პიტერ აიზენმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინსტალაციური ხელოვნება პიტერ აიზენმანის მიერ კასტელვეკიოს მუზეუმის ეზოში: ”დაკარგული საფეხურების ბაღი”, ვერონა, იტალია

პიტერ აიზენმანი (Peter Eisenman) (*11 აგვისტო, 1932, ნუარკი, ნიუ-ჯერსი) — ამერიკის არქიტექტურაში დეკონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი მოწინავე მიმდევარი-პრაქტიკოსი. მის ფრაგმენტულ ფორმებს მიაკუთვნებენ ეკლექტიკურ არქიტექტორთა ჯგუფს, რომელთაც დეკონსტრუქტივისტებს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად აიზენმანი ამგვარ ყადაღას უარყოფს, საზოგადოების თვალში მას საკმაოდ საკამათო ფიგურის სახელი აქვს. არქიტექტურის მისეული თეორიები ამ დისციპლინის ემანსიპაციასა და ავტონომიას ემხრობა, ხოლო მის ნამუშევრებში ის ცდილობს გაათავისუფლოს ფორმა ყოველგვარი მნიშვნელობისგან, რაც ბევრისთვის საკმაოდ გაუგებარია. აიზენმანის არქიტექტურაზე უდიდესი გავლენა ფილოსოფოს ჟაკ დერიდას ნაშრომებმა იქონია. საზოგადოებაში მას ხშირად პეპელა-ჰალსტუხით ხედავენ.

აიზენმანმა ბაკალავრის ხარისხი კორნელის უნივერსიტეტის არქიტექტურის განხრით მიიღო, არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი კი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. ის ასევე ფლობს ხელოვნებათა მაგისტრისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.

აიზენმანი პირველად ცნობილი გახდა როგორც ნიუ-იორკის ხუთეულის წევრი (აიზენმანი, ჩარლზ გუათმი, ჯონ ჰეიდუკი, რიჩარდ მაიერი და მაიკლ გრავსი), რომელთა ნამუშევარი მომა-ში იქნა გამოფენილი 1969 წელს. ამ არქიტექტორთა ქმნილებები იმ დროისთვის განიხილებოდა როგორც ლე კორბუზიეს იდეათა სახეცვლილება. შემდგომში ხუთმა არქიტექტორმა ცალ-ცალკე საკუთარი თავისთავადი სტილი და იდეოლოგია შექმნა, სადაც აიზენმანი უფრო დეკონსტრუქტივიზმის მიმდევრობისკენ გადაიხარა.