ჟანა დე ვალუა (1343-1373)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟანა დე ვალუა
ნავარის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 12 თებერვალი, 1352
მმართ. დასასრული: 3 ნოემბერი, 1373
წინამორბედი: ჟანა დე ევრე
მემკვიდრე: ელეანორა კასტილიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ივნისი, 1343
გარდ. თარიღი: 3 ნოემბერი, 1373, (30 წლის)
მეუღლე: შარლ II, ნავარის მეფე
შვილები: შარლ III, ნავარის მეფე
ჟანა, ინგლისის დედოფალი
დინასტია: ვალუები
მამა: ჟან II, საფრანგეთის მეფე
დედა: ბონა ლუქსემბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჟანა დე ვალუა (ფრანგ. Jeanne de Valois, ბასკ. Joana Valoisekoa; დ. 24 ივნისი, 1343 — გ. 3 ნოემბერი, 1373) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და ბონა ლუქსემბურგელის ქალიშვილი. ნავარის დედოფალი 1352-73 წლებში როგორც შარლ II-ის მეუღლე. ნავარის მეფე შარლ III-ისა და ინგლისის დედოფალ ჟანა ნავარელის დედა.

ბიოგრაფია და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანა დაიბადა 1343 წლის 24 ივნისს, შატო დე სურ-ლუარში, საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და მისი პირველი ცოლის, ბონა ლუქსემბურგელის ქალიშვილი.

პირველად იგი დანიშნეს ჟან ბრაბანტელზე, რომელიც იყო ბრაბანტის ჰერცოგ ჟან III-ისა და მისი ცოლის, მარი დ'ევრეს ვაჟი, თუმცა ქორწინება არ შემდგარა.

საბოლოოდ, 1352 წლის 12 თებერვალს ჟანა ცოლად გაჰყვა ნავარის მეფე შარლ II "ბოროტს". შარლი იყო ნავარის მეფე ფილიპ III-ისა და მისი ცოლის, ჟანა II-ის ვაჟი. ჟანა და შარლი ასევე იყვნენ მესამე თაობის ბიძაშვილებიც.

ჟანასა და შარლს სულ შვიდი შვილი შეეძინათ:

  1. მარი (1360-1400), 1393 წელს ცოლად გაჰყვა განდიის ჰერცოგ ალფონსო არაგონელს, თუმცა ქორწინება უშვილო იყო;
  2. შარლ III (1361-1425), ნავარის მეფე, ცოლად შეირთო ელეანორ კასტილიელი, რომელთანაც შეეძინა ხუთი გოგონა და ორი ვაჟი;
  3. ბონა (1364-1389), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
  4. პედრო (1366-1412), მორტანის გრაფი, 1411 წელს ცოლად შეირთო კატრინ ალანსონელი, თუმცა ქორწინება უშვილო იყო;
  5. ფილიპი (1368), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  6. ჟანა (1370-1437), პირველად ცოლად გაჰყვა ბრეტანის ჰერცოგ ჟან IV-ს, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი, სწორედ მათი შთამომავალი იყო საფრანგეთის დედოფალი ანა ბრეტონელი, ხოლო მეორედ იქორწინა ინგლისის მეფე ჰენრი IV-ზე, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია;
  7. ბლანკა (1372-1385), გარდაიცვალა ახალგაზრდა;

ჟანა გარდაიცვალა 1373 წლის 3 ნოემბერს, 30 წლის ასაკში. მის შემდეგ, შარლს ცოლი აღარ შეურთავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Pierre de Navarre, comte de Mortain". Corpus (École nationale des chartes). Testaments enregistrés au Parlement de Paris sous le règne de Charles VI. Sorbonne. Retrieved 2018-03-09.