energy Flow – იაპონიის ისტორიაში პირველი ინსტრუმენტული ნამუშევარი, რომელიც Oricon-ის ჩარტებში მოხვდა.[1]

როგორც კინოკომპოზიტორს, საკამოტოს ოსკარი, ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო, გრემი და ორი ოქროს გლობუსი აქვს მიღებული. მისი, როგორც მსახიობისა და კინოკომპოზიტორის დებიუტი ნაგისა ოსიმას 1983 წლის ფილმში „შობას გილოცავთ, მისტერ ლოურენს“ შედგა. საკამოტოს, როგორც კინოკომპოზიტორის, ყველაზე წარმატებული ფილმებია „უკანასკნელი იმპერატორი“ (1987), „გაპობილი ცა“ (1990), „პატარა ბუდა“ (1993) და „გადარჩენილი“ (2015). გარდა კომპოზიტორობისა, საკამოტო ანიმეებისა და ვიდეოთამაშების სცენარების ავტორადაც გვევლინება. 2009 წელს მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ საკამოტოს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი გადასცა.[2]

კინოკარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკამოტო ფილმების შექმნაში მონაწილეობას, როგორც მუსიკის, ისე სამსახიობო სფეროში იღებდა. მისი კინოდებიუტი ნაგისა ოსიმას 1983 წლის ფილმში „შობას გილოცავთ, მისტერ ლოურენს“ შედგა, რომელშიც მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. საკამოტომ ფილმისთვის სიმღერა სახელწოდებით „აკრძალული ფერები“ დევიდ სილვიანთან ერთად დაწერა. მოგვიანებით საკამოტომ ბერნარდო ბერტოლუჩის 1987 წლის ფილმის „უკანასკნელი იმპერატორი“ მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა, რისთვისაც ოსკარის მე-60 დაჯილდოებაზე დევიდ ბირნთან და სონგ სუსთან ერთად ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის მიიღო.

საკამოტოს დაწერილი აქვს კომპოზიციები შემდეგი ფილმებისთვის: პედრო ალმოდოვარის „მაღალი ქუსლები“ (1991), ბერტოლუჩის „პატარა ბუდა“ (1993), ოლივერ სტოუნის „ველური პალმები“ (1993), ბრაიან დე პალმას „გველის თვალები“ (1998) და „საბედისწერო ქალი“ (2002). 2015 წელს საკამოტომ ალეხანდრო ინიარიტუს ფილმის „გადარჩენილი“ მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა, რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ტომ ჰარდი ასრულებენ.[3] ფილმმა საკამოტოს ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა.[4]

საკამოტოს რამდენიმე ფილმში აქვს ნათამაშები. მისი ყველაზე გამორჩეული როლია კაპიტანი იონოი ფილმიდან „შობას გილოცავთ, მისტერ ლოურენს“, რომელშიც მას პარტნიორობას ტაკეში კიტანო და ბრიტანელი როკ-ვარსკვლავი დევიდ ბოუი უწევდნენ. საკამოტომ ფილმში „უკანასკნელი იმპერატორი“ მასაჰიკო ამაკასუს როლი შეასრულა. მას აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული მადონას მუსიკალურ კლიპში „Rain“.

საკამოტო 2013 წლის დეკემბერში

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკამოტო პირველად 1972 წელს დაქორწინდა. წყვილს ქალიშვილი შეეძინა, თუმცა მათი ქორწინება ორი წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა. 1982 წელს საკამოტომ ცოლად ცნობილი იაპონელი პიანისტი და მომღერალი აკიკო იანო შეირთო, რომელთანაც მუსიკალურად თანამშრომლობდა. 1994 წელს წყვილმა გადაწყვიტა, რომ ცალ-ცალკე ეცხოვრათ. კომპოზიტორის მეორე ქორწინება 2006 წლის აგვისტოში, დასრულდა. მისი და იანოს ქალიშვილი — მიუ საკამოტო — პოპ-მომღერალია და J-pop-ის ჟანრში მოღვაწეობს. დააახლოებით 1990 წლიდან საკამოტო თავის მენეჯერთან, ნორიკასთან ერთად ცხოვრობდა, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა.

2014 წლის ივნისში საკამოტოს პირის ღრუს სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა, რის შემდეგაც მან ერთწლიანი პაუზა აიღო. იგი მოღვაწეობას 2015 წელს დაუბრუნდა.[5]

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკამოტო მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. 1983 წელს მას ფილმის „შობას გილოცავთ, მისტერ ლოურენს“ მუსიკალური გაფორმებისთვის ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო მიენიჭა.[6] 1987 წელს ფილმისთვის „უკანასკნელი იმპერატორი“ მან ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის, ოქროს გლობუსი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის, გრემი საუკეთესო საუნდტრეკისთვის და ბრიტანული კინოაკადემიის ნომინაცია მოიპოვა.[6] 1990 წელს კომპოზიტორმა ფილმისთვის „გაპობილი ცა“ დაწერა საუნდტრეკი, რომლისთვისაც მეორე ოქროს გლობუსის ჯილდო მიიღო. 1993 წელს ფილმისთვის „პატარა ბუდა“ საკამოტომ გრემის ნომინაცია მოიპოვა. 2006 წელს საკამოტომ რამდენიმე კომპოზიცია დაწერა ოსკაროსანი ფილმისთვის „ბაბილონი“. 2009 წელს მას მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის საფრანგეთის კულტურის სამინისტროსგან ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი მიენიჭა.[2] 2015 წელს კომპოზიტორმა ფილმისთვის „გადარჩენილი“ დაწერილი მუსიკისთვის ოქროს გლობუსისა და ბრიტანეთის კინოაკადემიის ნომინაციები მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sakamoto's 'energy Flow' Enlivens Japan. AllBusiness.com (July 2, 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 4, 2008. ციტირების თარიღი: November 29, 2008.
  2. 2.0 2.1 Denise Sullivan. (May 13, 2011) What Makes A Legend: Ryuichi Sakamoto. Crawdaddy!. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 15, 2011. ციტირების თარიღი: May 31, 2011.
  3. Ryuichi Sakamoto Scoring Alejandro Gonzalez Inarritu's 'The Revenant' (September 29, 2015). ციტირების თარიღი: September 30, 2015.
  4. Best Original Score - Motion Picture en. ციტირების თარიღი: July 24, 2018
  5. Weingarten, Christopher R. (December 17, 2015). „Ryuichi Sakamoto Details 'Gigantic' Score to 'Birdman' Director's 'The Revenant'i“. Rolling Stone.
  6. 6.0 6.1