ნიკოლოზ შატსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ შატსკი
დაბ. თარიღი 16 (28) აგვისტო, 1895
დაბ. ადგილი მოსკოვი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1 აგვისტო, 1960
გარდ. ადგილი მოსკოვი, სსრკ
დასაფლავებულია ვედენსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ტექტონიკა
მუშაობის ადგილი გეოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის სამთო აკადემია
ჯილდოები სტალინური მე-2 ხარისხის პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინური პრემია და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

ნიკოლოზ სერგეის ძე შატსკი (რუს. Николай Сергеевич Шатский; დ. 28 აგვისტო, 1895, მოსკოვი ― გ. 1 აგვისტო, 1960, მოსკოვი) ― რუსი გეოლოგი, ტექტონისტი. რუსეთის ტექტონიკური სკოლის ფუძემდებელი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913–18 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1916–18 წლებში ჯარში მსახურობდა. 1929 წელს დაამთავრა მოსკოვის სამთო აკადემია ექსტერნის წესით, ასწავლიდა იქვე (1921–30) და მოსკოვის გეოლოგიურ-სადაზვერვო ინსტიტუტში (1930–60, 1933 წლიდან პროფესორი); ერთდროულად მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში (1934 წლიდან, 1935 წლიდან განყოფილების გამგე, 1956 წლიდან დირექტორი).[1]

მისი ძირითადი შრომები ეხება ძველი ბაქნების შედარებით ტექტონიკას, გეოსინკლინების თეორიასა და ნაოჭწარმოქმნის ხანგრძლივობას. დაადგინა ბაქნების აგებულების ზოგადი კანონზომიერებანი.[2]

ნიკოლოზ შატსკიმ შეიმუშავა დედამიწის ქერქის მსხვილი ტექტონიკური ფორმების ანალიზის სტრუქტურული მეთოდი, შედარებით-ტექტონიკური, ფაციესების ანალიზის მეთოდი და დანალექი წარმონაქმნების სიმძლავრე. გამოყო რიფეული პერიოდი და ბაიკალური დანაოჭება; შემოიღო ავლაკოგენის (1946), პლაკოსინკლინის (1945), პლაკანტიკლინისა (1945) და სხვა ცნებები.[2]

ჩამოაყალიბა მემკვიდრეობითობის პრინციპი გეოლოგიაში, წვლილი შეიტანა გეოლოგიური ფორმაციების, ნახშირშემცველისა და ნავთობიანი აუზების, ფოსფორიტების, მანგანუმიანი მადნების შესწავლის საქმეში და სხვა. ევრაზიის 1:6000000 მასშტაბიანი გეოლოგიური რუკის (1954, 1956), სსრკ-ის 1:4000000 მასშტაბიანი ტექტონიკური რუკისა (1952) და ევროპის 1:2500000 მასშტაბიანი საერთაშორისო ტექტონიკური რუკის (1962) შედგენის ხელმძღვანელი.[2]

ავტორია შრომებისა ჩარლზ ლაიელის, ალექსანდრე კარპინსკის, ჩარლზ დარვინის, როდერიკ მერჩისონის, ანდრია არხანგელსკის, ვლადიმერ ობრუჩევისა და სხვათა შესახებ.[3]

ლენინური პრემიისა (1958) და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1946) ლაურეატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1945, 1953). დაწესებულია სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნ. შატსკის სახელობის პრემია (1979), რომელიც 1982 წლიდან ტექტონიკის დარგში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისთვის გადაეცემათ. შატსკის სახელობისაა მთა ანტარქტიდაში, ვოლთატის მთებში, ვულკანური სტრუქტურა მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის შუა დინებაში, წყალქვეშა ამაღლება წყნარი ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნამარხი მოლუსკის სახეობა და გეოფიზიკური სამეცნიერო-კვლევითი გემი.[2][4]

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Избр. труды, т. 1‒4, М., 1963‒65.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Жизнь и творчество академиков А.Д. Архангельского и Н.С. Шатского. М.: Наука, 1973. 180 с.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Николай Сергеевич Шатский | Большая российская энциклопедия
  3. Н. Б. Полякова. Николай Сергеевич Шатский, 1895–1960, Наука, 1991, 68 с.
  4. Николай Сергеевич Шатский. [Некролог], «Геология рудных месторождений», 1960, № 5