პარკ ჩან ვუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
პარკ , ხოლო სახელი — ჩან ვუკი.
პარკ ჩან ვუკი

პარკ ჩან-ვუკი 2013 წელს
დაბადების თარიღი 23 აგვისტო, 1963 (1963-08-23) (60 წლის)
სეული, სამხრეთი კორეა
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
აქტიური 1992-დღემდე

პარკ ჩან ვუკი (კორ. 박찬욱; დ. 23 აგვისტო, 1963) — სამხრეთ კორეელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და ყოფილი კინოკრიტიკოსი. იგი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული კინორეჟისორია. მისი ყველაზე გახმაურებული ფილმებია: „გაერთიანებული უსაფრთხოების ზონა“ (2000), „წყურვილი“ (2009), „მოსამსახურე“ (2016), „პატივისცემა ბატონი შურისძიების მიმართ“ (2002), „ოლდბოი“ (2003) და „ქალბატონი შურისძიება“ (2005).

რეჟისორი ასევე ცნობილია თავისი ინგლისურენოვანი ნამუშევრებით, ესენია: „სტოკერი“ (2013) და „პატარა მედოლე გოგონა“ (2018). ეს უკანასკნელი სატელევიზიო მინისერიალია, რომელიც ჯონ ლე კარეს ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკ ჩან-ვუკი დაიბადა და გაიზარდა სეულში.[1] იგი სოგანის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. პარკმა უნივერსიტეტში კინოკლუბი „სოგანის კინოსაზოგადოება“ დააარსა, სადაც თანამედროვე კინოს შესახებ სტატიებს აქვეყნებდა. იგი თავდაპირველად ხელოვნების კრიტიკოსობას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ალფრედ ჰიჩკოკის ცნობილი ფილმი „თავბრუსხვევა“ ნახა, კინორეჟისორობა გადაწყვიტა.[2] სწავლის დამთავრების შემდეგ პარკი ჟურნალებში კინოს შესახებ სტატიებს წერდა, რის შემდეგაც, მალევე რეჟისორის ასისტენტი გახდა.[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის სარეჟისორო დებიუტი 1992 წელს, ფილმით „მთვარე მზის სიზმარია“ შედგა. ხუთი წლის შემდეგ მან მეორე ფილმი, „ტრიო“ გადაიღო. პარკის ადრეულმა ფილმებმა ვერ მიაღწიეს კომერციულ წარმატებას, ამიტომ იგი ფინანსური უზრუნველყოფისთვის კინოკრიტიკას მისდევდა.[4]

2000 წელს რეჟისორმა გადაიღო „გაერთიანებული უსაფრთხოების ზონა“. ფილმმა როგორც კრიტიკული, ისე კომერციული წარმატება მოიპოვა,[5] რამაც პარკს საშუალება მისცა გადაეღო მომდევნო ფილმი „პატივისცემა ბატონი შურისძიების მიმართ“.

რეჟისორის არაოფიციალურად-დასათაურებული „შურისძიების ტრილოგია“ შედგება ფილმებისგან: „პატივისცემა ბატონი შურისძიების მიმართ“ (2002), „ოლდბოი“ (2003) და „ქალბატონი შურისძიება“ (2005). აღსანიშნავია, რომ პარკს თავდაპირველად არ ჰქონია განზრახული ტრილოგიის შექმნა. ფილმისთვის „ოლდბოი“ რეჟისორმა 2004 წლის კანის კინოფესტივალზე გრან პრი მიიღო. ფილმი ასახავს, თუ რაოდენ უშედეგოა შურისძიება და თუ რაოდენ გამანადგურებლად მოქმედებს იგი შურისმაძიებელზე.[6] აღსანიშნავია, რომ ცნობილი ამერიკელი რეჟისორი კვენტინ ტარანტინო პარკის დიდი თაყვანისმცემელია. მისი, როგორც კანის კინოფესტივალის მთავარი ჟიურის სურვილი იყო, რომ „ოლდბოის“ ოქროს პალმის რტო მიეღო (ეს ჯილდო მაიკლ მურის ფილმს „ფარენჰეიტი 9/11“ მიენიჭა, ხოლო „ოლდბოიმ“ ფესტივალის მნიშვნელობით მეორე ჯილდო მიიღო).[7] ტარანტინოსთვის პარკის ფილმი „გაერთიანებული უსაფრთხოების ზონა“ 1992 წლის შემდგომ გადაღებულ 20 საუკეთესო ფილმს შორისაა.

პარკი 2009 წლის კანის კინოფესტივალზე

2004 წელს პარკმა ინტერვიუ მისცა ჟურალ The Hollywood Reporter-ს, რომელშიც მის შემოქმედებაზე დიდი გავლენის მქონე მწერლები ჩამოთვალა, ესენია: სოფოკლე, უილიამ შექსპირი, ფრანც კაფკა, ფიოდორ დოსტოევსკი, ონორე დე ბალზაკი და კურტ ვონეგუტი.[2]

2006 წელს პარკი ვენეციის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის წევრი იყო.

2007 წელს რეჟისორმა ბერლინის 57-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისთვის „მე კიბორგი ვარ, მაგრამ ეს ნორმალურია“ ალფრედ ბაუერის სახელობის პრემია მიიღო.[8]

2009 წელს პარკმა ვამპირული ფილმი, სახელწოდებით „წყურვილი“ გადაიღო, რომლისთვის 2009 წლის კანის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი მიიღო.

2011 წელს პარკის მომდევნო ფილმი, ფანტასტიკური ჰორორი „ღამის თევზაობა“ გამოვიდა, რომელიც მთლიანად iPhone-თაა გადაღებული.[9] ფილმმა 2011 წლის ბერლინის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის ოქროს დათვი მიიღო.

პარკი 2016 წლის ლუმიერის კინოფესტივალზე წარადგენს „მოსამსახურეს“

2013 წელს პარკმა თავისი პირველი ინგლისურენოვანი ფილმი, „სტოკერი“ გადაიღო.[10] მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი კარგად ფლობს ინგლისურს, მას მაინც ჰყავდა გადაღებებზე თარჯიმანი. პარკი განსაკუთრებით მოიხიბლა სცენარით, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნა: „მომწონს, რომ სცენარი ყველაფრის ახსნას არ ცდილობს და უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს, რითაც მაყურებელს აიძულებს, თავად სცადოს ამ კითხვებზე პასუხების მოძებნა... მე მიყვარს დიდი ამბების მოყოლა პატარა, ხელოვნურად შექმნილი სამყაროების საშუალებით.“[11][12]

2014 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ პარკი სარა უოთერსის ისტორიული კრიმინალური რომანის კინოადაპტაციას გადაიღებდა.[13] ფილმი 2016 წელს სახელწოდებით „მოსამსახურე“ გამოვიდა. პრემერა კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმმა რიგ ქვეყნებში, მათ შორის სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში კომერციულ წარმატებას მიაღწია.[14] „მოსამსახურეს“ Rotten Tomatoes-ზე 95%-იანი რეიტინგი აქვს.[15]

2018 წელს პარკმა სატელევიზიო მინისერიალი „პატარა მედოლე გოგონა“ გადაიღო, რომელი ჯონ ლე კარეს ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორწმუნე კათოლიკურ ოჯახში აღზრდილი პარკი საკუთარ თავს ათეისტს უწოდებს.[16]

ფილმებზე მუშაობისას რეჟისორს უთანამშრომლია თავის უმცროს ძმასთან, პარკ ჩან-კიონთან, რომელიც მედია არტისტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chan-wook, Park. (2005-12-10). Park's Montage (essay). 마음 산책. "Introduction about the author, and the prologue". ISBN 89-89351-81-2.
  2. 2.0 2.1 Dialogue: Park Chan-wook. The Hollywood Reporter (May 14, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-07-14. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "hollywoodreporter" defined multiple times with different content; $2
  3. Kim, Young-jin (2007). PARK Chan-wook. Seoul Selection. ISBN 9788991913943. 
  4. A.V. Club interview with Park Chan-wook. ციტირების თარიღი: 28 August 2009.
  5. Yellow Sea Rising: The Resurrection of South Korean Cinema. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-09. ციტირების თარიღი: 30 August 2009.
  6. McConkey, Rachael. Contemporary South Korean Auteurs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 April 2009. ციტირების თარიღი: 7 May 2008.
  7. The New Cult Canon: Oldboy (October 1, 2008). ციტირების თარიღი: 28 August 2009.
  8. China's Tuya's Marriage wins Berlin film festival (17 February 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 April 2008. ციტირების თარიღი: 2008-05-07.
  9. 'Oldboy' director shoots new horror film on iPhone 4. CNN (11 January 2011). ციტირების თარიღი: 11 January 2011.
  10. Kay, Jeremy (1 September 2011). „Shooting begins on Stoker for Scott Free, Searchlight, Indian Paintbrush“. Screen Daily. ციტირების თარიღი: 2 September 2011.
  11. STOKER Featurette: "Director's Vision". FoxSearchlight. 5 March 2013. https://www.youtube.com/watch?v=mu5wu1iC4bE. წაკითხვის თარიღი: 29 November 2016.
  12. Lee, Rachel (29 March 2012). „Park Chan-wook stalks a thriller with 'Stoker'. Korea JoongAng Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2012. ციტირების თარიღი: 1 April 2012.
  13. Kim, Nemo. (3 September 2014) Park Chan-wook to Shoot Sexy Crime Story 'Fingersmith'. ციტირების თარიღი: 6 November 2017.
  14. The Handmaiden. IMDb. ციტირების თარიღი: 26 February 2019.
  15. The Handmaiden (Ah-Ga-Ssi). ციტირების თარიღი: 26 February 2019.
  16. Murphy, Mekado. Faith and Fangs: An Interview With Park Chan-wook (30 July 2009). ციტატა: „Were there issues of faith in your own life that made you interested in creating this character?: I grew up in a very Catholic family. Up until puberty, I would go to a Catholic church every week. That is where I started to take an interest in religion, although currently I have no faith. But I had been made aware of a sense of guilt that is unique to Catholics.“ ციტირების თარიღი: 21 April 2019.