რალფ ბანჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რალფ ბანჩი
ინგლ. Ralph Bunche
დაბადების თარიღი 7 აგვისტო, 1904(1904-08-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი დეტროიტი[9]
გარდაცვალების თარიღი 9 დეკემბერი, 1971(1971-12-09)[10] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი
მოქალაქეობა  აშშ
განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტი[11] , კალიფორნიის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი[11] და Jefferson High School
ეროვნება აფრო-ამერიკელები[12]
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[13] [14], სპინგარნის მედალი[15] და თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი

რალფ ჯონსონ ბანჩი (ინგლ. Ralph Johnson Bunche, დ. 7 აგვისტო 1904 — გ. 9 დეკემბერი 1971) — ამერიკელი დიპლომატი და ადამიანის უფლებათადამცველი. 1950 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია 1940-იან წლებში ისრაელთან შუამავლობისათვის. პირველი აფროამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატი. იგი მონაწილეობდა გაეროს ფორმირებისა და ადმინისტრირების საქმეში და დიდ როლს ასრულებდა გაეროს მიერ დაფინანსებული მრავალრიცხოვანი სამშვიდობო ოპერაციების დროს. 1963 წელს მას პრეზიდენტმა ჯონ კენედმა მიანიჭა თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[16].

1948 წელს გახდა შუამავლის მოვალეობის შემსრულებელი ახლო აღმოსავლეთში, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელსა და ეგვიპტეს შორის. მან განაგრძო მოღვაწეობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მუშაობდა სინაის (1956), კონგოს (1960), იემენის (1963), კვიპროსის (1964) და ბაჰრეინის (1970) კრიზისებზე. 1965 წელს ზედამხედველობას უწევდა ცეცხლის შეწყვეტის პროცესს ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის შემდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რალფ ბანჩი დაიბადა 1904 წლის 7 აგვისტოს დეტროიტში, მიჩიგანი, აშშ. მისი მამა მუშაობდა პარიკმახერად, ხოლო დედა მუსიკოსი იყო. ჯერ კიდევ მაშნ, როდესაც რალფი ბავშვი იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ალბუკერკეში, ნიუ-მექსიკოში, სადაც მშობლები აპირებდნენ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა ისინი მალევე გარდაიცვალნენ და რალფი დასახლდა ლოს-ანჯელესში ბებიასთან.

სწავლობდა ჯეფერსონის სახელობის საშუალო სკოლაში, სადაც მან წარმოაჩინა საკუთარი თავი არა მხოლოდ როგორც კარგმა მოსწავლემ, არამედ როგორც შესანიშნავმა ორატორმა და სპორტსმენმა. თავისი სპორტული სტიპენდიის წყალობით მან შეძლო გამხდარიყო ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც დაასრულა 1927 წელს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხით. მან სწავლა განაგრძო ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც 1928 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი, ხოლო 1934 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. ამავდროულად ბრანჩი მუშაობდა ვაშინგტონის ჰოვარდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პედაგოგად. 1936 წლიდან 1938 წლამდე დაკავებული იყო ანთროპოლოგიური კვლევებით ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში, ასევე კეიპტაუნის უნივერსიტეტში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წლიდან 1950 წლამდე ბრანჩი ხელმძღვანელობდა ჰოვარდი უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტს. იყო ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის წევრი. 1936 წელს გახდა სვორტმორის კოლეჯის ერთ-ერთი ინსტიტუტის თანადირექტორი. ამავე დროს მან გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი რასების შესახებ. 1944 წელს შვედ გუნარ მიურდალთან ერთად გამოსცა წიგნი „ამერიკული დილემა“. რალფ ბანჩი ფრანკლინ დელანო რუზველტის დროს იყო ე. წ. “შავი კაბინეტის“ წევრი, დაკავებული იყო რასობრივი უმცირესობის საქმეებით. იგი მტკიცედ დაუპირისპირა რასობრივ ცრურწმენებს და გამოაცხადა რასობრივი სეგრეგაციისა და დემოკრატიის შეუთავსებლობა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა სტრატეგიული სამსახურის სამმართველოში კოლონიური საკითხების ანალიტიკოსად.1943 წელს სამუშაოდ გადავიდა სახელმწიფო დეპარტამენტში. 1946 წელს გაეროს გენერალური მდივნის ტრიუგვე ლის დახმარებით, იგი ხელმძღვანელობდა გაეროს სამეურვეო საბჭოს, რომელიც ზედამხედველობას უწევდა სამანდატო ტერიტორიების მართვას.

1948-1949 წლებში ბრანჩმა ითამაშა გადამწყვეტი როლი არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირებაში. თავდაპირველად იგი იყო ახლო აღმოსავლეთში გაეროს შუამავლის ფოლკე ბერნადოტის დამხმარე. 1948 წლის სექტემბერში ბერნადოტის მკვლელობის შემდეგ მოლაპარაკებების წარმართვა დაევალა ბანჩს. მან მოახერხა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, ხოლო შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა. კონფლიქტის დარეგულირებისათვის 1950 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია.

1950 წელს გახდა გენერალური მდივნის მოადგილე სპეციალურ პოლიტიკურ საკითხებში, ხოლო 1967-1971 წლებში ეკავა გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობა. იგი გაეროს წარმომადგენელი იყო ისეთ ცხელ წერტილებში როგორიც იყო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, იემენი, ქაშმირი და კვიპროსი.

1963 წელს დააჯილდოეს თავისუფლების მედლით.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წელს ჰოვარდის უნივერსიტეტში სწავლებისას გაიცნო რუთ ჰარისი, როგორც მისი ერთ-ერთი სტუდენტი. ისინი 1930 წლის 23 ივნისს დაქორწინდნენ. წყვილს შეეძინათ სამი შვილი: ჯოან ჰარის ბანჩი, ჯან ჯონსონ ბანჩი და რალფ ბანჩი უმცროსი. მისი შვილიშვილი რალფ ბანჩი III 2018 წლიდან არის წარმომადგენლობის არმქონე სახელმწიფოთა ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რალფ ბანჩმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა თანამდებობა გაეროში, მაგრამ ეს არ გამოუცხადებიათ, რადგან გაეროს გენერალური მდივანი უ ტანი იმედოვნებდა, რომ ეს იყო დროებითი. ბანჩი გარდაიცვალა 1971 წლის 9 დეკემბერს, 68 წლის ასაკში[17]. დაკრძალულია ბრონქსში, ნიუ-იორკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Utter G. H. Bunche, Ralph J. // American Political Scientists: A Dictionary — 2 — Greenwood Publishing Group, 2002. — ISBN 978-0-313-31957-0
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Encyclopædia Britannica
  4. SNAC — 2010.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. Munzinger Personen
  9. https://www.nobelprize.org/prizes/peace/1950/bunche/biographical/
  10. nobelprize.orgNobel Foundation.
  11. 11.0 11.1 Utter G. H. American Political Scientists: A Dictionary — 2 — Greenwood Publishing Group, 2002. — ISBN 978-0-313-31957-0
  12. BlackPast.org — 2004.
  13. The Nobel Peace Prize 1950Nobel Foundation.
  14. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  15. https://www.britannica.com/topic/Spingarn-Medal
  16. Urquhart, Brian (1998). Ralph Bunche: an American life, გვ. 25. ISBN 978-0-393-31859-3. 
  17. Robert D. McFadden (December 10, 1971). „Dr. Bunche of U.N., Nobel winner, Dies“. New York Times. nytimes.com. ციტირების თარიღი: October 22, 2010.